გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 22.01.2020
საქმის ნომერი
330310019003273605
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
22.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/8467-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22 იანვარი, 2020 წელი ქ.თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ მეშველიანი

სხდომის მდივანი ლელა ტაბატაძე

მოსარჩელე ნ--------------------------------

მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

დაევალოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ნ--------------------------------ის მიერ 2019 წლის 13 მაისს სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტოში წარდგენილ №1--------- განცხადებაზე, რომელიც შეეხება ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი არ დაეთანხმა წარმოდგენილ სასარჩელო მოთხოვნას და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

3. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

3.1. ნ--------------------------------მა 2019 წლის 13 მაისს განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, წარუდგინა შპს ,,ნ------–-- უნივერსიტეტის’’ მიერ გაცემული ცნობა და მოითხოვა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა.

 

სუშილ ჯაივანტ გაიკვადის 2019 წლის 13 მაისის განცხადებას მიენიჭა სარეგისტრაციო №1---------; განმცხადებელს ჩაბარდა სამახსოვრო ბარათი, რომლითაც განემარტა, რომ მომსახურების ვადა შეადგენდა 30 დღეს, ხოლო გადასახდელი თანხა 210 ლარს.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2019 წლის 22 ივლისის განცხადება (ს.ფ. 34-37);

-შპს ,,ნ------–-- უნივერსიტეტის’’ მიერ გაცემული ცნობა (ს.ფ. 46);

- სამახსოვრო ბარათი (ს.ფ. 32-33);

 

3.2. დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნ--------------------------------ის 2019 წლის 13 მაისის განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში განცხადებაზე ხარვეზის დადგენის, განცხადების განუხილველად დატოვების, სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ადმინისტრაციული წარმოების მასალები (ს.ფ. 32-53);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ,,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი, ,,კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი”.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონზე, რომელიც არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.

 

აღნიშნული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, ხოლო მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოში გაიცემა სასწავლო ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით.

 

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესით” განსაზღვრულია უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები. მითითებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო), ხოლო სასწავლო ბინადრობის ნებართვის მოპოვების საკითხის განხილვისათვის საჭირო საბუთების ნუსხა მოცემულია ამავე დებულების მე-6 მუხლში.

 

ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უფლებამოსილებას წარმოადგენს.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ იღებს განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი ან საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი” ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ განცხადების განხილვისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების განსხვავებულ ვადას არ ითვალისწინებს, შესაბამისად, სააგენტოზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული რეგულაცია.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ 2019 წლის 13 მაისს განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, წარუდგინა შპს ,,ნ------–-- უნივერსიტეტის’’ მიერ გაცემული ცნობა და მოითხოვა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა. დადგენილია, რომ განცხადებას სააგენტოს მიერ მიენიჭა სარეგისტრაციო №1---------, განმცხადებელს ჩაბარდა სამახსოვრო ბარათი და განემარტა, რომ მომსახურების ვადა შეადგენდა 30 დღეს, ხოლო გადასახდელი თანხა - 210 ლარს. ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოსარჩელის 2019 წლის 13 მაისის განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში განცხადებაზე ხარვეზის დადგენის, განცხადების განუხილველად დატოვების, სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არათუ ადმინისტრაციული წარმოების, არამედ საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპზეც არ მიუღია.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-246-243 (კ-14)).

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირი აღჭურვილია რა კანონიერი ნდობის უფლებით, ადმინისტრაციულ ორგანოში მისი განცხადების დარეგისტრირება (ასეთის უდავოდ დადგენის შემთხვევაში) იწვევს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულების - განცხადების კანონით დადგენილ ვადაში განხილვა-გადაწყვეტის წარმოშობას, რომლის მიმართაც პირის კანონიერი მოლოდინი პატივსადები და სამართლებრივი დაცვის ღირსია. აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ დარღვეული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადა, რაც პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელე მხარის კანონიერ უფლებასა და ინტერესს. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უნდა დაევალოს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის მიერ 2019 წლის 13 მაისს სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტოში წარდგენილ №1--------- განცხადებაზე, სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით.

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უნდა დაევალოს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე სუშილ ჯაივანტ გაიკვადის 2019 წლის 22 ივლისს სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტოში წარდგენილ N1000676666 განცხადებაზე, სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით

 

ამდენად, მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ოდენობით ანაზღაურება.

 

რაც შეეხება ადვოკატის ხარჯის ანაზრაურების საკითხს, საქმეში წარმოდგენილი 2019 წლის 6 ნოემბრის მინდობილობის (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №191354451) თანახმად, ნ-------------------------------- გიორგი კვაშილავას ან/და სალომე კუბლაშვილს ორივეს ერთად და/ან ცალცალკე ანიჭებს უფლებამოსილებას აწარმოოს მისი საქმეები ყველა ინსტანციის სასამართლოში ყველა იმ უფლებით, რაც კანონით მინიჭებული აქვს მოსარჩელეს, მოპასუხეს, მესამე პირს და დაზარალებულს. საქმეში წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის ორდერით დგინდება, რომ ნ--------------------------------მა გიორგი კვაშილავას სასამართლოში იურიდიული მომსახურების საფასურის სახით 2019 წლის 6 ნოემბერს გადაურიცხა 2000 ლარი.

 

მითითებული გარემოებების, ასევე, საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. დაევალოს მოპასუხე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნ--------------------------------ის მიერ 2019 წლის 13 მაისს სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტოში წარდგენილ №1--------- განცხადებაზე,რომელიც შეეხება ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხს.

 

3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა;

 

4. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაეკისროს ნ--------------------------------ის სასარგებლოდ საადვოკატო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის - 300 (სამასი) ლარის აზღაურება.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი - თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი - თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით.

 

მოსამართლე თამარ მეშველიანი