გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.03.2020
საქმის ნომერი
020210019002900090
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
06.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 020210019002900090(2/362-19)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

06 მარტი, 2020 წელი ქ. ზუგდიდი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ფატი ფურცხვანიძე

სხდომის მდივანი - სალომე ქობალია

 

მოსარჩელე - შპს ,,ჯ-------–--ი''

წარმომადგენლები: დირექტორი ლ-–- ბ-------, გ------------

 

მოპასუხე - შპს ,,კ-------------''

წარმომადგენელი კ------------- ნ---------

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.მოპასუხე შპს ,,კ-------------სათვის“ მოსარჩელის სასარგებლოდ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 18 435,96 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.

 

1.2.მოპასუხე შპს ,,კ-------------სათვის“ მოსარჩელის სასარგებლოდ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 4 788 ლარის გადახდის დაკისრება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ცნო სარჩელი ნაწილობრივ, კერძოდ: 4 788 გადახდის ნაწილში სარჩელი ცნო სრულად, ხოლო 18 435,96 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების ნაწილში სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა რომ 6 176 აშშ დოლარი არის პირგასამტეხლო, რაც უნდა გამოაკლდეს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ თანხას (18 435, 96 აშშ დოლარი) და დარჩენილ ნაწილში (12 259,96 აშშ დოლარი) მოპასუხე ცნობს სარჩელს.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

შპს ,,ჯ-------–--სა'' და შპს ,,კ-------------ს'' შორის 2018 წლის 07 იანვარს დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხის დაკვეთით მოსარჩელეს უნდა მოეხდინა 599-220 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის ფარგლებში ელექტროგადამცემი ანძების აგება, ხოლო მოპასუხეს შესრულებული სამუშაოს ღირებულება აენაზღურებინა ანძის ერთ ტონაზე 224, 2 აშშ დოლარი, გადახდის დღეს ეროვნული კუსის მიერ დადგენლი ოფიციალური გაცვლის კურსით.

 

მხარეებს შორის 2018 წლის 07 იანვარს დადებული ხელშეკრულების თანახმად, შესრულებულ სამუშაოთა ღირებულების გადახდა უნდა მომხდარიყო სამუშაოთა შესრულების თვის ბოლო დღიდან 20-22 სამუშაო დღის შემდეგ, მიღება-ჩაბარების აქტისა და ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე.

 

მხარეთა მიერ 2018 წლის 07 იანვარს შედგა მიღება ჩაბარების N1 აქტი, რომლის თანახმად შესრულებული სამუშაოების ოდენობამ შეადგინა 82,23 ტონა. მოსარჩელემ მოცემული სამუშაობზე 2018 წლის 18 მაისს გამოწერა საგადასახადო ანგარის ფაქტურა, რომელიც 2018 წლის 14 ივნისს მოპასუხემ დაადასტურა.

 

მოსარჩელემ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხეს 2018 წლის მარტ-მაისში მიაწოდა 4 788 ლარის პროდუქცია, რაზეც მოსარჩელემ გამოწერა, ხოლო მოპასუხემ მიიღოს შესაბამისი სასქონლო ზედნადებები.

 

მხარეებს შორის ნასყიდობის ფასისი გადახდის ვადა წერილობით არ ყოფილა შეთანხმებული, მაგარამ გადახდა უნდა განხორციელებულიყო საქონლის მყიდველის მიერ სასაქონლო ზედანადებით მიღებისთანავე.

 

მოპასუხის მხრიდან არ მოხდარა არც ნარდობის და არც ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება.

 

3.2.სადავო ფაქტობრივი გარემოება.

 

მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ცნო სარჩელი ნაწილობრივ, კერძოდ: 4 788 გადახდის ნაწილში სარჩელი ცნო სრულად, ხოლო 18435,96 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების ნაწილში სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა რომ 6176 აშშ დოლარი არის პირგასამტეხლო, რაც უნდა გამოაკლდეს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ თანხას (18 435, 96 აშშ დოლარი) და დარჩენილ ნაწილში მოპასუხე ცნობს სარჩელს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-208 მუხლის მესამე ნაწილით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

რაც შეეხება 6 176 აშშ დოლარის მოპასუხისათის დაკისრებას, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპი, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომლის შეუსრულებლობას უკავშირდება ამავე მხარისთვის არახელსაყრელი შედეგი. ეს დანაწესი გამომდინარებს როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, ასევე ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე, მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს. ამავდროულად, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა გადანაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია (იხ. სუსგ, საქმე №ას-1003-964-2016).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, ასევე სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

სამოქალაქო კოდექსის 630-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ანაზღაურება უსიტყვოდაც ითვლება შეთანხმებულად, თუ გარემოებების მიხედვით ნარდობა მხოლოდ ანაზღაურებითაა მოსალოდნელი. ამავე კოდექსის 648-ე მუხლის თანახმად, შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილნაწილ გადახდას.

 

სამოქალაქო კოდექსის 649-ე მუხლის შესაბამისად, თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა მიიღოს შესრულებული სამუშაო. მიღებისთანავე შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს საზღაური.

 

უდავოდაა დადგენილი, რომ შემკვეთს მიმწოდებლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურება არ გადაუხდია, საქმის მასალებით არც ის დასტურდება, რომ მოსარჩელემ მასზე დაკისრებული ვალდებულებები არ შეასრულა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება განიხილება ვალდებულების არაჯეროვან შესრულებად.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მენარდე ვალდებულია თავისი ვალდებულება შეასრულოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სტანდარტით (ჯეროვნად).

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მენარდემ შეასრულა 2018 წლის 07 იანვრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მხარეთა შორის 2018 წლის 17 მაისს შედგენილი იქნა N1 მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც დასტურდება შპს „ჯეო-ბილდის“ მხრიდან ვალდებულების შესრულება. შემკვეთს ჩაჰბარდა 82,23 ტონა ანძების აწყობა-მონტაში, ღირებულებით - 18 435,80 აშშ დოლარი. მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად აღნიშნული თანხა შეადგენდა 44 826,66 ლარს. 2018 წლის 07 იანვრის ხელშეკრულებით დამკვეთი თანახმაა გადაუხადოს შემსრულებელს სრულად გამართული ანძებისათვის 1 ტონაზე 190 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში და +18% დამატებული ღირებულების გადასახადი (34,2 აშშ დოლარი) გადახდის დღეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.

 

მოპასუხე მხარემ ცნო სარჩელი მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 18 435,80 აშშ დოლარიდან 12 259,96 აშშ დოლარის ნაწილში, ხოლო 6 176 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში, სარჩელის უარყოფა მოითხოვა, იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ 67 დღით გადააცილა 2018 წლის 07 იანვრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადა, რის გამოც 6 176 აშშ დოლარი წარმოადგენს მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოს სახით დასაკისრებელ თანხას.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ პირგასამტეხლო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რაც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში, მითითებული ნორმები აღჭურავს პირს უფლებით ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებად გამოიყენოს პირგასამტეხლო, თუმცა მისი გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნა არ წარუდგენია. წარმოდგენილ შესაგებელში მითითებულ გარემოებას, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადა გადააცილა, სასამართლო ვერ მიიჩნევს მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლად. ამასთან, შესაგებელი, თავისი არსით სარჩელისაგან თავდაცვის საშუალებაა, რომლითაც მოპასუხე უარყოფს მის წინააღმდეგ წარდგენილ მოთხოვნას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი მოსარჩელის მიმართ გარკვეული მოთხოვნის წარდგენა სურდა, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გარანტირებული საშუალებით - შეგებებული სარჩელის წარდგენით შეეძლო ესარგებლა. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, შეგებებულ მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება წარმოეშობა, ხოლო მოპასუხე აღჭურვილია უფლებით შგებებულ სარჩელთან დაკავშირებით წარადგინოს თავდაცვის საპროცესო საშუალება- შესაგებელი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის და დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა, რისთვისაც დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია დამოუკიდებელი მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს.

 

ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მითითებას, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ თანხას 18 435,96 აშშ დოლარს უნდა გამოაკლდეს მოპასუხისათვის ასანაზღაურებელი პირგასამტეხლოს თანხა 6 176 აშშ დოლარი.

 

რაც შეეხება ნასყიდობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულების შესრულებას, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულე-ბით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავ-შირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მყიდ-ველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამავე კოდექსის 483-ე მუხლის თანახმად, საქონელი მიღებულად ჩაითვლება, თუ მყიდველი შეასრულებს ისეთ მოქმედებას, რომელიც მოწმობს მის მიღებას.

 

სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეუძლია იგი დაუყოვნებლივ შეასრულოს.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქონლის მიწოდება და ნასყიდობის ფასი დასტურდება უტყუარი წერილობითი მტკიცებულებებით - დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, მოპასუხის მხრიდან სარჩელის ცნობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია.

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ მოსარჩელის წინაშე მოპასუხეს ვალდებულება არა აქვს შესრულებული ჯეროვნად, კერძოდ, მას არ გადაუხდია გაწეული შესრულებული სამუშაობისა და ნასყიდობის საგნის ღირებულება, რაც წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა - 1 630,2 ლარი

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

დადგენილია, რომ მოპასუხემ სარჩელი ცნო 4 788 ლარის ნაწილში, ხოლო 18 435,96 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების ნაწილში, სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ: 12 259,96 აშშ დოლარის ნაწილში, ხოლო 6 176 აშშ დოლარის ნაწილში სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

 

შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა იმ თანხის პროპორციულად, რა ნაწილშიც მოპასუხე სარჩელს არ დაეთანხმა. კერძოდ: 6 176 აშშ დოლარის ნაწილში, შემდეგი გაანგარიშებით: სარჩელის შეტანის დროს 1 აშშ დოლარის კურსი 2,95 ლარს შეადგენდა. 6 176 აშშ დოლარი შეადგენს 18 218,2 ლარს. აღნიშნული თანხის 3%=546,57 ლარს, აღნიშნული ოდენობის თანხა უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 1083,63 ლარი, ვინაიდან მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი (1 630,2 - 546,57=1083,63).

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 131-ე, 208-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შპს „ჯ-------–--ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2.შპს „კ-------------ს“ შპს „ჯ-------–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 18 435,96 აშშ დოლარის გადახდა, გადახდის დღეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით.

 

3. შპს „კ-------------ს“ შპს „ჯ-------–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 4 788 ლარის გადახდა.

 

4. შპს „ჯ-------–--ის“ დირექტორს ლ-–- ბ-------ს დაუბრუნდეს სს „საქართველოს ბანკში“ 2019 წლის 13 მარტს N8 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1 630,20 ლარიდან 1 083,63 ლარი;

5. შპს „კ-------------ს“ შპს „ჯ-------–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 546,57 ლარი;

6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

7.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ფატი ფურცხვანიძე