გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/31530-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
02 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე
სხდომის მდივანი - დალი მახაური
მოსარჩელე - შპს „დე-–-----------–--------ი“
წარმომადგენელი - და-------------–---–ი
მოპასუხე - ეს------------–---–ი
წარმომადგენელი - გი---------------–---–ი
დავის საგანი - შესრულებული ფულადი ვალდებულების (პირგასამტეხლოს) ნაწილის დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს სახით გადახდილი თანხის შემცირების შედეგად, შესრულებული ფულადი ვალდებულების ნაწილის 1 608 აშშ დოლარის მოპასუხისთვის დაკისრება.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
ეს------------–---–ს და შპს „დე-–-----------–--------ს“ შორის 2018 წლის 05 აპრილს გაფორმებული სესის და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე ეს------------–---–მა შპს „დე-–-----------–--------ს“ ასესხა 15 000 აშშ დოლარი, ყოველთვიური 3 %-იანი სარგებლით, ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, რაც შეადგენდა გადაუხდელი თანხის 0.1 %-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა თო----------------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, ს/კ 0----------------0--0--0--.
ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის მიხედვით კრედიტორის მოთხოვნა განისაზღვრა 16 890 აშშ დოლარით, ამ თანხიდან, 15 000 აშშ დოლარი შეადგენდა სესხის ძირს, 126.72 ლარი – სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯს, ხოლო 1 890 აშშ დოლარი – პირგასამტეხლოს.
2019 წლის 26 აგვისტოს გამართულ იძულებით აუქციონზე იპოთეკის საგანი გაიყიდა 73 000 ლარად. სააღსრულებო წარმოება დასრულდა 2019 წლის 09 სექტემბერს.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული პირგასამტეხლო იყო შეუსაბამოდ მაღალი. ის უნდა შემცირდეს 0.01 %-მდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამ გაანგარიშებით, 2018 წლის 6 ოქტომბრიდან 2019 წლის 12 აპრილამდე დასარიცხი თანხა უნდა განისაზღვროს 282 აშშ დოლარით და სხვაობა 1 608 აშშ დოლარი უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
2. მოპასუხის პოზიცია
წარმოდგენილ შესაგებელში მოპასუხე ეს------------–---–მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება აღსრულებულია და მოვალეს მოცემული მოთხოვნის წარმოდგენის რაიმე სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 2018 წლის 05 აპრილს ნოტარიუს ელისო შიხიაშვილის მიერ გაფორმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე ეს------------–---–მა შპს „დე-–-----------–--------ს“ ასესხა 15 000 აშშ დოლარი.
ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებული იყო სარგებელი, ყოველთვიური 3%-ის ოდენობით. სესხის ვადა შეადგენდა 6 თვეს, შესაბამისად, დაბრუნების თარიღად განისაზღვრა 2018 წლის 05 ოქტომბერი.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის, ძირი თანხის 0.1 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს.ფ. 2-16);
- სესის და იპოთეკის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 28-33).
3.1.2 სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა თო----------------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, ს/კ 0----------------0--0--0--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს.ფ. 2-16);
- სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 28-33);
- შესაგებელი (ს.ფ. 44-52).
3.1.3 2019 წლის 8 აპრილს ნოტარიუსმა ელისო შიხიაშვილმა გასცა სააღსრულებო ფურცელი.
სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგი თანხების ჯამით: სესხის ძირითადი თანხა - 15 000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო, 2018 წლის 06 ოქტომბრიდან სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე, ძირი თანხის 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სააღსრულებო ფურცლის ხარჯი - 126.71 ლარი და აღსრულების ხარჯები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს.ფ. 2-16);
- ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 25-27).
3.1.4 კერძო აღმასრულებლის მიერ ნაწარმოები სააღსრულებო საქმის (N A--------) საფუძველზე, 2019 წლის 15 აპრილს გაცემული წინადადების გადაწყვეტილების შესრულების შესახებ თანახმად, შეუსრულებელი ფულადი ვალდებულება განსაზღვრული იყო 16 890 აშშ დოლარით. ამასთან, წინადადებაში მითითებული იყო, რომ სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი შეადგენდა 126.72 ლარს, ხოლო კრედიტორის მიერ წინასწარ იყო გადახდილი აღსრულების საფასური - 250 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს.ფ. 2-16);
- კერძო აღმასრულებელ მზ------–----–---–ის წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (სააღსრულებო საქმე N A--------) (ს.ფ. 25-27).
3.1.5 2019 წლის 26 აგვისტოს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე გაცემული განკარგულების თანახმად, 2019 წლის 14 აგვისტოს გამართულ იძულებით საჯარო აუქციონზე იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი გაიყიდა 73 000 ლარად.
აღსრულება განხორციელდა კრედიტორ ეს------------–---–ის სასარგებლოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს.ფ. 2-16);
- შესაგებელი (ს.ფ. 44-52);
- განკარგულება აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ (სააღსრულებო საქმე N A--------) (ს.ფ. 35-36).
3.1.6 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებები აღსრულებულია და შესაბამისი თანხები კრედიტორს გადაცემული აქვს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს.ფ. 2-16);
- შესაგებელი (ს.ფ. 44-52).
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივ გარემოებებზე მხარეებს არ მიუთითებიათ და სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების და ურთიერთშეჯერების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე, 416-418-ე, 420-ე, მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო არის მხარეების მიერ, ხელშეკრულებაში ერთ-ერთი პირობის სახით შეტანილი, ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გამოყენებული საშუალება.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. მისი მიზანია ხელშეკრულების დროული და ჯეროვანი შესრულების წახალისება. ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოვალის მიმართ პირგასამტეხლოს დარიცხვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს აღნიშნულზე მხარეების წერილობითი ფორმით შეთანხმების არსებობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სამოქალაქო კოდექსის ამ მუხლით ის საგამონაკლისო დანაწესია გათვალისწინებული, რაც სასამართლოს ნებას რთავს, ჩაერიოს სამოქალაქო ურთიერთობის მხარეთა ნების ავტონომიაში.
სამოქალაქო სამართლის, როგორც პირთა თანასწორობაზე დამყარებული ურთიერთობების მომწესრიგებელი სამართლის თავისებურებას შორის ერთ-ერთი ძირითადია ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი. ეს პრინციპი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის 1-ელ ნაწილს ეფუძნება, რომლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.
ამ ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი გულისხმობს როგორც ხელშეკრულების ფორმის, ისე შინაარსის თავისუფლებას, ეს თავისუფლება კი სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს ხელშეკრულების ცალკეული პირობის შეთანხმებისას ანიჭებს ფართო შესაძლებლობას, შეთანხმდნენ მათთვის მაქსიმალურად ხელსაყრელ და მომგებიან პირობებზე. ამის მიუხედავად, ნების თავისუფლად გამოვლენის შესაძლებლობა, რაც ხელშეკრულების მონაწილეთა თანასწორობაზეა დამყარებული, აბსოლუტური უფლება არ არის. ხელშეკრულების თავისუფლება, ცალკეულ შემთხვევაში, შეიძლება შეიზღუდოს კანონით გათვალისწინებული რეგულაციით ან სასამართლოს მიერ. ამასთან, სასამართლოს მიერ პირთა კერძო ავტონომიაში ჩარევა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ ეს თვით სამოქალაქო კანონმდებლობით არის გათვალისწინებული.
სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების უფლებამოსილება სწორედ კანონით არის გათვალისწინებული, მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების შეზღუდვის ერთ-ერთი ასეთი საფუძველია.
პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო საკითხს აფასებს გონივრულობის კრიტერიუმის ფარგლებში. ამ კრიტერიუმის საფუძველზე საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო მსჯელობს ყოველი საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად. პირგასამტეხლოს შემცირების მიზნისთვის, სასამართლო ითვალისწინებს ვალდებულების დარღვევის ხარისხს, ასევე, ხელშეკრულების ცალკეული მხარის სტატუსს, გამოცდილებას, ხელშეკრულების დადების მომენტში მის ინფორმირებულობას, ფინანსურ სტაბილურობას და სხვა მსგავს ფაქტორებს.
როგორც აღინიშნა, პირგასამტეხლოს მიზანი არის ხელშეკრულების შესრულების გარანტირება; ვალდებული პირის მიერ შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების პრევენცია იმ ფორმით, რომ მან კრედიტორის მიერ დამატებითი სანქციის გამოყენების შესაძლებლობის გამო, თავი არ აარიდოს ჯეროვან შესრულებას.
შესაბამისად, პირგასამტეხლოს სახით დაკისრებული თანხის შემცირებისას სასამართლოს მთავარი ამოცანა უნდა იყოს მხარეთა მიერ გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულ შესაბამისობაში მოყვანა მის მიზანთან.
სასამართლოს შეუძლია ცვლილება შეიტანოს მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობაში პირგასამტეხლოს ოდენობის შესახებ მას შემდეგაც, რაც ხელშეკრულების პირობის დარღვევის გამო, ვალდებულების დამრღვევ მხარეს კრედიტორის მხრიდან უკვე დარიცხული აქვს პირგასამტეხლო. ამ დროს პირგასამტეხლოს შემცირების მიზანია პირგასამტეხლოს არაგონივრული ოდენობის გამო, დაზარალებული კონტრაჰენტის უფლების აღდგენა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნაა ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე წარმართული აღსრულების პროცესის შედეგად მიკუთვნებული თანხიდან პირგასამტეხლოს სახით დარიცხული თანხის შემცირება. დავის საგნიდან გამომდინარე, სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი საქართველოს სააღსრულებო კანონმდებლობის თანახმად, წარმოადგენს აღსრულებას სავალდებულოდ დაქვემდებარებულ დოკუმენტს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით.
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) წერილობითი განცხადების საფუძველზე. განცხადებას უნდა დაერთოს სანოტარო დოკუმენტი, რომლის საფუძველზედაც განმცხადებელი ითხოვს სააღსრულებო ფურცლის გაცემას.
მოცემულ საქმეში ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცელი გაცემულ იქნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის და „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის ამ მოთხოვნათა გათვალისწინებით.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. ამავე კანონის 21-ე მუხლის მე-31 პუნქტიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი უთანაბრდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელს.
სასამართლოს სააღსრულებო ფურცელი გაიცემა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე. სააღსრულებო ფურცლის გაცემის მიზანია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება.
სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების გარდაუვალობა სამართლის განჭვრეტადობის, სამართლებრივი სტაბილურობის პრინციპებიდან გამომდინარეობს.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო ასევე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელ პუნქტზე, რომელიც საქმის სამართლიანი განხილვის უფლების გარანტორია და, inter alia, იმასაც მოიაზრებს, რომ სასამართლოსადმი მიმართვის უფლება მოიცავს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების პატივისცემის უფლებას.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეზე ბრუმარესკუ რუმინეთის წინააღმდეგ (Brumărescu v. Romania) [დიდი პალატა], N 28342/95, §28 ოქტომბერი 1999, აღნიშნა შემდეგი: „... კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტით გარანტირებული, საქმის სამართლიანი განხილვის უფლება კონვენციის პრეამბულის ფონზე უნდა განიმარტოს, რომლითაც სხვასთან ერთად დეკლარირებულია ის, რომ კანონის უზენაესობა ხელშემკვრელი ქვეყნების საერთო მემკვიდრეობის ნაწილია. კანონის უზენაესობის ერთ-ერთი ძირითადი ასპექტი კი არის სამართლებრივი სიცხადის პრინციპი, რაც inter alia, გულისხმობს, რომ როდესაც სასამართლოები საკითხს საბოლოოდ გადაწყვეტენ, ეს გადაწყვეტილება არ უნდა დადგეს ეჭვქვეშ.“ (იხ. ასევე, მაგ.: ფუკლევი უკრაინის წინააღმდეგ (Fuklev v. Ukraine), N 71186/01, §84, 7 ივნისი 2005, ქოქიარელა იტალიის წინააღმდეგ (Cocchiarella v. Italy), N 64886/01, §87, 29 მარტი 2006)
როგორც ზემოთ აღინიშნა, ნოტარიუსის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით გაცემული სააღსრულებო ფურცელი უნდა გაუთანაბრდეს სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელს. კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება კი არ შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს და გადაისინჯოს, საპროცესო კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული ცალკეული შემთხვევების გარდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში ფულადი ვალდებულება, რომელიც ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით, როგორც სასამართლოს გადაწყვეტილების ტოლფასი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტით არის განსაზღვრული, და კანონის შესაბამისად აღსრულებულია. შესაბამისად, სასამართლოს მეშვეობით, არ შეიძლება შემცირდეს.
სასამართლო აქვე აღნიშნავს იმასაც, რომ მოცემულ საქმეზე მოსარჩელე წარმოადგენს იურიდიულ პირს, მეწარმე სუბიექტს, რომელსაც ფიზიკურ პირთან შედარებით მეტი შესაძლებლობები აქვს, შეაფასოს პირგასამტეხლოს დარიცხვასთან დაკავშირებული რისკი და მეტად მომზადებულიცაა იმისთვის, რომ გადაიხადოს დარიცხული პირგასამტეხლო. ამასთან, მოცემულ საქმეში ვალდებულების დარღვევას არ ჰქონია მძიმე სახე, მოსარჩელის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების ვადა მნიშვნელოვნად არ ყოფილა გადაცილებული.
ამ ფაქტორების გათვალისწინებით, მოცემულ საქმეში წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს ოდენობა, სესხის ძირი თანხის 0.1% ხელშეკრულების შესრულების ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და პირგასამტეხლოს სახით საბოლოოდ დარიცხული პირგასამტეხლოს თანხის მოცულობის გათვალისწინებით, არ უნდა ჩაითვალოს არაგონივრულად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი არ არის სათანადოდ დასაბუთებული და ის არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
ამავე კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 143 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე შპს „დე-–-----------–--------ის“ სარჩელი ეს------------–---–ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მომდევნო პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე