გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.01.2020
საქმის ნომერი
010210018002464093
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
15.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

სქამე N010210018002464093

№2/2135-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

15 იანვარი, 2020 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ირმა ტოგონიძე

სხდომის მდივანი - სოფიო ქარცივაძე

მოსარჩელე - ლუ------------ე

წარმომადგენელი - რო-------------–--–-ვა, ქე-------–---------------უ

მოპასუხე - ალ-----------–უ

წარმომადგენელი - ლე----------–-ძე

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთის გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა

აღწერილობითი ნაწილი :

1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული მოთხოვნა 17.12.2019წ. სხდომის ოქმი).

 

1.1. გამოთხოვილი იქნეს მოპასუხის ალ-----------–უს უკანონო მფლობელობიდან ავტომანქანა: მარკა მოდელი B-----, გამოშვების წელი 2004, სანომრე ნიშანი U------, ფერი შავი, საიდენტიფიკაციო ნომერი B---------------, სარეგისტრაციო მოწმობა B--------, გაცემული 06/01/2016 და ჩაბარდეს მოსარჩელეს ლუზა ქორიძეს.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

მოსარჩელის საკუთრებაშია ავტოსატრანსპორტო საშუალება: მარკა მოდელი B-----, გამოშვების წელი 2004, სანომრე ნიშანი U------, ფერი შავი, საიდენტიფიკაციო ნომერი B---------------, სარეგისტრაციო მოწმობა B--------, გაცემული 06/01/2016, რომელსაც ყიდვის დღიდან ფლობდა და სარგებლობდა. 2017 წელს სამსახურის დატოვების შემდეგ ვერ მოახერხა ავტომანქანის წამოყვანა და დატოვა დამსაქმებელთან, ვინაიდან, იყო გაფუჭებული. მოპასუხე უკანონოდ დაეუფლა მანქანას და არ აძლევს მისი წაყვანის უფლებას. მოპასუხე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს ავტომანქანას, რის გამოც მოსარჩელე ითხოვს მოძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვას.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და წარმოადგინა მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხავი შესაგებელი, რომლის თანახმად, მოპასუხეს დაარსებული აქვს შპს „სინა“, სადაც დასაქმებული იყო ლუ------------ე. სადავო ავტომანქანა წარმოადგენს ალ-----------–უს საკუთრებას, რომელიც 2016 წლის 6 იანვარს შეისყიდა ი--------------ძისაგან. მესამე პირების წინაშე არსებული ვალდებულებების და მანქანის საზღვარზე გადაყვანის სირთულეების თავიდან აცილების მიზნით, შესყიდული ავტომანქანა გააფორმა ლუ------------ის სახელზე, თუმცა, შესყიდვის დღიდან დღემდე ფლობს და სარგებლობს ავტომანქანით.

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. საქმეში უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ არის.

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილით მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.

 

აღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში დადგენილი ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაადასტუროს ის ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც ამყარებს საკუთარ პოზიციას.

 

მოცემული დავა სანივთო-სამართლებრივი ხასიათისაა. მოთხოვნა ვინდიკაციურია და მოძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვას ეხება. საქმეში სადავოს წარმოადგენს საკუთრების უფლება მოძრავ ნივთებზე-ავტომობილზე. მოსარჩელე მიუთითებს, რომ წარმოადგენს სადავო ავტომანქანის მესაკუთრეს და იგი იმყოფება მოპასუხის უკანონო მფლობელობაში. საწინააღმდეგოს ამტკიცებს მოპასუხე. შესაგებლის მიხედვით, ყიდვის დღიდან ფაქტობრივად ფლობდა და სარგებლობდა სადავო ნივთით, ხოლო მარეგისტრირებელ ორგანოში მოსარჩელის სახელზე ნივთის რეგისტრაცია გარკვეული მიზეზების გამო მოხდა.

 

დავის ხასიათიდან გამომდინარე, სასამართლომ უნდა დაადგინოს მოძრავ ნივთებზე მოსარჩელის საკუთრების უფლების განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები და მოპასუხის მიერ ნივთის ფლობის მართლზომიერება.

 

მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებას, რომ ლუ------------ე წარმოადგენს სადავო ავტომობილის მესაკუთრეს, ხოლო ალ-----------–უს არ გააჩნია ნივთის მართლზომიერი ფლობის უფლება.

 

აღნიშნულის მტკიცების საფუძველს სასამართლოს აძლევს საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებები: საქმეში მოწმის სახით დაკითხული ი--------------ძის ჩვენებით დადგენილია, რომ ი--------------ძე წარმოადგენდა სადავო ავტომობილის მესაკუთრეს, დადგენილია, რომ მანქანა მან შეისყიდა სალომბარდე სესხის აღების გზით. დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მანქანის მესაკუთრეს შორის დაიდო ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულება, რის შედეგადაც ლუ------------ემ გადაიხადა ლიბერთი ბანკში მანქანის ნასყიდობის ღირებულება. დადგენილია, რომ მესაკუთრემ იმავე დღეს მოახდინა საკუთარ სახელზე მანქანის რეგისტრაცია და მიიღო ნივთი პირდაპირ მფლობელობაში.

 

სასამართლო, საქმეში წარმოდგენილ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გაცემულ რეგისტრაციის მოწმობას აფასებს როგორც ერთ-ერთ მტკიცებულებას, რომლის საფუძველზე დასტურდება, რომ ავტომანქანა ი--------------ძის სახელზე რეგისტრაციიდან მოხსნის შემდეგ დარეგისტრირდა ლუ------------ის სახელზე. სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია აღნიშნულით ლუ------------ის საკუთრება ავტომობილზე არაა პრეზუმირებული, თუმცა, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში სასამართლოს უჩნდება შინაგანი რწმენა, რომ ი--------------ძის საკუთრებიდან გასვლის შემდეგ მანქანა საკუთარ სახელზე დაირეგისტრირა მყიდველმა. მით უფრო, რომ რეგისტრაციის ფაქტს ესწრებოდა თავად მოპასუხე და მას აღნიშნული სადავოდ არ გაუხდია.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის სახელზე რეგისტრაციის განხორციელებას კონკრეტული გარემოებები განაპირობებდა, კერძოდ, მესემე პირთა ვალდებულებებისაგან თავის არიდება და სასაზღვრო პროცედურების დაუბრკოლებლად გადალახვა. არც ერთი ეს გარემოება საქმეში წარმოდგენილი კონკრეტული მტკიცებულებებით არ დასტურდება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მხარეთა ახსნა-განმარტებები

-შსს მომსახურების სააგენტოს ცნობა 28/03/2018

-შსს მომსახურების სააგენტოს ცნობა 11/04/2018წ.

-მოწმე ი--------------ძის ჩვენება

 

სამოტივაციო ნაწილი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის, საქმეში არსებული მტკიცებულებების გაანალიზების და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან შემდეგ გარემოებებზე:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის, პირველი მუხლი იცავს საკუთრების უფლებას, კერძოდ, ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს დაუბრკოლებლად ისარგებლოს თავისი ქონებით. არავის არ შეიძლება წაერთვას ქონება, იმ შემთხვევის გარდა, როცა ამას საზოგადოების ინტერესები მოითხოვს და იმ პირობით, რაც გათვალისწინებულია კანონით და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით.

ევროპის სასამართლომ აღნიშნული მუხლი გაყო სამ ნაწილად. საქმეში ,,სპორონგი და ლონროთი შვედეთის წინააღმდეგ“ სასამართლომ დაადგინა: „აღნიშნული დებულება მოიცავს სამ განსხვავებულ ნორმას: პირველი ნორმა, რომელიც მუხლის პირველ წინადადებაშია ჩამოყალიბებული, არის საერთო ხასიათის და იცავს საკუთრებით დაუბრკოლებლად სარგებლობის უფლებას. მეორე ნორმა, რომელსაც მუხლის მეორე წინადადება ეხება, ითვალისწინებს საკუთრების ჩამორთმევის უფლებას და ამას უკავშირებს კონკრეტულ გარემოებებს. მესამე ნორმა, რომელიც მოცემულია მუხლის მეორე ნაწილში, აცხადებს, რომ სახელმწიფოებს შეუძლიათ აკონტროლონ საკუთრებით სარგებლობის უფლება საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ,,მარქსი ბელგიის’’ წინააღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დამატებით ოქმის პირველი მუხლი, არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება''. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, CASE OF MARCKX v. BELGIUM, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება; განაცხადი N6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).

 

სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ან/და, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს საკუთრების კანონისმიერ და სახელშეკრულებო ბოჭვას, რომელსაც გააჩნია თავისი ფარგლები, კერძოდ, არ შეიძლება, რომ საკუთრების ბოჭვამ, შეზღუდვამ მოსპოს საკუთრება. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენა ხდება, როცა შელახულია ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის (მფლობელთა) ხელთაა. ამასთან, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ანუ, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენდა ორი გარემოება: 1) იყო თუ არა ლუ------------ე სადავო მოძრავი ნივთის მესაკუთრე; 2) ჰქონდა თუ არა ნივთი მოპასუხეს მართლზომიერ მფლობელობაში. ამასთან, მის მიერ ნივთის ფლობის ფაქტი მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინდიკაციის საგნის თავისებურებიდან გამომდინარე, საქმეში არ არსებობდა პრეზუმირებული მტკიცებულება, ნივთის საკუთრებასთან დაკავშირებით. თუმცა, მოსარჩელე მიუთითებდა, რომ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოში ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ ლუ------------ის რეგისტრაციის ფაქტი წარმოშობდა მოსარჩელის საკუთრებას სადავო ნივთზე. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოპასუხე საკუთარ პოზიციას ამყარებდა სასამართლო პრაქტიკაში დამკვიდრებულ შეფასებაზე და განმარტავდა, რომ რეგისტრაციის ფაქტი არ წარმოშობდა რეგისტრირებული პირის საკუთრებას ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე და მისი საკუთრება დასტურდება ნივთის ფაქტობრივი ფლობით. ამავე დროს, მოპასუხეს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის მიერ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ნივთის, როგორც საკუთარის, ფლობის ფაქტს (ავტომანქანის ექსპლოატაციის ხარჯი, ადმინისტრაციული ჯარიმა და ა.შ.).

 

სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოძრავი ნივთის იურიდიული ბუნებიდან გამომდინარე, მხოლოდ „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სატრანსპორტო საშუალების სავალდებულო რეგისტრაცია, არ წარმოშობს ავტომანქანაზე საკუთრების უფლებას. როგორც უზენაესი სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტავს, რეგისტრაციის განხორციელება არ არის სამოქალაქო სამართლებრივი აქტი და მხოლოდ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძველს ქმნის, რაც თავისი არსით ადმინისტრაციული სამართლის სფეროს განეკუთვნება. მოპასუხის პოზიციით, მას არ არ გაუვლია რეგისტრაცია „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონის შესაბამისად, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სადავო ავტომანქანაზე საკუთრება არ შეუძენია.

 

აღსანიშნავია, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა ავტოსატრანსპორტო საშუალების საკუთრებასთან დაკავშირებით ეხება განსხვავებული ფაქტობრივი მოცემულობის მქონე სამართალურთიერთობას. კერძოდ, სამართალურთიერთობას, რომელიც მომდინარეობს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლიდან, როცა ხდება სარჩელის წარდგენა ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების მოთხოვნით და მოდავე მხარეებს წარმოადგენენ არა გამყიდველი და მყიდველი, არამედ ერთის მხრივ კრედიტორი- მესამე პირი (მოსარჩელე) და მეორეს მხრის გამყიდველი (მოვალე) და მყიდველი (ნივთის მესაკუთრე). ამ ტიპის საქმეებში, სადაც ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეები სადავოდ არ ხდიან ნასყიდობის ხელშეკრულების დადებას, მხოლოდ ის ფაქტი, რომ სადავო ნივთი რეგისტრირებულია ყოფილ მესაკუთრეზე (მოვალეზე), ვერ წარმოშობს ამ უკანასკნელის საკუთრების უფლებას სადავო ნივთზე. წინამდებარე დავაში, კი, სხვა ფაქტობრივი მოცემულობაა. შედავებას ახორციელებს პირი, რომლის სახელზეც რეგისტრირებულია სადავო ნივთი. ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ რეგისტრაციის ფაქტი, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, ქმნის რეგისტრირებული პირის საკუთრების უფლების წინაპირობას და შესაძლებელია განხილული იქნეს რელევანტურ მტკიცებულებად. სასამართლოს ექმნება რწმენა, რომ მოსარჩელემ იყიდა ნივთი და მოახდინა საკუთარ სახელზე მისი რეგისტრაცია. აღნიშნულის გაბათილებას მოპასუხე შეეცადა მხოლოდ მფლობელობაზე მითითებით, რითაც საკუთარი მტკიცების ტვირთი ვერ დასძლია.

 

6.2. მოცემული დავის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, თუ ვის მიერ მოხდა სადავო მოძრავი ნივთის შესყიდვა, ვისთან გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება ავტომანქანის მესაკუთრემ, ვის მიყიდა ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 148-ე და 149-ე მუხლებით ავტომანქანა წარმოადგენს მოძრავ ნივთს, შესაბამისად, მასზე უნდა გავრცელდეს ამ კატეგორიის ნივთებთან დაკავშირებული საკუთრების გადაცემის სამართლებრივი რეჟიმი და შემძენზე საკუთრების უფლების გადასვლის მომენტის განსაზღვრის საკითხი უნდა გადაწყდეს მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების წარმოშობის წესის შესაბამისად (სუსგ. Nას-680-651-2016 4 ნოემბერი, 2016 წელი)

 

სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილით მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმის ჩვენებით დასტურდება, რომ ი--------------ძემ ნასყიდობის საგნის ღირებულება მიიღო ლუ------------ისაგან და მასვე გადასცა ნივთი პირდაპირ მფლობელობაში. მოწმის ჩვენება დადასტურდა თავად მოპასუხის წარმომადგენლის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ შუამდგომლობაში, სადაც მითითებულია, რომ ი--------------ძეს ტელეფონით დაუკავშირდა ლუ------------ე და აცნობა მანქანის შესყიდვისათვის საჭირო თანხის მის ხელთ არსებობის შესახებ. მოწმემ, ასევე, დაადასტურა, რომ მანქანის შესასყიდი თანხა ლომბარდში გადაიხადა ლუ------------ემ, ლუ------------ემ მოახდინა მანქანის რეგისტრაცია საკუთარ სახელზე. მოპასუხემ იცოდე ამ გარემოებების შესახებ, თუმცა, არც რეგისტრაციის ფაქტი, არც თანხის გადახდის ფაქტი სადავოდ არ გაუხდია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ ერთის მხრივ, ი--------------ძესა და მეორეს მხრივ ლუ------------ეს შორის დადებული შეთანხმება წარმოადგენდა ავტომანქანის ნასყიდობის შესახებ ზეპირ ხელშეკრულებას, რის საფუძველზეც ი--------------ძემ საკუთრება მოძრავ ნივთზე გადასცა მოსარჩელეს. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ნასყიდობის ზეპირი გარიგების დადების შემდეგ ლუ------------ეს პირდაპირ მფლობელობაში გადაეცა ავტომანქანა, თუმცა, იგი ვერ ახორციელებს აღნიშნულ მფლობელობას და იძულებულია მოითხოვოს მოპასუხის კანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

 

6.3. სასამართლო, ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას მოძრავი ნივთი საკუთრების მფლობელობითი პრეზუმპციის შესახებ. სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია გამოიყენება მხოლოდ მოძრავი ნივთების მიმართ, ვინაიდან კანონი მათზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის არ ადგენს სპეციალურ რეჟიმს, როგორიცაა წერილობითი გარიგება და მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება. ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და იგი საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ (სუსგ. Nას-658-658-2018წ. 30 ივლისი 2018 წ). მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიმართ ვერ იმოქმედებს მფლობელობითი პრეზუმპცია, ვინაიდან, მისი მფლობელობა შედავებულია მოსარჩელის მიერ.

 

როგორც უკვე აღინიშნა, სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლით მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ეკისრება, დაამტკიცოს სადავო ნივთზე საკუთრების უფლების არსებობა, ასევე, ნივთის მოპასუხის მიერ ფლობის ფაქტი, რაც შეეხება მფლობელს, ამავე ნორმიდან გამომდინარე, მისი შესაგებელი შეიძლება, ემყარებოდეს, როგორც ფლობის ნამდვილი, მართლზომიერი უფლების არსებობას, ისე _ საკუთრების უფლების ნამდვილობას და, როგორც ერთი, ისე _ მეორე ფაქტის სათანადო მტკიცებულებით დადასტურება მისივე მტკიცების ტვირთს წარმოადგენს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხემ ვერ შეძლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი მტკიცების ტვირთის რეალიზება, ვერ დაადასტურა სადავო ნივთზე მართლოზმიერი ფლობელობის ფაქტი. ამდენად, მოპასუხე არ წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირს - მართლზომიერ მფლობელს. ამავე დროს არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ მოძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა. სასამართლო ასევე მიუთითებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს.

 

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, შესაბამისად, დავის საგნის ფასი 4000 ლარია, რის გამოც ნახევრდება გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა და შეადგენს - 60 ლარს.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელეს გადავადებული აქვს სახელმწიფო ბაჟის გადახდა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 60 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

8.1. სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-270-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ლუ------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. გამოთხოვილი იქნეს ალ-----------–უს უკანონო მფლობელობიდან ავტოსატრანსპორტო საშუალება: მარკა მოდელი B-----, გამოშვების წელი 2004, სანომრე ნიშანი U------, ფერი შავი, საიდენტიფიკაციო ნომერი B---------------, სარეგისტრაციო მოწმობა B--------, გაცემული 06/01/2016 და ჩაბარდეს მესაკუთრეს ლუ------------ეს;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირმა ტოგონიძე