გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/9992-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 თებერვალი, 2020 წელი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ბადრი შონია
სხდომის მდივანი მანანა გოგიბედაშვილი
მოსარჩელე – ემ--–----------ე;
წარმომადგენლები - ნო------–--–--ი, ვა-–--------------–---ი;
მოპასუხე – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო;
წარმომადგენელი - თა-----–------ე;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი „დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 14 ნოემბრის №0--------- ბრძანება;
1.2. დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ემ--–----------ის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, მისმა წარმომადგენელმა განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებით სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს და არ არის დარღვეული მათი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. სამინისტრომ გამოიკვლია ყველა არსებითი გარემოება და ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიიჩნია მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ მოსარჩელე - ემ--–----------ე არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა (სარეგისტრაციო N A 2-----). აღნიშნული პირის დროებით საცხოვრებელი ადგილად მითითებულია ქ. თბილისი, სამგორი, ბ. ჭ-------------------------;
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა (ს.ფ. 14);
3.1.2. 2019 წლის 02 მაისის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის მიხედვით ემ--–----------ე დარეგისტრირებულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში და მისი მოქმედი სარეიტინგო ქულა შეადგენს 1000. (ქულის მინიჭების თარიღი 06.01.2019 წელი, დეკლარაციის შევსების თარიღი: 07.12.2018 წელი). ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართად მითითებულია, თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, ბ------–---–-- ქ. N1.
2020 წლის 16 იანვარს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის მიხედვით ემ--–----------ე დარეგისტრირებულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში და მისი მოქმედი სარეიტინგო ქულა შეადგენს 1000. (ქულის მინიჭების თარიღი 06.01.2019 წელი, დეკლარაციის შევსების თარიღი: 07.12.2018 წელი). ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართად მითითებულია, თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, ბ------–---–-- ქ. N1.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (მომზადების თარიღი 02.05.2019წ.) (ს.ფ. 15);
- ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (მომზადების თარიღი 16.01.2020 წ.) (ს.ფ. 116);
3.1.3. ემ--–----------ემ 2018 წლის 13 თებერვალს ოჯახის სახელით შეავსო განაცხადი დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით. განმცხადებელის ფაქტობრივ მისამართად თბილისი, სამგორი, ო-------------------, რომელსაც შემდგომ დამატებით წარსადგენი ჰქონდა ცნობა.
ემ--–----------ემ 2019 წლის 13 მარტს ოჯახის სახელით შეავსო განაცხადი დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით. განმცხადებელის ფაქტობრივ მისამართად თბილისი, სამგორი, ო-------------------.
განაცხადი კრიტერიუმების მიხედვით შეფასდა 8 ქულით (1.50 ქულა - საცხოვრებლის ფინანსური პირობები ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე; 3 ქულა - სოციალური კრიტერიუმი (30001 ქულაზე ნაკლები სარეიტინგო ქულა), 2 ქულა - შშმპ (მნიშვნელოვნად გამოხატული) 1.50 ქულა - ომის ვეტერანი).
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ემ--–----------ის განცხადებები (ს.ფ. 63-64);
- კრიტერიუმების პრიორიტეტულობის ფორმულარი (ს.ფ. 65);
3.1.4. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 27 თებერვლის N0------- წერილით ემ--–----------ეს მის მიერ 2019 წლის 28 იანვარს წარდგენილ განცხადებაზე განემარტა, რომ მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი, მინიჭებული ქულების შესაბამისად, განიხილებოდა შემდეგ ეტაპზე, თბილისში არსებული საცხოვრებელი ფართებისა და ოჯახის სულადობის გათვალისწინებით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 27 თებერვლის N0------- წერილი (ს.ფ. 18)
3.1.5. 2019 წლის 15 ოქტომბერს ემ--–----------ემ განცხადებით მიმართა ემ--–----------ის რწმუნებულმა ნო------–--–--მა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა საცხოვრებელი ფართის მისაღებად სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- განცხადება (ს.ფ 21-22)
3.1.6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის სხდომის №3- ოქმით ემ--–----------ის ოჯახს საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი - ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებაში ცხოვრების გამო. (დააკლდა ნათესავთან/ახლობელთან ქირის გარეშე - 1.5 ქულა).
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის სხდომის №3- (ს.ფ. 55-62);
3.1.7. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 14 ნოემბრის N0--------- ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი N3-) ემ--–----------ეს ეთქვა უარი ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, ქ. თბილისში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 14 ნოემბრის N0--------- ბრძანება (ს.ფ. 24);
3.1.8. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტის 2019 წლის 02 მაისის N0------------ ცნობის მიხედვით ემ--–----------ეს დანიშნული აქვს სოციალური პაკეტი - შშმპ მნიშვნელოვნად გამოხატული 01.12.2019 წლამდე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ცნობა N0------ (ს.ფ. 17)
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტის 2019 წლის 02 მაისის N0------------ ცნობა (ს.ფ. 16)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ემ--–----------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველასათვის გარანტირებულია თავისი უფლებებისა და თავისუფლებების სასამართლოს მეშვეობით დაცვის უფლება.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის საცხოვრებელ ფართობთან/საბინაო საკითხებთან დაკავშირებული დავები წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული ნორმების დეფინიციიდან გამომდინარე, გასაჩივრებული „დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 14 ნოემბრის №0--------- ბრძანება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. შესაბამისად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან მოსარჩელის მოთხოვნა მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის გადაცემასთან დაკავშირებით.
6.2. სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომელიც ნორმატიულ-სამართლებრივად გამოხატავს საქართველოს მოქალაქეთა ურყევ ნებას დაამკვიდრონ სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო.
სასამართლო აღნიშნავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.
მითითებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა (შემდგომ – გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა) არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა, ხოლო იმავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი №1) პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი (შემდგომში − წესი) ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას, გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს ქვეყნის შიგნით გადაადგილების შესახებ და ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის „ლ“, „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2019-2020 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №2566 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2019-2020 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ (შემდგომში – სამოქმედო გეგმა) შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესს.
მითითებული წესის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია. კომისია, ამ წესის შესაბამისად, ანაწილებს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით სააგენტოსათვის გადმოცემულ ან სააგენტოს მიერ შესყიდულ/რეაბილიტირებულ საცხოვრებელ ფართებს და არსებული რესურსის გათვალისწინებით, განსაზღვრავს იმ დევნილი ოჯახების კონტინგენტს, რომელთაც გაუკეთდებათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებები. დევნილი ოჯახების კონტინგენტის განსაზღვრის შემდეგ, სააგენტო, მისი ტერიტორიული ორგანოებისა და მუნიციპალიტეტების ჩართულობით, ახდენს ამა თუ იმ ადმინისტრაციულ ერთეულში მაცხოვრებელ დევნილთა ინფორმირებას გასანაწილებელი საცხოვრებელი ფართების, ასევე საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების მიღების მკაცრად რეგლამენტირებული ვადების შესახებ. ამასთან, დევნილებს უნდა მიეცეთ ვადა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების წარსადგენად (გადაწყვეტილების მისაღებად მოსაფიქრებელი დრო, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის მოპოვება, განაცხადზე დასართავი დოკუმენტების მოწესრიგება და სხვ). მიღებული განაცხადების საფუძველზე, კომისია ადგენს წინასწარ განსაზღვრული კატეგორიის დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების წინასწარი შეფასების, მინიჭებული ქულების გადამოწმებისა და კომისიის მიერ განხილვის ვადებს, რაც აისახება კომისიის სხდომის ოქმში.
მითითებული მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლები ახდენენ გასანაწილებელი ფართების დაკავების მსურველთა განაცხადების მიღებას, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კონტინგენტიდან. განაცხადის შევსება ხდება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომლის/თანამშრომლების მიერ, რასაც ხელმოწერით ადასტურებენ როგორც აღნიშნული თანამშრომლები, ისე დევნილი ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი ან ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი, მასზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის სრულწლოვანი წევრების მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის დევნილი ოჯახის მიერ ივსება ამ ბრძანებით პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული დანართი №2 – „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა“ და ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-5 პუნქტით დამტკიცებული დანართი №5 – „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარის ფორმა“, რომლებსაც უნდა ერთოდეს მასში მოცემული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლები ახდენს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციის, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებული კითხვარის, ასევე მოპოვებული მონაცემების საფუძველზე თითოეული დევნილი ოჯახის მდგომარეობის შეფასებას კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტების მეშვეობით, რის საფუძველზეც აღნიშნული სამმართველოს შესაბამისი თანამშრომელი ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლები აფასებს, ავსებს და ხელმოწერით ადასტურებს სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ განაცხადის შეფასების ფორმას. თითოეული დევნილი ოჯახის მიერ შევსებული განაცხადი, მასზე თანდართულ დოკუმენტაციასთან და შესაბამის შეფასების ფორმასთან ერთად ინახება ამ დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე პირადი საქმის სახით. თუ აღნიშნული სამმართველოს ან/და სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომლ(ებ)ის მიერ განაცხადების შეფასებისას აღმოჩნდა, რომ დევნილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არის არსებითად მცდარი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეფასებაზე, განაცხადი რჩება განუხილველი, რის თაობაზეც დევნილ ოჯახს ეცნობება დეპარტამენტის უფროსის ან დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს უფროსის დასაბუთებული წერილობითი აქტის მეშვეობით. ამ პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდგომ, დეპარტამენტი კომისიას წარუდგენს განაცხადებს, სრული ინფორმაციითა და დოკუმენტაციით. კომისია, დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს შეფასებაზე დაყრდნობითა და კონკრეტულ ობიექტზე არსებული ბინების რაოდენობის გათვალისწინებით, განსაზღვრავს განაცხადების რაოდენობას, რომელთა გადამოწმება უნდა განახორციელოს დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველომ.
ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება აქვს სახელმწიფოს, თუმცა მატერიალური და ფინანსური რესურსების მოცულობიდან და სახელმწიფოს ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობა რიგითობას განსაზღვრავს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, აღნიშნული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაბამისი პრიორიტეტულობის საფუძველზე.
წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ემ--–----------ე არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტის 2019 წლის 02 მაისის N0------------ ცნობის მიხედვით ემ--–----------ეს დანიშნული აქვს სოციალური პაკეტი - შშმპ მნიშვნელოვნად გამოხატული 01.12.2019 წლამდე.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი №1) მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ემ--–----------ემ 2018 წლის 13 თებერვალს ოჯახის სახელით შეავსო განაცხადი დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით. განმცხადებელის ფაქტობრივ მისამართად თბილისი, სამგორი, ო-------------------, რომელსაც შემდგომ დამატებით წარსადგენი ჰქონდა ცნობა.
ასევე ემ--–----------ემ 2019 წლის 13 მარტს ოჯახის სახელით შეავსო განაცხადი დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით. განმცხადებელის ფაქტობრივ მისამართად თბილისი, სამგორი, ო-------------------. განაცხადი კრიტერიუმების მიხედვით შეფასდა 6,5 ქულით (1.50 ქულა - საცხოვრებლის ფინანსური პირობები ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე; 3 ქულა - სოციალური კრიტერიუმი (30001 ქულაზე ნაკლები სარეიტინგო ქულა), 2 ქულა - შშმპ (მნიშვნელოვნად გამოხატული) 1.50 ქულა - ომის ვეტერანი).
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მხარეთა ახსნა-განმარტებით ასევე დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის №3- სხდომის ოქმით ემ--–----------ეს საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, იმ საფუძვლით, რომ ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა ნათესავთან/ახლობელთან ქირის გარეშე ცხოვრების გამო, ხოლო დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ 2019 წლის 14 ნოემბერს გამოსცა N0--------- ბრძანება, რომლის თანახმად, ემ--–----------ეს (პ.ნ 6----------) უარი ეთქვა, ქ. თბილისში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ამავე კოდექსის 97-ე მუხლით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. აღნიშნული ნორმის განმარტებიდან ჩანს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
დასახელებული ნორმის საფუძველზე, სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, საქმეში წარმოდგენილ კითხვარზე, რომლის თანახმადაც გასაუბრება მოხდა ემ--–----------ესთან. იგი 2013 წლის 27 აგვისტოს, განაცხადის შევსების დროიდან ცხოვრობს ქალაქ თბილისში ორხევი-ე--------------ში. არის მარტოხელა. მისი გადმოცემით მას ინახავს მისი დები. იღებს დევნილის შემწეობას. ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე 3 წელია და მეტი. მისი განმარტებით აქვს ღვიძლის პრობლემები.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის ოქმის მიხედვით, ერთოთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 6,0 და მეტი ქულა.
სასამართლოს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის, მხარეთა ახსნა-განმარტების და საქმეში წარმოდგენილი ფოტომასალების საფუძველზე მიაჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი №1) მე-6 მუხლის პირველ პუნქტის იმპერატიული მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა. რამეთუ, მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელის შვილებს გააჩნიათ უძრავი ქონება, რომლითაც მოსარჩელე არ სარგებლობს არ შეძლება გახდეს დევნილის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივი საფუძველი.
6.3. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლზე, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ამასთან, მითითებული კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდანდევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 ოქტომბრის №01-109/ნ ბრძანების თანახმად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გადანაწილებასთან/განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის №487 დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს თანდართული დებულება. სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო წარმოადგენს: ა) სსიპ – საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს უფლებამონაცვლეს; ბ) სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეს დევნილთა და ეკომიგრანთა საკითხების მიმართულებით; გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლეს როგორც ყოფილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ნაწილში მიმდინარე, დასრულებულ ან აღსასრულებელ სასამართლო საქმეებზე (მათი აღსრულების ჩათვლით).
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდანდევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 ოქტომბრის №01-109/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის, მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებებია დევნილთა და ეკომიგრანტთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ყველა სამართლებრივი ქმედების განხორციელება, მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილი წესით უძრავი ქონების შესყიდვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გადანაწილებასთან/განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 10.10.2019წ. N487 დადგენილების მე-3 მუხლით დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტაზე უფლებამოსილ ორგანოდ განისაზღვრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ემ--–----------ის სარჩელი საფუძვლიანია, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადგილი აქვს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და ზემოთ აღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის არსებით დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 14 ნოემბრის N0--------- ბრძანება და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, აგრეთვე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე და მოპასუხე გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9, მე-12, 22-ე-23-ე, 32-ე-33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ემ--–----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 14 ნოემბრის N0--------- ბრძანება;
3. დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ემ--–----------ის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
4. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი მხარისათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე ქ.თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64) სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით.
მოსამართლე ბადრი შონია