გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.02.2020
საქმის ნომერი
100210019003371815
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
19.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N100210019003371815

2/425-19წ

გა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

19.02.2020 წელი ქ. საჩხერე

საჩხერის რაიონული სასამართლო

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე: ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე

მოსარჩელე: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

წარმომადგენელი: ნ---- ხ----------ე

მოპასუხე: შ.პ.ს. ,,ს----–-------–--ი“

წარმომადგენელი: შ--–-- ნ--------ე

დავის საგანი: თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. საჩხერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ (ს/ნ 203840433)მოპასუხე - შ.პ.ს. ,,ს----–-------–--ი“-ს (ს/კ. 2--------) მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე.

1.2.მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს, რომ 2010 წლის 11 მარტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სს „ენერგია XXI”- ის გაკოტრების მმართველს შორის „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-12 პრიმა პუნქტისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად , ნატურის ფორმით გადაეცა აუქციონზე გაუყიდავი სამეურვეო ქონება და ასევე დებიტორული მოთხოვნები კომერციული სუბიექტებიდან 207 382 136 ( ორასშვიდი მილიონ სამასოთხმოცდაორი ათას ასოცდათექვსმეტი) ლარის ოდენობით, მათ შორის მოპასუხის დავალიანების 1899,27 ლარის მოთხოვნის უფლება.

 

1899,27 ლარის დავალიანება მოპასუხეს წარმოეშვა, სს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“ მიერ მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის შედეგად, რაც დასტურდება აბონენტის ბარათითა და ქვითრით.

 

მოპასუხის მიერ, ვალდებულება არ შესრულებულა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, შესაბამისად მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ არსებული დავალიანების 1899,27 ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხე მხარის პოზიცია

 

2.1. მოპასუხის წარმომადგენელი მოსამზადებელ ეტაპზე სარჩელს არ ცნობს, მისივე განმარტებით არ გააჩნია საწარმოს არანაირი დავალიანება სახელმწიფოს წინაშე, გარდა ამისა მოთხოვნა არის ხანდაზმული.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები .

3.1.1. მხარეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მოსამზადებელ სხდომაზე მორიგებულიყვნენ თუმცა ვერ შეთანხმდნენ.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. დადგენილია, რომ სსიპ „ საწარმოს მართვის“ სააგენტოს 2007 წლის 10 ოქტომბრის 1-3/736 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა სს „ რიოჰესის“, სს „ გუმათჰესების კასკადის“, სს „ ლაჯანურჰესის“, სს „ ძევრულჰესის“, სს „ შაორჰესის:, შპს „ აწჰესის“, სს „ საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის „, შპს „ აჭარის ენერგოკომპანიის“, ერთმანეთთან შერწყმა და შეიქმნა სს „ ენერგია 21“, რომელიც წარმოადგენს ყველა ზემოაღნიშნული საწარმოების სამართალმემკვიდრეს. აღნიშნული რვა სუბიექტის შერწყმისას მოხდა მათი დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონსოლიდაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ბრძანება (ს.ფ.23-24)

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 25-30)

- მხარეთა განმარტებები. (იხ.ოქმი)

 

3.2.2. 2010 წლის 11 მარტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სს „ენერგია XXI”- ის გაკოტრების მმართველს შორის „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-12 პრიმა პუნქტისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად , ნატურის ფორმით გადაეცა აუქციონზე გაუყიდავი სამეურვეო ქონება და ასევე დებიტორული მოთხოვნები კომერციული სუბიექტებიდან 207 382 136 ( ორასშვიდი მილიონ სამასოთხმოცდაორი ათას ასოცდათექვსმეტი) ლარის ოდენობით, მათ შორის მოპასუხის დავალიანების 1899,27 ლარის მოთხოვნის უფლება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ს.ფ.31-35)

- მხარეთა განმარტებები. (იხ.ოქმი)

 

3.2.3. დადგენილია, რომ მოპასუხის დავალიანება აბონენტის ბარათით შეადგენს 1899,27 ლარს. დადგენილია, რომ მოპასუხეს არავითარი გადახდა არ უწარმოებია 2010 წლიდან დღემდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აბონენტის ბარათი(ს.ფ.19-20)

- მხარეთა განმარტებები. (იხ.ოქმი)

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მასალების და მხარეთა ახსნა-განმარტებების შეფასების საფუძველზე სასამართლო თვლის, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, კერძოდ სასამართლო თვლის, რომ გასულია სასარჩელო ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე , 316-ე, 317-ე, 361-ე, 629-ე, 128-130-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას“ (იხ. სუსგ ას-1529-1443-2012, ას-973-1208-04; ას 664-635-2016).

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

6.3.სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად „ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.“

 

6.4.სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

განსახილველ შემთხვევაში სახეზე იყო ნარდობის ხელშეკრულება, რაზედაც საზღაური არ იქნა გადახდილი.

 

6.5.სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილით თანახმად ნარდობის ხელშეკრულებით სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს.

 

სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით თანახმად სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.

 

დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადაა სამი წელი

 

სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილით თანახმად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

დადგენილია, რომ მოთხოვნა წარმოიშვა 2007 წლამდე, რადგან დავალიანებათა კონსოლიდაცია 2007 წლის 10 ოქტომბერს დაფიქსირდა შესაბამისი ბრძანების საფუძველზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება,თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. მოპასუხის მხრიდან მითითებულ აქტივობებს ადგილი არ ჰქონია.

 

6.6.უზენაესი სასამართლოს განმარტებით სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. „მხარეთა სასარჩელო შესაძლებლობები ხშირად არის ვადით შეზღუდული. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას“

 

6.7.ამდენად სასამართლო თვლის, რომ სარჩელი ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.8. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან,მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

დადგენილია, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა.

7.2.სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,უ“ პუნქტის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე; მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან

 

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).

 

4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი