გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.02.2020
საქმის ნომერი
110210019003291794
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
20.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 110210019003291794

N2/690-2019წელი

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20 თებერვალი 2020 წელი ქ. ზესტაფონი

მოსამართლე შოთა ნიკურაძე

სხდომის მდივანი სოფიო რობაქიძე,ირინე კვირიკეიშვილი

მოსარჩელე: შ-------------------

წარმომადგენელი: ზ------------–---–- ( დირექტორი), დ----- ხ-------;

მოპასუხე: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია;

წარმომადგენელი: მ------ ბ--------–----;

დავის საგანი: პირგასამტეხლოს თანხის შემცირება, თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

შემცირდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შპს ,--------------ისთვის დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა 49 590 ლარიდან 4 590 ლარამდე.

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას შპს ,--------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 44 640 ლარის გადახდა.

 

სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2019 წლის 13 მარტს მხარეებს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N50, რომლის მიხედვით მოსარჩელემ განახორციელა კ-–--- ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ თ------–------- გზის რეაბილიტაცია. ხელშეკრულების ღირებულება იყო 290 000 ლარი. ხელშეკრულების 13.2 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველვადაგადაცილებულ დღეზე 0.1%, ანუ დღიურად 290 ლარი. მოსარჩელემ ვალდებულება ხელშეკრულების საერთო ვადაში შეასრულა, თუმცა ჩამორჩა გეგმა-გრაფიკს, რის გამოც საბოლოო ანგარიშსწორებისას ვადაგადაცილებული დღეები დაუნაგარიშეს და დააჯარიმეს 49 590 ლარით. პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია და მისი დაანგარიშება უნდა მოხდეს 0.01%-ით. ასევე, განმარტა, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სამუშაოების შესრულების ვადის დარღვევა გამოიწვია თავად ამ რაიონის სპეციფიკურმა რელიეფმა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წერილობითი წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

 

სარჩელი ფაქტობრივად და სამართლებრივად არის დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო და უარი უნდა ეთქვას მის დაკმაყოფილებაზე, რადგან პირგასამტეხლოს დაკისრება გამოწვეულია მიმწოდებლის უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით საქმისადმი .პირგასამტეხლოს დაკავება მოხდა მხარეებს შორის 2019 წლის 13 მარტს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #50 ხელშეკრულების საფუძველზე . ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსი''-ს 418-ე მუხლის მიხედვით ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. მხარეებმა ხელშეკრულებაზე ხელმოწერით გამოხატეს თავისუფალი ნება ხელშეკრულების პირობების და მათ შორის პირგასამტეხლოს პროცენტის ოდენობაზე ხელშეკრულების 13.2 პუნქტი. მოსარჩელეს გააზრებული ჰქონდა, რომ ხელშეკრულება მხარეთა მიმართ უფლებებსა და ვალდებულებებს წარმოშობს მათივე ნების საფუძველზე და ასევე პირგასამტეხლო არის ფულადი სანქცია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან დაკავშირებით, იმ შემთხვევისგან, როცა მეწარმე შესასრულებელ სამუშაოებს თავს აარიდებს და სამუშაოებს დათქმულ ვადაში არ დაასრულებს,ასევე პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების საშუალებას, იმ ზიანის, რომელიც შეიძლება განიცადოს შემსყიდველმა. შპს,,ბორი-85''-ისათვის ცნობილი იყო, რომ თუ იგი არ შეასრულებდა ხელშეკრულების პირობებს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო იმ ოდენობით, რა ოდენობაც იყო გათვალისწინებული ხელშეკრულებით. შპს ,,ბორი-85'' არერთგზის წერილობითაც ეცნობა, რომ 2019 წლის 14 აპრილიდან ხელშეკრულების მე-13 მუხლის 13.2 პუნქტის თანახმად დაიწყო მათი კომპანიის მიმართ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0,1 %, დღეში 290,00 ლარის დაკისრება. მე-13 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, პირგასამტეხლოს ოდენობა თუ მიაღწევდა ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 2% ცალმხრივად შეუწყდებოდათ ხელშეკრულება, რასთან დაკავშირებითაც მათ პრეტენზია არ განუცხადებიათ და მოითხოვეს ხელშეკრულების მოქმედების ვადის გადაწევა. მოსარჩელე შპს ,,ბორი-85''ტენდერის გამოცხადების მომენტშიც გაეცნო სატენდერო დოკუმენტაციას მათ შორის ხელშეკრულების პროექტსაც და მის მიხედვით წარმოადგინა სატენდერო წინადადება და ტექნიკური დოკუმენტაცია, გამოვლინდა გამარჯვებულად და გამოცხადდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში ხელშეკრულების გასაფორმებლად. რა დროსაც, კიდევ ერთხელ გაეცნო და ხელიც მოაწერა ხელშეკრულებას და სადაოდ არ გაუხდია ხელშეკრულების არცერთი პირობა, მათ შორის 13.2 პუნქტი. მას არაერთგზის ეცნობა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მიმართვებით, რომ მის მიმართ დაიწყო პირგასამტეხლოს დაკისრება, რაც თავის დროზე არ გაუპროტესტებია, ასევე ხელშეკრულების მოქმედების ვადა, 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განისაზღვრა მხარეთა შეთანხმებით და კომპანია ამ დრომდე უნდა ასრულებდეს ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებას მაგრამ არ ასრულებს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიასა და შ----------------ს'' შორის 2019 წლის 13 მარტს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N50, რომლის თანახმად ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კ-–--- ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ თეთრწყაროს გზის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვა (გზატკეცილების, გზების მშენებლობა, საძირკვლის მომზადებისა და ზედა ფენის გადაგების სამუშაოები). . ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 290 000 ლარს, სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრა 119 კალენდარული დღით, 2019 წლის 10 ივლისის ჩათვლით. ხელშეკრულების 13.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხევაში, განისაზღვრა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2019 წლის 13 მარტის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N50 ხელშეკრულებას.

 

3.2. შ---------------მა'' 2019 წლის 2 ოქტომბრის მდგომარეობით შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს ნაწილი, კერძოდ - 91 167.93 ლარის ღირებულების სამუშაო, რომელიც 2019 წლის 2 ოქტომბრის მიღება- ჩაბარების N50-1 აქტით ჩაიბარა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2019 წლის 2ოქტომბრის N50-1 მიღება-ჩაბარების აქტს, საგადასახადო აგნარიშფაქტურას.

 

3.3. შ---------------მა'' ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს ნაწილი, კერძოდ, მიღება-ჩაბარების აქტით ჩაბარებული სამუშაო შეასრულა გეგმა-გრაფიკის ვადის დარღვევით, ვადაგადაცილების დღეთა რაოდენობამ შეადგინა 171 დღე, თუმცა ხელშეკრულების მოქმედების საერთო ვადა არ არის გასული და იგი მხარეთა შეთანხებით გაგრძელდა 2020 წლის 29 თებერვლის ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2019 წლის 13 მარტის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N50 ხელშეკრულებას. ~

-მხარეთა ახსნა-განმარტებებს.

 

3.4. ვინაიდან სამუშოების შესრულება მოხდა გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ვადის დარღვევით, 91167.93 ლარიდან შ---------------ს'' მოპასუხემ დაუკავა ავანსად აღებული თანხის ნაწილი 37 019,53 ლარი, ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.3 პუნტით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს 5% - 4558.40 ლარი, ასევე მე-13 მუხლის მე-13.2 პუნტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 49590.00 ლარი, (პირგასამტეხლოს თანხა შეადგენს ყოველვადაგადაცილებულ დღეზე სახელშეკრულებო თანხის 0.1 % -ს, დღეში 290 ლარს, 2019 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით ვადაგდაცილებულია -171 დღე) აუნაზღაურა -0 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2019 წლის 13 მარტის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N50 ხელშეკრულებას.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 15 ოქტომბრის N------- წერილს.

 

3.5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიასა და შ---------------ს'' შორის ასევე გაფორმდა სხვა, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N161, რომლის თანახმად, ვადის დარღვევის გამო პირგასამტეხლოს თანხა ყოველვადაგადაცილებულ დღეზე განისაზღვა 0.02%-ის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 15 ოქტომბრის N------- წერილს.

 

3.6. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ 2016 წლის 30 ივნისს გაიცა რეკომენდაცია პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის თაობაზე, სადაც შემსყიდველ ორგანიზაციებს მიეცათ რეკომენდაცია ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისთვის (მათ შორის, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების დროს) პირგასამტეხლო განესაზღვრათ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების არაუმეტეს 0,02%-ის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაცია პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის თაობაზე

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ შ---------------ის'' სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. 5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 477-ემუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველის ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.

 

სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისთვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიასა და შ----------------ს'' შორის 2019 წლის 13 მარტს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N50, რომლის თანახმად ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კ-–--- ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ თეთრწყაროს გზის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვა (გზატკეცილების, გზების მშენებლობა, საძირკვლის მომზადებისა და ზედა ფენის გადაგების სამუშაოები). . ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 290 000 ლარს, სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრა 119 კალენდარული დღით, 2019 წლის 10 ივლისის ჩათვლით.

 

შ---------------მა'' 2019 წლის 2 ოქტომბრის მდგომარეობით შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს ნაწილი, კერძოდ - 91 167.93 ლარის ღირებულების სამუშაო, რომელიც 2019 წლის 2 ოქტომბრის მიღება- ჩაბარების N50-1 აქტით ჩაიბარა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ.

 

შ---------------მა'' ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს ნაწილი, კერძოდ, მიღება-ჩაბარების აქტით ჩაბარებული სამუშაო შეასრულა გეგმა-გრაფიკის ვადის დარღვევით, ვადაგადაცილების დღეთა რაოდენობამ შეადგინა 171 დღე.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო –მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების 13.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხევაში, განისაზღვრა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით.

 

დადგენილია, რომ ვინაიდან სამუშოების შესრულება მოხდა გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ვადის დარღვევით, 91167.93 ლარიდან შ---------------ს'' მოპასუხემ დაუკავა ავანსად აღებული თანხის ნაწილი 37 019,53 ლარი, ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.3 პუნტით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს 5% - 4558.40 ლარი, ასევე მე-13 მუხლის მე-13.2 პუნტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 49590.00 ლარი, (პირგასამტეხლოს თანხა შეადგენს ყოველვადაგადაცილებულ დღეზე სახელშეკრულებო თანხის 0.1 % -ს, დღეში 290 ლარს, 2019 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით ვადაგდაცილებულია -171 დღე) აუნაზღაურა -0 ლარი.

 

ასევე დადგენილია, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიასა და შ---------------ს'' შორის ასევე გაფორმდა სხვა, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N161, რომლის თანახმად, ვადის დარღვევის გამო პირგასამტეხლოს თანხა ყოველვადაგადაცილებულ დღეზე განისაზღვა 0.02%-ის ოდენობით.

 

მოსარჩელე მხარე დავობს მხოლოდ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობაზე, კერძოდ, მოითხოვა მისი დაანგარიშება მოხდეს არა ხელშეკრულებაში მითითებული 0,1%-ის, არამედ გონივრული ოდენობის - 0.01 %-ის გათვალისწინებით.

 

სასამართლო განმარტავს: პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც მთავარია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. (იხ. სუსგ Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; სუსგ №ას-222-209-2015, 6 მაისი, 2015 წელი).

 

პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია, აგრეთვე, მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (იხ. სუსგ Nას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი).

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეაფასა დარღვევის სიმძიმის, მოცულობის, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხისა და ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხის გათვალისწინებით, რაც შეესაბამება დადგენილ პრაქტიკას.

 

ამდენად, აღნიშნულის საფუძველზე სასამართლოს ეძლევა საშუალება სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის დისკრეციის ფარგლებში იმსჯელოს მოთხოვნის პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს დაკისრების დროს სასამართლო ითვალისწინებს როგორც კრედიტორის ინტერესს, ასევე ყურადღებას მიაქცევს დარღვევის შინაარსს და დაკისრებული პირგასამტეხლოს გონივრულ ფარგლებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციაზე პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის თაობაზე, სადაც შემსყიდველ ორგანიზაციებს მიეცათ რეკომენდაცია ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისთვის (მათ შორის, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების დროს) პირგასამტეხლო განესაზღვრათ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების არაუმეტეს 0,02%-ის ოდენობით. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ მხარეთა შორის გაფორმდა სხვა ხელშეკრულება, სადაც პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა სწორედ 0.02 %-ის ოდენობით, ანუ ერთ შემთხვევაში მხარეებმა გაითვალისწინებს რეკომენდაციები, ხოლო მეორე შემთხვევაში მსგავსი ხელშეკრულების დადებისას, პირგასამტეხლოს ოდენობა სხვაგვარად განსაზღვრეს. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში დაკისრებული პირგასამტეხლო არაგონივრულია და მისი ოდენობა უნდა შემცირდეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,02%-მდე, რომლის გათვალისწინებითაც მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის დასაკავებელი პირგასამტეხსლოს თანხა იქნება 9 918 ლარი, შესაბამისად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 39 672 ლარის გადახდა.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირევლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟის თანხა 1340 ლარი. ვინაიდან გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოთხოვნის ნაწილი 39 672 ლარი, აღნიშნული თანხის ბაჟი 1190.16 ლარი მოპასუხემ უნდა აუნაზღაუროს მოსარჩელეს, ხოლო ბაჟის დანარჩენილი ნაწილის უნდა დარჩეს ბიუჯეტში.

 

7. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

 

სარჩელთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა

 

1. შ---------------ის''( ს------------- სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას (-------------- შ---------------ის''( ს------------- სასარგებლოდ დაეკისროს 39 672 (ოცდაცხრამეტი ათას ექვსას სამოცდათორემტი) ლარის გადახდა.

 

3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას (-------------- შ---------------ის''( ს------------- სასარგებლოდ დაეკისროს ბაჟის ნაწილის 1190 (ათას ას ოთხმოცდაათი) ლარისა და 16 (თექვსმეტი) თეთრის ანაზღაურება, ხოლო ბაჟის დანარჩენილი ნაწილი დარჩეს ბიუჯეტში.

 

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ კანონიერი წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

6.პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდნენ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბარონ გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შოთა ნიკურაძე