გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/23164-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე
სხდომის მდივანი - დალი მახაური
მოსარჩელე - და----------–---–---–ი
წარმომადგენელი - სა-–--------------ძე
მოპასუხე - შპს ,,ავ-----“
წარმომადგენლები - შო--------–--–---–ი (დირექტორი), ვა-–---------------ი
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურების მიზნით თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოსარჩელე და----------–---–---–ის სასარგებლოდ მოპასუხე შპს „ავ-----“-სთვის ზიანის ანაზღაურების მიზნით 4 605.40 ლარის დაკისრება.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
მოსარჩელე და----------–---–---–მა მოპასუხე შპს „ავ-----“-სგან 2019 წლის 21 ივნისს შეიძინა 2 ავიაბილეთი პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით, რაშიც გადაიხადა 2 610 ლარი.
2019 წლის 18 ივლისს 06:30 საათზე გამგზავრების მიზნით გამოცხადდა თბილისის აეროპორტში, გამგზავრების წინ რეგისტრატორმა აცნობა, რომ მის მიერ წარდგენილი ბილეთები ბაზაში არ იძებნებოდა. მოსარჩელის განმარტებით, იმ დროისათვის გაწეული ჰქონდა ხარჯი სასტუმროებსა და შეხვედრებისთვის, ამიტომ იმავე რეისზე ხელმეორედ შეიძინა 2 ავიაბილეთი, 4 605.40 ლარად. ამასთან, თანხა ჰქონდა მხოლოდ ევროში და იძულებული იყო ის გაეცვალა აეროპორტში მდებარე ვალუტის გადამცვლელ პუნქტში მაღალი კურსით, რითაც დამატებით მიადგა 300 ლარზე მეტი ოდენობით ზიანი.
მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხის ბრალეული ქმედებით განცდილი ქონებრივი ზიანის 4 605.40 ლარის ოდენობით ანაზღაურებას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. განმარტა, რომ 21.06.2019წ.-ს, მოსარჩელის მიერ ანგარიშსწორების დღეს გამოწერა თვითმფრინავის ორმხრივი ბილეთები თბილისი-პარიზი-თბილისის მიმართულებით, რომლებიც გადასცა მოსარჩელეს. შესაბამისად, მისი მხრიდან ვალდებულება შესრულდა ჯეროვნად; და----------–---–---–ს მისგან შეძენილი ჰქონდა ავიაბილეთები და არა აეროპორტში მომსახურების სერვისი. ის გარემოება, რომ მოსარჩელე მოპასუხისგან შეძენილი ავიაბილეთებით თვითმფრინავში ვერ მოხვდა, არ წარმოადგენდა მოპასუხის ქმედების შედეგს, მოსარჩელის მიერ ახალი ბილეთების შეძენა არ იყო გამოწვეული მოპასუხის ბრალით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2019 წლის 21 ივნისს მოსარჩელემ მოპასუხის მეშვეობით შეიძინა 2 ავიაბილეთი თბილისი-პარიზი-თბილისის მიმართულებით, 18.07.2019 – 09:00, 21.07.2019 13:25. შეძენისას გადაიხადა ავიაბილეთების საფასური 2 610 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს.ფ. 2-18);
- შესაგებელი (ს.ფ. 39-49);
- სალაროს შემოსავლის ორდერი (ს.ფ. 19).
3.1.2. მოსარჩელემ 2019 წლის 18 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეიძინა 2 ავიაბილეთი იმავე ავიარეისზე, რომელზეც შეძენილი ჰქონდა ავიაბილეთები მოპასუხის მეშვეობით. აეროპორტში შეძენილ ბილეთებში გადაიხადა 4 605.40 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს.ფ. 2-18);
- ავიაბილეთები (ს.ფ. 74-78);
- შესაგებელი (ს.ფ. 39-49).
3.2 სადავო ფაქტობრივი გარემოება
3.2.1. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ 2019 წლის 21 ივნისს მოსარჩელის მიერ შეძენილი ბილეთები მოპასუხის მიერ გამოწერილი იყო სათანადოდ და მათი მეშვეობით შესაძლებელი იყო მგზავრობა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში. კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა, ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. კერძოდ, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის გადანაწილებას არამარტო საპროცესო-სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას, ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი - არახელსაყრელი შედეგი.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე განმარტავს, რომ გაფრენის დღეს, 2019 წლის 18 ივლისს, 06:30 საათზე მეორე მგზავრთან ერთად გამოცხადდა აეროპორტში; რეგისტრაციისას ოპერატორმა აცნობა, რომ ავიაბილეთების მეშვეობით გაფრენას ვერ შეძლებდა, რადგან მოპასუხესთან შეძნილი ბილეთები ბაზაში არ იძებნებოდა და შესაბამისად არ დგინდებოდა ბილეთების შეძენა. თუმცა, სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის ზემოთ აღნიშნულ პოზიციას შემდეგი გარემოებების გამო:
გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისათვის მხოლოდ ზეპირი განმარტება საკმარისი არ არის და ზეპირი განმარტება გამყარებული უნდა იყოს მტკიცებულებებით. როდესაც მხარეები დავობენ ფაქტობრივ გარემოებაზე, ასეთ შემთხვევაში მხარის ვალდებულებაა წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემს ანალიზის საშუალებას და შეუქმნის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.
მოპასუხის მხრიდან ბილეთების შეძენისა და მათი რელევანტურობის ფაქტი მის ახსნა-განმარტებასთან ერთად დასტურდება არაერთი მტკიცებულებით, კერძოდ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მოსარჩელის და----------–---–---–ის განცხადებით, რომლის თანახმადაც კომპანია „A--------e“-ს წარმომადგენელი თავად უდასტურებს მოსარჩელეს, რომ შპს „ავ-----“-ს მიერ ბილეთები ნამდვილად იყო შეძენილი პარიზის მიმართულებით. ასევე, „სა---------–--------------ის“ 2019 წლის 21 აგვისტოს ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი წერილით, ავიაკომპანია ადასტურებს, რომ 2019 წლის 21 ივნისს ავიაბილეთები შეძენილი იყო სათანადო წესით და განმარტავს, რომ ბილეთებით სარგებლობა შესაძლებელი იყო ბილეთის ნომრის დატანის გარეშეც და მგზავრს არ უნდა შექმნოდა პრობლემა რეგისტრაციისას.
როგორც ფრენის ოპერატორი კომპანია „A--------e“, რომელიც მართავს კომპანია „სა---------–--------------ს“, ისე, თვით კომპანია „სა---------–--------------ი“, თავიანთი წარმომადგენლების მეშვეობით ადასტურებენ, რომ 2019 წლის 21 ივნისს შეძენილი ავიაბილეთებით სარგებლობა შესაძლებელი იყო და მგზავრს პრობლემა არ უნდა შეჰქმნოდა.
აღნიშნულის საპირისპიროდ კი მოსარჩელის შუამდგომლობით საქმეზე მოწმედ დაკითხულმა ნე---------------–--ემ სასამართლოს ვერ დაუდასტურა, რომ მოსარჩელის მიერ გაფრენამდე მიღებული იყო გონივრული ზომები იმის გადასამოწმებლად, თუ რატომ იყო შეუძლებელი შეძენილი ბილეთებით სარგებლობა. როგორც ნე---------------–--ემ, ისე მოსარჩელე და----------–---–---–მა განმარტეს, რომ დახმარებისთვის ბილეთზე არსებული მინიშნებისა და ჩანაწერის არსებობის მიუხედავად კომპანია „სა---------–--------------ისთვის“ არ მიუმართავთ.
სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მოწმის ჩვენება მოსარჩელის ახსნა-განმარტებასთან ერთად არ შეიძლება გახდეს მოპასუხის მიერ ზემოთმოყვანილი მტკიცებულებებით დადგენილი გარემოების გამაბათილებელი რელევანტური მტკიცებულება. მოსარჩლე მხარეს სარჩელის დავის საგნის გათვალისწინებით (ზიანის ანაზღაურება) არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებას გააქარწყლებდა. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ მტკიცების ტვირთის სამართლიანად და ობიექტურად განაწილების პრინციპის შესაბამისად, ვერ უზრუნველყო მის მიერ სადავოდ გამხდარი ფაქტობრივი გარემოების სათანადოდ დადასტურება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს.ფ. 2-18);
- შესაგებელი (ს.ფ. 39-49);
- და----------–---–---–ის განცხადება (ს.ფ. 50-51);
- მოსარჩელის და „სა---------–--------------ის“ მიმოწერა (იხ.ს.ფ. 89-94);
- მოწმე ნე---------------–--ის ჩვენება 27.01.2019 სხდომის ოქმი (ს.ფ. 117).
საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონედ სხვა გარემოებაზე მხარეებს არ მიუთითებიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 477-ე, 487-ე, 488-ე, 992-ე, მუხლები.
სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რაც ნასყიდობის ხელშეკრულებად უნდა შეფასდეს.
ნასყიდობის ხელშეკრულების პირობები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლშია ჩამოყალიბებული, რომლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
ამგვარად, ამ ხელშეკრულების მხარის, მყიდველის მოვალეობაა ფასის გადახდა და ქონების მიღება, ხოლო მყიდველის მოვალეობა – საკუთრების უფლების გადაცემა შეთანხმებული ქონებაზე და ამ ქონების მიწოდება, საჭიროების შემთხვევაში, კი შესაბამისი საბუთების გადაცემა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი. კოდექსით ასევე განმარტებულია, რა ჩაითვლება ნივთობრივ ნაკლად. 488-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანხმად, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის.
დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხის მეშვეობით, შეთანხმებული ფასის გადახდის სანაცვლოდ, შეიძინა 2 ავიაბილეთი. შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულებაში მოსარჩელე წარმოადგენდა მყიდველს, რომელმაც სათანადოდ შეასრულა ფასის გადახდის ვალდებულება, რის სანაცვლოდაც, გამყიდველს – მოპასუხეს ეკისრებოდა უნაკლო ავიაბილეთების გადაცემის ვალდებულება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ბილეთი არის რაიმე მომსახურების მიღების, სანახაობაზე დასწრების, ან სხვა მსგავსი შესაძლებლობის (ნებართვის) მიღების დამადასტურებელი საბუთი, რისთვისაც დაინტერესებული პირი, როგორც წესი, იხდის შესაბამის ფასს. ბილეთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუ მისით ჩვეულებრივი წესით სარგებლობის შემთხვევაში, მის მფლობელს შესაბამისი შესაძლებლობა შეუფერხებლად მიეცემა. თვითმფრინავის ბილეთი ჩაითვლება ვარგისად, თუ მისი მეშვეობით შესაძლებელი იქნებოდა თვითმფრინავით მგზავრობა ბილეთში მითითებული მიმართულებით, შესაბამის დროს და პირობებით.
სადავოობისას, კითხვაზე პასუხი, ვარგისია თუ არა ბილეთი ჩვეულებრივი გამოყენებისთვის, პასუხი უნდა გასცეს იმ პირმა, ვინც ახორციელებს შესაბამის მომსახურებას (სთავაზობს სანახაობას და სხვა).
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ შეძენილი ბილეთები მოპასუხის მიერ გამოწერილი იყო სათანადოდ და მათი მეშვეობით შესაძლებელი იყო მგზავრობა (იხ. გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტი). ანუ ბილეთები იყო ვარგისი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხემ სათანადოდ შეასრულა საკუთარი ვალდებულება ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს გადასცა უნაკლო საგანი.
6.2. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თვითმფრინავით მგზავრობა გარკვეული პროცედურის გავლასთან, აეროპორტში დადგენილი წესების დაცვასთან არის დაკავშირებული. ამ წესების დაცვა მგზავრის მოვალეობაა. წესების დაცვისთვის შესაბამისი უნარ-ჩვევები მგზავრს გარკვეული ცოდნისა და გამოცდილების მიღების შედეგად უყალიბდება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხე თავისი ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებში წარმოადგენდა ერთგვარ აგენტს, რომელიც ავიაკომპანიების მიერ შემოთავაზებული პირობებით ახდენდა სამგზავრო ავიაბილეთების რეალიზაციას.
მოსარჩელეს მოპასუხისგან ავიაბილეთის შეძენისას უნდა ჰქონოდა იმის მოლოდინი, რომ მოპასუხის მეშვეობით გამოწერილი ავიაბილეთები გარანტირებულად იქნებოდა უნაკლო და მათი მეშვეობით შესაძლებელი იქნებოდა მგზავრობა შესაბამისი ავიარეისებით.
დამატებითი მომსახურების გაწევა, გამგზავრების წინ აეროპორტში წარმომადგენლის გაყოლა თვითმფრინავში მოთავსებამდე რეგისტრაციის, ან სხვა პროცედურის გავლაში დახმარების მიზნით, ნასყიდობის ხელშეკრულებით შეთანხმებული არ ყოფილა.
უდავოა, რომ მოსარჩელემ მოპასუხის სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების შედეგად შეძენილი ავიაბილეთები არ გამოიყენა; შეიძინა სხვა ავიაბილეთები იგივე რეისებზე, რისთვისაც გასწია დამატებითი ხარჯი.
მართალია, ამ ხარჯის გაწევის გამო მოსარჩელეს წარმოექმნა ქონებრივი დანაკლისი, რაც ობიექტურად მოსარჩელისთვის წარმოადგენს ზიანს, მაგრამ ამ ზიანის მიყენებაში მოპასუხის პასუხისმგებლობა გამოირიცხება შემდეგ გარემოებათა გამო:
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992–ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი, ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
ამგვარად, ზიანის მიყენების გამო, პასუხისმგებლობის წარმოშობისათვის აუცილებელია ადგილი ჰქონდეს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას, ამასთან, მოპასუხის ქმედება აუცილებელ, პირდაპირ კავშირში უნდა იყოს მიყენებულ ზიანთან, ანუ, უნდა დადასტურდეს მიზეზობრივი კავშირი. ეს ელემენტები უნდა არსებობდეს ერთობლივად, რომელიმე მათგანის არარსებობა პასუხისმგებლობას გამორიცხავს.
ქმედების მართლწინააღმდეგობასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ სამოქალაქო სამართალში მართლწინააღმდეგობა არის კანონმდებლობით დადგენილი დანაწესის ან რაიმე ვალდებულების დარღვევა, რიგ შემთხვევაში, მართლწინააღმდეგობა სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევით გამოიხატება. სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევა პასუხისგებლობის დამოუკიდებელი საფუძველიცაა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, რომ მოპასუხემ სახელშეკრულებო ვალდებულება სათანადოდ შეასრულა, მოპასუხის ქმედების მართლწინააღმდეგობა გამორიცხა. შესაბამისად, ზიანის მიყენების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის აუცილებელი პირობა არ არსებობს და მოცემულ საქმეში მოპასუხე არ წარმოადგენს მოსარჩელის წინაშე ზიანზე პასუხისმგებელ პირს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იყო 139 ლარი.
მოსარჩელემ მოითხოვა მის მიერ იურიდიული დახმარებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
ამავე კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ამ საპროცესო დანაწესებიდან გამომდინარე, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, იურიდიული დახმარებისთვის გაწეული ხარჯის მოპასუხისთვის დაკისრებაზე მოსარჩელეს უნდა ეთქვას უარი, ხოლო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
8.სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37,53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 263-ე-364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. და----------–---–---–ის სარჩელი შპს „ავ------ს“ მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მომდევნო პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე