გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.03.2020
საქმის ნომერი
330210019003205614
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
11.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/24079-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 თებერვალი 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ივერი აბაშიძე

სხდომის მდივანი - გვანცა გიორგაძე

 

მოსარჩელე - შპს „ჯ---------------------------------ი“

წარმომადგენელი - ი------------–--–---–-----------------–---–-

 

მოპასუხე - სს „ს--------------------------------------------“

წარმომადგენლები - ს--–-----–---–---------------–----–---–----

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე სს „ს--------------------------------------------”-ს მოსარჩელის შპს „ჯ---------------------------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის 33242,92 ლარის ანაზღაურება;

 

სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

მოსარჩელე წარმოადგენს წყლის მიმწოდებელ კომპანიას, რომელიც ქ. თბილისის მოსახლეობას უზრუნველყოფს წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებით. თავის ფუნქციებს ახორციელებს სემეკის 2008 წლის 26 ნოემბრის #-- დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ და სემეკის 2011 წლის 21 დეკემბრის #--- წყალმომარაგების ლიცენზიის შესაბამისად.

 

შპს „ჯ---------------------------------ს“ და შპს „ს-------------------------------------ს“ შორის 2014 წლის 28 თებერვალს გაფორმდა ხელშეკრულება დაზღვევის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ, რომლის 1.1 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ დაზღვევის სფეროში ურთიერთთანამშრობლობის პირობაზე, რაც გულისხმობს კომპანიის დაზღვევას მზღვეველის მიერ განსაზღვრული სამოქალაქო/დამქირავებლის პასუხისმგებლობის დაზღვევის პირობების ფარგლებში.

 

ხელშეკრულების #1 დანართის 1-4 ნაწილების თანახმად, მზღვეველი დამზღვევს აუნაზღაურებს: ნებისმიერ ისეთ თანხას, რომლის გადახდაზეც სამართლებრივად პასუხისმგებელია დამზღვევი წინამდებარე დაზღვევით დაფარული სადაზღვევო შემთხვევიდან წარმოშობილი ზარალის ასანაზღაურებლად, რომელიც მოხდა სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში, დადგა დაფარულ ტერიტორიაზე, მოხდა პოლისში მითითებული დამზღვევის საქმიანობის მიმდინარეობის დროს, დამზღვევის წინააღმდეგ აღძრულია ზარალის ანაზღაურების შესახებ სარჩელი მესამე მხარის მიერ: აღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელის ხარჯებსა და დანახარჯებზე სამართლებრივად დაკისრებულ პასუხისმგებლობას; დამზღვევი პასუხისმგებელია სადაზღვევო შემთხვევიდან წარმოქმნილი ზარალის მხოლოდ იმ ოდენობაზე და მოსარჩელეთა იმ ხარჯებსა და დანახარჯებზე, რომელიც აღემატება ფრანშიზას. სადაზღვევო პოლისის თანახმად კი ფრანშიზა განისაზღვრა 15000 აშშ დოლარით თითოეულ და ყველა შემთხვევაზე (სამოქალაქო პასუხისმგებლობა მესამე პირთა წინაშე).

 

სადაზღვევო პერიოდში, 2014 წლის იანვარში, ქ. თბილისში, ფ----–---–--ის ქუჩა #23-ის გასწვრივ დაზიანდა შპს „ჯ---------------------------------ის“ 100 მმ-იანი მილი, რომლისგან გამოჟონილმა წყალმა დატბორა მოქალაქე გ------–-----ის კუთვნილი უძრავი ნაგებობის პირველი სართული. გ------–-----ემ განცხადებით მიმართა შპს „ჯ---------------------------------ს“ და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება. ვინაიდან სადაზღვევო ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, კომპანიამ არ დააკმაყოფილა გ------–-----ის მოთხოვნა, მან, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, სარჩელით მიმართა სასამართლოს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით კომპანიას გ------–-----ის სასარგებლოდ დაკისრა ჯამში 73535,06 ლარის გადახდა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილდა კომპანიის სააპელაციო საჩივარი და ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის განჩინებით შპს „ჯ---------------------------------ის“ საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

კომპანიამ, იძულებითი აღსრულებიდ ხარჯების თავიდან აცილების მიზნით, 2016 წლის 7 დეკემბერის გ------–-----ეს გადაურიცხა დაკისრებული თანხა. ვინაიდან კომპანიის მიერ ანაზღაურდა სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანი, მოპასუხემ, როგორც სს „ს-------------------------------------ის“ სამართალმემკვიდრემ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაუროს ზარალი, რაც ფრანშიზის გამოკლებით შეადგენს 33242,92 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი, ნაწილობრივ დაეთანხმა მასში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით მიუთითა შემდეგი:

 

დაზღვევის პირობების თანახმად, დამზღვევს ეკისრება მთელი რიგი ვალდებულებები დაზღვეული ობიექტის მოვლასთან დაკავშირებით. დაზღვევის პირობები განსაზღვრავს ე.წ. „სათანადო ზრუნვის“ წესებს, რაც გულისხმობს, რომ სადაზღვევო პოლისის მფლობელმა უნდა გასწიოს სათანადო მზრუნველობა ნებისმიერი ზიანის ან ზარალის ან დაზიანების თავიდან აცილების, აგრეთვე შენობა-ნაგებობის, ქარხნის და ყველა სხვა კორპორაციული ქონების კარგ მდგომარეობაში შენახვისა და კანონით გათვალისწინებული ყველა ვალდებულებისა და წესის შესრულების მიზნით. სადაზღვევო პოლისის მფლობელმა საჭიროებისამებრ უნდა გამოასწოროს ნებისმიერი ხარვეზი ან აღმოფხვრას ნებისმიერ საფრთხე და მიიღოს დამატებითი სიფრთხილის ზომები დაუყოვნებლივ, როგორც კი ამგვარი ხარვეზი ან საფრთხე თავს იჩენს.

 

მხარეებს შორის გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულების ფარგლებში, ზიანის დაზღვევის ხელშეკრულების ობიექტი არის დამზღვევის პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობის დაზღვევის ობიექტს წარმოადგენს დაზღვეულის ქმედების შედეგად წარმოშობილი შესაძლო ვალდებულებები მესამე პირის მიმართ, რომელიც მას აკისრებს ზარალის (ზიანის) ანაზღაურების ვალდებულებას. პასუხისმგებლობის დაზღვევისას ზიანის ანაზღაურების სავალდებულო პირობას წარმოადგენს პოლისის მფლობელის, ანუ პირის, რომლის პასუხისმგებლობაც არის დაზღვეული, მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მიზეზობრივ კავშირშია ზიანთან. თუმცა სამოქალაქო კოდექსის 842-ე მუხლი ათავისუფლებს მზღვეველს პასუხისმგებლობისგან, თუ დამზღვევმა შეგნებულად გამოიწვია იმ გარემოების წარმოშობა, რისთვისაც მას პასუხისმგებლობა ეკისრება მესამე პირის წინაშე. ზარალის შეგნებულად, ან განზრახ ან გაუფრთხილებლობით მიყენებასთან გათანაბრებულია ასევე ისეთი ქმედებები, რომლის დროს ზარალის შესაძლო მიყენება მოსალოდნელია საკმაოდ დიდი ალბათობით და შეგნებულად არის დაშვებული პირის მიერ, რომელიც პასუხისმგებელი ასეთი ქმედებებისთვის. ასევე აღსანიშნავია სსკ-ის 829-ე მუხლი, რაც გამორიცხავს მზღვევლის პასუხისმგებლობას, თუკი დამზღვევმა შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა და უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინ თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით.

 

„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების თაობაზე“ სემეკის 26.11.2008 წლის #-- დადგენილების თანახმად, მოსარჩელე, როგორც მიმწოდებელი, თავად არის ვალდებული, უზრუნველყოს სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით მომხმარებელთა სათანადოდ მომსახურება და წყალმომარაგება, რაც მათ შორის გულისხმობს წყალგაყვანილობის სისტემის გამართულ ფუნქციონირებას. ამავე წესების თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მომხმარებლის შესაბამისი ხარისხის სასმელი წყლით უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო წყალმომარაგება კანონმდებლობის, ამ წესებისა და მისი შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად. ასევე ვალდებულია, დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება და შეწყვიტოს სასმელი წყლით მომარაგება, თუკი საფრთხე ემუქრება პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან მის ქონებას.

 

მიუხედავად გ------–-----ის არაერთი თხოვნისა და გაფრთხილებისა, მოსარჩელეს არ მიუღია გონივრული ზომები ზიანის თავიდან ასაცილებლად, რაც იმის საფუძველს იძლება, რომ დამზღვევმა შეგნებულად გამოიწვია ან შეგნებულად დაუშვა იმ გარემოების წარმოშობა, რისთვისაც მას დაეკისრა პასუხისმგებლობა მესამე პირის წინაშე. აღნიშულ პოზიციას ამყარებს საქმეში არსებული ექსპერტის დასკვნაც, ასევე სასამართლო გადაწყვეტილებებში აღნიშნული სამართლებრივი შეფასება, რაც შპს „ჯ---------------------------------ის“ ქმედების მართლწინააღმდეგობაზე მიუთითებს.

 

სადაზღვევო შემთხვევა არის მოვლენა, რომლის დადგომისას სადაზღვევო ხელშეკრულება ითვალისწინებს სადაზღვევო ანაზღაურების გადახდას. შესაბამისად, ზარალის დადგომის ნებისმიერი შემთხვევა არ წარმოადგენს სადაზღვევო შემთხვევას და არ წარმოშობს მზღვეველის ვალდებულებას, გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება. მოსარჩელემ გ------–-----ეს აუნაზღაურა არა სადაზღვევო შემთხვევით დამდგარი ზიანი, არამედ მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად დამდგარი ზიანი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დამზღვევს - შპს „ჯ---------------------------------ს“ და მზღვეველს - სს „ს-------------------------------------ს“ შორის 2013 წლის 1 მარტს, ერთი წლის ვადით დაიდო დაზღვევის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება და გაიცა შესაბამისი პოლისი. მხარეებმა განსაზღვრეს დაზღვევის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის პირობები, რაც გულისხმობდა კომპანიის (შპს „ჯ---------------------------------ის“) მზღვეველის მიერ განსაზღვრული სამოქალაქო/დამქირავებლის პასუხისმგებლობის დაზღვევის პირობების ფარგლებში დაზღვევას.

 

ხელშეკრულების საფუძველზე დაზღვევის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის სპეციფიკური პირობები განისაზღვრა ამ ხელშეკრულების დანართებით #1, #2 და სადაზღვევო პოლისით, რაც ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაზღვევის ხელშეკრულება და სადაზღვევო პოლისი;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. სადაზღვევო პოლისის თანახმად დაზღვეულ ინტერესს წარმოადგენს დამზღვევის საქმიანობის შედეგად მესამე მხარეთათვის/დაქირავებული მუშაკისათვის მიყენებული სხეულის და/ან ქონების ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, რომელიც დამზღვევს წარმოეშვება კანონის თანახმად.

 

ხოლო ზოგადი სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის პირობების თანახმად, მზღვეველი დამზღვევს აუნაზღაურებს:

 

1. ნებისმიერ ისეთ თანხას, რომლის გადახდაზეც სამართლებრივად პასუხისმგებელია დამზღვევი წინამდებარე დაზღვევით დაფარული სადაზღვევო შემთხვევიდან წარმოშობილი ზარალის ასანაზღაურებლად, რომელიც:

· მოხდა სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში;

· დადგა დაფარულ ტერიტორიაზე;

· მოხდა პოლისში მითითებული დამზღვევის საქმიანობის მიმდინარეობის დროს;

· დამზღვევის წინააღმდეგ აღძრულია ზარალის ანაზღაურების შესახებ სარჩელი მესამე მხარის მიერ.

2. ზემოთქმულთან დაკავშირებით მოსარჩელის ხარჯებსა და დანახარჯებზე სამართლებრივად დაკისრებულ პასუხისმგებლობას.

3. მზღვეველი პასუხისმგებელია სადაზღვევო შემთხვევიდან წარმოქმნილი ზარალის მხოლოდ იმ ოდენობაზე და მოსარჩელეთა იმ ხარჯებსა და დანახარჯებზე, რომელიც აღემატება ფრანშიზას.

გარდა ამისა, ზოგადი სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის პირობები შეიცავდა შემდეგ დათქმას:

 

· სადაზღვევო პოლისის მფლობელმა უნდა გასწიოს სათანადო მზრუნველობა ნებისმიერი ზიანის ან ზარალის ან დაზიანების თავიდან აცილების, აგრეთვე შენობა-ნაგებობის, ქარხნის და ყველა სხვა კორპორაციული ქონების კარგ მდგომარეობაში შენახვისა და კანონით გათვალისწინებული ყველა ვალდებულებისა და წესის შესრულების მიზნით.

· სადაზღვევო პოლისის მფლობელმა საჭიროებისამებრ უნდა გამოასწოროს ნებისმიერი ხარვეზი ან აღმოფხვრას ნებისმიერი საფრთხე და მიიღოს დამატებითი სიფრთხილის ზომები დაუყოვნებლივ, როგორც კი ამგვარი ხარვეზი ან საფრთხე თავს იჩენს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სადაზღვევო პოლისი #--------------;

- ზოგადი სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის პირობები.

 

3.1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილა გ------–-----ის სარჩელი შპს „ჯ---------------------------------ის“ მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახება და კომპანიას გ------–-----ის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის სანაცვლოდ 67543,06 ლარის, სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 2142 ლარის, ადვოკატის მომსახურების ხარჯის სანაცვლოდ 200 ლარის და ექსპერტიზისთვის გაწეული მომსახურების ხარჯის სანაცვლოდ 3650 (3150+500) ლარის გადახდა.

 

გადაწყვეტილება გასაჩივრდა შპს „ჯ---------------------------------ის“ მხრიდან სააპელაციო და საკასაციო წესით, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეცვლილა და შესულია კანონიერ ძალაში.

 

სააპელაციო წესით საქმის განხილვისას შპს „ჯ---------------------------------ის“ მხრიდან სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 2701,72 ლარი, ხოლო საკასაციო წესით განხილვისას - 3377,15 ლარი, საიდანაც კასატორს დაუბრუნდა 2364,005 ლარი. სახელმწიფო ბაჟის ოდენობასთან დაკავშირებით შპს „ს--------------------------------------------ს“ შედავება არ განუხორციელებია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 09.11.2015 წლის N--------- გადაწყვეტილება;

- 11.05.2016 წლის N---------- განჩინება;

- 30.09.2016 წლის N--------------- განჩინება;

- 13/07/2016 წლის საგადახდო დავალება;

- 28/01/2016 წლის საგადახდო დავალება;

- შესაგებელი.

 

3.1.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ თბილისში, ფ-----–---–--ის ქ. N23-ში მდებარე, გ------–-----ის კუთვნილი უძრავი ქონების დაზიანება გამოწვეულია შპს „ჯ-------------------------------რის“ კუთვნილი, 100 მმ დიამეტრის დაზიანებული მილიდან გამომავალი წყლის უშუალო ზემოქმედებით, რასაც მოჰყვა შენობის საძირკვლის გრუნტების წყალგაჯერება და საბოლოოდ, შენობის ჯდენითი დეფორმაცია.

 

დაზიანებული მილი შეფასდა მომეტებული საფრთხის წყაროდ და განიმარტა, რომ მომეტებული საფრთხიდან წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების არსებობისას კანონი არ ითვალისწინებდა მომეტებული საფრთხის წყაროს მესაკუთრის ბრალის არსებობის აუცილებლობას და მას ბრალის გარეშეც აკისრებდა ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, თუ მისი ქმედება ან უმოქმედობა მართლსაწინააღმდეგოა და ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი. ამასთან, შპს „ჯ---------------------------------ის“ ქმედება იყო მართლსაწინააღმდეგო, გამოხატული უმოქმედობაში, ვინაიდან მოპასუხე ვალდებული იყო დროულად გამოეცვალა დაზიანებული მილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 09.11.2015 წლის N--------- გადაწყვეტილება;

 

3.1.5. შპს „ჯ---------------------------------მა“ გ------–-----ეს სრულად აუნაზღაურა სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა, 73535,06 ლარის ოდენობით. ოდენობასთან დაკავშირებით სს „ს--------------------------------------------ს“ შედავება არ განუხორციელებია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 09.11.2015 წლის N--------- გადაწყვეტილება;

- 11.05.2016 წლის N---------- განჩინება;

- 30.09.2016 წლის N--------------- განჩინება;

- შესაგებელი;

- 07/12/2016 წლის საგადახდო დავალება.

 

3.1.6. სს „ს--------------------------------------------“ წარმოადგენს სს „ს-------------------------------------ის“ უფლებამონაცვლეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს სს „ს--------------------------------------------ს“ პოზიციას, რომ შპს „ჯ---------------------------------მა“, თავისი უმოქმედებოთ გამოიწვია აღნიშნული შედეგი და ადგილი ჰქონდა ზოგადი სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის პირობებით ნაკისრი სანათადო ზრუნვის ვალდებულებების შეუსრულებლობას.

 

მოპასუხის განმარტებით, ზარალის შეგნებულად, ანუ განზრახ ან გაუფრთხილებლობით მიყენებასთან გათანაბრებულია ასევე ისეთი ქმედებები, რომლის დროს ზარალის შესაძლო მიყენება მოსალოდნელია საკმაოდ დიდი ალბათობით და შეგნებულად არის დაშვებული პირის მიერ, რომელიც პასუხისმგებელია ასეთი ქმედებებისთვის. იგი ასევე მიუთითებს, რომ გ------–-----ის არაერთი თხოვნისა და გაფრთხილების მიუხედავად, შპს „ჯ---------------------------------ს“ არ მიუღია გონივრული ზომები ზიანის თავიდან ასაცილებლად, რაც მოპასუხის განმარტებით, გულისხმობდა, რომ დამზღვევმა შეგნებულად გამოიწვია და შეგნებულად დაუშვა ზიანის დადგომა.

 

აღნიშნულის საპირისპიროდ მოსარჩელე მიუთითებს, რომ გ------–-----ის მხრიდან მილის დაზიანებასთან დაკავშირებით დაფიქსირებული განცხადების საპასუხოდ კომპანიამ მოახდინა მყისიერი რეაგირება, 57 წუთში გადაკეტა სასმელი წყლის მილი. მყისიერ ქმედებაში მოსარჩელე მოიაზრებდა კომპანიის მხრიდან ცხელ ხაზზე შეტყობინების მიღებიდან წყლის მილის გადაკეტვამდე განხორციელებულ მთელი ქმედებების ჯაჭვს, რაც მოიცავდა თავდაპირველად სადიაგნოსტიკო ჯგუფის ადგილზე გასვლას, დაზიანების შემოწმებას, შემდგომ ინფორმაციის საავარიო ჯგუფისთვის გადაცემას და შემდგომ საბოლოოდ მილის გადაკეტვას. მართალია, ზიანი დადგა კომპანიის ბრალეული ქმედებით, თუმცა აღნიშნული ქმედება არ უნდა აღქმულიყო იმდაგვარად, რომ შემთხვევა გამოწვეული იყო განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ მას, როგორც წყალმომარაგების ლიცენზიანტს, წყალმომარაგების ქსელი გადაეცა იმ მდგომარეობაში, როგორიც იყო მისი დაზიანების დროს და როგორც იყო, მოპასუხესთან დაზღვევის ხელშეკრულების დადების დროს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტული დავის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია დადგინდეს, მოპასუხის მხრიდან ადგილი ჰქონდა უხეშ გაუფრთხილებლობას, თუ ვლინდება მარტივი გაუფრთხილებლობისთვის დამახასიათებელი ნიშნები. აღნიშული განაპირობებს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების, ან მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლებს. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება უხეში გაუფრთხილებლობა, ეს გამორიცხავს მზღვეველის პასუხისმგებლობას როგორც კანონის (სსკ-ის 829-ე მუხლი), ისე დაზღვევის ხელშეკრულებისა და მისი დანართების შესაბამისად. უხეშ და მარტივ გაუფრთხილებლობასთან დაკავშირებით ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: „სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას. ამდენად, მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით“; (იხ. საქმე № ას-745-713-2014 ).

როგორც აღინიშნა, დაზღვევის ხელშეკრულების დანართში (ზოგადი სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის პირობები) საუბარია როგორც მზღვეველის ვალდებულებაზე აუნაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევით წარმოშობილი ზარალი, ასევე აწესებს დამზღვევის მხრიდან სათანადო ზრუნვის ვალდებულებას, რომლის დაუცველობა გამორიცხავს სადაზღვევო კომპანიის ვალდებულებას აანაზღაუროს ზიანი.

 

სადაზღვევო კომპანიის განმარტებით, ზარალი რომ დადგებოდა ეს შპს „ჯ---------------------------------ს“ უნდა სცოდნოდა, ვინაიდან კონკრეტულ უბანზე სასმელი წყლის მილი დაზიანებული იყო და ამავდროულად ეს შედეგი მოსარჩელის მიერ არის დაშვებული, რაშიც მოსარჩელე გულისხმობს კომპანიის მხრიდან არადროულ რეაგირებას - მოსარჩელემ იცოდა მილის დაზიანების შესახებ და მისი შეცვლა ან შეკეთება დროულად არ მოუხდენია. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან შპს „ჯ---------------------------------ისთვის“, როგორც ლიცენზიანტისთვის, წყალმომარაგების ქსელის გადაცემისას გადაეცა ძველი, ზოგ შემთხვევაში, დაზიანებული მილი, შესაძლოა, თბილისში, ფ-----–---–--ის ქუჩა #23-ის გასწვრივ გამავალი სასმელი წყლის მილი მართლაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო დაზიანებული, ანუ განგრძობადი ხასიათი ჰქონოდა დაზიანებას, მაგრამ აქ სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას, რომ მხარეებს შორის დადებულია დაზღვევის ხელშეკრულება, რაც თავისი შინაარსით სპეციფიურია და დამახასიათებელი შპს „ჯ---------------------------------ის“ საქმიანობისათვის და სადაზღვევო ორგანიზაციას, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე უნდა სცოდნოდა წყალსადენი ქსელის მდგომარეობა, ასევე ის გარემოება, რომ მილების აღდგენა/გამოცვლა ეტაპობრივად მიმდინარეობს. საყურადღებოა მოსარჩელის პოზიცია, რომ კონკრეტულ უბანზე მილის გამოცვლა კომპანიის მხრიდან 2014 წელს ისედაც იყო დაგეგმილი. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებაში საუბარია მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანზე, რა დროსაც მომეტებული საფრთხიდან წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების არსებობისას კანონი არ ითვალისწინებდა მომეტებული საფრთხის წყაროს მესაკუთრის ბრალის არსებობის აუცილებლობას და მას ბრალის გარეშეც აკისრებდა ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, თუ მისი ქმედება ან უმოქმედობა მართლსაწინააღმდეგოა და ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.

 

რაც შეეხება მილის მრავალჯერადად დაზიანების ფაქტს, სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ გ------–-----ის განცხადებაზე კომპანიის მხრიდან ადგილი ჰქონდა მყისიერ რეაგირებას, მოხდა სასმელი წყლის მილის გადაკეტვა და შემდგომში მისი გამოცვლა.

 

ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით მოხდა არა სადაზღვევო შემთხვევით შეთანხმებული ზიანის ანაზღაურება, არამედ მართლსაწინააღმდეგო ქმედებით დამდგარი ზიანის დაკისრება.

 

დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავის დროს მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: დამზღვევმა უნდა ამტკიცოს სადაზღვევო შემთხვევასა და დამდგარ ზიანს შორის კავშირი, ხოლო მზღვეველმა უნდა ამტკიცოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი ხელშეკრულების შეთანხმების საგანს არ წარმოადგენს ან არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისი, რის გამოც მასზე ვერ გავრცელდება სადაზღვევო დაფარვა. კონკრეტულ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიამ ვერ შეძლო ამ მტკიცების ტვირთის რეალიზება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ზოგადი სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის პირობები;

- 09.11.2015 წლის N--------- გადაწყვეტილება;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ჯ---------------------------------ის“ სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. სამართლებრივი შეფასება

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანხმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად, გარკვეული გარემოების (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას, ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 839-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა გაათავისუფლოს დამზღვევი იმ ვალდებულებისაგან, რომელიც მას ეკისრება მესამე პირის წინაშე დაზღვევის პერიოდში წარმოშობილი პასუხისმგებლობის გამო.

 

სადაზღვევო შემთხვევა წარმოადგენს სადაზღვევო რისკის რეალიზაციის შედეგს. სადაზღვევო შემთხვევის გამომწვევი შეიძლება სხვადასხვა რისკფაქტორი იყოს. კონკრეტულ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული სადაზღვევო პოლისი ითვალისწინებდა მზღვევლის მხრიდან ნებისმიერი ისეთი თანხის ანაზღაურებას, რომლის გადახდაზე სამართლებრივად პასუხისმგებელია დამზღვევი და რაც მოხდა სადაზღვევო პერიოდოს განმავლობაში, დადგა დაფარულ ტერიტორიაზე, მოხდა პოლისში მითითებული დამზღვევის საქმიანობის მიმდინარეობის დროს და დამზღვევის წინააღმდეგ აღძრულია ზარალის ანაზღაურების შესახებ სარჩელი მესამე მხარის მიერ.

 

აღძრული სარჩელით შპს „ჯ---------------------------------ი“ ითხოვს იმ თანხის ანაზღაურებას, რაც მას მესამე პირის სასარგებლოდ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გადასახდელად დაეკისრა. აღნიშნული თანხა არ მოიცავს დაზღვევის ხელშეკრულებით შეთანხმებულ ფრანშიზის თანხას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის თანახმად, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით.

 

ამავე კოდექსის 842-ე მუხლის თანახმად, მზღვეველი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ დამზღვევმა შეგნებულად გამოიწვია იმ გარემოების წარმოშობა, რისთვისაც მას ეკისრება პასუხისმგებლობა მესამე პირის წინაშე.

 

კონკრეტულ დავაში სასამართლომ დადგენილად არ მიიჩნია, რომ მესამე პირის მიმართ ზიანის დადგომისას შპს „ჯ---------------------------------ის“ მხრიდან ადგილი არ ჰქონია განზრახ ან უხეშ გაუფრთხილებლობას, შესაბამისად სახეზე არაა 829-ე აბ 842-ე მუხლით გათვალისწინებული, სარჩელის დაკმაყოფილების გამომრიცხავი გარემოებები. შესაბამისად, წარმოიშვა მზღვევლის ვალდებულება აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი.

5.2. საქართველო სამოქალაქო კოდექსის 820-ე მუხლის თანახმად, ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით. ხოლო 821-ე მუხლის თანახმად, მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა დაზღვევის ხელშეკრულებიდან წარმოშვა, სადაც მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი. ზიანის ოდენობის საწინააღმდეგოდ სს „ს--------------------------------------------ს“ რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია, ოდენობა მისი მხრიდან სადავოდ არ გამხდარა. ამდენად, დასაბუთებულია მოსარჩელის მოთხოვნა და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებულიშემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 997,29 ლარი. ვინაიდან სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მითითებული თანხების ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

7. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე შპს „ჯ---------------------------------ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე სს „ს--------------------------------------------“-ს მოსარჩელე შპს „ჯ---------------------------------ი“-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 33242,92 ლარის გადახდა;

 

3. მოპასუხე სს „ს--------------------------------------------“-ს მოსარჩელე შპს „ჯ---------------------------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 997,29 (ცხრაას ოთხმოცდაშვიდმეტი ლარი და 29 თეთრი) ლარის გადახდა;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ივერი აბაშიძე