გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #030210017002237449
#2/1355-2017
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
23 იანვარი, 2020 წელი ქ. ფოთი
შესავალი ნაწილი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე: შოთა სირაძე,სხდომის მდივანი: მარიამ წულაძე,მოსარჩელე: ჰ-------- ლ------– პ-–----,წარმომადგენელი: მ-----–- ა-----–---,მოპასუხეები: ა---- ხ--–---, ა---- გ-----,წარმომადგენელი: გ------- გ-----.
დავის საგანი: სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება და ჩუქების ხელშეკრულების ბათილობა.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ა---- ხ--–---ს და ა---- გ-----ს შორის 2017 წლის 2 მარტს დადებული ჩუქების ხელშეკრულება, ცვლილება შევიდეს უძრავი ქონების, საკადასტრო კოდი 4-----------, მდებარე ხობის რაიონის სოფელ ქ----- ქ---–---–-, რეგისტრაციის მონაცემებში ა---- ხ--–---ს 1/3 წილზე;
1.2. დაეკისროს ა---- ხ--–---ს 2848,41 ევრო, საიდანაც ძირითადი ვალი შეადგენს 2368,00 ევროს, ხოლო საპროცენტო განაკვეთია: 2017 წლის 28 თებერვლამდე (ხელშეკრულების მოქმედების ვადაში) ყოველთვიურად 233,62 ევრო, ხოლო აღნიშნული თარიღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - ძირი თანხის, 2368.00 ევროს 1% ყოველთვიურად;
1.3. დაეკისროს ა---- ხ--–---ს 2016 წელს მოწეული მოსავლის (კულტურული სახეობა, წონა და ღირებულება) ოდენობის გათვალისწინებით 18.01.2016 წლის სესხის ხელშეკრულების 1.5. პუნქტის შესაბამისად ნაკისრი ვალდებულების შესრულება;
1.4. დაეკისროთ მოპასუხეებს სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურება.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე ა---- ხ--–---მ და მოსარჩელე ჰ-------- ლ------– პ-–----- 2016 წლის 18 იანვარს დადეს მიზნობრივი სესხის ხელშეკრულება შემდეგი პირობით:
სესხის თანხა განისაზღვრა 2368 ევროს ოდენობით, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის დასამუშავებლად, თანხა გაიცემოდა ნაწილნაწილ. სესხის ვადა - 2017 წლის 28 თებერვლამდე, საპროცენტო სარგებელი თვიური 1%. სესხის თანხა გაიცა ევროში და დაფარვაც უნდა მომხდარიყო იმავე ვალუტაში 2017 წლის 28 თებერვალს. მოსარჩელეს წილი უნდა მიეღო მოგებიდან, მოსავლიდან.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე ა---- ხ--–---ს სესხის თანხა გადასცა სამ ეტაპად, კერძოდ: 2016 წლის 29 იანვარს ი----- ზ---------- მეშვეობით 816 ევრო, 2016 წლის 14 აპრილს ჰ-------- ლ------– პ-–----- ი----- ზ---------- ჩაურიცხა 1008 ევრო და ამ უკანასკნელმა გადასცა ა---- ხ--–---ს და 2016 წლის 1 ოქტომბერს, ასევე ი----- ზ----------- მეშვეობით გადასცა 544 ევრო.
ა---- ხ--–---მ არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა და არ დააბრუნა მიღებული სესხის თანხა საპროცენტო სარგებელთან ერთად. 2017 წლის 2 მარტს მოპასუხის მამის, ღ-------- ხ--–---ს თხოვნით, მოსარჩელე დათანხმდა სესხის თანხის გადახდის ახალ ვადაზე, 2017 წლის სექტემბრისთვის, იმ პირობით, თუ თანხის მოთხოვნას უზრუნველყოფდა მოპასუხის უძრავი ქონებით, მაგრამ მოპასუხემ თანხა არ გადაიხადა, შეხვედრიდან უმოკლეს დროში, მისი წილი უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით 4-----------, მდებარე ხობის რაიონის სოფელ ქ----- ქ---–---–-, თვალთმაქცური გარიგებით გააჩუქა საკუთარ დისშვილზე, მოპასუხე ა---- გ-----ზე.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო, იმაზე მითითებით, რომ მართალია ა---- ხ--–---მ ჰ-------- ლ------– პ-–------- დადო სესხის ხელშეკრულება, მაგრამ მოსარჩელეს მოპასუხისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა არ გადაუცია. თანხის გადაცემის ფაქტის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება, რასაც იგი ვერ ადასტურებს. ამ ხელშეკრულებაში არ არის გათვალისწინებული არც სესხის რაიმე სახით უზრუნველყოფა და არც თანხის გადაცემის წესი, განსხვავებით სხვა ხელშეკრულებებიდან, რომლებიც ჰ-------- ლ------– პ-–----ს და სხვა ფირმებთან და ფიზიკურ პირებთან ჰქონდა გაფორმებული და რომლებზეც ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება შეასრულა.
მოპასუხის პოზიციით ამ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობა გამორიცხავს მოსარჩელის სხვა მოთხოვნათა დაკმაყოფილებას.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. მოპასუხე ა---- ხ--–---მ და მოსარჩელე ჰ-------- ლ------– პ-–----- 2016 წლის 18 იანვარს დადეს მიზნობრივი სესხის ხელშეკრულება შემდეგი პირობით:
სესხის თანხა განისაზღვრა 2368 ევროს ოდენობით, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის დასამუშავებლად, თანხა გაიცემოდა ნაწილნაწილ. სესხის ვადა - 2017 წლის 28 თებერვლამდე, საპროცენტო სარგებელი თვიური 1%. სესხის თანხა გაიცა ევროში და დაფარვაც უნდა მომხადარიყო იმავე ვალუტაში 2017 წლის 28 თებერვალს. მოსარჩელეს წილი უნდა მიეღო მოგებიდან, მოსავლიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მიზნობრივი სესხის ხელშეკრულება, მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.2. აღნიშნულ ხელშეკრულებაში მხარეები, თანხის გადაცემასთან დაკავშირებით ზეპირად შეთანხმდნენ, რომ თანხა შეიძლებოდა გაცემულიყო ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.3. 2017 წლის 2 მარტს მოპასუხე ა---- ხ--–---მ, მისი წილი უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით 4-----------, მდებარე ხობის რაიონის სოფელ ქ----- ქ---–---–-, გააჩუქა საკუთარ დისშვილზე, მოპასუხე ა---- გ-----ზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ჩუქების ხელშეკრულება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მხარეთა განმარტებები.
3.2. სადავო გარემოებები:
3.2.1. მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის მოპასუხეზე გადაცემა;
3.2.2. უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლები.
3.2.3. ა---- ხ--–---ს მიერ 2016 წელს მოწეული მოსავლის (კულტურული სახეობა, წონა და ღირებულება) ოდენობის გათვალისწინებით 18.01.2016 წლის სესხის ხელშეკრულების 1.5. პუნქტის შესაბამისად ნაკისრი ვალდებულების შესრულება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, საქმის მასალებისა და მხარეთა განმარტებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ჰ-------- ლ------– პ-–----ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს შრომის კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
6.2. განსახილველი დავის ფარგლებში, უპირველეს ყოვლისა სასამართლოს მიერ გადასაყვეტ საკითხს წარმოადგენს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის მოპასუხეზე გადაცემის ფაქტის დადგენა.
სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე სესხის დაბრუნების მოთხოვნა სსკ-ის 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი) მუხლიდან გამომდინარეობს.
ზემოაღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე მოთხოვნა დაკმაყოფილებადი იქნებოდა შემდეგი წინაპირობების ქვემოთ მოცემული თანმიმდევრობით განხორციელების შემთხვევაში:
1. თუ მოსარჩელე დამაჯერებლად დაასაბუთებდა მოპასუხესთან სესხის ხელშეკრულების დადებას, რაც გულისხმობს არა მარტო მხარეთა ურთიერთმფარავი ნების არსებობას, არამედ მოსარჩელის მიერ თანხის მოპასუხისათვის საკუთრებაში გადაცემის დამტკიცებას;
2. თუ მხარეები შეთანხმდებოდნენ სესხისათვის პროცენტზე;
3. თუ მოპასუხის მიერ სესხის დაბრუნების ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვანი შესრულებისათვის მხარეები წერილობით შეთანხმდებოდნენ პირგასამტეხლოზე ანუ განსაზღვრულ ფულად თანხაზე.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ მოსარჩელეს საკუთრებაში არ გადაუცია შეთანხმების საგანი - ფულადი თანხა.
6.3. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სესხის ხელშეკრულება ცალმხრივ და რეალურ ხელშეკრულებას წარმოადგენს ანუ ის დადებულად ითვლება და მხარეს დაბრუნების ვალდებულება წარმოეშობა გამსესხებლის მხრიდან ხელშეკრულების საგნის მსესხებლის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან. შესაბამისად, მარტოოდენ სესხის შესახებ შეთანხმება (არსებით პირობებზე შეთანხმება) ხელშეკრულების საგნის გადაცემის გარეშე, არ ნიშნავს სესხის ხელშეკრულების დადებას. რადგანაც სესხის ხელშეკრულების ნამდვილობისა და იურიდიული ძალის აუცილებელი პირობაა ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის მსესხებლისთვის რეალურად (ფიზიკურად) გადაცემა, სადავოობის შემთხვევაში, მხარემ უნდა ამტკიცოს არა მხოლოდ სესხზე შეთანხმების არსებობა, არამედ სესხის საგნის რეალურად გადაცემის შესახებ ფაქტობრივი გარემოებაც.
სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. სამოქალაქო სამართალურთიერთობაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების წესის მიხედვით, გამსესხებლის ვალდებულება შემოფარგლება სესხის სახით თანხის გადაცემისა და გადაცემული თანხის ოდენობის მტკიცებით, რომელშიც პოზიტიური მტკიცების ტვირთი შემოიფარგლება სესხის თანხის დაფარვით. ბუნებრივია კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. სესხის სახით თანხის გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს გამსესხებლისათვის, რადგან მან მხოლოდ ამგვარი დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს სესხის რეალურად დადებისა და მისი ოდენობის ფაქტი, მსესხებლისათვის კი არანაირი საჭიროება არ არსებობს ფლობდეს და წარმოადგინოს ამგვარი დოკუმენტი არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი თვალსაზრისით.
სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს; საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო გასესხებული თანხის გადაცემის ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ დასაშვებ და საკმარის მტკიცებულებად მიიჩნევს წერილობით საბუთს (მაგ: სავალო საბუთი, გადარიცხვის ქვითარი, სალაროს შემოსავლის ორდერი). (იხ.სუსგ№აs-398-371-2017).
სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ამ კუთხით დასაბუთებისა და მტკიცების ტვირთის მქონე მოსარჩელემ გასაგებად და დამაჯერებლად ვერ შეძლო სადავო ფაქტობრივი გარემოების დამტკიცება. კანონის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია, სარჩელში სრულყოფილად და თანამიმდევრობით ასახოს მისი მოსაზრებები საქმის თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით (სსსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილი). მან ეს ვალდებულება სათანადოდ ვერ შეასრულა.
6.4. მოსარჩელემ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების (თანხის გადაცემის) დასადასტურებლად წარმოადგინა გერმანულ ენაზე შესრულებული და ქართულ ენაზე თარგმნილი მოპასუხე ა---- ხ--–---სა და მოსარჩელე ჰ-------- ლ------– პ-–---- შორის 2016 წლის 10 იანვარს დადებული ხელშეკრულების ქსეროასლი, სადაც ა---- ხ--–--- გერმანულ ენაზე მინაწერით ადასტურებს, რომ 2016 წლის 29 იანვარს ი-----სგან მიიღო 816 ევრო. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ამ მტკიცებულების დედნის წარმოდგენა არ შეუძლია.
მოპასუხემ სადავოდ გახადა აღნიშნული მტკიცებულება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლის დანაწესზე მითითებით; ამავე დროს წარმოადგინა სერთიფიცირებული თარჯიმნის მიერ შესრულებული ხელშეკრულების თარგმნილი ვერსია, სადაც მოსარჩელისა და მოპასუხის მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულების თარგმნილ ვერსიებს შორის იკვეთება ტექსტის ცალკეულ ჩანაწერებს შორის სხვადასხვაობა, რაც მოსარჩელემ ვერ ახსნა.
გარდა ამისა მოპასუხის მიერ წარმოდგენილ იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან წერილი, რომლითაც ირკვევა, რომ საბუთის ქსეროასლზე, დედნის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ხელნაწერზე ტარდება ხელწერის ექსპერტიზა, მაგრამ გაიცემა მხოლოდ შესაბამისი (სავარაუდო, შეუძლებელია დადგენა) დასკვნა ან აქტი დასკვნის შედგენის შეუძლებლობაზე და არა კატეგორიული დასკვნა წარმოდგენილი ქსეროასლის ხარისხიდან გამომდინარე, ხოლო საბუთის ქსეროასლზე ხელმოწერის გამოკვლევის შემთხვევაში ექსპერტიზა არ ტარდება.
სასამართლო სრულიად იზიარებს მოპასუხის პოზიციას სსკ-ის 135-ე მუხლის დანაწესთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის თანახმად, წერილობითი მტკიცებულება, როგორც წესი, წარდგენილ უნდა იქნეს დედნის სახით. თუ წარდგენილია საბუთის ასლი, სასამართლოს, მხარეთა შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია მოითხოვოს დედნის წარდგენა. პირი შეიძლება განთავისუფლდეს დედნის წარდგენისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაამტკიცებს, რომ ასეთი საბუთის წარდგენა გარკვეული მიზეზით, რომელსაც სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს, შეუძლებელია. საბუთის ასლისათვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭება დამოკიდებულია სასამართლოს შეხედულებაზე.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე უთითებს, რომ დედნის წარმოდგენა არ შეუძლია და არ ასახელებს დედნის წარმოუდგენლობის მიზეზებს, შესაბამისად შეუძლებელია მსჯელობა ამ მიზეზის საფუძვლიანობის შესახებ. აქედან გამომდინარე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ზემოაღნიშნულ მტკიცებულებას სასამართლო ვერ მიიღებს სადავო ფაქტის (თანხის გადაცემის) დამადასტურებელ მტკიცებულებად.
6.5. მოსარჩელის მიერ სადავო ფაქტობრივი გარემოების (თანხის გადაცემის) დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოდგენილი იქნა მოწმე ი----- ზ----------, რომელმაც დაადასტურა მოსარჩელის მიერ მითითებულ თარიღებში და ოდენობით მოპასუხე ა---- ხ--–---სათვის თანხის გადაცემის ფაქტი, ხოლო ასევე მოსარჩელის ინიციატივის დაკითხულმა მოწმე ღ-------- ხ--–---მ უარყო ა---- ხ--–---სა და ჰ-------- ლ------– პ-–---- შორის რაიმე ვალის არსებობა.
იხ.24.12.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი.
6.6. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასების დროს სასამართლო ხელმძღვანელობს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც თავისუფალია და იმავდროულად კანონის დანაწესითაა შეზღუდული. შინაგანი რწმენა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად ყალიბდება. მტკიცებულებათა შეფასება არა სპონტანური და ინტუიციური, არამედ სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს (სსსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილი) სუსგ #ას-279-264-17, 21.04.17.
„მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი მიუთითებს სასამართლოსათვის არა სუბიექტურ მოსაზრებებზე დაყრდნობით მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადგენილად მიჩნევაზე, არამედ, მოსამართლის შინაგან რწმენაზე, რომელიც შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმრივ, სრულ და ობიექტურ შეფასებაზეა დაფუძნებული).
მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარუდგინა ამ გარემოების დამადასტურებელი დასაშვები მტკიცებულება. მოწმის ჩვენება, რომელსაც იშველიებს მოსარჩელე არ არის იმ სახის მტკიცებულება, რომლითაც აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენაა შესაძლებელი (სსსკ-ის 102.3).
ამრიგად, რადგანაც მოსარჩელემ სათანადო და დასაშვები წერილობითი მტკიცებულებებით ვერ დაამტკიცა მოპასუხისათვის ფულადი თანხის საკუთრებაში გადაცემა, მოწმეთა ჩვენებების შეფასება სამართლებრივად მნიშვნელოვანი ვერ იქნება, რადგანაც სადავო გარემოების დამტკიცება მხოლოდ ამ სახის მტკიცებულებებით დაუშვებელია (სსკ-ის 624-ე მუხლი).
6.7. იმ პირობებში, როდესაც მოპასუხეს არ გააჩნია (არც გააჩნდა) მოსარჩელის მიმართ შესასრულებელი რაიმე სახის ვალდებულება, საფუძველი ეცლება მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას ჩუქების ხელშეკრულების ბათილობასთან დაკავშირებით, ვინაიდან როგორც მოსარჩელე აღნიშნავს, სწორედ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, თვალთმაქცურად გააჩუქა საკუთარი წილი მოპასუხემ ა---- გ-----ზე.
შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილშიც უსაფუძვლოა.
6.8. მოსარჩელე ითხოვს დაეკისროს ა---- ხ--–---ს 2016 წელს მოწეული მოსავლის (კულტურული სახეობა, წონა და ღირებულება) ოდენობის გათვალისწინებით 18.01.2016 წლის სესხის ხელშეკრულების 1.5. პუნქტის შესაბამისად ნაკისრი ვალდებულების შესრულება.
მოსარჩელემ ვერ ახსნა რა სახის და ოდენობის, რა ღირებულების მოსავალზე და რა საფუძვლებით ითხოვს ვალდებულების შესრულებას, აღნიშნა, რომ მოთხოვნას ამ ნაწილში დააზუსტებდა, თუმცა არ დაუზუსტებია, შესაბამისად სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში გაურკვეველი, ბუნდოვანი და უსაფუძვლოა, რის გამოც უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 264.94 ლარის ოდენობით, რაც უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მოცემულ შემთხვევაში ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის განჩინებით გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო ა---- ხ--–---ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონების, 1/3-ის კუთვნილ წილს, მდებარე: ხობის რაიონი, სოფ. ქ----- ქ---–---- საკადასტრო კოდი: 4----------- და ასევე, ა---- გ-----ს 1/3-ის კუთვნილ წილს უძრავ ქონებას, მდებარე ხობის რაიონი, სოფ. ქ----- ქ---–----, საკადასტრო კოდი: 4-----------., რაც უნდა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ჰ-------- ლ------– პ-–----ს სარჩელი - ა---- ხ--–---ს და ა---- გ-----ს მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრებისა და ჩუქების ხელშეკრულების ბათილობის და ხელშეკრულების 1.5. პუნქტის შესაბამისად ნაკისრი ვალდებულების შესრულების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 264.94 ლარის ოდენობით, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. გაუქმდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო ა---- ხ--–---ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონების, 1/3-ის კუთვნილ წილს, მდებარე: ხობის რაიონი, სოფ. ქ----- ქ---–---- საკადასტრო კოდი: 4----------- და ასევე, ა---- გ-----ს 1/3-ის კუთვნილ წილს უძრავ ქონებას, მდებარე ხობის რაიონი, სოფ. ქ----- ქ---–----, საკადასტრო კოდი: 4-----------.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვითფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შოთა სირაძე