განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/3-20
გამოძიების №0-----------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
სასამართლოს დასახელება
05 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე - დავით მგელიაშვილი
სხდომის მდივანი - ლელა აბალიშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე
პროკურორი - ლ---–----–--–-–---–-
დაცვის მხარე
ბრალდებული - შ--------------–--–---------, დაბადებული - 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლევი, რეგისტრირებული: ქ. თბილისში, გ---------–---–---------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისში, ა-------------------ში.
კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლი (ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
წარდგენილი ბრალდების არსი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 06 ოქტომბრის განაჩენით, ნარკოტიკული საშუალება „ამფეტამინის,“ „მეტამფეტამინისა“ და „მდმას“ მოხმარებისათვის საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით ნასამართლევ შ-----–--–--------ეს, 2019 წლის 04 დეკემბრის N------- დასკვნით, ლაბორატორიულად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინის,“ „ამფეტამინისა“ და „ბუპრენორფინის“ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარების ფაქტი.
სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირის ბრალეულობას. ამდენად, შ-----–--–--------ეს არ დაუდასტურდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა. ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად უტყუარად ვერ დადასტურდა ბრალდებულის მიერ სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, მიუხედავად იმისა, რომ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე შ-----–--–--------ემ თავი სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ ნამდვილად მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება, რაც უტყუარად დასტურდება საქმეში არსებული ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებითაც - მოწმეთა: კ-----------–---–--, გ--------------------, ა---------–-----–---–-- გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაციით და ნარკოლოგიური ექსპერტიზის 2019 წლის 04 დეკემბრის N------- დასკვნით, რომლის მიხედვითაც შ-----–--–--------ეს ლაბორატორიულად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინის“, „ამფეტამინისა“ და „ბუპრენორფინის“ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარების ფაქტი და აღნიშნული მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, რასაც განსახილველ შემთხვევაში აქვს ადგილი და ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებებად გამოკვლევის გარეშე.
სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია პირველ რიგში ყურადღება გაამახვილოს პროკურორის მიერ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებულ ბრალდების ფორმულირებაზე და ამ საკითხის მნიშვნელობაზე მტკიცებულებების საკმარისობის შეფასების კონტექსტში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს, ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე მსჯელობს და ქმედებას სამართლებრივად აფასებს სწორედ ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ინკრიმინირებული ქმედების აღწერა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარე შ-----–--–--------ეს ედავება მასზედ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 06 ოქტომბრის განაჩენით, ნარკოტიკული საშუალება „ამფეტამინის,“ „მეტამფეტამინისა“ და „მდმას“ მოხმარებისათვის, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით ნასამართლევ შ-----–--–--------ეს, 2019 წლის 04 დეკემბრის N------- დასკვნით ლაბორატორიულად კვლავ დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინის“, „ამფეტამინისა“ და „ბუპრენორფინის“ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარების ფაქტი.
განსხილველ შემთხვევაში მთავარია დადგინდეს იყო თუ არა შ-----–--–--------ე წარსულში ნასამართლევი ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისთვისათვის და ამასთანავე, დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის ხომ არ ჰქონდა ნასამართლობა გაქარწყლებული კანონმდებლობით დადგენილი წესით (საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-6 ნაწილი) - ქმედების დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით ნასამართლობის არსებობის ფაქტი.
წარმოდგენილი საქმის მასალების თანახმად, 2016 წლის 6 ოქტომბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენით, შ-----–--–--------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა,“ ,,ე“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად 02 (ორი) წელი მიესაჯა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო სსკ-ის 273-ე მუხლით - ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, შ-----–--–--------ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად 02 (ორი) წელი მიესაჯა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. ასევე, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 17 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 100 (ასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, შ-----–--–--------ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად 02 (ორი) წელი მიესაჯა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 04 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 100 (ასი) ლარის ოდენობით.
შ-----–--–--------ეს რეალურად მოსახდელი სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2016 წლის 15 აგვისტოდან და პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2018 წლის 14 აგვისტოს სასჯელის მოხდით.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 1000 ლარი შთანთქმული იქნა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის მიერ და მას საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით დაწესებული შთანთქმის პრინციპის საფუძველზე მოესპო ჯარიმის გადახდის ვალდებულება.
საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ნასამართლობა გაქარწყლდება თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებულისა - სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ.
მოცემულ შემთხვევაში შ-----–--–--------ე სსკ-ის 273-ე მუხლით დამნაშავედ ცნობილი იქნა 2016 წლის 6 ოქტომბერს და დანიშნული სასჯელი ჯარიმა შთანთქა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულმა სასჯელმა. საქმეში წარმოდგენილი გათავისუფლების ცნობის მიხედვით, შ-----–--–--------ე პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა - 2018 წლის 14 აგვისტოს. შესაბამისად, სასჯელის შთანთქმიდანაც და გათავისუფლების მომენტიდანაც, სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელის ნაწილში, გასულია სსკ-ის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნასამართლობის გაქარწყლების ერთწლიანი ვადა.
ამდენად, შ-----–--–--------ეს ნასამართლობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის - 2019 წლის 04 დეკემბერისათვის, უკვე გაქარწყლებული ჰქონდა.
მართალია, ბრალდებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლთან ერთად, ასევე მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რომელიც მიეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში თითოეული დანაშაულისათვის ნასამართლობის გაქარწყლების ვადა უნდა გამოითვალოს ცალ-ცალკე, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილი ნასამართლობის გაქარწყლების ვადას დანაშაულთა კატეგორიის მიხედვით ინდივიდუალურად განსაზღვრავს და კანონმდებლობაში არ არსებობს ნორმა, რომელიც განაჩენთა ან/და დანაშაულთა ერთობლიობის დროს ნასამართლობის ვადის გაქარწყლებას სხვაგვარად მოაწესრიგებდა.
ამასთან, სასჯელთა შეკრების ან შთანთქმის შემთხვევაში, ყველაზე მძიმე დანაშაულისათვის დაწესებული ნასამართლობის გაქარწყლების ვადა არ მოიცავს სხვა, უფრო მსუბუქი დანაშაულის ნასამართლობის გაქარწყლების ვადასაც და შესაბამისად, სასჯელის მოხდის შემდეგ გაქარწყლების ვადის დინება ყოველი მუხლისათვის ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად (დანაშაულის კატეგორიის შესაბამისად) მიმდინარეობს (აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 დეკემბრის 416აპ-18 განჩინება).
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 08 დეკემბრის განაჩენით შ-----–--–--------ეს ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ მოხმარებისათვის მიესაჯა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, რაც მომდევნო განაჩენებით ნაწილობრივ - 100 ლარის ოდენობით იქნა დამატებული. ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დეკრიმინალიზებულია „მარიხუანას“ მოხმარება, აღნიშნული ჯარიმის გადაუხდელობა არ იწვევს ბრალდებულის ნასამართლობას და არ გვაძლევს სსკ-ის 273-ე მუხლის შემადგენლობას, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ შ-----–--–--------ის მიერ ჩადენილია არა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, არამედ ასკ-ის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება. შესაბამისად, შ-----–--–--------ე ცნობილი უნდა იქნას უდანაშაულოდ წარდგენილ ბრალდებაში და უნდა გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 267-268-ე, 270-271-ე, 275-276-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ-----–--–--------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
2. ნივთმტკიცება:
- შ-----–--–--------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი,“ რომელიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მე-5 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
3. გამართლებულს განემარტოს, რომ უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე
დავით მგელიაშვილი