გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 26.12.2019
საქმის ნომერი
330310019003262583
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
26.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/8268-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26 დეკემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ მეშველიანი

სხდომის მდივანი სალომე ზაქაშვილი

მოსარჩელე მ-------–----ა

მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

დაევალოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ-------–----ას მიერ სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტოში წარდგენილ №1--------- განცხადებაზე, რომელიც შეეხება ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი არ დაეთანხმა წარმოდგენილ სასარჩელო მოთხოვნას და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

3. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. მუსკან სარმამ 2019 წლის 01 აგვისტოს №1--------- განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, წარუდგინა შპს ,,კ-----------------–------------------------ის’’ მიერ გაცემული ცნობა და მოითხოვა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა. განმცხადებელს ჩაბარდა სამახსოვრო ბარათი, რომლითაც განემარტა, რომ მომსახურების ვადა შეადგენდა 10 დღეს, ხოლო გადასახდელი თანხა 410 ლარს.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2019 წლის 01 აგვისტოს განცხადება (ს.ფ. 46);

-შპს ,,კ-----------------–------------------------ის’’ მიერ გაცემული ცნობა (ს.ფ. 46);

- სამახსოვრო ბარათი (ს.ფ. 43-44);

 

3.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურმა დეპარტამენტმა 2019 წლის 2 აგვისტოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს აცნობა, რომ დეპარტამენტს მ-------–----ას შესახებ ინფორმაცია არ მოეპოვებოდა.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ინფრომაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურმა დეპარტამენტიდან (ს.ფ. 53);

 

3.3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2019 წლის 2 აგვისტოს №1---------/1 წერილით მიმართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და სთხოვა ეცნობებინა, – არსებობდა თუ არა მ-------–----ასთვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები.

 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2019 წლის 10 აგვისტოს №SSG 2------------ წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მ-------–----ას შესახებ ინფორმაცია არ გააჩნდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1---------/1 წერილი (ს.ფ. 54).

- საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2019 წლის 10 აგვისტოს №SSG 2------------ წერილი (ს.ფ. 55).

 

3.4. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2019 წლის 2 აგვისტოს №0-------- წერილით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს და სთხოვა ეცნობებინა, – მ-------–----ა სარგებლობდა თუ არა საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირის სტატუსით და იტვლებოდა თუ არა საქართველოში კანონიერად მყოფ პირად.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2019 წლის 6 აგვისტოს MIA 3------------ წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ მ-------–----ამ 2019 წლის 5 ივლისს საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართა მიგრაციის დეპარტამენტის საერთაშორისო დაცვის საკითხთა სამმართველოს, დარეგისტრირდა თავშესაფრის მაძიებლის პირად და მიმდინარეობს საქმის განხილვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 2 აგვისტოს №0-------- წერილი (ს.ფ. 57).

- საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2019 წლის 6 აგვისტოს MIA 3------------ წერილი (ს.ფ. 56).

 

3.5. დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მ-------–----ას 2019 წლის 1 აგვისტოს განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გადაწყვეტილება არ მიუღია.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ადმინისტრაციული წარმოების მასალები (ს.ფ. 38-557);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ,,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი, ,,კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი”.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონზე, რომელიც არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.

 

აღნიშნული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, ხოლო მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოში გაიცემა სასწავლო ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით.

 

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესით” განსაზღვრულია უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები. მითითებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო), ხოლო სასწავლო ბინადრობის ნებართვის მოპოვების საკითხის განხილვისათვის საჭირო საბუთების ნუსხა მოცემულია ამავე დებულების მე-6 მუხლში.

 

ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უფლებამოსილებას წარმოადგენს.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ 2019 წლის 1 აგვისტოს №1--------- განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, წარუდგინა შპს ,კ-----------------–------------------------ის’’ მიერ გაცემული ცნობა და მოითხოვა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა. განმცხადებელს ჩაბარდა სამახსოვრო ბარათი და განემარტა, რომ მომსახურების ვადა შეადგენდა 10 დღეს, ხოლო გადასახდელი თანხა - 410 ლარს. ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოსარჩელის 2019 წლის 1 აგვისტოს განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გადაწყვეტილება არათუ ადმინისტრაციული წარმოების, არამედ საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპზეც არ მიუღია.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნებისმიერ პირს აქვს უფლება მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 მაისის განჩინებაში ადმინისტრაციულ საქმეზე № ბს-122-115 (2კ-13) ჩამოყალიბებულ მსჯელობებსა და დასკვნებს. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ პირის უფლება - მიმართოს სახელმწიფოს ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას მისი ინტერესების დასაცავად, განეკუთვნება კონსტიტუციურ უფლებათა სისტემას. ადამიანის უფლებები იყოფა ორ ჯგუფად: მატერიალური და პროცედურული უფლებები. პირის პროცედურულ უფლებათა რიგს მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, შუამდგომლობათა აღძვრის უფლება, მტკიცებულებათა წარდგენის უფლება, სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება, მოსაზრებათა წარდგენის უფლება, გასაჩივრების უფლება და ა.შ. სწორედ, პროცედურული უფლებების კანონით დადგენილი ფორმებით რეალიზაცია აძლევს პირს შესაძლებლობას, დაიცვას ან აღიდგინოს თავისი მატერიალური უფლებები. სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპი გულისხმობს პროცედურული უფლებების შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად განხორციელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე ექმნება მატერიალური უფლებების ჯეროვან რეალიზაციასა და დაცვას... ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთა პროცედურული უფლება-მოვალეობების საზოგადო წესებს დეტალურად განსაზღვრავს, მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფას... ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-12 მუხლის მიხედვით გარანტირებულია: 1. ნებისმიერი პირის უფლება - მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს; 2. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება - განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. აღნიშნული ნორმის სტრუქტურული შინაარსი გულისხმობს, რომ პირის უფლების დადგენა მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას - განახორციელოს რეალიზებული საპროცესო უფლების კანონით რეგლამენტირებული, ადეკვატური პროცედურული ხასიათის მოქმედება.

 

ზემოაღნიშნული ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სერვისების განვითარების სააგენტო ფაქტობრივად უარს აცხადებს მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის გადაწყვეტაზე, უფლებამოისლი ადმინისტრაციული ორგანო არ ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას - განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რაც საფრთხეს უქმნის დაინტერესებული პირის მატერიალური უფლებების ჯეროვან რეალიზაციასა და დაცვას.

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უნდა დაევალოს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე სუშილ ჯაივანტ გაიკვადის 2019 წლის 22 ივლისს სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტოში წარდგენილ N1--------- განცხადებაზე, სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით

 

ამდენად, მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ოდენობით ანაზღაურება.

 

რაც შეეხება ადვოკატის ხარჯის ანაზრაურების საკითხს, საქმეში წარმოდგენილი 2019 წლის 24 აპრილის მინდობილობის (ს.ფ. 12-16) თანახმად, მ-------–----ამ გიორგი კვაშილავას ან/და სალომე კუბლაშვილს ორივეს ერთად და/ან ცალცალკე ანიჭებს უფლებამოსილებას აწარმოოს მისი საქმეები ყველა ინსტანციის სასამართლოში ყველა იმ უფლებით, რაც კანონით მინიჭებული აქვს მოსარჩელეს, მოპასუხეს, მესამე პირს და დაზარალებულს. საქმეში წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის ორდერით დგინდება, რომ მ-------–----ამ გიორგი კვაშილავას სასამართლოში იურიდიული მომსახურების საფასურის სახით 2019 წლის 4 ნოემბერს გადაურიცხა 2000 ლარი.

 

მითითებული გარემოებების, ასევე, საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. დაევალოს მოპასუხე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ-------–----ას მიერ 2019 წლის 1 აგვისტოს სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტოში წარდგენილ №1--------- განცხადებაზე,რომელიც შეეხება ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხს.

 

3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა;

 

4. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაეკისროს მ-------–----ას სასარგებლოდ საადვოკატო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის - 300 (სამასი) ლარის აზღაურება.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი - თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი - თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით.

 

მოსამართლე თამარ მეშველიანი