გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/27243-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 თებერვალი 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი - გვანცა გიორგაძე
მოსარჩელე - სს „სადაზღვევო კომპანია ა-–----ი“
წარმომადგენლები - გ-----------------–-------------------
მოპასუხე - შპს „ქ-------------“
წარმომადგენლები - ნ------------------------------–---–----------------------------------------
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს „ქ-------------ს“ მოსარჩელის სს „სადაზღვევო კომპანია ა-–----ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის 285737,36 ლარის ანაზღაურება;
სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2018 წლის 15 ოქტომბერს შპს ,,ქ-------------"-ს და შპს "ა-–---ს"-ს შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება (სატრანსპორტო მომსახურეობაზე) აღნიშნულის ფარგლებში, სატრანსპორტო გადაზიდვის თაობაზე #------- შეკვეთის საფუძველზე შპს ,,ა-–---მ" მოპასუხეს დაუკვეთა, ტვირთის ტრანსპორტირება ლატვიის ქ. კ-----დან ქ. თბილისამდე. გადამზიდ ტრანსპორტად განისაზღვრა უნაგირა-საწევარა ,,DAF" სარეგისტრაციო ნომრით K-------- და სპეციალიზებული ნახევრადმისაბმელი სარეგისტრაციო ნომრით K-------.
თავის მხრივ, 2018 წლის 01 თებერვალს სს ,,სადაზღვევო კომპანია ა-–----სა" და შპს „ა-–---ს" შორის გაფორმდა ტვირთების დაზღვევის გენერალური ხელშეკრულება, დამზღვევის სახელზე გაიცა ტვირთის დაზღვევის ღია პოლისი. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში შპს „ა-–---ს" მიერ დაზღვეულ იქნა ტვირთის, კერძოდ ელექტრო, საყოფაცხოვრებო, კომპიუტერული ტექნიკა და აქსესუარების, ტრანსპორტირება.
2018 წლის 01 ნოემბერს, სს „სადაზღვევო კომპანია ა-–----ის" ცხელ ხაზზე განცხადებულ იქნა დამზღვევის პრეტენზია, ხოლო 2018 წლის 11 დეკემბერს წერილობით იქნა გაკეთებული მიმართვა რუსეთის ტერიტორიაზე, კერძოდ პ-------–---სკის რაიონში, ზემოაღნიშნული ტვირთის გაქურდვის შედეგად განცდილი ზარალის ანაზღაურების თაობაზე.
მზღვეველისათვის წარმოდგენილი დოკუმენტაციის, მათ შორის, რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ 2018 წლის 01 ნოემბერს გაცემული დადგენილებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა და წარმოებაში მიღების თაობაზე, ასევე დამოუკიდებელი სურვეიერული კომპანია „Geomar Co.LTD"-ის მიერ 2018 წლის 23 დეკემბერს გაცემული #------ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ზემოაღნიშნული შემთხვევის შედეგად აღნიშნული ტვირთის დანაკლისით განცდილმა ზარალის ოდენობამ ჯამში შეადგინა 109 567 აშშ დოლარი. 2019 წლის 17 იანვრის სადაზღვევო შემთხვევის აქტის საფუძველზე სს „სადაზღვევო კომპანია ა-–----ი"-ს მიერ აღნიშნული შემთხვევის შედეგად, განცდილი ზარალის ოდენობა დადგენილი ფრანშიზის გამოკლებით შეადგინა სულ 107 375.66 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით, რომელიც სადაზღვევო კომპანიამ სრულად აუნაზღაურა შპს „ა-–---ს“. 2019 წლის 23 იანვარს დაფიქსირებული გაცვლითი კურსის თანახმად ანაზღაურებული თანხა შეადგენდა 285 737.36 ლარს.
სს ,,სადაზღვევო კომპანია ა-–----სა" და შპს „ა-–---ს" შორის გაფორმებული დაზღვევის გენერალური ხელშეკრულების შესაბამისად, სუბროგაციული პრინციპის საფუძველზე, მოთხოვნა შემთხვევაზე პასუხისმგებელი მხარის მიმართ, ავტომატურად გადმოვიდა სადაზღვევო კომპანიაზე. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს 285 737,36 ლარის სადაზღვევო კომპანიის სასარგებლოდ ანაზღაურება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე სარჩელს არ ცნობს და მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:
მოსარჩელისთვის ცნობილი იყო, რომ აღნიშნულ ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით არა მარტო აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, არამედ მოპასუხე ცნობილია სამოქალაქო მოსარჩელედ. შპს „ქ-------------ს“ მიერ ტვირთის გადაზიდვის დროს არ ყოფილა დარღვეული არანაირი საფრთხის შემცველი ფაქტორი, ქურდობის ფაქტი მოხდა კერძო, დაზღვეულ ავტო-გასაჩერებელ სადგომზე, სადაც დაცული უნდა ყოფილიყო ტვირთის უსაფრთხოების ზომები.
ტვირთის დაკარგვა გამოწვეული არ ყოფილა შპს „ქ-------------ს“ ბრალეული ქმედებით, მოპასუხის მხრიდან მაქსიმალურად იყო დაცული უსაფრთხოების ზომები.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შპს „ქ-------------ს“ მძღოლი, ვ----–---------–---–ი, ცნობილია რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის მხარის მიერ სამოქალაქო მოსარჩელედ, რაც ჩვენს საკანონმდებლო ენაზე დაზარალებულს ნიშნავს და აღნიშნულ ფაქტთნ დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ჯერ არ არის დამთავრებული.
სამოქალაქო კოდექსის 686-ე მუხლის მე-2 ნაწილის ფართო განმარტების შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს შპს „ქ-------------ს“ პასუხისმგებლობა, ვინაიდან გადამზიდველი პასუხს არ აგებს ტვირთისთვის, ისეთი გარემოებებით, რომელთა თავიდან აცილებაც გადამზიდავს არ შეეძლო და არც მათი შედეგები შეიძლებოდა თავიდან აეცილებინა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს „ა-–---ს“ სს „სადაზღვევო კომპანია ა-–----ს“ შორის 2018 წლის 1 თებერვალს დაიდო ტვირთების დაზღვევის გენერალური ხელშეკრულება, სადაც დამზღვევს - წარმოადგენს შპს „ა-–---“. სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრა 2018 წლის 29 სექტემბრიდან 2019 წლის 28 სექტემბრამდე პერიოდით.
ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს დამზღვევის ტვირთების დაზღვევა მზღვეველის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად დამზღვევის მიერ შესაბამისი სადაზღვევო პრემიის გადახდის საფუძველზე. დაზღვევა ფარავს ტვირთის ტრანსპორტირების პერიოდში საერთო ავარიისა და ქონების გადარჩენის ხარჯებს, რომლებიც გამოწვეულია Institute Cargo Clauses (A) და (AIR)-ში აღნიშნული რისკებით, ხელშეკრულებით შეთანხმებული გამონაკლისების გათვალისწინებით.
ხელშეკრულების ფარგლებში დაზღვეულ იქნა ელექტრო, საყოფაცხოვრებო, კომპიუტერული ტექნიკის, აქსესუარების ტრანსპორტირება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ტვირთების დაზღვევის გენერალური ხელშეკრულება;
- ტვირთის დაზღვევის ღია პოლისი;
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
3.1.2. ტვირთების დაზღვევის გენერალური ხელშეკრულებით განიმარტა რეგრესის წესი, კერძოდ: მზღვეველზე, რომელმაც გადაიხადა სადაზღვევო ანაზღაურება, გადადის რეგრესული მოთხოვნის უფლება მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებელი პირის მიმართ გადახდილი ანაზღაურების ოდენობის ფარგლებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 01.02.2018 წლის ტვირთების დაზღვევის გენერალური ხელშეკრულება;
3.1.3. შპს „ა-–---ს“ (როგორც დამკვეთს) და შპს „ქ-------------ს“ (როგორც გადამზიდავს) შორის 2018 წლის 15 ოქტომბერს დაიდო სატრანსპორტო მომსახურებაზე გენერალური ხელშეკრულება N--, რომლის თანახმად, გადამზიდავი, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროვიზიის (გასამრჯელოს) მიღების პირობით და დამკვეთის სახელითა და დავალებით, ახორციელებს ტვირთების მულტიმოდალურ (საკონტეინერო, საავტომობილო, სარკინიგზო, საჰაერო და სხვა) გადაზიდვებს, მისი გამოგზავნის პუნქტიდან, დანიშნულების პუნქტამდე.
ხელშეკრულებით განისაზღვრა თითოეული მხარის ვალდებულება და პასუხისმგებლობის ფარგლები, მათ შორის გადამზიდავი პასუხისმგებელია დამკვეთს აუნაზღაუროს ზიანი, რომელიც მიყენებულია ტვირთის მთლიანი ან ნაწილობრივი დაკარგვა/დაზიანებით, თუ აღნიშნულს ადგილი ექნება ტრანსპორტირების დროს ტვირთის მიღებიდან ჩაბარებამდე დროის შუალედში, თუ დაზიანება გამოწვეული არ არის მომწოდებლის გაუფრთხილებლობით, თუ ექსპერტი და სავაჭრო სამრეწველო პალატის წარმომადგენელი ტვირთის დაზიანების მიზეზად შემსრულებლის ბრალს სცნობენ.
ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 1 წლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სატრანსპორტო მომსახურებაზე გენერალური ხელშეკრულება N--.
3.1.4. სატრანსპორტო მომსახურებაზე გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში, შპს „ა-–---ს“ მხრიდან განხორციელდა სატრანსპორტო გადაზიდვის თაობაზე შეკვეთა - შპს „ა-–---მ“ გადამზიდავს დაუკვეთა ტვირთის ტრანსპორტირება ლატვიის ქალაქ კ-----დან ქალაქ თბილისამდე. გადამზიდ ტრანსპორტად განისაზღვრა უნაგირა-საწევარა DAF, სარეგისტრაციო ნომრით K-------- და სპეციალიზებული ნახევრადმისაბმელი სარეგისტრაციო ნომრით K-------.
ტვირთის დატვირთვის დრო - 29/10/2018-30/10-2018; მძღოლის მონაცემები - ვ----–---------–---–ი.
შეკვეთის საფუძველზე გაიცა შესაბამისი ინვოისი.
ტრანსპორტირება უნდა განხორციელებულიყო რუსეთის ფედერაციის გავლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- N------- შეკვეთა სატრანსპორტო გადაზიდვაზე;
- 30.10.2018 წლის ინვოისი N-----------.
3.1.5. 2018 წლის 31 ოქტომბერს, 21:20 სთ-დან 2018 წლის 1 ნოემბრის 07:30 სთ-მდე პერიოდში, რუსეთის ფედერაციის, პ-------–---სკის რაიონის ს. ბ----------ში, ავტოსადგომზე, სადაც იდგა ავტომანქანა DAF, სახელმწიფო ნომრით K--------, დაუდგენელმა პირმა, საბაჟო ლუქის დაზიანების გზით, ჩაიდინა გადასაზიდი ტვირთის ნაწილის ქურდობა.
ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე, სადაც დაზარალებულად ცნობილია შპს „ა-–---“ (ტვირთის მესაკუთრე) და შპს „ქ-------------“ (გადამზიდი).
რუსეთის შსს მუნიც./განყ. საგამომძიებლო განყოფილების პ-------–---ის რაიონის „ს---–---ს“ ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულებების გამოძიების ჯგუფის გამომძიებლის 2019 წლის 4 მარტის დადგენილების თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე შეჩერდა წინასწარი გამოძიება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 04.03.2019 წლის დადგენილება;
- დაზარალებულის დაკითხვის ოქმი (02.11.2018 წელი);
- დაზარალებულის აღიარების დადგენილება (02.11.2018 წელი);
- 01.11.2018 წლის გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ.
3.1.6. დამოუკიდებელი სურვეირული კომპანია Geomar Cp. Ltd“-ს მიერ 2018 წლის 23 დეკემბერს გაიცა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, რუსეთის ფედერაციაში შპს „ა-–---ს“ კუთვნილი დაზღვეული ნივთების ქურდობის შედეგად, ტვირთის დანაკლისით განცდილი ზარალი შეფასდა 109 567 აშშ დოლარით.
შეფასებასთან, ზარალის ოდენობასთან, დაკავშირებით შპს „ქ-------------ს“ შედავება არ განუხორციელებია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სურვეიერული დათვალიერების აქტი N-----;
- სიურვეიერის დათვალიერების ანგარიში N------ (23.12.2018 წელი);
- შესაგებელი, მოპასუხის ახსნა-განმარტება.
3.1.7. 2019 წლის 17 იანვარს შპს „ა-–---სა“ და სს „სადაზღვევო კომპანია ა-–----ს“ შორის შედგა სადაზღვევო შემთხვევის აქტი, რომლის თანახმად, ზარალის ოდენობა განისაზღვრა 109 567 აშშ დოლარით, რამაც ფრანშიზის თანხის გამოკლებით შეადგინა 107 357,66 აშშ დოლარი.
107 357,66 აშშ დოლარის ექვივალენტი 285 737,36 ლარი სადაზღვევო კომპანიამ შპს „ა-–---ს“ სასარგებლოდ 2019 წლის 23 იანვარს აანაზღაურა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სადაზღვევო შემთხვევის აქტი N---------;
- საგადასახადო დავალება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
სასამართლო ვერ გაიზიარებს პოზიციას, რომ დაზღვეული ნივთების დაკარგვაში გადამზიდი კომპანიის ბრალის არარსებობის გამო იგი უნდა გათავისუფლდეს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალის მიუხედავად, იგი პასუხისმგებელია ნივთის დაკარგვით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე.
(მსჯელობა იხილეთ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში).
დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „სადაზღვევო კომპანია ა-–----ის“ სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
5. სამართლებრივი შეფასება
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
საქართველო სამოქალაქო კოდექსის 820-ე მუხლის თანახმად, ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით. ხოლო 821-ე მუხლის თანახმად, მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში.
სს „სადაზღვევო კომპანია ა-–----სა“ და შოს „ა-–---ს“ შორის გაფორმებული ტვირთების დაზღვევის გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში, რუსეთის ფედერაციაში მომხდარი შემთხვევა შეფასდა სადაზღვევო შემთხვევად და სადაზღვევო კომპანიამ დამზღვევს აუნაზღაურა 107 375,66 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, 285 737,36 ლარი.
5.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. თუ დამზღვევი უარს იტყვის მესამე პირის მიმართ თავის მოთხოვნაზე ან მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის უფლებაზე, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება ზიანის იმ ოდენობით ანაზღაურების მოვალეობისაგან, რამდენიც მას შეეძლო მიეღო თავისი ხარჯების ასანაზღაურებლად უფლების განხორციელებასთან ან მოთხოვნის წაყენებასთან დაკავშირებით.
აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულია შესაძლებლობა, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვევლის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია „სუბროგაციის“ პრინციპის სახით. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით დამზღვევის ნაცვლად მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი. როგორც კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის კრედიტორის ადგილს იკავებს სადაზღვევო კომპანია (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. ამ დროს ახალი მოთხოვნა კი არ წარმოიშობა, არამედ იცვლება მხოლოდ კრედიტორი, კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი იცვლება სადაზღვევო კომპანიით (მზღვეველით) (იხ, სუსგ, 22 ივნისი, 2016 წელი, საქმე №ას-380-364-2016).
დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ მოხდა მიყენებული ზიანის დამზღვევისათვის ანაზღაურება, რითაც ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა გადავიდა მზღვეველზე - სს ,,სადაზღვევო კომპანია ა-–----ზე“.
5.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 668-ე მუხლის თანახმად, გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი ან გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილზე.
ამავე კოდექსის 669-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადამზიდველი პასუხს აგებს მგზავრისათვის მიყენებული ზიანისათვის, ასევე მისი ბარგის დაზიანების ან დაკარგვისათვის. მე-2 ნაწილის თანახმად, პასუხისმგებლობა არ დადგება, თუკი ზიანი გამოწვეულია დაუძლეველი ძალის ან თვით მგზავრის მიერ, ანდა მისი ბარგით. ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, გადამზიდველის პასუხისმგებლობა არ შეიძლება გამოირიცხოს ან შეიზღუდოს ხელშეკრულებით.
უდავოა, რომ შპს „ა-–---სა“ და შპს „ქ-------------ს“ შორის 2018 წლის 15 ოქტომბერს დადებული სატრანსპორტო მომსახურებაზე გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში, შპს „ა-–---ს“ მხრიდან განხორციელდა სატრანსპორტო გადაზიდვის თაობაზე შეკვეთა - შპს „ა-–---მ“ გადამზიდავს დაუკვეთა ტვირთის ტრანსპორტირება ლატვიის ქალაქ კ-----დან ქალაქ თბილისამდე. ხელშეკრულება ორივე მხარეს აკისრებდა ურთიერთშემხვედრ ვალდებულებებს, მათ შორის, გადამზიდველს დანიშნულების ადგილზე ტვირთის დანაკლისის გარეშე მიწოდების ვალდებულებას. დაზღვევის პირობების შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 668-ე მუხლის თანახმად, გადამზიდველს წარმოეშვა ვალდებულება, შეთანხმებული საზღაურის გადახდის სანაცვლოდ, გადაეტანა ტვირთი დანიშნულების ადგილზე.
საქმის მასალებით ასევე უდავოა, რომ ტრანსპორტირების დასრულებამდე პერიოდში, 2018 წლის 31 ოქტომბერს, 21:20 სთ-დან 2018 წლის 1 ნოემბრის 07:30 სთ-მდე დროის მონაკვეთში, რუსეთის ტერიტორიაზე დაიკარგა გადასაზიდი ტვირთის ნაწილი, საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელიც შეჩერდა და არ არის დასრულებული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 686-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადამზიდველი პასუხს აგებს ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისა და დაზიანებისათვის, თუ ტვირთი დაზიანდა ან დაიკარგა მისი მიღებიდან ჩაბარებამდე დროის შუალედში, ასევე - მიტანის ვადის გადაცილებისათვის.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადამზიდველი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ ტვირთის დაკარგვა, დაზიანება ან მიტანის ვადის გადაცილება უფლებამოსილი პირის ბრალით ანდა ამავე პირის ისეთი მითითებით მოხდა, რომელზედაც გადამზიდველი პასუხს არ აგებს; აგრეთვე, თუ ტვირთის ნაკლი ისეთი გარემოებებითაა გამოწვეული, რომელთა თავიდან აცილებაც გადამზიდველს არ შეეძლო და არც მათი შედეგები შეიძლებოდა თავიდან აეცილებინა.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ აღნიშნულ ნორმაში მითითებულ რომელიმე გარემოებას, რაც შპს „ქ-------------ს“ პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო, ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება მოპასუხის პოზიციას, რომ ნივთების დაკარგვაში გადამზიდავი კომპანიის ბრალეულობის არარსებობა გამორიცხავს მის მიერ ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 686-ე მუხლი არ საუბრობს გადამზიდავი კომპანიის ბრალეული ქმედების არსებობაზე და იმპერატიულად აწესებს გადამზიდველის პასუხისმგებლობას ტვირთის დაკარგვის შემთხვევაში. ამდენად, სასამართლო აღარ ეხება ბრალეულობის საკითხს და შპს "გარავანი გეო" ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, რადგან მითითებულ ნორმაში აღნიშნული პასუხისმგებლობის შემზღუდველი გარემოებები მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს.
5.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 692-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ თავის წესების თანახმად გადამზიდველი ვალდებულია ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისათვის აანაზღაუროს ზიანი, მაშინ ზიანის ანაზღაურება გამოითვლება ტვირთის გადაცემის ადგილსა და დროს მოქმედი ტვირთის ფასის მიხედვით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით ტვირთის ღირებულება განისაზღვრება საბირჟო ფასით, ხოლო ასეთი ფასის არარსებობისას- საბაზრო ფასით; თუკი არც ასეთი ფასი არსებობს, მაშინ - მსგავსი სახეობისა და ღირებულების ტვირთების ანალოგიურად.
საქმის მასალებით დამოუკიდებელი სურვეირული კომპანია Geomar Cp. Ltd“-ს მიერ 2018 წლის 23 დეკემბერს გაცემული დასკვნის თანახმად, ტვირთის დანაკლისით განცდილი ზარალი შეფასდა 109 567 აშშ დოლარით, რამაც ფრანშიზის თანხის გამოკლებით შეადგინა 107 357,66 აშშ დოლარი.
შეფასებასთან, ზარალის ოდენობასთან, დაკავშირებით შპს „ქ-------------ს“ შედავება არ განუხორციელებია.
107 357,66 აშშ დოლარის ექვივალენტი 285 737,36 ლარი სადაზღვევო კომპანიამ შპს „ა-–---ს“ სასარგებლოდ 2019 წლის 23 იანვარს აანაზღაურა. სწორედ ამ ოდენობით უნდა დაეკისროს შპს „ქ-------------ს“ ზიანის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებულიშემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარე რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისთვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე - 50 ლარი. მოსარჩელე ითხოვს ასევე საჯარო რეესტრის მოსაკრებლის - 62 ლარის და სსიპ შსს-ს მომსახურების სააგენტოში გადახდილი ცნობების საფასურის სანაცვლოდ - 183 ლარის მოპასუხისთის დაკისრებას.
ვინაიდან სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა შპს „ქ-------------ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სრულად, ასევე საჯარო რეესტრის მოსაკრებლისა და მომსახურების სააგენტოს მომსახურების საფასურის სრულად ანაზღაურება.
7. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე სს „სადაზღვევო კომპანია ა-–----ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე შპს „ქ-------------“-ს მოსარჩელე სს „სადაზღვევო კომპანია ა-–----ი“-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს ზიანის ანაზღაურება - 285 737,36 (ორას ოთხმოცდახუთი ათას შვიდას ოცდაშვიდმეტი ლარი და 36 თეთრი) ლარის ოდენობით;
3. მოპასუხე შპს „ქ-------------“-ს სს „სადაზღვევო კომპანია ა-–----ი“-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 5000 ლარის გადახდა, სარჩელის უზრუნველყოფისათვის წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის სანაცვლოდ - 50 ლარის გადახდა, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გადახდილი ცნობების საფასურის სანაცვლოდ - 62 ლარის გადახდა და სსიპ შსს-ს მომსახურების სააგენტოში გადახდილი ცნობების საფასურის სანაცვლოდ - 183 ლარის გადახდა, ;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ივერი აბაშიძე