გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210017002015140
2-2734/17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
08/01/2020 წელი ქ.ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე
სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე
მოსარჩელე: შპს ‘’ს-----’
წარმომადგენელი - ა-–-----------------ია
მოპასუხე: ი/მ ა-–----------------ე
დავის საგანი: თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მოსარჩელის პოზიცია:
შპს „ს----მ“ სასარჩელი აღძრა ინდ. მეწარმე ა-–----------------ის მიმართ და სასარჩელო განცხადებით მოითხოვა მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისროს 24 924,36 ლარის გადახდა. საქმის მომზადების ეტაპზე მოსარჩელემ თავისი მოტხოვნა შეამცირა და მოითხოვა მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისროს 23 924,36 ლარის გადახდა.
მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:
2014 წლის მარტიდან 2016 წლის 18 აპრილის ჩათვლით მოსარჩელემ მოპასუხეს მიჰყიდა სხვადასხვა დასახელების პროდუქცია. მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა და არ გადაიხადა შეძენილი საქონლის ღირებულება სრულად. მას გადასახდელი აქვს 23 924,36 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი სცნო 21 233 ლარის ნაწილში. დანარჩენ ნაწილში სარჩელს არ ცნობს. განმარტავს რომ მას შეძენილი საქონლის ღირებულება გადახდილი აქვს.
ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. ა-–----------------ე ინდ. მეწარმედ რეგისტრირებული იქნა 2013 წლის 8 აგვისტოს.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან. .ს.ფ. 205.
3.1.2. 2014 წლის მარტიდან 2016 წლის 18 აპრილის ჩათვლით მოსარჩელემ მოპასუხეს მიჰყიდა სხვადასხვა დასახელების პროდუქცია.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
მხარეთა განმარტებები.
სასაქონლო ზედნადებები და ანგარიშ-ფაქტურები. ს.ფ.13-183.
3.1.3. ინდ. მეწარმე ა-–----------------ემ შესაძენილი საქონლის ღირებულების ნაწილი გადაიხადა.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
მხარეთა განმარტებები.
3.1.4. მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ მოპასუხეს გადასახდელი აქვს 21233 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
მხარეთა განმარტებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მხარეთა შორის ძირითადი სადაო ფაქტობრივი გარემოებაა შეძენილი საქონლის ღირებულების ნაწილის - 2691,36 ლარის გადახდა. მოპასუხე ამტკიცებს, რომ მას შეძენილი საქონლის ღირებულების ნაწილი - 2691,36 ლარი გადახდილი აქვს, რასაც მოსარჩელე არ ეთანხმება და კატეგორიულად გამორიცხავს. შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის სწორედ ამ საკითხის გამოკვლევაა უმთავრესი. სადაო ფაქტობრივი გარემოებების დადგენაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. საქმის განხილვისას მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად.თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტბრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მიერ შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საყურადღებოა ის გარემოება, რომ როდესაც მხარეები დაობენ ფაქტობრივ გარემოებაზე (ამ შემთხვევაში შეძენილი საქონლის ღირებულების გადახდაზე), ასეთ შემთხვევაში მათი ვალდებულებაა სადაო გარემოებებთან დაკავშირებით წარმოადგინონ უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემს ანალიზის საშუალებას და შეუქმნის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მხარეებზე უნდა განაწილდეს სწორად. მხარეებს უნდა დაეკისროთ ისეთი ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მათვის ობიექტურად შესაძლებელია. წინამდებარე შემთხვევა ისეთი შემთხვევაა, როდესაც ინდ. მეწარმე ალ. ვასაძეს უნდა დაეკისროს დაამტკიცოს, რომ მან შპს ,,ს----ს“ გადაუხადა შეძენილი საქონლის ღირებულების ნაწილი 2691,36 ლარი. ამ გარემოების მტკიცებისაგან მოსარჩელე თავისუფალია. თუ მოპასუხეს შეძენილი ღირებულების ნაწილი გადახდილი აქვს, მაშინ მას ამ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებაც უნდა გააჩნდეს. მტკიცების ტვირთიდან გამომდინარე მტკიცებულებები უნდა წარმოუდგინოს სასამართლოს და დაამტკიცოს, რომ მას სადაოდ გამხდარი 2691 ლარი გადახდილი აქვს.
3.2.2. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება არ გამორიცხავს მხარეთა უფლებას, წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომელიც არაა დაკავშირებული დაკისრებული მტკიცების ტვირთთან, მაგრამ დაკავშირებულია საქმის სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან. ამ გზით ისინი შეძლებენ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.
3.2.3. სასამართლო განმარტავს, რომ ნასყიდობის ფასის გადახდა, ფაქტობრივი გარემოებებაა. მის დამტკიცებაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას მასზედ, რომ მან მოსარჩელეს გადაუხადა სადაოდ გამხდარი 2691,36 ლარი. თანხის გადახდა უნდა დასტურდებოდეს კონკრეტული მტკიცებულებით. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ხშირად კონკრეტული ფაქტის დამადასტურებელია და ხშირად ასეთი ფაქტის დადასტურებისათვის უვარგისია. მოპასუხე თანხის გადახდას ამტკიცებს ზეპირი განმარტებით. სხვა მტკიცებულება მას წარმოდგენილი არ აქვს. სასამართლომ კრიტიკულად უნდა შეაფასოს მტკიცებულებები და გადაწყვიტოს მოპასუხის ზეპირი განმარტება არის თუ არა ის მტკიცებულება, რომლითაც მოპასუხე უტყუარად დაადასტურებს ნასყიდობის ფასის გადახდას. ფაქტია, რომ მოსარჩელემ მოპასუხის ზეპირი განმარტება, თავისი ზეპირი განმარტებითვე უარყო და განმარტა, რომ მოპასუხეს სადაო თანხა გადახდილი არ აქვს. ზეპირ განმარტებასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა ზეპირი განმარტებაც მტკიცებულებაა. მხარეებს უფლება აქვთ ზეპირად ამტკიცონ ამათუიმ ფაქტის არსებობა, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზეპირი განმარტებით ფაქტების მტკიცების უფლება აქვს ორივე მხარეს. მოპასუხეს შეუძლია ზეპირად უარყოს მოსარჩელის მიერ გადმოცემული ფაქტები, და პირიქით. ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტები მაშინ ითვლება დადგენილად და დადასტურებულად, როდესაც მხარეები მას ადასტურებენ და სადაოდ არ ხდიან. თუ ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტი, მხარეებისათვის სადაოა, მაშინ ის აღარ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია გაცხადებული ფაქტები დასტურდებოდს ზეპირ განმარტებაზე უფრო მყარი მტკიცებულებით. ზეპირად ნებისმიერ პირს, ნებისმიერი ფაქტის გადმოცემა შეუძლია, მაგრამ მთავარია რამდენად სარწმუნოა მისი განმარტება. ამიტომ თითოეული ზეპირი განმარტება უნდა მტკიცდებოდეს სხვა უფრო მყარი მტკიცებულებით. ანუ აუცილებელია გამოყენებული იქნას მტკიცების უფრო მაღალი სტანდარტი, ვიდრე ზეპირი განმარტების სტანდარტია. სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს, მასზედ, რომ კანონი მხარეებს არ უკრძალავს ისარგებლონ ხელშეკრულების თავისუფლებით და ნასყიდობისას ანგარიშსწორება მოახდინონ ზეპირად. (საგადასახადო პოლიტიკიდან გამომდინარე მეწარმე სუბიექტებს ეკრძალებათ დოკუმენტების გარეშე ანგარიშსწირება, თუმცა ამის შესაძლებლობა გამორიცხული არ არის). დასაშვებია, რომ დოკუმეტის გარეშე ანგარიშსწორებაც, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ანგარიშსწორება და თანხის გადახდა მაშინ ითვლება დადგენილად, როცა თანხის მიმღები ამ ფაქტს სადაოდ არ გახდის. მსგავსი გადაცემის სადოდ გახდომისას, თანხის გადახდის მტკიცება გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია მყიდველს გაუჭირდეს ფასის გადახდის მტკიცება. სწორედ ამიტომაც მყიდველმა უფლება უნდა გამოიყენოს მართლზომიერად. ისე უნდა გადაიხადოს ფასი, რომ დავის შემთხვევაში მისი გადახდის მტკიცების უნარი ჰქონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახდის მტკიცებას თავიდანვე აყენებს რისკის ქვეშ. რისკად უნდა შეფასდეს ღირებულების გადახდა იმ ვარაუდით, რომ სადაოობისას გამოიყენებს თავის ზეპირ განმარტებას. ობიექტურობა მოითხოვს, რომ მხოლოდ ზეპირი განმარტებით არ უნდა გადაწყდეს ფასის გადახდის საკითხი. იგი სხვა მტკიცებულებებითაც უნდა დგინდებოდეს. მოპასუხეს სხვა მტკიცებულება არ აქვს. შესაბამისად მან ვერ დაამტკიცა, რომ ნასყიდობის საფასურის ნაწილი 2691 ლარი გადახდილი აქვს. სწორედ ამიტომაც სასამართლომ ფასის გადახდასთან დაკავშირებით მოპასუხის განმარტებები არ გაიზიარა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია სრულად. მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელეს აუნაზღაუროს შეძენილი საქონლის ღირებულება 23 924,36 ლარის ოდენობით.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
- ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია.
- ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმი.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
- საქართველოს კონსტიტუცია.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით დაცულია სასამართლოსათვის მიმართვის უფლება. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხეს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ეკისრებოდა შეძენილი საქონლის ღირებულების გადახდის მოვალეობა. მას გადასახდელი აქვს 23 924,36 ლარი. სასამართლო განმარტავს, რომ თუ მოპასუხემ მოსარჩელისაგან შეიძინა საწვავი და მის გამყიდველს არ გადაუხადა ნასყიდობის საფასური სრულად, მაშინ მისი ასეთი ქმედება უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს შეძენილი საქონლის ფასის გადახდა.
6.2. უდაოა, რომ მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეს დაეკისროს თანხის გადახდა. თანხის მოთხოვნის უფლება შესაბამისი საფუძვლის გარეშე არ არსებობს. მას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა (საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მეორე მხარესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობა ნასყიდობის ხელშეკრულებაა. შესაბამისად მათ შორის წარმოშობილი დავა უნდა დარეგულირდეს ნასყიდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმებით.
6.3. მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის საფუძვლებიდან. დასახელებული ნორმით: - ,,1. ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი”.
,,2. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება”.
სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეები სამეწარმეო სუბიექტები არიან. მოსარჩელის საქმიანობის საგანია სხვადასხვა პროდუქტების რეალიზაცია. ინდ. მეწარმე ა-–----------------ეს სურდა მოსარჩელისაგან სხვადასხვა დასახელების პროდუქტების შეძენა. მოსარჩელისა და მოპასუხის ინტერესები დაემთხვა ერთმანეთს, რის შედეგადაც მხარეებმა გამოავლინეს გარიგების დადების ნება და მის საფუძველზე 2014 წლის მარტიდან 2016 წლის 18 აპრილის ჩათვლით მოსარჩელემ მოპასუხეს მიჰყიდა სხვადასხვა დასახელების პროდუქცია. მოპასუხე შეძენილი საქონლის ღირებულებას იხდიდა ეტაპობრივად.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდეგ მოპასუხემ შეიძინა მოთხოვნის უფლება, კერძოდ მოსარჩელისაგან მოეთხოვა ნასყიდობის საგნის გადაცემა. მოსარჩელემ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეს 2014 წლის მარტიდან 2016 წლის 18 აპრილის ჩათვლით გადასცა სხვადასხვა დასახელების პროდუქცია. ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისა და საქონლის გადაცემის შემდეგ, მოსარჩელემ შეიძინა უფლება მოითხოვოს სანაცვლო ვალდებულების შესრულება, ანუ ნასყიდობის საფასურის გადახდა. ნასყიდობის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, რომლის დადებასაც უნდა მოჰყვეს ნასყიდობის საგნის გადაცემა, ხოლო საგნის გადაცემას უნდა მოჰყვეს ფასის გადახდა. მოპასუხე მოვალე იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ ნასყიდობის ფასი მესაკუთრისათვის გადაეხადა დათქმულ ვადაში და ხელშეკრულებაში მითითებული ოდენობით. ასეთი მოვალეობა მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მხარეები სახლეშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ ნასყიდობის საგნის გადაცემას, უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება. მოპასუხემ შეძენილი საქონლის ღირებულების ნაწილი - გადაიხადა. არ გადაიხადა 23 924,36 ლარი. მართალია მოპასუხე ამტკიცებს, რომ მას გადასახდელი აქვს არა 23 924,36 ლარი, არამედ 21 233 ლარი, მაგრამ მან ვერ შეასრულა თავისი საპროცესო მოვალეობა და სარჩელისაგან თავი ვერ დაიცვა. ვერ დაამტკიცა, რომ მას გადახდილი აქვს 2691,36 ლარი. შესაბამისად მას გადასახდელი აქვს 23 924,36 ლარი. ფასის ნაწილობრივი გადაუხდელობით მან დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს ნასყიდობის ფასის სრული გადახდა. მოპასუხეზე 23 924,36 ლარის დაკისრებით, აღსდგება მხარეთა თანასწორობა და ვალდებულებაც შესრულდება სრულად. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით სარჩელი ნასყიდობის საგნის ღირებულების გადახდის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის I ნაწილით პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ხოლო მესამე ნაწილით სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ ბაჟის ოდენობა გამოიანგარიშა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დაცვით. დასახელებული ნორმით სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა. სამოქალაქო სსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტით ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელის დროს დავის საგნის ფასი განისაზღვრება გადასახდელი თანხით. საქმეში მოსარჩელე დაობს 23 924,36 ლარზე. ამ თანხის 3 % შეადგენს 717,73 ლარს.
7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელეს სახ. ბაჟი წინასწარ აქვს გადახდილი. სარჩელის დაკმაყოფილების გამო ბაჟი უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
7.3. საქ. სსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილი იმ მოპასუხეებს ათავისუფლებს სახ. ბაჟის გადახდისაგან, ვინც საქმის მომაზადების სტადიაზე სარჩელს ცნობს. როგორც ზემოთ განვმარტეთ მოპასუხემ სარჩელი 21 233 ლარის ნაწილში სცნო, ამიტომ ის ამ თანხის კუთვნილ ბაჟის 635,99 ლარის გადახდისაგან უნდა გათავისუფლდეს. ხოლო დანარჩენ ნაწილში გადახდილი სახ, ბაჟი 81,74 ლარი მოპასუხემ უნდა აუნაზღაუროს მოსარჩელეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არაა
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს ,,ს----ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად.
2. ინდ. მეწარმე ა-–----------------ეს შპს ,,ს----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 23 924,36 ლარის გადახდა.
3. ინდ. მეწარმე ა-–----------------ეს შპს ,,ს----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის ნაწილის 81,74 ლარის ანაზღაურება.
4. შპს ,,ს----ს“ სახელმწიფო ბიუჯიტედიან დაუბრუნდეს ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილი 635,99 ლარი. (გადამხდელის ბანკი - სს თიბისი ბანკი, საგადასახადო დავალება - 1497604147, გადახდის თარიღი - 16/06/2017 წელი, სახაზინო კოდი - 300693150)
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ბათუმი, ს.ზუბალაშვილის 30).
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. №30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე