გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.03.2020
საქმის ნომერი
080210018002450810
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
11.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 080210018002450810

საქმე N2/1654-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11 მარტი 2020 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ციცინო კიკვაძე

სხდომის მდივანი პაატა ბობოხიძე

მოსარჩელე - შპს “ემას კრედიტი”

წარმომადგენელი - ტ----ელ გ----ნიძე;

მოპასუხე - ლ----ირა მ----–აძე;

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1 მოპასუხე ლ----ირა მ----–აძეს შპს „ემას კრედიტის“ სასარგებლოდ, დაეკისროს დავალიანების 1800 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირია - 600 ლარი, სარგებელი - 60 ლარი, ერთჯერადი ჯარიმა - 20 ლარი, პირგასამტეხლო - 1120 ლარი;

2016 წლის 2 აპრილს, შპს ,,ემას კრედიტსა’’ და მოპასუხე ლ----ირა მ----–აძეს შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება N325073, რომლის საფუძველზეც მსესხებლის სახელზე გაიცა თანხა 600 ლარის ოდნეობით, 2016 წლის 22 აპრილამდე. მსესხებელი ვალდებული იყო სესხი 600 ლარი და მასზე რიცხული სარგებელი 60 ლარი დაებრუნებინა 20 დღის ვადაში, მაგრამ აღნიშნულ ვადაში არ მომხდარა არც სესხის და არც მასზე რიცხული სარგებლის გადახდა. შესაბამისად, მსესხებელს ხელშეკრულების 7.4 პუნქტის საფუძველზე დაეკისრა ერთჯერადი ჯარიმა 20 ლარის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების 7.5 პუნქტის საფუძველზე პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1.5 პროცენტის ოდენობით, რამაც შეადგინა 1120 ლარი.

 

სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში და მოითხოვა მოპასუხეზე პირგასამტეხლოს სახით 150 ლარის გადახდის დაკისრება (იხ. სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე ლ----ირა მ----–აძემ, წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, მხოლოდ ძირი თანხის - 600 ლარის მოთხოვნის ნაწილში და სარგებლის 60 ლარის ნაწილში.

2.2. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხემ შემცირებული მოთხოვნა სრულად ცნო;

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2016 წლის 2 აპრილს, შპს ,,ემას კრედიტსა’’ და მოპასუხე ლ----ირა მ----–აძეს შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხეკლშეკრულება N325073, რომლის საფუძველზეც მსესხებლის სახელზე გაიცა თანხა 600 ლარის ოდნეობით, 2016 წლის 22 აპრილამდე. მსესხებელი ვალდებული იყო სესხი 600 ლარი და მასზე რიცხული სარგებელი 60 ლარი დაებრუნებინა 20 დღის ვადაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის ხელშეკრულება; (ს.ფ. 14-22)

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

3.1.2. მოპასუხის მიერ დაირღვა მოსარჩელესთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მას ერიცხება დავალიანება 830 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირია - 600 ლარი, სარგებელი - 60 ლარი, ერთჯერადი ჯარიმა - 20 ლარი, პირგასამტეხლო - 150 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი)

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

- მხარეებს საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 400-ე, 417-420-ე, 623-ე, 625-ე მუხლებით

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 2 აპრილს, შპს ,,ემას კრედიტსა’’ და მოპასუხე ლ----ირა მ----–აძეს შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხეკლშეკრულება 325073 რომლის საფუძველზეც მსესხებლის სახელზე გაიცა თანხა 600 ლარის ოდნეობით. აღნიშნულის საფუძველზე მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული დადგენილ ვადაში.

 

სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიხედვით, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულება სასყიდლიანი იყო, კერძოდ, საპროცენტო განაკვეთი 20 დღეზე განისაზღვრა -1.5% (საკომისიო) ოდენობით.

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ გადახდის გრაფიკის დარღვევისათვის მსესხებელს დაეკისრებოდა ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1.5 % ოდენობით.

 

ასევე დადგენილია, რომ ლ----ირა მ----–აძემ დაარღვია სესხის ხელშეკრულების პირობები, აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება.

6.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

 

განსახილველ შემთხვევაში, ლ----ირა მ----–აძემ სარჩელი სრულად ცნო. კერძოდ ძირი თანხის - 600 ლარის, სარგებლის - 60 ლარის, ერთჯერადი ჯარიმის - 20 ლარის და პირგასამტეხლოს 150 ლარის ნაწილში, ამდენად, არსებობს შპს „ემას კრედიტის“ სარჩელის დაკმაყოფილების, როგორც ფაქტობრივი ასევე სამართლებრივი საფუძველი.

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მოსარჩელეს უბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 50 ლარი, რაც სრულად უნდა დაუბრუნდეს ბიუჯეტიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა. კონკრეტულ შემთხევაში, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს მის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი 42 ლარის ოდენობით. ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა 830 ლარის ფარგლებში, მოპასუხეს უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურების საფასური 33,20 ლარის ოდენობით.

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. შპს “ემას კრედიტის” სარჩელი დაკმაყოფილდეს;

2. ლ----ირა მ----–აძეს შპს “ემას კრედიტის” სასარგებლოდ დაეკისროს 830 ლარის ანაზღაურება, საიდანაც: სესხის ძირითადი თანხაა - 600 ლარი, სარგებელი - 60 ლარი, ერთჯერადი ჯარიმა - 20 ლარი, პირგასამტეხლო - 150 ლარი;

3. ლ----ირა მ----–აძეს შპს “ემას კრედიტის” სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო მომსახურების ხარჯის სახით 33.20 ლარის ანაზღაურება;

4. შპს “ემას კრედიტს” დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 24 აპრილს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50.00 ლარი (რეფერენსი 2014696214) რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშიდან ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში TRESGE22, სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TBCBGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300183150;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6-7 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: ციცინო კიკვაძე