გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.03.2020
საქმის ნომერი
080210018002727957
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
10.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 080210018002727957

საქმე №2/3739-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

10 მარტი 2020 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

მოსამართლე ციცინო კიკვაძე

სხდომის მდივანი პაატა ბობოხიძე

 

მოსარჩელე : სს „ჯეო კაპიტალი“;

წარმომადგენლები: ლ--- პ---აძე;

 

მოპასუხეები : ნ---ია ბ-–--ე, ზ----ო ბ-–--ე;

წარმომადგენელი: ნ---ია ჩ----იანი;

 

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა;

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. გამოთხოვილი იქნეს მოპასუხეების ნ---ია ბ-–--ის და ზ----ო ბ-–--ის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთი (საკადასტრო კოდი: 0------------------- მისამართი: ქ. ქუთაისი, სო-–--------------–--------- ნაკვეთის ტიპი; თანასაკუთრება; დაზუსტებული ფართობი 1178.00 კვ.მ; ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო სამეურნეო; ნაკვეთის წინა ნომერი 0-----------.) და აღნიშნული ქონება გადაეცეს სს „ჯეო კაპიტალს“ გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში,წარმოდგენილი სარჩელით, მოსარჩელემ ასევე იშუამდგომლა, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეულიყო დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

2. მოპასუხისპოზიცია.

2.1. მოპასუხეებმა არც შესაგებელით და არც სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნეს.

3. ფაქტობრივი გარემოებები.

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. დადგენილია, რომ უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისი, სოლომონ პირველის ქ. №4 (საკადასტრო კოდი: 0------------------) საკუთრების უფლებით ირიცხება სს „ჯეო კაპიტალის“ საკუთრებად, აღნიშნულის საფუძველია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს განკარგულება №-----------------------ამოწმების თარიღი 25.102018. ასევე დადგენილია, რომ მითითებულ უძრავ ქონებას ფლობენ ნ---ია ბ-–--ე და ზ----ო ბ-–--ე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.20;)

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი);

3.2.დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. საქმისთვის მნიშვნელოვანი სადავო გარემოებები საქმეში წარმოდგენილი არ არის.

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

4.1. სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა-ახსნა განმარტებები და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების, როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი საფუძვლები.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

- საქართველოს სამოქალო კოდექსის 160-162-ე, 168-ე, 170-ე, 172-ე, 311-ე, 312-ე მუხლები,- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

6. სამართლებრივი შეფასება.

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერ ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

მოცემულ შემთხვევაში, უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისი, სო-–--------------–--------- საკადასტრო კოდი: 0------------------, წარმოადგენს მოსარჩელის სს „ჯეო კაპიტალის“ საკუთრებას და მას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ მოპასუხეები, რომლებიც აპელირებენ თბილისის სააღსრულებო ბიუროს განკარგულების №------------------- უკანონობაზე და გასაჩივრებულიც აქვთ იგი სასამართლოში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სახელზე სადავო უძრავ ქონებებზე რეგისტრირებული ჩანაწერი საკუთრების უფლების შესახებ გაუქმებული არ არის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ეკისრება, საჯარო რეესტრის ამონაწერზე დაყრდნობით დაამტკიცოს ნივთზე საკუთრების უფლების არსებობა (რაც მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა), ასევე, ნივთის მოპასუხის მიერ ფლობის ფაქტი, რაც შეეხება მფლობელს, ამავე ნორმიდან გამომდინარე, მისი შესაგებელი შეიძლება, ემყარებოდეს, როგორც ფლობის ნამდვილი, მართლზომიერი უფლების არსებობას, ისე საკუთრების უფლების ნამდვილობას და, როგორც ერთი, ისე მეორე ფაქტის სათანადო მტკიცებულებით დადასტურება მისი მტკიცების ტვირთს წარმოადგენს.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და სადავო არ არის, რომ მოსარჩელე არის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას ფლობს კანონიერად, მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში, რადგან მოპასუხეები არ წარმოადგენენ სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირებს - მართლზომიერ მფლობელებს. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები. მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას ფლობს კანონიერად.

 

ამდენად, სახეზეა სავინდიკაციო სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი უნდა იქნეს სადავო უძრავი ქონება..

6.2. რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ გადაწყვეტილებები. სასამართლოს მიაჩნია, რომ მითითებული ნორმის საფუძველზე, საპროცესო კანონმდებლობა განსაკუთრებული კატეგორიის დავებზე დასაშვებად თვლის გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევას მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც გამოწვეულია დავის საგნის სპეციფიურობით, მოსარჩელის ინტერესის დაცვის მომეტებული საჭიროებით.

 

მხარის მოთხოვნის საფუძველზე, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის საკითხზე მსჯელობისას უნდა დადგინდეს, რომ აღსრულების დაყოვნება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს მხარეს. ამასთან, ამ გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება შუამდგომლობის აღმძვრელ მხარეს. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს არ მიუთითებია ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც დაარწმუნებდა სასამართლოს შუამდგომლობის დაკმაყოფილების აუცილებლობაში, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

7. საპროცესო ხარჯები.

7.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 60 ლარი, რომელიც სს „ჯეო კაპიტალის“ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროს მოპასუხეებს.

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სს „ჯეო კაპიტალის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს .

1.1. გამოთხოვილი იქნეს მოპასუხეების ნ---ია ბ-–--ის და ზ----ო ბ-–--ის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთი (საკადასტრო კოდი: 0------------------- მისამართი: ქ. ქუთაისი, სო-–--------------–--------- ნაკვეთის ტიპი; თანასაკუთრება; დაზუსტებული ფართობი 1178.00 კვ.მ; ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო სამეურნეო; ნაკვეთის წინა ნომერი 0-----------.) და აღნიშნული ქონება გადაეცეს სს „ჯეო კაპიტალს“ გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში,1.2. შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. მოპასუხეებს ნ---ია ბ-–--ეს და ზ----ო ბ-–--ეს სს „ჯეო კაპიტალის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა - 60 ლარი, სოლიდარულად.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ციცინო კიკვაძე