განაჩენი

სისხლის სამართლის 17.03.2020
საქმის ნომერი
170100120003462210
დავის ტიპი
120
თარიღი
17.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/6-20

გამოძიების #0-----------

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი:

 

17 მარტი, 2020 წელი ქ. თეთრიწყარო

 

მოსამართლე - ბადრი ნიპარიშვილი

 

სხდომის მდივანი - რუსუდან გურჩიანი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ-------------–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ჯ----------------------------, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–------------, პირადი ნომერი - 5----------, საშუალო განათლებით, განქორწინებული, ნასამართლობის არმქონე, დასაქმებული, რეგისტრირებული: ხ---------–-- რაიონი, სოფელი ლ-------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ---–----------------------–-------–------------- ქუჩა, ამჟამად პატიმარი.

 

ადვოკატი - მ-----------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

დისპოზიცია: ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2----–-–-----------------, დაახლოებით 10:30 საათზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დ----------------------ე მდებარე ვ----–----–-----–---–-- მფლობელობაში არსებული სახლის ეზოში, სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებული კონფლიქტისას, ჯ---------------- გულ-მკერდის მარცხენა არეში დანის პირით დაჭრის გზით ფიზიკურად იძალადა მ-----–----------------- მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მოშლით.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

3. საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. განსახილველ საქმეში ბრალდებულ ჯ---------------- სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდებისა და დაცვის მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ (გარდა ბრალდებულის გამოკითხვის ოქმებისა), რის გამოც საქმის არსებით განხილვაზე მათი გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა მათი შეფასება მოხდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. ქმედება აუცილებლად განზრახ უნდა იქნეს ჩადენილი, ხოლო ქმედებით მიყენებულმა ჯანმრთელობის ზიანმა უნდა შეადგინოს მსუბუქი ხარისხი, ხანმოკლე მოშლით. ამასთან მნიშვნელოვანია მიზეზობრივი კავშირის დადგენა განხორციელებულ ქმედებასა და ჯანმრთელობის დაზიანებას შორის.

 

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ: ბრალდებულის ჩვენება (მან აღიარა ჩადენილი დანაშაული და განმარტა, რომ დაზარალებულმა გამოიწვია, მანამდე კონფლიქტისას დაზარალებულმა მიაყენა დაზიანება), დაზარალებულისა და მოწმეების - მ-----–----------------- (განმარტა, რომ ჯ---------------- დაჭრა), რ---------------–-–---–-- (მისი განცხადებით, დილით ნასვამი ბრალდებული და დაზარალებული ნახა, როდესაც ვ----–----–-----–---–-- სახლისკენ მიდიოდნენ, ხოლო შემდეგ შემოესმა კამათი და ნახა დაჭრილი მ-----–----------------), ვ-–------------------------ (ქირურგი - განმარტა, რომ დაზარალებულს ქირურგიული ჩარევა არ დასჭირდა), ვ----–----–-----–---–-- (დაადასტურა, რომ ბრალდებული და დაზარალებული მის სააგარაკე სახლში სარემონტო სამუშაოებს ახორციელებდნენ), თ--------------–---–-- (ექთანი - მისი ინფორმაციით, დაზარალებულს გულ-მკერდის არეში ჰქონდა ჭრილობა, შეინახა მისი ტანისამოსი) და თ--------------------- (ადასტურებს ბრალდებულისა და დაზარალებულის მიერ სამუშაოების წარმოებას ვ----–----–-----–---–-- სააგარაკე სახლში) გამოკითხვის ოქმები, სააგარაკე სახლის დათვალიერების ოქმი (ამოღებულ იქნა სუნის ნიმუში, ასევე რამდენიმე ადგილიდან მოწითალო ფერის ლაქები, მინის ჭიქა და ბასრპირიანი საგანი), ამოღების ოქმები (ამოღებულ იქნა დაზარალებულის ტანისამოსი, რომელსაც აღენიშნებოდა დაზიანების კვალი, ასევე ბრალდებულის ტანისამოსი), ბრალდებულისა და დაზარალებულის სისხლის ნიმუშის აღების ოქმები, ბიოლოგიური ექსპერტიზის #7--- დასკვნა (დგინდება ნიმუშებსა და ტანისამოსზე, ასევე შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ნიმუშებზე ბრალდებულისა და დაზარალებულის სისხლის ნიმუშების იდენტურობა), ტრასოლოგიური ექსპერტიზის #5------ დასკვნა (დაზარალებულის ტანისამოსზე გამჭოლი დაზიანებები გამოწვეულია მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით), სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნა (მ-----–---------------- აღენიშნება გულ-მკერდის მარცხენა წინა კედლის ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობა და სისხლჩაქცევა, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლით, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გამო, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს), საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ფოტოსურათები (ჯ---------------- მითითებით შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ ღობის ძირიდან ამოღებულ იქნა ბასრპირიანი საგანი მოწითალო ფერის ლაქებით), ნივთმტკიცებები და მათთან დაკავშირებული სხვა მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ჯ---------------- მიერ დანაშაულის ჩადენას, რომლის ფაქტობრივი გარემოებები მითითებულია წინამდებარე განაჩენის პირველ პუნქტში.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

6. სასამართლოს შეფასებით, ჯ---------------- განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა ჯ---------------- მიერ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება, რის გამოც ჯ---------------- მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი შესაბამისი კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

7. ჯ---------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებად უნდა იქნეს მიჩნეული, რომ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ითანამშრომლა გამოძიებასთან - მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში და მისი მითითებით ამოღებულ იქნა დანაშაულის იარაღი, ნებაყოფლობით გასცა სისხლის ნიმუში, დაზარალებულს პრეტენზია არ აქვს მის მიმართ, ჰყავს 3 არასრულწლოვანი შვილი, არის სოციალურად დაუცველი და იღებს შემწეობას, გასათვალისწინებელია დაზარალებულის ვიქტიმურობა. ჯ--------------- პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მის მიერ დანაშაულის ალკოჰოლური საშუალების ზემოქმედების ქვეშ ჩადენაა.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.

 

9. სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციას - ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

10. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. შემამსუბუქებელი გარემოებების არსებობის მიუხედავად სასამართლო გამორიცხავს მსუბუქი სასჯელების, მოცემულ შემთხვევაში - შინაპატიმრობის, გამასწორებელი სამუშაოს ან ჯარიმის გამოყენებას, კერძოდ, ჯ--------------- გამასწორებელი სამუშაო კანონის მიხედვით ვერ დაენიშნება, ასევე გასათვალისწინებელია, რომ იგი სოციალურად დაუცველია (შემწეობა 120 ლარია) და ძირითადად უწევს მუშაობა კერძო სამუშაოებზე, ასევე დანაშაულის ჩადენის ხერხისა და ხასიათის გათვალისწინებით, ჯარიმისა და შინაპატიმრობის გამოყენება არ იქნება პროპორციული ზომა, ასევე ადეკვატური ღონისძიება სასჯელის მიზნების მისაღწევად, ხოლო ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით, რომელიც განხორციელდა ბასრპირიანი საგნით სიცოცხლისათვის სახიფათო არეში, მთვრალ მდგომარეობაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯ---------------- მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს თავისუფლების აღკვეთა.

 

11. ჯ---------------- მიმართ თავისუფლების აღკვეთის ვადის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს მთელ რიგ შემამასუბუქებელ გარემოებებსა და მხოლოდ ერთ დამამძიმებელ გარემოებას (იხ. მე-7 პუნქტი) და მიაჩნია, რომ მინიმუმთან (მინიმალური ვადაა 6 თვე, მაქსიმალური - 3 წელი) მიახლოებული სასჯელის ვადა სამართლიანი იქნება მასთან მიმართებით, რის გამოც ჯ--------------- სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

12. საქართველოს სსსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. იმის გათვალისწინებით, რომ, ერთი მხრივ, სახეზეა პირობითი მსჯავრის გამოყენების ფორმალური საფუძველი - ჯ---------------- აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, არ არის ნასამართლევი, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ შემამასუბუქებელ გარემოებათა ერთობლიობა, რაც ჯ--------------- ახასიათებს - ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, დაზარალებულს პრეტენზია არ აქვს, ჰყავს 3 არასრულწლოვანი შვილი, გასათვალისწინებელია დაზარალებულის ვიქტიმურობა, ასევე მისი პატიმრობაში ყოფნის ვადა (3 თვე) - სასამართლოს მიაჩნია, რომ მას დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, ხოლო იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად უნდა დაუდგინდეს 1 წელი, რაც საკმარისი იქნება სასჯელის მიზნების შესასრულებლად. ამასთან ჯ---------------- პიროვნების გათვალისწინებით, სასამართლო მიზანშეწონილად არ მიიჩნევს დამატებითი სასჯელის სახით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას. გარდა ამისა, სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე მას უნდა დაეკისროს ვალდებულება არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი პრობაციის ბიუროსთან შეთანხმების გარეშე.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ჯ--------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 წელი.

 

2. ჯ---------------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში.

 

3. ჯ--------------- სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 21 დეკემბრიდან 2020 წლის 17 მარტის ჩათვლით.

 

4. კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულს დაევალოს არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი პრობაციის ბიუროსთან შეთანხმების გარეშე.

 

5. ნივთმტკიცებები: მ-----–----------------- და ჯ---------------- ტანსაცმელი, ასევე ჭიქა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მათ მესაკუთრეებს, ხოლო სუნისა და სისხლის ნიმუშები და ლაქები, ასევე ბასრპირიანი საგნები იმავე ვადაში განადგურდეს.

 

6. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი