გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/29518-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
09 მარტი, 2020 წელი ქ. თბილის
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე
სხდომის მდივანი - დალი მახაური
მოსარჩელე - შპს „ქა-------–-----–---------------------–ი“
წარმომადგენლები - სალ--------------ე, ვა--------------ა
მოპასუხეები - ლე----–------, ლა–--–-----ა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოსარჩელე - შპს „ქა-------–-----–---------------------–მა“ მოპასუხეების: ლე----–------სა და ლა–--–-----ას მიმართ მოითხოვა 1 463.91 ლარის სოლიდარულად დაკისრება.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
2019 წლის 25 ივნისს მოსარჩელე შპს „ქა-------–-----–--------------------–ს“ სამედიცინო მომსახურების მისაღებად მიმართა ზა-----–------მ.
2019 წლის 25 ივნისიდან 03 ივლისამდე მოსარჩელის სამედიცინო პერსონალის მიერ ზა-----–------ს გაეწია შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.
2019 წლის 03 ივლისს მოპასუხე ლე----–------მ და ლა–--–-----ამ, როგორც სოლიდარულმა მოვალეებმა იკისრეს ვალდებულება, რომ უზრუნველყოფდნენ შპს „ქა-------–-----–---------------------–ი“ სასარგებლოდ ზა-----–------ს დავალიანების გადახდას.
მოპასუხეებს არ აუნაზღაურებიათ დავალიანება, რის გამოც მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეებს: ზა-----–------ს, ლე----–------ს და ლა–--–-----ას მოსარჩელის მიმართ დაკისრებოდა 1 463.91 ლარის ანაზღაურება.
სასამართლოს ეცნობა, რომ მოპასუხე ზა-----–------ გარდაიცვალა 2020 წლის 08 იანვარს.
2020 წლის 09 მარტს, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ გაიხმო სარჩელი მოპასუხე ზა-----–------ს მიმართ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 09 მარტის განჩინებით სარჩელი დარჩა განუხილველი მოპასუხე ზა-----–------ს მიმართ მოთხოვნის ნაწილში, მოსარჩელის მიერ ზა-----–------ს მიმართ მოთხოვნის გამოხმობის გამო.
საბოლოოდ, მოსარჩელემ მოითხოვა 1463.91 ლარის მოპასუხე: ლე----–------ს და ლა–--–-----ასთვის სოლიდარულად დაკისრება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ლა–--–-----ამ სარჩელი არ ცნო.
ამასთან დაეთანხმა ფაქტობრივ გარემოებებს 2019 წლის 25 ივნისიდან 03 ივლისამდე მოსარჩელის მიერ ზა-----–------სთვის სამედიცინო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ სამედიცინო მომსახურების თანხა ანაზღაურდა საყოველთაო დაზღვევივის პროგრამის ფარგლებში და აბ-–--------–----–-------------იის მიერ. მოპასუხე ლა–--–-----ამ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ იძულებული იყო ხელი მოეწერა თანხის გადახდის შეთანხმებაზე, რადგან სამედიცინო მომსახურების თანხის უქონლობის გამო, 2 დღის განმავლობაშ ვერ ახერხებდა მამის, ზა-----–------ს სამედიცინო დაწესებულებიდან გაყვანას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2019 წლის 25 ივნისიდან 03 ივლისამდე შპს „ქართულ-ჰოლანდიული ჰოსპიტლის“ მიერ ზა-----–------ს გაეწია სამედიცინო მომსახურება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს.ფ. 2-15);
- შესაგებელი
- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ფორმა N IV – 100/ა (ს.ფ. 13-14).
3.1.2 მოსარჩელის სამედიცინო დაწესებულებაში ზა-----–------ს გაეწია 16 840 ლარის ღირებულების სამედიცინო მომსახურება.
ამ თანხიდან საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებას დაექვემდებარა 14 749.09 ლარი, აბ-–--------–----–-------------იის მიერ ანაზღაურდა 627 ლარი, ხოლო პაციენტის მიერ უნდა ანაზღაურებულიყო 1 463.91 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს.ფ. 2-15);
- შესაგებელი (ს.ფ. 29-37);
- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ფორმა N IV – 100/ა (ს.ფ. 13-14);
- კალკულაცია 09.03.2020 სხდომის ოქმის დანართი.
3.1.3 2019 წლის 03 ივლისს მოპასუხეებმა: ლა–--–-----ამ და ზა-----–------მ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვით მოპასუხეებმა იკისრეს ვალდებულება, რომ მათ მიერ სრულად იქნებოდა დაფარული მოსარჩელის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულება 2 091.91 ლარი, 2019 წლის 18 ივლისამდე.
მოსარჩელის მიერ დაზუსტდა მოპასუხეების მიერ ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა და სარჩელით მოთხოვნილ იქნა 1 463.91 ლარის ანაზღაურება.
შპს „ქა-------–-----–--------------------–ის“ ცნობის თანახმად, ზა-----–------ს, ლე----–------ს და ლა–--–-----ას შპს „ქა-------–-----–--------------------–ის“ მიმართ გააჩნიათ დავალიანება 1463.91 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს.ფ. 2-15);
- შპს „ქა-------–-----–--------------------–ის“ ცნობა (ს.ფ. 15);
- კალკულაცია (სხდომის ოქმის დანართი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2019 წლის 03 ივლისის შეთანხმება წარმოადგენს ნამდვილ გარიგებას, ვინაიდან, მოსარჩელის მხრიდან ლევან და ლა–--–-----ების მიმართ, ადგილი არ ჰქონია იძულებას და აღნიშნულის საფუძველზე ხელშეკრულების დადებას.
ლე----–------ს მითითება იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მხრიდან იქნა მოტყუებული და რომ მას შეთანხმებაზე დავალიანების დაფარვის თაობაზე ხელი მოაწერინეს იძულებით და რომ სხვაგვარად პაციენტი ზა-----–------ ვერ დატოვებდა სამედიცინო დაწესებულებას. რის გამოც, სასარჩელო მოთხოვნა მის მიმართ არის უკანონო, არ უნდა იქნას გაზიარებული, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისკენ. შესაბამისად, მარტოოდენ ნების არსებობა არ იწვევს გარიგების დადებას, აუცილებელია ნება გამოვლენილ იქნას. გარდა ამისა, ნება მიმართული უნდა იყოს სამართლებრივი შედეგის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისკენ. ნება შინაგანი სუბიექტური კატეგორიაა და იგი სამართლებრივ შედეგებს იწვევს მხოლოდ მისი გარეგანი გამოხატვის შედეგად, რაც იმას ნიშნავს, რომ სამართლებრივი შედეგისადმი მიმართული ნება იურიდიულად ქმედითი ხდება მისი გამოვლენის შედეგად. ამასთან, ნების გამოვლენის ფორმებს უაღრესად დიდი პრაქტიკული დატვირთვა გააჩნია გარიგებებში, ვინაიდან გამოხატული ნებისადმი არსებობს კონტრაჰენტის მიერ გამოვლენილი ნდობის დაცვის ღირსი ინტერესი, ამიტომ მხედველობაში არ უნდა იქნეს მიღებული პირის მტკიცება, რომ მას ის ნება არ ჰქონდა, რომელიც გამოხატა, თუ მისი ნების გარეგანი გამოხატულებით მეორე მხარემ კეთილსინდისიერად ირწმუნა, რომ იგი უფლებებით აღიჭურვა.
კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ამასთან, ივარაუდება, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულება მხარეთა გონივრული განსჯისა და ურთიერთშორის პოზიციების შეჯერების შედეგია, სადაც თითოეულ მხარეს შეგნებული და გააზრებული აქვს თავისი ქმედება, რეალური შესაძლებლობები და გათვალისწინებული აქვს ის რისკები, რაც შეიძლება ხელშეკრულების შესრულებასა თუ მის შეუსრულებლობას მოჰყვეს. შესაბამისად, თითოეული მხარე პასუხისმგებელია ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ვალდებულებების შესრულებაზე. აქედან გამომდინარე, ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან; შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას, აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილ იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, რათა დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 85-ე მუხლის მიხედვით, გარიგების დადების მიზნით იმ პირის იძულება (ძალადობა ან მუქარა), რომელმაც დადო გარიგება, ანიჭებს ამ პირს გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლებას მაშინაც, როცა იძულება მომდინარეობს მესამე პირისაგან.
სამოქალაქო კოდექსის 86-ე მუხლის თანახმად, გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება. იძულების ხასიათის შეფასებისას მხედველობაში მიიღება პირთა ასაკი, სქესი და ცხოვრებისეული გარემოებანი. ამავე კოდექსის 87-ე მუხლის მიხედვით კი, იძულება გარიგების ბათილობის მოთხოვნის საფუძველია მაშინაც, როცა იგი მიმართულია გარიგების ერთ-ერთი მხარის მეუღლის, ოჯახის სხვა წევრების ან ახლო ნათესავების წინააღმდეგ.
სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ გარიგების დადების დროს ერთი პირის იძულებას მეორეზე ნების აშკარად საწინააღმდეგო ქმედება მოჰყვება იძულების დროს ნების გამოვლენის პროცესში ხდება ჩარევა. ეს ის შემთხვევაა როდესაც პირმა იცის რეალური ვითარება, რის გამოც, ის წინააღმდეგია გარიგების დადების, მაგრამ მას გარეგანი ზემოქმედების შედეგად აიძულებენ, რომ დაეთანხმოს შემოთავაზებულ წინადადებას. საყურადღებოა, რომ გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება.
ყოველივე აღნიშნული გამოკვეთს გარემოებებს, რომლის მტკიცების ტვირთიც ეკისრება მხარეს გარიგების იძულებით დადების შესახებ აპელირებისას და რაც უნდა გახდეს სასამართლოს შეფასების საგანი. განსახილველ შემთხვევაში, ლე----–------ მხოლოდ ბლანკეტურად უთითებს მასზე განხორციელებულ იძულებას და არ აღწერს იყო თუ არა სახეზე იძულება, რაში გამოიხატებოდა და ვინ ახორციელებდა მას, შეეძლო თუ არა მოპასუხეს აღექვა აღწერილი ფაქტობრივი გარემოება იძულებად და ჰქონდა თუ არა მას ისეთი ხასიათი, რაც მოპასუხეს აფიქრებინებდა, რომ მის პიროვნებას, ოჯახის წევრებს (ამ შემთხვევაში მამას), ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრებოდა. საყურადღებოა, ისიც, რომ შეთანხმებაზე ხელმოწერები მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია, ასევე უდავოა ისიც, რომ შეთანხმება ხელმოწერილია ორივე მოპასუხის მიერ.
ამდენად, მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას იმის თაობაზე, რომ ისინი აიძულეს (ზეწოლით) შეთანხმებაზე მოეწერათ ხელი.
საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებაზე მხარეებს არ მიუთითებიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეებს: ლე----–------ს და ლა–--–-----ას სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ 1 463.91 ლარის გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 327-ე, 341-ე, 629-ე, 630-ე მუხლები.
სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო პირველ რიგში მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილზე, რომლისგან გამომდინარე, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების, ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა შორის ვალდებულების წარმოშობის ძირითადი და ყველაზე გავრცელებული საფუძველი ხელშეკრულებაა, დელიქტის, უსაფუძვლო გამდიდრების და კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებთან ერთად. სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები უფლებამოსილი არიან თავისუფლად შეთანხმდნენ სახელშეკრულებო პირობებზე. ამასთან, კერძოსამართლებრივი ურთიერთობის თითოეულ მხარეს, სარგებლობს რა ნების ავტონომიით, ფართო შესაძლებლობა აქვს, საკუთარი პასუხისმგებლობით შეთანხმდეს იმგვარ სახელშეკრულებო პირობებზე, რაც მისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი და მომგებიანია, მხოლოდ იმ დათქმით, რომ ხელშეკრულება კანონით აკრძალული ურთიერთობის წარმოშობისკენ არ იქნება მიმართული. ეს უზოგადესი პრინციპი, ხელშეკრულების თავისუფლების სახელით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლშია ასახული, ხელშეკრულების თავისუფლება, ასევე, გულისხმობს ხელშეკრულების ფორმის თავისუფლებას. ამასთან საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობა ხელშეკრულების ფორმასთან მიმართებით მკაცრ მოთხოვნებს არ აწესებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 69-ე მუხლის თანახმად, გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობითი ფორმით. გარიგება წერილობითი ფორმით შეიძლება დაიდოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ან მხარეთა შეთანხმებით.
იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადება სავალდებულოა მხოლოდ კანონმდებლობით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, ან ფორმაზე მხარეთა მიერ ცალკე მიღწეული შეთანხმებიდან გამომდინარე, ყოფითი ურთიერთობის დასარეგულირებლად, მხარეები, როგორც წესი, ზეპირ ხელშეკრულებაზე, როგორც უფრო მოქნილ ფორმაზე თანხმდებიან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
მოცემულ საქმეზე მხარეებს მომსახურების გაწევის მიზნით ხელშეკრულების წერილობით ფორმით დადებას კანონი არ ავალდებულებდათ. ამ ვითარებაში საკმარისი იყო ზეპირი შეთანხმება, რაც მხარის შეთავაზებაზე კონტრაჰენტის თანხმობით მიიღწევა და საკმარისია შესაბამისი სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოსაშობად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამედიციონო დაწესებულებაში შეყვანისას ზა-----–------ დათანხმდა სამედიცინო დაწესებულების მიერ შეთავაზებულ მომსახურების პირობებს და მან სამედიცინო დაწესებულებისგან მიიღო შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. ამრიგად, მოსარჩელის მიერ ზა-----–------სთვის სამედიცინო მომსახურების გაწევის სამართლებრივი საფუძველი იყო მათ შორის ზეპირი ფორმით დადებული შეთანხმება სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ სამედიცინო მომსახურების გაწევის სახელშეკრულებო ურთიერთობა ნარდობის ხელშეკრულებისთვის დადგენილი წესებით უნდა მოწესრიგდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
ნარდობის ხელშეკრულება ორმხრივმავალდებულებელი ხელშეკრულებაა, რომლის არსებითი პირობაა ერთი მხარის მიერ გარკვეული მომსახურების გაწევა, მეორე მხარის მიერ შესაბამისი ანაზღაურების გადახდის სანაცვლოდ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 630-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ანაზღაურება უსიტყვოდაც ითვლება შეთანხმებულად, თუ გარემოებების მიხედვით ნარდობა მხოლოდ ანაზღაურებითაა მოსალოდნელი.
საყოველთაოდ ცნობილია ის გარემოება, რომ სამედიცინო მომსახურება ფასიანია. ამგვარად, მოპასუხე ზა-----–------ს, როგორც მომსახურების მიმღებს, წარმოეშვა მოსარჩელის წინაშე ფულადი ვალდებულების შესრულების უპირობო ვალდებულება.
ასევე დადგენილია, რომ გაწეული სამედიცინო მომსახურების უდიდესი ნაწილი ანაზღაურდა საქართველოში მოქმედი საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში, გაწეული მომსახურების საფასურის ნაწილი აანაზღაურა აბ-–--------–----–-------------იამ, ხოლო აუნაზღურებელი თანხის გადახდის ვალდებულება ეკისრება პაციენტს.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ 2019 წლის 03 ივლისს გაფორმებული შეთანხმება მოსარჩელის წინაშე მოპასუხეების მიერ ფულადი ვალდებულების 2019 წლის 18 ივლისამდე შესრულების შესახებ, წარმოადგენს ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულებას.
ვალის აღიარება არის ხელშეკრულების ერთ-ერთი სახე, კერძოდ, ის ცალმხრივი ხელშეკრულებაა, რომლის ძალითაც პირს, რომელმაც განახორციელა აღიარება წარმოეშვება შესრულების ვალდებულება, ხოლო მას, ვის წინაშეც მოხდა აღიარება, აქვს მოთხოვნის უფლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლში ჩამოყალიბებულია ვალის აღიარების ხელშეკრულებასთან, ძირითადად მის ფორმასთან დაკავშირებული პირობები.
კერძოდ, ამ მუხლის თანახმად, 1. იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას. 2. თუ ვალის არსებობა აღიარებულია ანგარიშსწორების (გადახდის) საფუძველზე ან მორიგების გზით, მაშინ ფორმის დაცვა არ არის აუცილებელი.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალის აღიარება წარმოშობს მოთხოვნის ახალ, დამოუკიდებელ საფუძველს. ვალის აღიარების ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულება ნამდვილია იმ შემთხვევაშიც კი, თუ სადავოა თავდაპირველი ვალდებულება.
მოპასუხეებმა: ლე----–------მ და ლა–--–-----ამ, შეთანხმებაზე ხელმოწერით დაადასტურეს და იკისრეს ფულადი ვალდებულების შესრულების პირობა, რაც შეუსრულებლობის შემთხვევაში, ვალის აღიარების ხელშეკრულების წესით უნდა აღსრულდეს.
ამასთან, მოპასუხეთა ვალდებულება სოლიდარულია შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად განსაზღვრულია სოლიდარული მოვალეების პასუხისმგებლობის ზოგადი წესი, ამ წესის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
როგორც აღინიშნა, შეთანხმებას ხელს აწერს ორივე მოპასუხე: ლე----–------ და ლა–--–-----ა.
შესაბამისად, ეს შეთანხმება, როგორც ვალის აღიარების ხელშეკრულება, მოპასუხეებისთვის სოლიდარული პასუხისმგებლობის წარმოშობის საფუძველია, ხოლო მოსარჩელე, როგორც კრედიტორი უფლებამოსილია მოპასუხეებისგან ერთჯერადად მიიღოს შესრულება.
სოლიდარული ვალდებულებისთვის დამახასიათებელია ის, რომ კრედიტორის წინაშე თითოეული მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების მოცულობას არ ენიჭება რაიმე მნიშვნელობა, მთავარია კრედიტორმა სრულად მიიღოს შესრულება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ 1 463.91 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
საპროცესო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იყო 50 ლარი. სარჩელის სრულად დაკმაყოფილების გამო, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების ვალდებულება უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ.
8.სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-269-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მოსარჩელე შპს „ქა-------–-----–--------------------–ის“ სარჩელი მოპასუხეების: ლე----–------ს და ლა–--–-----ას მიმართ დაკმაყოფილდეს.
2. ლე----–------ს და ლა–--–-----ას შპს „ქა-------–-----–--------------------–ის“ მიმართ სოლიდარულად დაეკისროთ 1 463.91 ლარის გადახდა.
3. ლე----–------ს და ლა–--–-----ას მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მომდევნო პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
6. ვინაიდან განხილულ დავაში დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2 000 ლარს, გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.
მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე