გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.03.2020
საქმის ნომერი
120210019003182524
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
12.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3182524-2/569-19წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 მარტი, 2020 წელი ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი

სხდომის მდივანი - თამარ ტეფნაძე

მოსარჩელე - სს ,,ს----------–--------ი’’

წარმომადგენელი - ბ-–----–-–-ი

მოპასუხე - თ------------ე

წარმომადგენელი - კ--------------–---–ი

მოპასუხე - რ--------- ყ------–-–---–ი,დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი :

1. შემცირებული სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. რ--------- ყ------–-–---–ს და თ------------ეს სს ,,ს----------–--------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროს - 21166.11 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 17237.69 ლარი, პროცენტი – 3512.42 ლარი და პირგასამტეხლო - 416 ლარი.

1.2. თ------------ეს სს "ს----------–--------ის" სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს - 1399.73 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 1033.98 ლარი, პროცენტი – 327.75 ლარი და პირგასამტეხლო - 38 ლარი.

 

მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2018 წლის 5 მარტს სს ,,ს----------–--------ს’’ და თ------------ეს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მსესხებლის საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 1000000 აშშ დოლარით ან ექვივალენტი სხვა ვალუტაში. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 240 თვით, წლიური საპროცენტო გაანკვეთი 0-48 პროცენტი.

2018 წლის 5 მარტის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში 2018 წლის 5 მარტს სს ,,ს----------–--------ს’’ და თ------------ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც თ------------ის სასარგებლოდ გაიცა სესხი 50 000 ლარის ოდენობით, წლიური 13% სარგებლის დარიცხვით, 60 თვის ვადით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ის ოდენობით.

2018 წლის 5 მარტის საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით სს,,ს----------–--------ს’’ და რ--------- ყ------–-–---–ს შორის 2018 წლის 5 მარტს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება. აღნიშნული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების თანახმად სოლიდარული თავდები პირის პასუხისმგებლობა განისაზღვრა 100 000 ლარით. სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებებით სოლიდარულმა თავდებმა პირებმა ივალდებულეს ბანკის წინაშე ნაკისრი ფულადი ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულება.

2017 წლის 4 სექტემბერს თ------------ეზე გაცემული იქნა ექსპრეს საკრედიტო ბარათი. საკრედიტო ბარათზე დაშვებული იქნა საკრედიტო ლიმიტი 1100 ლარის ოდნეობით. საკრედიტო ლიმიტი დაშვებული იქნა უვადოდ ანუ თამაზ ანტაძეს საკრედიტო ლიმიტი შეეძლო გამოეყენებინა უვადოდ მომსახურების პირობების შესაბამისად. საკრედიტო ბარათით მომსახურების შესახებ მნიშვნელოვანი პირობების თანახმად განაღდებული თანხებისა და სხვა ოპერაციებით ათვისებული კრედიტისათვის სარგებელი შეადგენდა 48%.ასევე, მხარეთა მიერ შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო მინიმალური გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში 10 ლარის ოდენობით. ასევე ვადაგადაცილებული დავალიანების 1.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საკრედიტო ბარათის გაუქმებისათვის პირგასამტეხლო განისაზღვრა 100 ლარით და დავალიანების 5% ოდენობით.

სს ,,ს----------–--------ის’’ მიერ ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულ იქნა სრულად, კერძოდ ბანკმა მსესხებელზე სრულად გასცა კრედიტის თანხები. სესხის პირობების თანახმად მსესხებელს სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და კონკრეტულ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით, ყოველთვიურად გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადახდით. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ ხდებოდა კრედიტის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული ვადების დარღვევა ანუ მსესხებელი სხვადასხვა დროს არღვევდა გრაფიკს, რაც გამოიხატებოდა თანხის გადაუხდელობაში. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ ხდებოდა კრედიტის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული ვადების დარღვევა. 2019 წლის 12 თებერვლის შემდეგ მსესხებელს არ უწარმოებია გადახდები. დღეის მდგომარეობით მოპასუხემ შეწყვიტა სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის დაფარვა. მითითებული საკრედიტო დავალიანების შესახებ მოპასუხეებს წერილობითი შეტყობინება გაეგზავნათ და მიეცათ ერთი კვირის ვადა არსებული დავალიანების დასაფარად. მიუხედავად აღნიშნულისა ვალდებულება დღემდე არ შესრულებულა.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. მოპასუხე თ------------ემ და რ--------- ყ------–-–---–მა სარჩელი ცნეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. დადგენილია, რომ 2018 წლის 5 მარტს სს ,,ს----------–--------სა’’ და თ------------ეს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება G------------7------, რომლის თანახმადაც მსესხებელის საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 1000000 აშშ დოლარით ან ექვივალენტი სხვა ვალუტაში. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 240 თვით, წლიური საპროცენტო განაკვეთი 0-48%.

სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:

- 05.03.2018წწ. გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება G------------7------;

 

3.1.2. დადგენილია, რომ 2018 წლის 5 მარტს სს ,,ს----------–--------სა’’ და თ------------ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად თ------------ეზე გაიცა სესხი 50000 ლარი, 60 თვის ვადით. საპროცენტო სარგებელი წლიური - 13%, პირგასამტეხლო - 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:

-05.03.2018წ. საკრედიტო ხელშეკრულება;

-კრედიტის დაფრავის გარფიკი;

-ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები;

 

3.1.3. დადგენილია, რომ 2018 წლის 5 მარტის საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2018 წლის 5 მარტს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც რ--------- ყ------–-–---–მა იკისრა ვალდებულება ბანკის წინაშე ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. ხელშეკრულების მიხედვით თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 100 000 ლარით.

სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:

- რ--------- ყ------–-–---–ის განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ;

- 05.03.2018წ. სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება;

 

3.1.4. 2017 წლის 4 სექტემბერს თ------------ეზე გაიცა ექსპრეს საკრედიტო ბარათი. დაშვებული ლიმიტი 1100 ლარი. განაღდებული თანხებისა და სხვა ოპერაციებით ათვისებული კრედიტისათვის სარგებელი შეადგენდა 48%. პირგასამტეხლო მინიმალური გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში განისაზრვრა 10 ლარით, ასევე ვადაგადაცილებული დავალიანების 1.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, საკრედიტო ბარათის გაუქმებისათვის პირგასამტეხლო განისაზღვრა 100 ლარიტ და დავალინების 5%.

სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:

- საკრედიტო ბარათით მომსახურების პირობები;

- ანგარიშის ამონაწერი;

 

3.1.5. მოპასუხეების მხრიდან დარღვეული იქნა საკრედიტო ხელშეკრულებების სესხის დაფარვის გრაფიკი. მოპასუხე მხარე გაფრთხილებული იქნა დავალიანების დაფარვის თაობაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- კრედიტის დაფრავის გარფიკი;

- ცნობა დავალიანების შესახებ;

- გაფრთხილებები აღებული ვალდებულების შესრულებაზე;

- საფოსტო გზავნილები;

 

3.1.6. მოპასუხე თ------------ეს 2017 წლის 4 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ ერიცხება დავალიანება 1399.73 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 1033.98 ლარი, პროცენტი – 327.75 ლარი და პირგასამტეხლო - 38 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა დავალიანების შესახებ;

 

3.1.7. მოპასუხეების თ------------ის და რ--------- ყ------–-–---–ის დავალიანება სს ,,ს----------–--------ის’’ მიმართ 05.03.2018წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 21166.11 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 17237.69 ლარი, პროცენტი – 3512.42 ლარი და პირგასამტეხლო - 416 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა დავალიანების შესახებ;

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

3.2.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ.

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,ს----------–--------ის’’ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 316-ე, 317-ე, 361-ე, 867-ე, 427-ე, 868-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

აღნიშნული მუხლით გარანტირებულია სასამართლო პროცესის დისპოზიციურობის პრინციპი, რომლის საფუძველზეც, უზრუნველყოფილია მხარეთა თავისუფალი ნების ავტონომია. ამდენად, ისინი თავად, საკუთარი ნების შესაბამისად, იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, თავად განსაზღვრავენ სასარჩელო მოთხოვნას, ასევე თავად ამზადებენ შესაგებელს, თუ შეგებებულ სარჩელს.

დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე, მხარეები თვითონ წყვეტენ, როგორ განკარგონ თავიანთი საპროცესო უფლებები, ისინი თავად წარმართავენ საკუთარ საქმეს სასამრთლოში.

აღნიშნული მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა გულისხმობს, მის მიერ მოსარჩელის მოთხოვნის აღიარებას. მას შეუძლია ნაწილობრივ, ან სრულად აღიაროს სასარჩელო მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, როცა მოპასუხე ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და მხარეთა ნების გათვალისწინებით, გამოაქვს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, გადაწყვეტილება.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებით მოპასუხე მხარემ ცნო სარჩელი, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

სადავო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საკრედიტო ხელშეკრულება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებელს - მოპასუხეთა მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა (სს ,,ს----------–--------სა’’ და თამაზ ანტაძეს შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულება დარღვეული იქნა თამაზ ანტაძის მიერ, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მას ბანკის წინაშე გადახდის გრაფიკით დადგენილი თანმიმდევრობით სესხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია და ბანკის გაფრთხილების შემდეგაც არ განახორციელა გადახდა.

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე დავალიანების ძირითად თანხას 05.03.2018წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოადგენს - 17237.69 ლარის, ხოლო 04.09.2017წ. ხელშეკურლებიდან - 1033.98 ლარს, რომლის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება აწევს მოპასუხე მხარეს.

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის მოთხოვნის ნაწილშიც. კერძოდ 05.03.2018წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 3512.42 ლარი, 05.09.2017წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 327.75 ლარი. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეებს აღნიშნული ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია სრულად.

6.3. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია თავდებობის ხელშეკრულების ფორმა, კერძოდ, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

მოცემულ შემთხვევაში, სს ''ს----------–--------სა'' და თ------------ეს შორის 2018 წლის 5 მარტს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მოხდა სს ''ს----------–--------სა'' და რ--------- ყ------–-–---–ს შორის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების გაფორმება, რომლის საფუძველზე მოპასუხე - რ--------- ყ------–-–---–მა იკისრა ვალდებულება მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში კრედიტის ძირითადი თანხის, პროცენტისა გადახდის თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა - 100000 ლარით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

აღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან მსესხებლის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების შესაბამისად, თავდებს ძირითად მსესხებელთან ერთად ეკისრება სოლიდარული პასუხისმგებლობა 2018 წლის 5 მარტის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში არსებული დავალიანების, კერძოდ, ძირითადი თანხის, დარიცხული საპროცენტო დავალიანების გადახდის ვალდებულება.

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც, პირგასამტეხლო, რომელიც ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც უნდა დაეკისროთ პირგასამტეხლო.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.’’

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო რის გამოც მხარეები თავისეუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან. სს ,,ს----------–--------ს’’ უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. სს ,,ს----------–--------ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

1.1. რ--------- ყ------–-–---–ს და თ------------ეს სს "ს----------–--------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროს - 21166.11 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 17237.69 ლარი, პროცენტი – 3512.42 ლარი და პირგასამტეხლო - 416 ლარი.

1.2. თ------------ეს სს "ს----------–--------ის" სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს - 1399.73 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 1033.98 ლარი, პროცენტი – 327.75 ლარი და პირგასამტეხლო - 38 ლარი.

2. სს ,,ს----------–--------ს’’ დაუბრუნდეს 2019 წლის 6 სექტემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 799.86 ლარი.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი