განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N010100120003436670
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
09 მარტი, 2020 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - დავით მამისეიშვილი
სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე
პროკურორი - პაა----–-–--–-ძე, თამ----------–-ძე
ბრალდებული - ლემ--------------ნი
ადვოკატი - ზვი------------ძე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე,ბრალდებული: ლემ--------------ნი
მამის სახელი: რეზო
დაბადებული: 04.02.1--- წელი
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: ქვრივი
პირადი ნომერი: 61---------
ნასამართლობა: არმქონე
რეგისტრაციის მისამართი: ქობულეთი, სოფ. ს----–--შო
ფაქტობრივი მისამართი: ო--------თი, ფა-------------ის ქ. N1, ბინა N27
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:
372-ე მუხლის მე-2 ნაწილი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
სასამართლომ დაადგინა:
1. 2019 წლის 22 სექტემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ. თბილისში, რუ----------------ცილი N64-ში მდებარე რესტორან ,,ი-------–------’’-ში, ბრალდებულ გი--------------ნის დედის დამ, ლემ--------------ნმა მიმართა დაზარალებულ ფა----–-----------------ილს, რათა ამ უკანასკნელს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე გი--------------ნის და ას-–----------იძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულთა სასარგებლოდ სასამართლოში მიეცა ცრუ ჩვენება და შეეცვალა გამოკითხვისას დაფიქსირებული ინფორმაცია, ასევე სთხოვდა თავი აერიდებინა სასამართლოში გამოცხადებისათვის და არ მიეცა სასამართლოში ჩვენება, რისთვისაც დაზარალებულ ფა----–-----------------ილს შეხვედრისას შესთავაზა და გადასცა 500 (ხუთასი) აშშ დოლარი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მხარეებმა სასამართლოს მთავარ სხდომაზე არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
3. ბრალდებულმა ლემ--------------ნმა დაადასტურა, რომ 2019 წლის 22 სექტემბერს, ქ. თბილისში, რუ----------------ცილი N64-ში მდებარე რესტორან ,,ი-------–------’’-ში მიმართა დაზარალებულ ფა----–-----------------ილს, რათა ამ უკანასკნელს გი--------------ნის და ას-–----------იძის ბრალდების სს საქმეზე ბრალდებულთა სასარგებლოდ მიეცა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ცრუ ჩვენება და შეეცვალა გამოკითხვისას დაფიქსირებული ინფორმაცია. ასევე სთხოვა თავი აერიდებინა სასამართლოში გამოცხადებისაგან და არ მიეცა ჩვენება, რისთვისაც მას გადასცა 500 აშშ დოლარი, რაც დადასტურებულია ამ უკანასკნელის გამოკითხვის ოქმით.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგენილია მტკიცებულებების მოპოვების საპროცესო წესის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის (კერძოდ: გამოსაკითხ პირზე - დაზარალებულზე ზემოქმედების განხორციელებისათვის, მოსყიდვის ან მისი იძულებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებაზე ან ცრუ ჩვენების მიცემისათვის, ინფორმაციის მიწოდებაზე ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის ან მისი შეცვლისათვის, თუ ამას ერთვის მისთვის ანდა მისი ახლო ნათესავისთვის ნებისმიერი სახის ქონებრივი სარგებლის შეთავაზება).
5. არსებითი განხილვის სხდომაზე, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით - (ლე--------------ის, ფა-----–-----------------ილის, ქრ--------------ძის, და---------–--–-ილის, რუს-–----------იძის, ვახ------------ანის ჩვენებებით, ამოღების ოქმით და ამოღებული ფულადი თანხით, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით და გამოთხოვილი ინფორმაციით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დადგენილებით ფა-----–-----------------ილის დაზარალებულად ცნობის შესახებ, დადგენილებებით ას-–----------იძის და გი--------------ნის ბრალდების შესახებ, ასევე საქმეში არსებული სხვა ინფორმაციის ერთობლიობით) დადგენილია, რომ ლემ--------------ნმა ჩაიდინა დაზარალებულის მოსყიდვა ცრუ ჩვენების მიცემისათვის და ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის, რასაც ერთვოდა მისთვის ქონებრივი სარგებლის შეთავაზება და გადაცემა.
სამართლებრივი შეფასება:
6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილთ დანაშაულია დაზარალებულის მოსყიდვა ცრუ ჩვენების მიცემისათვის და ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის, რასაც ერთვის მისთვის ქონებრივი სარგებლის შეთავაზება და გადაცემა.
7. მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით ნათელია, რომ ლემ--------------ნმა დაზარალებულს 500 დოლარი გადასცა ჩვენების შეცვლის ან უარის თქმისთვის.
8. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისას ითვალისწინებს და სავსებით იზიარებს ამ საკითხისადმი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომასა და პრაქტიკას, რომელიც თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში ყურადღებას ამახვილებს შემდეგზე: სასამართლო მსჯელობს იმაზე, თუ რამდენად სამართლიანი იყო სამართალწარმოება მთლიანობაში და რამდენად იყო დაცული დაცვის უფლებები. კერძოდ, უნდა შეფასდეს – მიეცა თუ არა მომჩივანს შესაძლებლობა, ედავა მტკიცებულებების ავთენტურობაზე და შეწინააღმდეგებოდა ამ მტკიცებულებების გამოყენებას. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია მტკიცებულებათა ხარისხი, ის გარემოებები, რომლებშიც მტკიცებულებები იქნა მოპოვებული და რამდენად ბადებს ეჭვს ეს გარემოებები მტკიცებულებების ნამდვილობასა და სარწმუნოობასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ არ არის სავალდებულო, სამართლიანობაში ეჭვის შეპარვის საფუძველი წარმოიქმნას, თუ მოპოვებული მტკიცებულება არ არის გამყარებული სხვა მასალებით. ხაზგასასმელია – იმ შემთხვევებში, როდესაც მტკიცებულება საკმაოდ წონიანია და არ არსებობს იმის რისკი, რომ იგი შეიძლება არასარწმუნოდ იქნეს მიჩნეული, დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის მით უფრო ნაკლები აუცილებლობა არსებობს (იხილეთ, ბიკოვი რუსეთის წინააღმდეგ (Bykov v. Russia), N4378/02; (დიდი პალატა), §89, 90; ECtHR; 10.03.2009; ჯალო გერმანიის წინააღმდეგ (Jalloh v. Germany), N54810/00; (დიდი პალატა), §95, 96; ECtHR; 11.07.2011).
9. სასამართლოს მიაჩნია, რომ განხილულ საქმეზე არსებული ყველა მტკიცებულება მოპოვებულია და ამ საქმეზე სამართალწარმოების განხორციელებისას შემოწმებულია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პირობებში, რა დროსაც როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს სრული შესაძლებლობა ჰქონდათ, წარმოედგინათ თავიანთი მტკიცებულებები, მონაწილეობა მიეღოთ მოწინააღმდეგე მხარის მტკიცებულებების გამოკვლევაში და ჯეროვნად დაეცვათ თავიანთი პოზიციები. ამ მხრივ, მოცემული საქმის წარმოებისას დაცვის მხარისათვის სრულად იყო უზრუნველყოფილი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული – სამართლიანი სასამართლოს უფლება. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს არავითარი საფუძველი ეჭვისათვის იმ მტკიცებულებების ლეგიტიმურობის თვალსაზრისით, რომლებზეც სასამართლო აფუძნებს თავის გადაწყვეტილებას. რაც შეეხება ამ მტკიცებულებათა უტყუარობასა და საკმარისობას გონივრულ ეჭვს მიღმა ნაწილი ბრალდებულისთვის გამამტყუნებელი განაჩენის, ზემოთ წარმოდგენილი და გაანალიზებული გარემოებების გათვალისწინებით, ამ მხრივაც ვერ იქნება აღნიშნული მტკიცებულებები საეჭვოდ მიჩნეული, რადგან ასეთი ეჭვისათვის არ მოიპოვება დასაბუთებული და რელევანტური საფუძველი, მით უფრო დაცვის მხარეს სადავოდ არცერთი ფაქტი არ გაუხდია.
10. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მთავარი აქცენტი კეთდება შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობით, სასამართლო კამათის პირობებში განხილულ მტკიცებულებებზე. კოდექსი თანაბარ შესაძლებლობებს უქმნის როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარეს მათ მიერ მტკიცებულებათა მოპოვების, ასევე სასამართლოს წინაშე მათი წარმოდგენის მხრივ. მხარეები ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად მოიპოვებენ მტკიცებულებებს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ ლემ--------------ნმა ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
11. ლემ--------------ნის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
12. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიმართ დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
13. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ლემ--------------ნს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს ჯარიმა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ლემ--------------ნის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
14. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 500 (ხუთასი) ლარით და საბოლოოდ, ლემ--------------ნს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1.500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ლემ--------------ნი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2.000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 500 (ხუთასი) ლარით და საბოლოოდ, ლემ--------------ნს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1.500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ლემ--------------ნის გირაოს უზრუნველსაყოფად ყადაღადადებულ უძრავ ქონებას, ლემ--------------ნის პ/ნ 61--------- საკუთრებაში არსებულს მდებარე: ო--------თი, ფა-------------ის ქ. N1 (ზონა - ო--------თი 26, სექტორი - ქ. ო--------თი 26, კვარტალი - 01, ნაკვეთი - 366, კოდი - 01/027, საკადასტრო კოდი - 26.26.01.366.01.027) 20.000 (ოცი ათასი) ლარის ღირებულების წილს.
ნივთიერი მტკიცებულება:
რა------------–ის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი აუდიოჩანაწერი, დაერთოს სს საქმეს მისი შენახვის ვადით.
500 აშშ დოლარზე და საბანკო ქვითრებზე ბედი გადაწყდეს გამოყოფილ სს საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვტილების მიღების შემდეგ.
ლემ--------------ნის ,,SONY’’-ს ფირმის მობილური ტელეფონი, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ანდა მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
რა------------–ის და ქრ--------------ძის ხმის ნიმუშები, დაერთოს სს საქმეს მისი შენახვის ვადით.
ლემ--------------ნის, რუს-–----------იძის, კა---–---–---–--ძის და ვახ------------ანის ხმის ნიმუშები, დაერთოს სს საქმეს მისი შენახვის ვადით.
დეტალური ინფორმაცია ერთ ცალ CD დისკზე, დაერთოს სს საქმეს მისი შენახვის ვადით.
განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: დავით მამისეიშვილი