გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.02.2020
საქმის ნომერი
330210018002641647
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო, სესხი
თარიღი
28.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/27489-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

28 თებერვალი, 2020 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნინო მამულაშვილი

სხდომის მდივანი ქეთევან ლაზარაშვილი

 

მოსარჩელე - სს ,,მი--------------------ი“

წარმომადგენელი - ვე------------ა

მოპასუხეები - ვა---–------–---–ი, ლე------------ე

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება.

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს - ვა---–------–---–სა და ლე------------ეს მოსარჩელე სს ,,მი--------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროთ ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხის ძირითადი თანხა - 5489.89 ლარი, სარგებელი - 5365.74 ლარი და პირგასამტეხლო - 3126 ლარი;

 

1.2. მოპასუხეებს - ვა---–------–---–სა და ლე------------ეს მოსარჩელე სს ,,მი--------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გირავნობის მოწმობის სანაცვლოდ გადახდილი საზღაური - 50 ლარი და გირავნობის მოწმობის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების ხარჯი 100 ლარი.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

2017 წლის 18 იანვარს მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მხარეებს შორის გაფორმდა შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ. მოსარჩელემ მოპასუხეს, 5.4%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 5600 ლარის ოდენობით.

 

მოპასუხე ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 36 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი ავტომობილი - ბ--------. მსესხებლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები დამატებით უზრუნველყოფილი იყო ლე------------ის თავდებობით.

 

მოპასუხის მიერ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული მხოლოდ ორი თვის (18.02.2017; 18.03.2017) გადასახადი გადახდილია სრულად და ჯეროვნად. შესაბამისად, წინამდებარე სარჩელის აღძვრის მომენტისათვის, მოპასუხეებს მოსარჩელის მიმართ სოლიდარულად ერიცხებათ შემდეგი დავალიანება: სესხი - 5489.89 ლარი; სარგებელი - 2017 წლის 18 აპრილის და ყოველი მომდევნო თვის 18 რიცხვისათვის სესხის დარჩენილი ნაწილის 5.4%, რაც შეადგენს 296.45 ლარს. ვინაიდან სარჩელის აღძვრის მომენტისთვის გასულია 18 თვე და 3 კალენდარული დღე, დარიცხული სარგებელი შეადგენს 5365.74 ლარს და პირგასამტეხლო - თითოეული ვადაგადაცილებული დღისთვის 6 ლარის ოდენობით, ვინაიდან 2017 წლის 18 აპრილიდან გასულია 521 კალენდარული დღე, პირგასამტეხლო შეადგენს 3126 ლარს.

 

არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, ხელშეკრულებით დადგენილი წესით მსესხებელს გაეგზავნა შეტყობინება დაგირავებული ავტომობილის მოგირავნისათვის გადაცემის მოთხოვნით, თუმცა ვალდებულება მოპასუხეს არ შესრულებულა.

 

ავტომობილის მფლობელობაში გადმოცემისა და მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით კანონით დადგენილი წესით 2018 წლის 2 მარტს შსს ,,მო-----------------------ს“ მიერ გაცემული გირავნობის მოწმობის საფუძველზე 2018 წლის 3 მაისს დაიწყო სააღსრულებო წარმოება - ავტომობილი იძებნებოდა, თუმცა ვერ მოხერხდა მისი მოძიება.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

მოპასუხე ვა---–------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა როგორც სესხის საპროცენტო განაკვეთის, ასევე დარიცხული პირგასამტეხლოს არაგონივრულ ოდენობაზე;

შესაგებელი არ წარმოუდგენია და სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა მოპასუხე ლე------------ე, რომლისთვისაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად ცნობილი იყო სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის თარიღი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 18 იანვარს სს ,,მი--------------------სა“ და ვა---–------–---–ს შორის დაიდო საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ N------------ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, განისაზღვრა საკრედიტო ხაზის მაქსიმალური მოცულობა - 6600 ლარი. სესხი მსესხებელს გადაეცემოდა ერთიანად ან ნაწილ-ნაწილ, მსესხებლის მოთხოვნილი ოდენობით, არაუგვიანეს ამგვარი მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

 

სესხის დაბრუნებისა და სარგებლის გადახდის, აგრეთვე შესაძლო ზიანის (პირგასამტეხლო, ჯარიმა, გირავნობის საგნის მოვლა-შენახვის (როცა აღნიშნული ხორციელდება მოგირავნის მიერ), დაზღვევის, სასამართლო, რეალიზაციის, სააღსრულებო, გამსესხებლის იურიდიული მომსახურების ხარჯები და სხვა) ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, დამგირავებელმა მოგირავნის სასარგებლოდ გირავნობით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის მახასიათებლებია: მარკა, მოდელი: ბ--------, სარეგისტრაციო ნომერი: V------, გამოშვების წელი - 2---, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო N W----------------, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა: A--------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ N------------ ხელშეკრულება (ს.ფ. 19-24);

 

3.1.2. 2017 წლის 18 იანვარს მოსარჩელესა და ვა---–------–---–ს შორის დაიდო საკრედიტო შეთანხმება N-----------, რომლის თანახმადაც მოპასუხეზე გაიცა სესხი 5600 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადა შეადგენდა 36 თვეს; სესხის საპროცენტო განაკვეთი ყოველთვიური 5.4%, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 64.80%. ყოველთვიური შენატანი (სესხის ძირითადი თანხა და სარგებელი) განისაზღვრა 356 ლარით; შეთანხმებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო მსესხებლის მიერ ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებისთვის - გადახდის ვადის 1-დან 5 კალენდარული დღის ჩათვლით ვადაგადაცილების შემთხვევაში თითოეული ვადაგადაცილებული დღისთვის 4 ლარი, ხოლო გადახდის ვადის მე-6 დღიდან თითოეული ვადაგადაცილებული დღისთვის - 2 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 18 იანვრის შეთანხმება N----------- (ს.ფ. 26-27).

- გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 28).

 

3.1.3. 2017 წლის 18 იანვარს სს ,,მი--------------------სა“ და ლე------------ეს შორის დაიდო ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ. თავადებმა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა ვა---–------–---–ის მიერ N----------- ხელშეკრულებით ან/და მის საფუძველზე დადებული საკრედიტო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვან შესრულებაზე ზღვრული თანხის ფარგლებში.

 

თავდების პასუხისმგებლობა შემოიფარგლა ზღვრული თანხით - 19 800 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- წერილობითი განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ (ს.ფ. 30);

- ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ (ს.ფ. 31-32);

 

3.1.4. მოპასუხეებს მოსარჩელის მიერ გაეგზავნათ წერილობითი გაფრთხილება და მოითხოვნა დავალიანების ნებაყოფლობით დაფარვისათვის თაობაზე. სს ,,მი--------------------მა“ ვა---–------–---–ს მოსთხოვა მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დატვირთული, მოპასუხის საკუთრებაში და მფლობელობაში არსებული ავტომანქანის გადაცემა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გაფრთხილების წერილები (ს.ფ. 33-35);

- საფოსტო უკუგზავნილები (ს.ფ. 36-37);

 

3.1.5. მსესხებლის მიერ საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებით/შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, კრედიტორის მიმართვის საფუძველზე 2018 წლის 2 მაისს სსიპ ს---------–----–------------------------------ მო-----------------------მ გასცა გირავნობის მოწმობა N------, რომლის თანახმადაც, რეგისტრირებულია გირავნობა 2018 წლის 18 იანვრის N------------ სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოგირავნე - სს ,,მი--------------------ი“, დამგირავებელი - ვა---–------–---–ი, გირავნობის საგანი: მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის მახასიათებლებია: მარკა, მოდელი: ბ--------, სარეგისტრაციო ნომერი: V------, გამოშვების წელი - 2---, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო N W----------------, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა: A--------.

 

გირავნობის მოწმობის საფუძველზე დაიწყო იძულებითი აღსრულება, თუმცა ავტომანქანა ვერ იქნა მოძიებული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გირავნობის მოწმობა (ს.ფ. 38);

- ხელშეკრულება სააღსრულებო მომსახურების შესახებ (ს.ფ. 44-46);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.6. მოპასუხეებს მოსარჩელის მიმართ ერიცხებათ დავალიანება, სესხის ძირითადი თანხა - 5489.89 ლარი, დარიცხული სარგებელი 5365.74 ლარი, პირგასამტეხლო - 3126 ლარი, სააღსრულებო წარმოების ხარჯი 150 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ 49);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი);.

- გაფრთხილების წერილები (ს.ფ. 33-35);

 

3.1.7. შპს ''მი---------------------ა'' შეეცვალა სამართლებრივი ფორმა და გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას და დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულებით შეთანხმებული წლიური საპროცენტო განაკვეთის ოდენობა წარმოადგენს უცილოდ ბათილ შეთანხმებას, ხოლო დარიცხული პირგასამტელოს ოდენობა როგორც შეუსაბამოდ მაღალი უნდა შემცირდეს - აღნიშნულზე სასამართლო იმსჯელებს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ''მი--------------------ის'' სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 8-ე, 54-ე, 62-ე, 417-420, 623-ე, 625-ე, 891-ე, 895-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგია, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე და მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას. კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს (319-ე მუხლი) და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ როგორც ხელშეკრულების შინაარსი, ასევე მისი შესრულების მექანიზმი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას, მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 18 იანვარს სს ,,მი--------------------სა“ და ვა---–------–---–ს შორის დაიდო საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ N----------- ხელშეკრულება; ხელშეკრულების საფუძველზე კი საკრედიტო შეთანხმება N-----------, რომლის თანახმადაც მოპასუხეზე გაიცა სესხი 5600 ლარის ოდენობით; კრედიტის ვადა შეადგენდა 36 თვეს; სესხის საპროცენტო განაკვეთი ყოველთვიური 5.4%, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 64.80%. ყოველთვიური შენატანი (სესხის ძირი და სარგებელი) განისაზღვრა 356 ლარით. შეთანხმებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო მსესხებლის მიერ შესრულების ვადაგადაცილებისთვის - გადახდის ვადის 1-დან 5 კალენდარული დღის ჩათვლით ვადაგადაცილების შემთხვევაში თითოეული ვადაგადაცილებული დღისთვის 4 ლარი, ხოლო გადახდის ვადის მე-6 დღიდან თითოეული ვადაგადაცილებული დღისთვის - 2 ლარის ოდენობით.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებით აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 18 იანვარს სს ,,მი--------------------სა“ და ლე------------ეს შორის დაიდო ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ და თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 19 800 ლარით.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები (სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას). შესრულების ვალდებულება კი პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, უდავო ფაქტობრივი გარემოებებია რომ: მსესხებელის მიერ დარღვეულ იქნა შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად კრედიტორის სასარგებლოდ, ყოველთვიურად თანხის გადახდის ვალდებულება.

 

შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხეთათვის სოლიდარულად 2017 წლის 18 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის - 5489.89 ლარის დაკისრება.

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის დანაწესით ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ამავე კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც.

 

საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა დაამკვიდროს დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო. ყოველივე აღნიშნულის საფუძველი კი სტაბილური ეკონომიკური ბრუნვა და ბრუნვის მონაწილეთა ძირითადი უფლებების დაცვაა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გარიგება ან მისი ესა თუ ის პირობა ზნეობრივ ნორმებთან და საჯარო წესრიგთან შეუსაბამოა, როდესაც ის ეწინააღმდეგება სოციალური სამართლიანობის პრინციპს, ხელშეკრულების მხარეს აყენებს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში. შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული როგორც თითოეული გარიგების შინაარსი და მისი სამართლებრივი ბუნება, ასევე მისი პირობების შედარება სამოქალაქო ბრუნვაში ანალოგიური ეკონომიკური დანიშნულების მქონე გარიგებების შინაარსთან, ასევე ის გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც გამოავლინა გარიგების დადების ნება მხარემ.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სახელმძღვანელო დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპია. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ (სსკ-ის 8.3 მუხლი). ''უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები'' (სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი). შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა და უდავოა, რომ სწორედ მის მიერ იქნა განსაზღვრული სესხის სარგებელი - ყოველთვიური 5,4%. მართალია, ამ შეთავაზებას მსესხებელი მხარე დაეთანხმა, მაგრამ ამით სამართლებრივი სურათი არ იცვლება, რადგანაც მოსარჩელე მოქმედებდა სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ: ,,თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე“. ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და მოსარჩელე (სარგებლის მიმღები) მოქმედებდა ცალსახად არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები და მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი სესხის წლიური სარგებლის 64.8%-ით განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სარგებლის მართლზომიერების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი და სსსკ 102-ე მუხლის პირველი ნაწილების თანახმად. ამრიგად, მხარეთა შორის დადებული 2017 წლის 18 იანვრის ხელშეკრულების (საკრედიტო შეთანხმების) დებულება, რომლითაც გამსესხებელმა სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი განსაზღვრა, მაშინ როდესაც არ არსებობდა ასეთი მოქმედების ლეგიტიმური მიზანი, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით უცილოდ ბათილია, რაც არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას სსკ-ის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე (აღნიშნული დასაბუთება სრულად შეესაბამება საქართელოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას, იხ. სუსგ, საქმე N663-629-2015, 28.07.2015 წელი).

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე სარჩელით ითხოვს მოპასუხისათვის საპროცენტო სარგებლის გადახდის დაკისრებას ყოველთვიურად სესხის დარჩენილი ნაწილის 5.4%-ის (296.45 ლარის) ოდენობით - 18 თვეზე (18.04.17წ-დან 18.09.18წ-მდე) და 3 კალენდარულ დღეზე გადაანგარიშებით, რაც ჯამში შეადგენს 5365.74 ლარს.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლოს მხარეთა ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიაჩნია, სესხის ყოველთვიურ საპროცენტო განაკვეთად განისაზღვროს ძირითადი თანხის - 20%. შესაბამისად, საპროცენტო სარგებლის თანხა უნდა განისაზღვროს სესხის ძირითადი თანხის - 5489.89 ლარის წლიური 20%-ით, რაც შეადგენს - 1097.97 ლარს (თვეში - 91.49 ლარს) და მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სარგებელი 18 თვესა და 3 კალენდარული დღეზე გაანგარიშებით, ჯამში - 1655.96 ლარის ოდენობით.

 

6.5. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად კი, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რომლის წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთის მხრივ მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ხოლო მეორე ფუნქცია მისი მდგომარეობს განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად. ვალდებულების დამრღვევ მხარეს პირგასამტეხლო ეკირება იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.

 

განსახილველ შემთხვევაში, 2017 წლის 18 იანვარს სს ,,მი--------------------სა“ და ვა---–------–---–ს შორის გაფორმებული N------------ საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებით და 2017 წლის 18 იანვარს მხარეებს შორის დადებული შეთანხმებით (N-----------) გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო მსესხებლის მიერ - გადახდის ვადის 1-დან 5 კალენდარული დღის ჩათვლით ვადაგადაცილების შემთხვევაში თითოეული ვადაგადაცილებული დღისთვის 4 ლარი, ხოლო გადახდის ვადის მე-6 დღიდან თითოეული ვადაგადაცილებული დღისთვის - 2 ლარის ოდენობით.

 

წინამდებარე სარჩელით, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო, ყოველდღიურად 6.0 ლარის ოდენობით, რაც 521 კალენდარულ დღეზე (2017 წლის 18 აპრილიდან სარჩელის შეტანამდე) გადაანგარიშებით, შეადგენს 3126 ლარს;

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

აღნიშნული ნორმის დანაწესის საფუძველზე სასამართლო განმარტავს: მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და დავის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს კი წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან და საქმეზე დადგენილი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს რომ პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციის და ვალდებულების შეუსრულებლობის ხასიათისა და ხანგრძლივობის გათვალისწინებით მოპასუხეთათვის დაკისრებული პირგასამტეხლო 6 ლარი (0.1%) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, როგორც შეუსაბამოდ მაღალი უნდა შემცირდეს 0.05%-მდე და უნდა განისაზღვროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირითადი თანხის _ 5489.89 ლარის 0.05%-ის (2.74 ლარი) ოდენობით, რაც 521 დღეზე დაანგარიშებით შეადგენს 1430 ლარს. სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული სრულად უზრუნველყოფს მოპასუხეთა მიერ შესასრულებელი ფულადი ვალდებულების დარღვევისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას.

 

საბოლოოდ მოპასუხეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სესხის ძირითადი თანხის, საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს გადახდა, ჯამში - 8575.85 (5489.89+1655.96+1430) ლარის ოდენობით.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2681-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი მხარეთა შორის შეთანხმებულია 2017 წლის 18 იანვრის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებით (იხ. 8.15. პუნქტი). შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

დადგენილია რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი 423.94 ლარის ოდენობით. ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რის გამოც მოპასუხეებს - ვა---–------–---–ს და ლე------------ეს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გაღებული ხარჯის ანაზღაურება დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად - 261.77 ლარის ოდენობით, ხოლო სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია რომ მოსარჩელეს გადახდილი აქვს გირავნობის მოწმობის საზღაური - 50 ლარი, ასევე გაღებული აქვს გირავნობის მოწმობის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების ხარჯი - 100 ლარი, რომლის ანაზღაურებაც მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სოლიდარულად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-ე, 249-ე, 257-ე, 268-270-ე, 364-ე, 369-ე მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,,მი--------------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხეებს - ვა---–------–---–სა და ლე------------ეს მოსარჩელე სს ,,მი--------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების - 8575.85 ლარის გადახდა, საიდანაც, სესხის ძირითადი თანხაა - 5489.89 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 1655.96 ლარი და პირგასამტეხლო - 1430 ლარი.

 

3. მოპასუხეებს - ვა---–------–---–სა და ლე------------ეს სს ,,მი--------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ, მოსარჩელის მიერ გაღებული გირავნობის მოწმობის საფასურის - 50 ლარის, ასევე გირავნობის მოწმობის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების ხარჯის - 100 ლარის ანაზღაურება.

 

4. ვა---–------–---–სა და ლე------------ეს სს ,,მი--------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 261.77 ლარის ანაზღაურება.

 

5. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით თბილისის საქალაქო სასამართლოს (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო მამულაშვილი