გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 2/758-2019
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
08 იანვარი, 2020 წელი ქ. სამტრედია
შესავალი ნაწილი
სამტრედიის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნონა ზარქუა
სხდომის მდივანი - გიორგი ბარაბაძე
მოსარჩელე - ნ-------–---–ი;
წარმომადგენელი - ს--------------–-–---–ი;
მოპასუხე - ზ-------–---------ე;
დავის საგანი - არასრულწლოვანი შვილის აღსაზრდელად ალიმენტის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
არასრულწლოვანი შვილის - მ-------–---------ის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით, ასევე გასული 3 წლიანი პერიოდისათვის ყოველთვიურად 200 ლარის დაკისრება.
მოსარჩელის განმარტებით, მას და ზ-------–---------ეს ჰყავთ საერთო შვილი, 2----–-–----------ს დაბადებული მ-------–---------ე. ისინი არ ცხოვრობენ ერთად ოჯახად უკვე დიდი ხანია. ბავშვი 8 თვის იყო როცა მათი ოჯახური თანაცხოვრება შეწყდა და მას შემდეგ სრულიად მარტოს, მამის დახმარების გარეშე უწევს მისი აღზრდა. მოპასუხის მხრიდან არათუ მატერიალური დახმარება, არამედ ბავშვთან ყოველგვარი კომუნიკაცია შეწყვეტილი აქვს, რაც ძალიან რთულად გასაგებია ბავშვისათვის. ვინაიდან მშობლები ვალდებულნი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, მოპასუხის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით ის თავისუფლად შეძლებს ყოველთვიურად გადაიხადოს 200 ლარი, როგორც გასულ 3 წლიან პერიოდზე, ისე შვილის სრულწლოვანებამდე. მოპასუხე დასაქმებულია კერძო სექტორში. მოსარჩელე არ მუშაობს, პერიოდულად დადის თურქეთში. ცხოვრობს მშობლებთან და ძმასთან ერთად, მატერიალურად დამხმარე არავინ არ ჰყავს.
2.მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ზ-------–----------ემ სარჩელი სცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ იგი აცნობიერებს თავის როგორც მშობლის პასუხისმგებლობას არასრულწლოვანი შვილის წინაშე და ვალდებულებას, არჩინოს იგი სრულწლოვანების მიღწევამდე, მაგრამ იგი ამჟამად არ არის დასაქმებული. პერიოდულად მუშაობს საგზაო სამუშაოებზე. არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება სხვა პირთან, ამავე ქორწინებიდან ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილები დ--- და ე-–--------–---------ეები, რომელთა მიმართ ასევე გააჩნია ვალდებულებები. ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იღებს პენსიას. შექმნილი რთული სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ შეუძლია გადაიხადოს ალიმენტი თვეში 100 ლარის ოდენობით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ნ-------–---–ს და ზ-------–---------ეს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - 2----–-–----------ს დაბადებული მ-------–---------ე. არასრულწლოვანი შვილი ცხოვრობს დედასთან ერთად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 15).
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი (სასამართლოს 2019 წლის 13 დეკემბრის სხდომის ოქმი).
3.1.2. მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. ზ-------–---------ე იმყოფება მეორე ქორწინებაში.
მეორე ქორწინებიდან ჰყავს არასრულწლოვანი შვილები 2----–-–---------------ს დაბადებული ე-–--------–---------ე და 2---–-–------------------ს დაბადებული დ--- წ---------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობები (ს.ფ. 28-29 )
3.1.3. მოპასუხე ზ-------–---------ე პერიოდულად დასაქმებულია საგზაო სამუშაოებზე და არ აქვს სტაბილური შემოსავალი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი (სასამართლოს 2019 წლის 13 დეკემბრის სხდომის ოქმი).
3.1.4. მოსარჩელე ნ-------–---–ი სამუშაოდ იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი (სასამართლოს 2019 წლის 13 დეკემბრის სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1 ზ-------–---------ე არ ღებულობს მონაწილეობას არასრულწლოვანი შვილის მ-------–---------ის რჩენა-აღზრდაში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე მონაწილეობას არ იღებს არასრულწლოვანი შვილის აღზრდაში. მოპასუხე მხარე აღნიშნული გარემოების გასაქარწყლებლად შემოიფარგლა სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით, რაც სასამართლოსთვის არ არის სარწმუნო და საკმარისი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ამასთან, მხარეთა რეალური მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე, 1163-ე, 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილი, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე, მუხლები.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 20 ნოემბრის “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენცია (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან);
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 20 ნოემბრის “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.
აღნიშნული კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.
ამავე კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
6.2 “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის 27-ე მუხლის თანახმად, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
კონვენციის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში.
6.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე და 1213-ე მუხლების თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.
აღნიშნულ ნორმათა ანალიზის შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობელს, რომელთანაც შვილი არ იზრდება და რომელიც ყოველდღიურად არ მონაწილეობს ბავშვის აღზრდა-განვითარებაში, ალიმენტის სახით, უნდა დაეკისროს იმ ოდენობით თანხის გადახდა, რაც უზრუნველყოფს ბავშვის აღზრდა-განვითარებისთვის აუცილებელი ხარჯის მინიმუმს და ამავდროულად, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მშობლების (და შვილების) რეალური მატერიალური მდგომარეობა.
განსახილველ შემთხვევაში, ზ-------–---------ეს ალიმენტის გადახდა ეკისრება მცირეწლოვანი შვილის სასარგებლოდ, რომელიც საცხოვრებლად მასთან არ იმყოფება. შესაბამისად, ზ-------–---------ის ვალდებულება შემოფარგლულია მხოლოდ დაკისრებული თანხის გადახდით. სასამართლო ითვალისწინებს, რომ არასრულწლოვანი ბავშვი ცხოვრობს დედის ნ-------–---–ის რჩენა-კმაყოფაზე, გასათვალისწინებელია, რომ სხვა მატერიალურად თანამდგომი პირი, რომელიც დახმარებას უწევდეს ოჯახს, საქმეში არ ჩანს.
ასევე საგულისხმოა ის გარემოება, რომ მოპასუხე ზ-------–---------ეს მეორე ქორწინებიდან ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი ელისაბედ და დ--- წ---------ეები და მათ წინაშე ასევე გააჩნია რჩენა აღზრდის ვალდებულება, ზ-------–---------ე მუშაობს პერიოდულად საგზაო სამუშაოებზე და არ აქვს სტაბილური შემოსავალი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ზ-------–---------ემ მის მიერ წარმოდგენილ შესაგებელში სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ 100 ლარის მოთხოვნის ნაწილში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნ-------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს, რაც გამოიხატება ბავშვისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნაში, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. ალიმენტის ოდენობის დადგენისას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები უნდა განისაზღვროს მისი ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. არასრულწლოვანის აღზრდის, მისი განვითარებისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ მისი ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ არასრულწლოვანის უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც მას ასაკის ზრდასთან ერთად მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას, სხავადასხვა სოციალურ, სპორტულ, კულტურულ, საგანმანათლებლო თუ გასართობ აქტივობებში მონაწილეობის გზით. ასაკის მატებასთან ერთად გაზრდილია არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც.
სასამართლო ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს არასრულწლოვანი ბავშვის ასაკს და აქედან გამომდინარე მოთხოვნილებებსა და საჭიროებებს, გარემოებას იმის თაობაზე, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. მშობლებს გააჩნიათ თანაბარი ვალდებულება იზრუნონ შვილების ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი შვილებთან ერთად.
შვილების აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას, ვალდებულება უპირობოა და არ არის დამოკიდებული რაიმე სხვა წინაპირობაზე. მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი. სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური მაღალი ფიქსირებული შემოსავალი, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, სახელმწიფოში დადგენილი საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვის ასაკის, ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში 150 ლარი.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას.
სასამართლო განმარტავს, რომ წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, იმის დასადგენად თუ რა ზომები ჰქონდა მიღებული სარჩოს მისაღებად და რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას. გამომდინარე აღნიშნულიდან, მოსარჩელეს მოთხოვნა წარსული დროის ალიმენტის დაკისრების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ 100 ლარის ნაწილში, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახ. ბაჟის გადახდისაგან. შესაბამისად, ზ-------–---------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 41-ე, 55-ე, 208-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ნ-------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. მოპასუხე ზ-------–---------ეს არასრულწლოვანი შვილის – 2----–-–----------ს დაბადებული მ-------–---------ის რჩენა – აღზრდისათვის დაეკისროს ყოველთვიურად ალიმენტი 150 ლარის ოდენობით, სარჩელის შემოტანიდან 2019 წლის 06 ნოემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
1.2. უარი ეთქვას ნ-------–---–ს წარსული დროის ალიმენტის ზ-------–---------ისათვის გადახდევინების თაობაზე.
2. მოპასუხე ზ-------–---------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქ----------------------------) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. ს--------------------------------).
მოსამართლე ნონა ზარქუა