გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 19.03.2020
საქმის ნომერი
330310019003332733
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
19.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/9542-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

19 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დავით წერეთელი

სხდომის მდივანი თამილა ახვლედიანი

 

მოსარჩელე - მი------ სა------ე

 

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი - სი---- ბე------–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 22 ნოემბრის №0------- წერილობითი მიმართვა გარდაცვლილი პირის პირველი რიგის მემკვიდრისათვის - მოსარჩელე მი------ სა------ისათვის, მისი მამკვიდრებლის მიერ მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ;

 

1.2. დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, მოსარჩელე მი------ სა------ის სასარგებლოდ, მისი მამკვიდრებლის მიერ, 2019 წლის აპრილისა და მაისის მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურება 400 ლარის ოდენობით;

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ სარჩელი არ ცნო, მისმა წარმომადგენელმა განმარტა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის და სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

მოსარჩელის დედის - და-------- შე----–--ს მიერ, მისი კუთვნილი სახელმწიფო პენსიის აღების მიზნით გაცემულ მინდობილობას ვადა გაუვიდა 2019 წლის მარტში, ხოლო მან, სახელმწიფო პენსიის გამცემ ბანკს - „ლიბერთი ბანკს“ განცხადებით მიმართა 2019 წლის 16 თებერვალს და ავადმყოფობის გამო, ითხოვა სახელმწიფო პენსიის ბინაზე მიღება - საცხოვრებელ მისამართზე მომსახურება.

 

მოსარჩელე მი------ სა------ის დედას - და-------- შე----–--ს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის ტერიტორიული ერთეულის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით შეუჩერდა სახელმწიფო პენსიის გაცემა 2019 წლის 1 აპრილიდან იმ საფუძვლით, რომ მის მიერ, რწმუნებულზე (სახელმწიფო პენსიის ამღებზე) გაცემულ მინდობილობას გაუვიდა ვადა. ამასთან, აღნიშნული თარიღიდან მას სახელმწიფო პენსია არ მიუღია.

 

მოსარჩელის დედას - და-------- შე----–-- გარდაიცვალა 2019 წლის 30 მაისს, ხოლო მოსარჩელე მი------ სა------ე არის მისი პირველი რიგის მემკვიდრე - შვილი.

 

მოსარჩელე მი------ სა------ემ, 2019 წლის 14 ნოემბერს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და ითხოვა მისი დედის მიერ, 2019 წლის აპრილის და მაისის მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურება.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2019 წლის 22 ნოემბრის წერილობითი მიმართვით, მოსარჩელე მი------ სა------ის განცხადება არ დაკმაყოფილდა იმის გამო, რომ მისი დედის გარდაცვალებამდე არ მიუმართავს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის სახელმწიფო პენსიის განახლების მოთხოვნით.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის ტერიტორიული ერთეულის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება (ს.ფ. 19);

- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 15);

- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 16);

- განცხადება (ს.ფ. 13);

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 22 ნოემბრის №0------- წერილობითი მიმართვა (ს.ფ.17-18);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მი------ სა------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტი, ევროპის სოციალური ქარტია, ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 22 ნოემბრის №0------- წერილობითი მიმართვა გარდაცვლილი პირის პირველი რიგის მემკვიდრისათვის - მოსარჩელე მი------ სა------ისათვის, მისი მამკვიდრებლის მიერ მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველია. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობის საგანს, ასევე წარმოადგენს მოსარჩელის მოთხოვნა, მისი მამკვიდრებლის მიერ მიუღებელი სახელმწიფო პენსიის, მის სასარგებლოდ ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

6.2. სასამართლო პირველ ყოვლისა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა, რომ დაამკვიდრონ, მათ შორის სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო.

 

ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა პენსიის მიღება კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას. სახელმწიფო პენსია სოციალური სოლიდარობის პრინციპის რეალიზაციის ერთ-ერთ ძირითად ფორმას წარმოადგენს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. 1996 წლის 3 მაისის ევროპის სოციალური ქარტიის პირველი ნაწილის 23-ე პუნქტის მიხედვით, ხელმომწერი მხარეები (სახელმწიფოები) აღიარებენ ხანდაზმულ პირთა მიმართ სოციალური დაცვით სარგებლობის უფლებას, ხოლო მე-2 ნაწილის 23-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულ პირთა მიერ სოციალური დაცვის უფლებით სარგებლობის მიზნით სახელმწიფო ვალდებულებას იღებს უზრუნველყონ ხანდაზმულთა დარჩენა საზოგადოების სრულფასოვან წევრებად, რაც შეიძლება დიდხანს. ამავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აღნიშნული გამოიხატება ადეკვატური სახსრების გამოყოფით, რაც საშუალებას მისცემს მათ იცხოვრონ ღირსეულად და აქტიური მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.

 

სასამართლო მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით.

 

„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების ძირითადი უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია ასევე პირის მოთხოვნის უფლება, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე წარმოეშობა მას და იგი ისეთივე დაცვის ღირსი ობიექტია, როგორც მთლიანად საკუთრების უფლება. შესაბამისად, კანონმდებლობის საფუძველზე წარმოშობილი მატერიალური, თუ ფინანსური სარგებლის მიღების უფლება პირის საკუთრების უფლებით დაცული სფეროს შემადგენელი ნაწილია და მისი განკარგვის, დაცვის, შეცვლის და ა.შ. მოთხოვნის შესაძლებლობა საკუთრების ძირითადი უფლებიდან გამომდინარეობს.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლითაც კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება სწორედ ასეა განმარტებული (იხ. თუნდაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება №1/14/184,228 საქმეზე სააქციო საზოგადოებები - „საქგაზი“ და „ანაჯგუფი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, გვ.5) კერძოდ, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლება პირველ რიგში გულისხმობს საკუთრების უფლების ყველასათვის თანაბრად აღიარებასა უზრუნველყოფას, იმისაგან დამოუკიდებლად, თუ რა სახით ვლინდება საკუთრების უფლება - ფიზიკურ ნივთებზე უშუალო საკუთრების უფლებით, თუ მოთხოვნის უფლებაზე საკუთრებით. იქვე, საკონსტიტუციო სასამართლო უთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, რომლის მიხედვითაც მოთხოვნის უფლება, ასევე შეიძლება განხილულ იქნეს როგორც საკუთრების უფლება.

 

ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი ოქმის თანახმად, ყოველ პირს აქვს მისი საკუთრების პატივისცემის უფლება. პენსიის მოთხოვნა შესაძლოა მიჩნეულ იქნეს პირველი ოქმის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკუთრებად (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 18.11.2004წ. დადგენილება საქმეზე „პრავედნაია რუსეთის წინააღმდეგ“). პენსია სოციალური უზრუნველყოფის განსხვავებული ტიპის ბენეფიტია, ის წარმოიშობა უფლების საფუძველზე, მიუხედავად პირის ქონებრივი მდგომარეობისა. საქმეზე „სტეკი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, პრეცედენტულ სამართალში შენატანების საფუძველზე უზრუნველყოფილი დახმარებების საქმეები გაიმიჯნა იმ საქმეებისაგან, რომლებიც შენატანებთან არ იყო დაკავშირებული. ახალი მიდგომის თანახმად, თუ მოქმედი კანონმდებლობა უზრუნველყოფს სოციალური კეთილდღეობის დახმარებას - შენატანების წინასწარი გადახდის ან გადაუხდელობის პირობით, ასეთი კანონმდებლობა განხილული უნდა იქნეს, როგორც მესაკუთრის ინტერესის წარმომშობი, რაც პირველი ოქმის პირველი მუხლის ფარგლებში ექცევა მათთვის, ვინც ამ კანონმდებლობის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოში მრავალი ადამიანი, სრულიად ან ნაწილობრივ, სოციალურ დახმარებებზეა დამოკიდებული. მრავალი შიდასახელმწიფოებრივი სისტემა აღიარებს, რომ ასეთ პირებს სჭირდებათ საიმედოობის და უსაფრთხოების გარკვეული ხარისხი. აქედან გამომდინარე, სოციალური დახმარება განიხილება, როგორც უფლება.

 

6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ეს კანონი არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს.

 

მითითებული კანონის მე-16 მუხლი ითვალისწინებს პენსიის შეჩერება/განახლების საფუძვლებს, კერძოდ, ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პენსია შეჩერდება სხვა საფუძვლით, თუ იგი ამ კანონიდან გამომდინარეობს ამ საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო პენსიის დანიშვნის და გაცემის წესის (დანართი №1) მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსია შეჩერდება ქვემოთ ჩამოთვლილი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან პენსიონერის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა, ანუ როდესაც არ ხდება მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა ზედიზედ 6 თვის განმავლობაში. ასევე, იმ გარემოების არსებობა, როდესაც საპენსიო ანგარიშებიდან თანხები გაიცემა მინდობილობით და მინდობილობის გაცემიდან 1 წლის გასვლის შემდეგ არ მომხდარა მინდობილობის განახლება. აგრეთვე, ისეთი გარემოების არსებობა, როდესაც პირი ახორციელებს პენსიის დეპოზიტზე გადატანას და 1 წლის გასვლის შემდეგ პირადად, არ მიუმართავს პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულებისათვის შესაბამისი განცხადებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე მი------ სა------ის დედას - და-------- შე----–--ს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის ტერიტორიული ერთეულის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით შეუჩერდა სახელმწიფო პენსიის გაცემა 2019 წლის 1 აპრილიდან იმ საფუძვლით, რომ მის მიერ, რწმუნებულზე (სახელმწიფო პენსიის ამღებზე) გაცემულ მინდობილობას გაუვიდა ვადა. ამასთან, აღნიშნული თარიღიდან მას სახელმწიფო პენსია არ მიუღია.

 

სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო პენსიის დანიშვნის და გაცემის წესის (დანართი №1) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, პენსიონერისათვის პენსიის მიტანა ბინაზე ხორციელდება განსაკუთრებულ შემთხვევებში პენსიის გამცემ საბანკო დაწესებულებაში პენსიონერის წერილობითი განცხადების საფუძველზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელის დედის - და-------- შე----–--ს მიერ, მისი კუთვნილი სახელმწიფო პენსიის აღების მიზნით გაცემულ მინდობილობას ვადა გაუვიდა 2019 წლის მარტში, ხოლო მან, სახელმწიფო პენსიის გამცემ ბანკს - „ლიბერთი ბანკს“ განცხადებით მიმართა 2019 წლის 16 თებერვალს და ავადმყოფობის გამო, ითხოვა სახელმწიფო პენსიის ბინაზე მიღება - საცხოვრებელ მისამართზე მომსახურება.

 

ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ პენსიის მიმღებმა - და-------- შე----–--მ, სიცოცხლეში, მინდობილობის ვადის გასვლამდე და სახელმწიფო პენსიის შეჩერებამდე, კანონით დადგენილი წესით მიმართა შესაბამის საბანკო დაწესებულებას უშუალოდ მისთვის სახელმწიფო პენსიის ბინაზე მიტანის მოთხოვნით, რაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და შესაბამისი საბანკო დაწესებულების მიერ არ იქნა უზრუნველყოფილი.

 

სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო პენსიის დანიშვნის და გაცემის წესის (დანართი №1) მე-10 მუხლის პირველი პუნქტის, „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, პენსიონერის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვალებამდე მიუღებელი საპენსიო თანხები პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე (შვილები, მშობლები, მეუღლე) ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ პენსიონერის გარდაცვალებამდე კუთვნილი მიუღებელი საპენსიო თანხა მოქმედი კანონმდებლობის დაცვით ჩარიცხულია საბანკო ანგარიშზე ან მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით საპენსიო თანხა არ არის ჩარიცხული საბანკო ანგარიშზე.

 

ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ პირველი რიგის მემკვიდრეებს აქვთ უფლება მიიღონ პენსიონერის მიერ, მის გარდაცვალებამდე მიუღებელი საპენსიო თანხები, თუ მან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, კანონის დარღვევის გამო ვერ მიიღო აღნიშნული თანხა. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე მი------ სა------ის დედას - და-------- შე----–--ს, კანონის საფუძველზე ჰქონდა მიმართული შესაბამისი საბანკო დაწესებულებისათვის, კუთვნილი სახელმწიფო პენსიის ავადმყოფობის გამო ადგილზე მიტანის მოთხოვნით, მისთვის საპენსიო თანხების დაკავება კანონის დარღვევით განხორციელდა, რის გამოც მის პირველი რიგის მემკვიდრეს უფლება აქვს მიიღოს, მის სიცოცხლეში მიუღებელი საპენსიო თანხები.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელის დედას - და-------- შე----–-- გარდაიცვალა 2019 წლის 30 მაისს, ხოლო მოსარჩელე მი------ სა------ე არის მისი პირველი რიგის მემკვიდრე - შვილი. ამასთან, მოსარჩელე მი------ სა------ემ, 2019 წლის 14 ნოემბერს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და ითხოვა მისი დედის მიერ, 2019 წლის აპრილის და მაისის მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურება.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2019 წლის 22 ნოემბრის წერილობითი მიმართვით, მოსარჩელე მი------ სა------ის განცხადება არ დაკმაყოფილდა იმის გამო, რომ მისი დედის გარდაცვალებამდე არ მიუმართავს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის სახელმწიფო პენსიის განახლების მოთხოვნით.

 

გარდა აღნიშნულისა, სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებები, რომლებიც მას ადმინისტრაციული კანონმდებლობით აქვს მინიჭებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით ან რეალაქტებით რეალიზდება.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება – გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების ერთ-ერთი საფუძველია. შესაბამისად, კონკრეტული იურიდიული ფაქტი, რაც ადმინისტრაციული კანონმდებლობით არის განსაზღვრული, წარმოადგენს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს, რომელიც სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს სათანადო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შედეგად.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილზე და 54-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელთა მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა წერილობით ან ზეპირად. დაინტერესებული მხარის მოთხოვნით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზღუდავს პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, ასევე კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებიდან 3 დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობით. თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და მისი დაინტერესებული პირისათვის გაცნობის კანონით დადგენილი სავალდებულო პირობა, კონკრეტული უფლების შეზღუდვის თაობაზე, დაინტერესებული პირის ინფორმირებასა და მის მიერ საკუთარი უფლებების და ინტერესების დაცვას ემსახურება მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფო პენსიის შეჩერების შემთხვევაში, პენსიონერის გარდაცვალებამდე, მის მიერ, პენსიის განახლების მოთხოვნის წარუდგენლობის გამო, მის მემკვიდრეებს კანონით ეზღუდებათ უფლება მოითხოვონ მიუღებელი სახელმწიფო პენსია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული საკითხი სწორედ ასეა შეფასებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ. სასამართლოს მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებაში ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებებსა და დასკვნებზე, ადმინისტრაციულ საქმეზე Nბს-575-572(კ-17), სადაც საკასაციო პალატამ განმარტა, რომ ,,კანონით განსაზღვრული სახელმწიფო პენსიის გაცემის შეჩერება-შეწყვეტის საფუძვლები წარმოადგენენ კონკრეტული პირის მიმართ სახელმწიფო გასაცემლის შეჩერება-შეწყვეტის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის პირობას და არა თავად ინდივიდუალურ აქტებს. ის გარემოება, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის დანაწესის თანახმად, პენსია შეჩერდება კანონით გათვალისწინებული შეჩერების ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, არ ნიშნავს იმას, რომ კანონით გათვალისწინებული შეჩერების საფუძვლის წარმოშობის შემთხვევაში არ არსებობს სახელმწიფო პენსიის შეჩერების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საჭიროება.“

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ სახელმწიფო პენსიის შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილება პენსიის მიმღებს, მოსარჩელის დედას - და-------- შე----–--ს არ ჩაბარებია და არ გასცნობია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან, აღნიშნული თარიღიდან მას სახელმწიფო პენსია არ მიუღია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია მითითება, პენსიონერის მიერ გარდაცვალებამდე, შეჩერებული პენსიის განახლების შესახებ განცხადების წარუდგენლობაზე, რადგან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (გადაწყვეტილების) პენსიონერისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისა და ინფორმირებულობის გარეშე, შეუძლებელია პირმა პენსიის განახლება მოითხოვოს, იმისათვის, რომ პენსიონერმა პენსიის განახლება მოითხოვოს, იგი ინფორმირებული უნდა იყოს კანონით დადგენილი წესით სახელმწიფო პენსიის მისთვის შეჩერების თაობაზე. როგორც ზემოთ განიმარტა, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობის კანონით დადგენილი სავალდებულო პირობა სწორედ დაინტერესებული პირის კანონიერი ინტერესის დაცვას ემსახურება.

 

სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ კანონით გათვალისწინებული საფუძვლით მოსარჩელე მი------ სა------ის მამკვიდრებლის - და-------- შე----–--ს სახელმწიფო პენსიის შეჩერების თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობის შემთხვევაში, მისთვის იმთავითვე ცნობილი იქნებოდა სახელმწიფო პენსიის შეჩერებისა და მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების თაობაზე, რაც მის მიერ, საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დაცვის შესაძლებლობას უზრუნველყოფდა.

 

6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოებს უკრძალავს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელებას და იქვე განსაზღვრავს, რომ უფლებამოსილებით გადამეტებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.

 

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 331-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მი------ სა------ის სარჩელი სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით საფუძვლიანია, ადგილი აქვს საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული უფლებების, შესაბამისად, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც ბათილად უნდა იქნას ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 22 ნოემბრის №0------- წერილობითი მიმართვა გარდაცვლილი პირის პირველი რიგის მემკვიდრისათვის - მოსარჩელე მი------ სა------ისათვის, მისი მამკვიდრებლის მიერ მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ.

 

ამასთან, გამომდინარე იქედან, რომ სასამართლომ კანონშეუსაბამოდ მიიჩნია გარდაცვლილი პენსიონერის მიერ მიუღებელი სახელმწიფო პენსიის, მისი პირველი რიგის მემკვიდრისათვის ანაზღაურებაზე, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უარი, მასვე უნდა დაევალოს მოსარჩელე მი------ სა------ისათვის, მისი მამკვიდრებლის მიერ მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურება.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, აგრეთვე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე და მოპასუხე გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, 22-ე, 24-ე, 32-ე, 331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მი------ სა------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 22 ნოემბრის №0------- წერილობითი მიმართვა გარდაცვლილი პირის პირველი რიგის მემკვიდრისათვის - მოსარჩელე მი------ სა------ისათვის, მისი მამკვიდრებლის მიერ მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ;

 

3. დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, მოსარჩელე მი------ სა------ის სასარგებლოდ, მისი მამკვიდრებლის მიერ, 2019 წლის აპრილისა და მაისის მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურება 400 ლარის ოდენობით;

 

4. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე დავით წერეთელი