გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.02.2020
საქმის ნომერი
010210018002731431
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
05.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210018002731431

2-4845/18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

05/02/2020 წელი ქ.ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე

სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე

 

მოსარჩელე: შპს ,,ვ-----–----------------ი“

წარმომადგენელი: რ---------------ე

მოპასუხე: გ------- გ-------–--ე

წარმომადგენელი: ნ---------------ა

დავის საგანი: თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. მოსარჩელის პოზიცია:

შპს ,,ვ-----–----------------მა“ სასარჩელი აღძრა გ------- გ-------–--ის მიმართ და სასარჩელო განცხადებით მოითხოვა მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისროს 2775,5 ლარის გადახდა. მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა შეამცირა და საბოლოოდ მოითხოვა მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისროს 2675,5 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

2018 წლის 14 სექტემბერს, ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,ვ-----–----------------მა“ გ------- გ-------–--ეს მიყიდა 3287,5 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების საქონელი. შეძენილი საქონლის ღირებულება მოპასუხეს უნდა გადაეხადა არაუგვიანეს 2018 წლის 15 სექტემბრისა. მან საქონლის ღირებულების ნაწილი გადაიხადა, მაგრამ გადასახდელი აქვს 2675,5 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი სცნო. დაადასტურა, რომ მოსარჩელისაგან შეიძენა გარკვეული საქონელი და გადასხდელი აქვს 2675,5 ლარი. მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა უარყო მოსარჩელისაგან საქონლის შეძენა. მოითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

საქმეში უდაო ფაქტობრივი გარემოებები არარსებობს.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. მხარეთა შორის ძირითადი სადაო ფაქტობრივი გარემოებაა გ------- გ-------–--ის მიერ მოსარჩელისაგან სხვადასხვა დასახელების საქონლის შეძენა.

 

3.2.2. სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

3.2.3. სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ს მე-4 მუხლი წარმოადგენს დისპოზიციურობის გამოვლენის პრინციპის ამსახველს. ამ პრინციპის მიხედვით ფაქტობრივი გარემოებების დადგენაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. ისინი თავად განსაზღვრავენ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ის ფაქტობრივი გარემოება, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტბრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მიერ შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საყურადღებოა ის გარემოება, რომ როდესაც მხარეები დაობენ ფაქტობრივ გარემოებაზე, ასეთ შემთხვევაში მათი ვალდებულებაა სადაო გარემოებებთან დაკავშირებით წარმოადგინონ მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემს ანალიზის საშუალებას და შეუქმნის ფაქტის არსებობის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მხარეებზე უნდა გადანაწილდეს სწორად. მხარეებს უნდა დაეკისროთ ისეთი ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოცემულ შემთხევაში შპს ,,ვ-----–----------------მა“ უნდა დაამტკიცოს, რომ გ------- გ-------–--ეს მიყიდა სხვადასხვა დასახელების საქონელი, რომლის ღირებულების ნაწილი 2675,5 ლარი მოპასუხეს გადასახდელი აქვს.

3.2.4. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება არ გამორიცხავს მხარეთა უფლებას, წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომელიც არაა დაკავშირებული დაკისრებული მტკიცების ტვირთთან, მაგრამ დაკავშირებულია საქმის სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან. ამ გზით ისინი შეძლებენ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.

 

3.2.5. მოსარჩელემ ნასყიდობის ფაქტის დადასტურებისათვის წარმოადგინა სასაქონლო ზედნადებები, რომელშიც მითითებულია, რომ 2018 წლის 14 სექტემბერს გ------- გ-------–--ემ შპს ,,ვ-----–----------------ისაგან“ შეიძინა სხვადასხვა დასახელების საქონელი.

იხ. სასაქონლო ზედნადებები ს.ფ. 13-17

 

3.2.6. საქმეში წარმოდგენილია შპს ,,ვისო ავტო ექსპრესსა“ და გ------- გ-------–--ეს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც გ------- გ-------–--ემ 2018 წლის 14 სექტემბერს შპს ,,ვ-----–----------------ისაგან“ შეიძინა 3287,5 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების საქონელი. აქტს ხელს აწერს, როგორც მოსარჩელის წარმომადგენელი, ისე გ------- გ-------–--ე.

იხ. მიღება-ჩაბარების აქტი. ს.ფ. 84

 

3.2.7. გარდა ზედნადებებისა და მიღება-ჩაბარების აქტისა, მოსარჩელე ნასყიდობის ფაქტს ამტკიცებს დავალიანების დაფარვის შესახებ შეთანხმებით. დასახელებული შეთანხმება 2018 წლის 18 სექტემბრს შედგენილია შპს ,,ვისო ავტო ექსპრესსა“ და გ------- გ-------–--ეს შორის. შეთანხმებაში მითითებულია, რომ გ------- გ-------–--ეს შპს ,,ვ-----–----------------ის მიმართ გააჩნია 2995,5 ლარის დავალიანება. გ------- გ-------–--ემ დავალიანება უნდა დაფაროს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

- 1000 ლარი - არაუგვიანეს 2018 წლის 18 ოქტომბრისა;

- 1000 ლარი - არაუგვიანეს 2018 წლის 18 ნოემბრისა;

- 1000 ლარი - არაუგვიანეს 2018 წლის 18 დეკემბრისა;

იხ. შეთანხმება დავალიანების დაფარვის შესახებ.

 

3.2.8. სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელისაგან საქონლის შეძენა ფაქტობრივი გარემოებაა. მის დამტკიცებაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისა და მოსარჩელისაგან მოპასუხის მიერ საქონლის შეძენისა. მოსარჩელემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება და დაამტკიცოს, რომ მან ნასყიდობაზე გარიგება დადო მოპასუხესთან. ამ ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულების გაბათილება, მოპასუხის ვალდებულებაა. სწორედ ამიტომაც მხარეებს აკისრიათ ფაქტების დადგენისათვის მტკიცებულებების წარმოდგენის მოვალეობა. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. შესაბამისად მათ მიერ წარმოდგენილი თითოეული მტკიცებულება ფასდება სასამართლოს მიერ. გარიგების შინაარსის დადგენის ყველაზე ,,კარგი“ მტკიცებულება, წერილობით დადებული გარიგებაა. თუ მხარეებს აქვთ წერილობით გაფორმებული შეთანხმება, ბუნებრივია საკითხის გადაწყვეტის დროსაც ეს წერილობითი დოკუმენტი უნდა იქნას გამოკვლეული და შეფასებული. საქმეში წარმოდგენილია 2018 წლის 14 სექტემბრის სასაქონლო ზედნადებები, რომელიც ადასტურებს, რომ მოპასუხემ მოსარჩელისაგან შეიძინა გარკვეული საქონელი და გადაზიდა ტრანსპორტით. საქმეში წარმოდგენილია მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც გ------- გ-------–--ეს დადასტურებული აქვს 2018 წლის 14 სექტემბერს მოსარჩელისაგან 3287,5 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების საქონლის მიღება. ასევე საქმეში წარმოდგენილია შეთანხმება დავალიანების დაფარვის შესახებ, რომელიც შედგენილია 2018 წლის 18 სექტემბერს. აღნიშნული შეთანხმება ადასტურებს მას, რომ 2018 წლის 18 სექტემბერამდე მოპასუხემ გადაიხადა შეძენილი საქონლის ღირებულების ნაწილი და დავალიანება 3287,5 ლარიდან შეამცირა 2995,5 ლარამდე. 2018 წლის 18 სექტემბერს კი დაგეგმეს დარჩენილი ვალის დაფარვის გეგმა. მიღება-ჩაბარების აქტს და შეთანხმებას ხელს აწერს გ------- გ-------–--ე. ის ხელშეკრულებაზე ხელისმოწერას სადაოდ არ ხდის. ეს იმას ნიშნავს, რომ 2018 წლის 14 სექტემბერს მხარეებს შორის საქონლის ნასყიდობა ნამდვილად შედგა. თუ ეს გარემოება ასე არაა, მაშინ მოპასუხემ უნდა ახსნას რატომ მიიღო სასაქონლო ზედნადები, რატომ მონაწილეობს მიღება-ჩაბარებს აქტში, რატომ დაადასტურა 18 სექტემბრის მდგომარეობით მოსარჩელის მიმართ 2995,5 ლარის ვალი, მის მიერ წარმოდგენილი 100 ლარის ქვითარით რა ვალი დაიფარა და შესაგებლით რატომ დაადასტურა ვალის არსებობა. მოპასუხეს ამ საკითხებზე ობიექტური პასუხები არ აქვს. თვით მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები კი ადასტურებს მოპასუხის მიერ მოსარჩელისაგან საქონლის შეძენას და 2675,5 ლარის დავალიანების არსებობას.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია სრულად. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2675,5 ლარის გადახდა.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

- ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია.

- ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმი.

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

- საქართველოს კონსტიტუცია.

 

6.სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით დაცულია სასამართლოსათვის მიმართვის უფლება. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხეს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ეკისრებოდა შეძენილი საქონლის ღირებულების გადახდის მოვალეობა. მას გადასახდელი აქვს 2675,5 ლარი. სასამართლო განმარტავს, რომ თუ მოპასუხემ მოსარჩელისაგან შეიძინა საქონელი და მის გამყიდველს არ გადაუხადა ნასყიდობის საფასური სრულად, მაშინ მისი ასეთი ქმედება უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს შეძენილი საქონლის ფასის გადახდა.

 

6.2. უდაოა, რომ მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეს დაეკისროს თანხის გადახდა. თანხის მოთხოვნის უფლება შესაბამისი საფუძვლის გარეშე არ არსებობს. მას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა (საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მეორე მხარესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობა ნასყიდობის ხელშეკრულებაა. შესაბამისად მათ შორის წარმოშობილი დავა უნდა დარეგულირდეს ნასყიდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმებით.

 

6.3. მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის საფუძვლებიდან. დასახელებული ნორმით: - ,,1. ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი”.

,,2. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება”.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ შპს ,,ვ-----–----------------ის“ საქმიანობის საგანია სხვადასხვა საქონლის რეალიზაცია. გ------- გ-------–--ეს სურდა მოსარჩელისაგან სხვადასხვა დასახელების საქონლის შეძენა. მოსარჩელისა და მოპასუხის ინტერესები დაემთხვა ერთმანეთს, რის შედეგადაც მხარეებმა გამოავლინეს გარიგების დადების ნება და მის საფუძველზე 2018 წლის 14 სექტემბერს დადეს ნასყიდობის ზეპირი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მხარეები შეთანხმდნენ მასზედ, რომ მოსარჩელე გ------- გ-------–--ეს მიყიდდა სხვადასხვა საქონელს. თავის მხრივ გ------- გ-------–--ე შეძენილი საქონლის ღირებულებას გადაიხდიდა მეორე დღეს ანუ 2018 წლის 15 სექტემბერს.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდეგ მოპასუხემ შეიძინა მოთხოვნის უფლება, კერძოდ მოსარჩელისაგან მოეთხოვა ნასყიდობის საგნის გადაცემა. მოსარჩელემ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეს 2016 წლის 14 სექტემბრს გადასცა შეძენილი საქონელი. ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისა და საქონლის გადაცემის შემდეგ, მოსარჩელემ შეიძინა უფლება მოითხოვოს სანაცვლო ვალდებულების შესრულება, ანუ ნასყიდობის საფასურის გადახდა. ნასყიდობის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, რომლის დადებასაც უნდა მოჰყვეს ნასყიდობის საგნის გადაცემა, ხოლო საგნის გადაცემას უნდა მოჰყვეს ფასის გადახდა. მოპასუხე მოვალე იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ ნასყიდობის ფასი მესაკუთრისათვის გადაეხადა დათქმულ ვადაში და ხელშეკრულებაში მითითებული ოდენობით. ასეთი მოვალეობა მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მხარეები სახლეშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ ნასყიდობის საგნის გადაცემას, უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება. მოპასუხემ შეძენილი საქონლის ღირებულების ნაწილი - გადაიხადა. არ გადაიხადა 2675,5 ლარი. მართალია მოპასუხე ამტკიცებს, რომ მას საქონელი არ შეუძენია, მაგრამ მან ვერ შეასრულა თავისი საპროცესო მოვალეობა და სარჩელისაგან თავი ვერ დაიცვა. წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მოპასუხეს მოსარჩელისაგან შეძენილი აქვს სხვადასხვა დასახელების საქონელი. მათი შეძენის შემდეგ, მოპასუხის მოვალეობა იყო გადაეხადა მისი ღირებულება. მიუხედავად ამისა მან ფასი სრულად არ გადაიხადა. მას გადასახდელი აქვს 2675,5 ლარი. ფასის ნაწილობრივი გადაუხდელობით მან დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს ნასყიდობის ფასის სრული გადახდა. მოპასუხეზე 2675,5 ლარის დაკისრებით, აღსდგება მხარეთა თანასწორობა და ვალდებულებაც შესრულდება სრულად. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით სარჩელი ნასყიდობის საგნის ღირებულების გადახდის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის I ნაწილით პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ხოლო მესამე ნაწილით სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ ბაჟის ოდენობა გამოიანგარიშა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დაცვით. დასახელებული ნორმით სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა. სამოქალაქო სსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტით ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელის დროს დავის საგნის ფასი განისაზღვრება გადასახდელი თანხით. საქმეში მოსარჩელე დაობს 2675,5 ლარზე. ამ თანხის 3 % შეადგენს 100 ლარზე ნაკლებს და წარმოადგენს მაგიტრატ მოსამართლის განსჯადს, სამოქალაქო სსკ-ის 41-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე გადასხდელი ბაჟის ოდენობა შეადგენს 50 ლარს.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელეს სახ. ბაჟი წინასწარ აქვს გადახდილი. სარჩელის დაკმაყოფილების გამო ბაჟის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს. მასვე უნდა დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინებით სასამართლომ საქმეზე გამოიყენა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო გ------- გ-------–--ის (პ/ნ 6----------) საბანკო ანგარიშებს საქართველოში რეგისტრირებულ საბანკო დაწესებულებებში, დავალიანების 2775.5 ლარის ფარგლებში, 200 ლარს ზემოთ ანგარიშზე ჩარიცხულ ან/და არსებული თანხის 50 %-ს, გარდა სახელმწიფოს მიერ გასაცემი სოციალური დახმარების თანხებისა.

 

2019 წლის 30 აპრილს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა გ------- გ-------–--ის საჩივარი. ამჟამად სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გ------- გ-------–--ის (პ/ნ 6----------) საბანკო ანგარიშებს ყადაღა ადევს 2775.5 ლარის ფარგლებში, 300 ლარს ზემოთ ანგარიშზე ჩარიცხულ ან/და არსებული თანხის 50 %-ს, გარდა სახელმწიფოს მიერ გასაცემი სოციალური დახმარების თანხებისა.

 

შემაჯამებელი გადაწყვეტილებით უნდა გადაწყდეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი. სარჩელის განხილვით სასამართლომ დაადგინა, რომ სარჩელი საფუძვლიანია 2675,5 ლარის ნაწილში. გადაწყვეტილების აღსრულებას აუცილებლად დასჭირდება მოპასუხის მატერიალური აქტივები. სწორედ ეს პრინციპი უდევს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას საფუძვლად. სარჩელის დაკმაყოფილების გამო უზრუნველყოფის ღონისძიება საქ. სსკ-ის 1991-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით უნდა დარჩეს ძალაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შპს ,,ვ-----–----------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად.

2. გ------- გ-------–--ეს, შპს ,,ვ-----–----------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2675,5 ლარის გადახდა.

3. გ------- გ-------–--ეს, შპს ,,ვ-----–----------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის 50 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება.

4. საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს ძალაში.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ბათუმი, ს.ზუბალაშვილის 30).

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. №30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე