განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100120003524019
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
საქმე N1/136-20 25 მარტი, 2020 წელი ქ. ზუგდიდი
მოსამართლე შოთა ბიჭია
სხდომის მდივანი თათია აქუბარდია
სხდომის სახე - ღია
1. ბრალდების მხარე:
1.1. პროკურორი მ---------------
2. დაცვის მხარე:
2.1. ბრალდებული გ-------–--------------------–----------------–-------–-–----------------------------–----------–---------------------------------------–-------------------–----–----------–-------------------------–----------------------------------–------------------–-------------------------------------------------------–-------–---------------–-----------
ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი
ქმედების შემადგენლობა: ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები
2020 წლის 16 თებერვალს, დაახლოებით 14:00 საათზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ა----–--–-, რ---------–--------------–- მდებარე საცხოვრებელი სახლის წინა ტერიტორიაზე გ-------–-------–--მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ერთხელ დაარტყა ხელი სახის არეში ქ-----------–---–ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
2.1. ძალადობა
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არც ერთი მონაწილე მათ საეჭვოდ არ ხდის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, რაც მითითებული კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობის რეალიზაციის პროცედურულ ნაწილს არეგულირებს.
საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას იცნობს ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006)).
უნდა აღინიშნოს, რომ ძალადობა შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით აქტში და შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა ფორმით, მათ შორის ერთჯერადი დარტყმის გზით.
ის, რომ ბრალდებულმა გ-------–-------–--მ დაარტყა დაზარალებულ ქ-----------–---–ს, მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს. აღნიშნული ფაქტი მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ ბრალდებულის ჩვენებით, დაზარალებულის ქ-----------------ს, მოწმეების: ნ------------–---–-ს, ა---------–--ს, მ---------------ს, ნ----------–--ს გამოკითხვის ოქმებით და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა გ-------–-------–--მ დაარტყა ხელი ქე------------–---–ს სახის არეში.
2.2. რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი
საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა აღიარა ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, დაცვის მხარე დაეთანხმა ბრალდების დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და უდავოდ ცნო მათ დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრული მოცულობით, რითაც დაეთანხმა ბრალდების მხარის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულის თაობაზე მხარეთა შორის შეთანხმების არსებობის საფუძველზე, ვინაიდან მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, ისინი სასამართლო სხდომაზე არ იქნა გამოკვლეული. საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მათ მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტების დამადასტურებელ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ, უტყუარ, ეჭვის გამომრიცხავ უდავო მტკიცებულებებად, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და რომლებიც საკმარისია ობიექტური პირის იმაში დარწმუნებისათვის, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედება.
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს ძალადობას, დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს და მიზეზობრივ კავშირს მოქმედებასა და შედეგს შორის.
სსკ-ის მე-8 მუხლის მიხედვით, თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.
იმისათვის, რომ დადგინდეს, ადამიანმა ძალადობის შედეგად განიცადა თუ არა ტკივილი, აუცილებელია ამაზე მიმანიშნებელი მტკიცებულებების არსებობა. ძალადობამ შეიძლება დატოვოს კვალი ადამიანის სხეულზე, თუმცა შესაძლებელია, ასეთი კვალი არც დარჩეს.
ბრალდებულის მიერ ქ-----------–---–ისთვის დარტყმის შედეგად დაზარალებულების ფიზიკური ტკივილის განცდა მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. ბრალდებულ ბრალდებულის ჩვენებით, დაზარალებულის ქ-----------------ს, მოწმეების: ნ------------–---–-ს, ა---------–--ს, მ---------------ს, ნ----------–--ს გამოკითხვის ოქმებით და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით დადასტურებულია, რომ ბრალდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორციელებულმა ძალადობამ გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.
სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობის არსებობისთვის აუცილებელია, რომ მას შემდეგად არ მოჰყვეს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ამდენად, ვინაიდან სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობაში არის მითითება სსკ-ის 120-ე მუხლზე, აუცილებელია ამ უკანასკნელის გაცნობაც. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას, რამაც გამოიწვია მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ იკვეთება ბრალდებულის ქმედების შედეგად დაზარალებულის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა, აღნიშნულის შესახებ არც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაშია რაიმე მითითება, რა დროსაც მოქმედებს ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი ისევე, როგორც საქმესთან დაკავშირებული ყველა გარემოების დადასტურების თაობაზე პროკურორის მოვალეობის არსებობის პრინციპი. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ ბრალდებულების ქმედებებისთვის მინიჭებული კვალიფიკაცია სამართლებრივად სწორია.
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილში პირდაპირ არ არის მინიშნება დანაშაულის სუბიექტურ შემადგენლობაზე, თუმცა ამის შესახებ დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი ნაწილი, კერძოდ, მისი მე-10 მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის მიხედვითაც გაუფრთხილებლობით ჩადენილი ქმედება მხოლოდ მაშინ ჩაითვლება დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. ამდენად, თუ გაუფრთხილებლობით ქმედების ჩადენის შესახებ არ არის მითითებული სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამის მუხლში, იგულისხმება, რომ ის მხოლოდ განზრახ ჩადენის შემთხვევაშია დანაშაული. ამდენად, დადგენილია, რომ სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის სუბიექტური შემადგენლობის აუცილებელი ელემენტია განზრახვა. საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას. სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელის დაზარალებულისთვის დარტყმით ბრალდებული აცნობიერებდა, რომ ჩადიოდა კანონით აკრძალულ - მართლსაწინააღმდეგო - ქმედებას და იმავდროულად ითვალისწინებდა, რომ მის ქმედებას შეიძლებოდა მოჰყოლოდა დაზარალებულის ტკივილის შეგრძნება და არაფერი უღონია ამ შედეგის თავიდან ასაცილებლად, რაც მიუთითებს ტკივილის განზრახ მიყენებაზე.
3. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლი პირველი ნაწილი აწესებს სასჯელს ძალადობისთვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადასტურებული პრეიუდიციულად მიჩნეული ფაქტებით დადგენილია, რომ გ-------–-------–--მ ჩაიდინა სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება.
საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც უდავოდ არის ცნობილი დაცვის მხარის მიერ, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც რამაც ნუკრი გოგუა ცნობილ უნდა იქნენ დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messegue and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
გ-------–-------–--ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს დანაშაულის აღიარება, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა.
გ-------–-------–--ს პასუხისგებლობის დამამძიმებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ გამოკვეთილა.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
ბრალდებულებისთვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს (გაბრაზება და ძველი წყენის გახსენება), მიზანს (დაზარალებულებისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენების სურვილი), ბრალდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლების დარღვევა), ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს (სიმთვრალეში ხელის დარტყმა სახის არეში), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (ტკივილის შეგრძნების გამოწვევა), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი), პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (აღიარა დანაშაული, ხელი შეუწყო ხელი სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას), ბრალდებულის პიროვნებას.
სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციას, კერძოდ, ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
მართალია, სანქციაში არ არის მითითებული თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ზომა, თუმცა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში მინიმალური სასჯელი შეადგენს თავისუფლების აღკვეთას 6 თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი. თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
რაც შეეხება სასჯელის კონკრეტული სახის გამოყენებას, სასამართლო განმარტავს, რომ, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ბრალდებული და დაზარალებული დიდი ხანია ერთმანეთში კონფლიქტში არიან და არ ივიწყებენ ძველ წყენას. ამდენად, კონკრეტული ქმედების წინაპირობების, ჩადენის ხერხის და მომავალში მსგავსი ქმედების თავიდან არიდებისათვის არ არის საკმარისი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ან ჯარიმის გამოყენება. რაც შეეხება სასჯელის ზომას, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებებისა და მოსალოდნელი საფრთხეების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ-------–-------–--ს უნდა განესაზღვროს მუხლის სანქციით თავისუფლების აღკვეთის სახით განსაზღვრული სასჯელის მინიმალური ზომა.
ზემოაღნიშნულ გარემოებებთან ერთად სასამართლო ითვალისწინებს იმას, რომ სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაულებრივი ქმედება და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისთვის. განსახილველ შემთხვევაში მსჯავრდებული არ არის ნასამართლევი, რაც, აღიარებისა და გამოძიებასთან თანამშრომლობის გათვალისწინებით იძლევა საფუძველს, დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობით მსჯავრად.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ ბრალდებულისათვის ბრალად წარდგენილი ქმედება ბრალდებულის მიერ განხორციელდა ნასვამ მდგომარეობაში. ამდენად, კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის შესაბამისად, გ-------–-------–--ს უნდა დაეკისროს მოვალეობა, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ქ-----------–---–ისთვის წინასწარი თანხმობის გარეშე არ მიუახლოვდეს მას, ასევე გამოსაცდელი ვადის განმავლობაში არ მიიღოს ალკოჰოლი.
პირობითი მსჯავრის პერიოდში გამოსაცდელი ვადის განმავლობაში გ-------–-------–--ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება, დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე თვალყურის დევნა დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 25-ე, 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ-------–-------–-- საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად 1 წლის და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის შესაბამისად, გ-------–-------–--ს დაეკისროს მოვალეობა, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ქ-----------–---–ის წინასწარი თანხმობის გარეშე არ მიუახლოვდეს მას, ასევე გამოსაცდელი ვადის განმავლობაში არ მიიღოს ალკოჰოლი.
მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის პერიოდში, ასევე დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე თვალყურის დევნა დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებები: ტანსაცმელი დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს; ანაწმენდებისა და ნერწყვის ნიმუშები - განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შოთა ბიჭია