გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.03.2020
საქმის ნომერი
010210020003457961
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
27.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210020003457961

საქმე №2-400/20

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 მარტი, 2020 წ ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე

სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე

მოსარჩელეები - ე------ ა----ი, გ------- ა----ი

წარმომადგენელი - პ----------–----ე, ვ--------–-----–--ე

მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის აჭარის სამოქალაქო რეესტრის სამსახური.

წარმომადგენელი - ი-----–- წ-----

დავის საგანი: მცირეწლოვანი ბავშვის მშობლებად აღიარება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. 2019 წლის 17 ნოემბერს დაბადებული ე---- ა----ის მშობლებად აღიარებული იქნენ მოსარჩელეები ერდენ ა----ი და გ------- ა----ი და შეტანილი იქნეს შესაბამისი დამატება ე---- ა----ის დაბადების სააქტო ჩანაწერებში (აქტის ჩანაწერის N077219035146), რომლის თანახმადაც 2019 წლის 17 ნოემბერს დაბადებული ე---- ა----ის მამად მიეთითოს ე------ ა----ი (დაბადებული 3---------–------------------), დედად კი ჩაეწეროს გ------- ა----ი (დაბადებული: 3---------–------------------).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

მოსარჩელეები ე------ ა----ი და გ------- ა----ი არიან თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები და იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ გ------- ა----ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისი დაფეხმძიმება შეიცავდა სიცოცხლისათვის სახიფათო რისკებს, რის გამოც წყვილმა გადაწყვიტა ხელოვნური განაყოფიერების გზით შვილის გაჩენა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2.2. 2018 წლის 27 აპრილს ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის გაინო ლაიფის (ყნოლიფე) ხელოვნური განაყოფიერების ცენტრში მოხდა გ------- ა----ის კვერცხუჯრედების შეგროვება. ამავე ცენტრში მოხდა აღნიშნული კვერცხუჯრედების განაყოფიერება მისი მეუღლის, ე------ ა----ის სპერმასთან და შეიქმნა ემბრიონი.

 

საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე დგინდება, რომ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობის თანახმად ამავე სამინისტროს კოორდინაციის კომიტეტის თანხმობით გაინო ლაიფის ცენტრიდან დოღუშის ხელოვნური განაყოფიერების ცენტრში მიტანილი იქნა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეების, ერდენ ა----ისა და გ------- ა----ის კუთვნილი გაყინული ემბრიონები, რომელიც ამავე კომიტეტის თანხმობით გადატანილი იქნა საქართველოს მოქალაქე ნ---- ო-----–--ის სხეულში.

 

ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს 2019 წლის 27 მარტის #ZAB.0.00-607/11-19-E.1267 წერილში აღნიშნულია, რომ „ადამიანის უჯრედის, ქსოვილისა და ორგანოს გადანერგვის შესახებ 357/2014 კანონის თანახმად, თქვენს მიერ ჩემთვის გადმოგზავნილი მომართვის წერილი „სუროგატი დედით სარგებლობის შესახებ“ შეფასებული იქნა ზემოთ ხსენებული კანონის საფუძველზე და გაცემულია თანხმობა მასზედ, რომ წყვილის - გ------- ა----ისა და ე------ ა----ის ემბრიონები გადატანილი იქნეს ნ---- ო-----–--ის საშვილოსნოში.“

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ემბრიოლოგიის ლაბორატორიის ემბრიონის განვითარების შემოწმების ანგარიში.

- დოღუშის ხელოვნური განაყოფიერების ცენტრის 2019 წლის 27 მარტის წერილი.

- ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს 2019 წლის 27 მარტის წერილი.

 

3.2.3. 2019 წლის 14 მარტს ერთის მხრივ, ე------ ა----ს, გ------- ა----ს და მეორეს მხრივ, სუროგატ დედას - ნ---- ო-----–--ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ემბრიონის სუროგატი დედის საშვილოსნოში გადატანისა და გაზრდის მომსახურების შესახებ, რომელიც თავის დროზე არ იქნა დამოწმებული სანოტარო წესით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-2019 წლის 14 მარტის ხელშეკრულება ემბრიონის სუროგატი დედის საშვილოსნოში გადატანისა და გაზრდის მომსახურების შესახებ.

 

3.2.4. სასამართლო იზიარებს მოსარჩელეების მტკიცებას, რომ სუროგატი დედის, ნ---- ო-----–--ის მშობიარობა დაგეგმილი ქონდათ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკაში, თუმცა როგორც საქმეში წარმოდგენილი შპს „აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრის“ მიერ გაცემული ცნობით დგინდება, ნ---- ო-----–--ეს ორსულობის პერიოდში შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები, კერძოდ ნ---- ო-----–--ის ორსულობის პერიოდში 2-ჯერ სისხლდენისა და მეორე სისხლდენის დროს ერთი კვირით თბილისის საავადმყოფოში ჰოსპიტალიზაციის, ასევე ორსულობის უმეტესი ნაწილის წოლით რეჟიმში გატარების გამო ვერ მოხერხდა მის მგზავრობა.

 

ასევე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ნ---- ო-----–--ის მშობიარობა განხორციელდა დაგეგმილზე ადრე მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში და 2019 წლის 17 ნოემბერს დაიბადა მამრობითი სქესის ახალშობილი ე---- ა----ი, რომლის გენეტიკურ მშობლებს წარმოადგენენ ე------ ა----ი და გ------- ა----ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- ცნობა N8721 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

- სამახსოვრო ბარათი დაბადების მოწმობის გაცემის შესახებ.

- წერილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალს.

- ემბრიოლოგიის ლაბორატორიის ემბრიონის განვითარების შემოწმების ანგარიში.

- დოღუშის ხელოვნური განაყოფიერების ცენტრის 2019 წლის 27 მარტის წერილი.

- ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს 2019 წლის 27 მარტის წერილი.

-2019 წლის 14 მარტის ხელშეკრულება ემბრიონის სუროგატი დედის საშვილოსნოში გადატანისა და გაზრდის მომსახურების შესახებ.

- მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალის 2018 წლის 25 ნოემბრის წერილი ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრს.

 

3.2.5. 2019 წლის 12 დეკემბერს გ------- ა----ის და ე------ ა----ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა 2019 წლის 17 ნოემბერს დაბადებული ე---- ა----ის დაბადების მოწმობის გაცემა, სადაც მითითებული იქნებოდნენ ბიოლოგიური მშობლები: დედად - გ------- ა----ი და მამამ - ე------ ა----ი.

 

სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა 2020 წლის 08 იანვრის გადაწყვეტილებით ე------ ა----ს და გ------- ა----ს უარი უთხრა ახალშობილის დაბადების რეგისტრაციაზე იმ საფუძვლით, რომ განცხადებას არ ერთვოდა ექსტრაკორპორულ განაყოფიერებამდე დადებული, სანოტაო წესით დამოწმებული ხელშეკრულება ბავშვის გამჩენ ქალს, გენეტიკურ მშობლებს, დაბადების აქტის ჩანაწერში მშობლებად ჩასაწერ პირსა და დონორს შორის. ასევე ახალშობილის დაბადების რეგისტრაციისათვის წარმოდგენილი დოკუმენტები არ აკმაყოფილებდა „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის N18 ბრძანების მე-19 მუხლის მოთხოვნებს და ვერ ჩაითვლებოდა საკმარის საფუძვლად მოთხოვნილი მონაცემების შესაბამისად ახალშობილის დაბადების აქტის რეგისტრაციისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2020 წლის 08 იანვრის გადაწყვეტილება.

- განცხადება დაბადების რეგისტრაციის თაობაზე.

- სამახსოვრო ბარათი დაბადების მოწმობის გაცემის შესახებ.

 

3.2.6. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიმართვის საფუძველზე დარეგისტრირდა ახალშობილის დაბადების ფაქტი. ბავშვს მიენიჭა სახელი ,,ე----", გვარი „ა----”, დაბადების თარიღად მიეთითა „17 ნოემბერი 2019 წელი“, დაბადების ადგილი - ქ. ბათუმი. მშობლების გრაფა კი დარჩა შეუვსებელი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ე------ ა----ის და გ------- ა----ის სასარჩელო მოთხოვნა მცირეწლოვანი ბავშვის მშობლებად აღიარების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 143-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197 მუხლი, “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3, მე-8, მე-9 მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

”ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 143-ე მუხლის თანახმად ექსტრაკორპორული განაყოფიერება ნებადართულია: ა) უშვილობის მკურნალობის მიზნით, აგრეთვე, ცოლის ან ქმრის მხრიდან გენეტიკური დაავადების გადაცემის რისკის არსებობისას, წყვილის ან დონორის სასქესო უჯრედების ან ემბრიონის გამოყენებით, თუ მიღებულია წყვილის წერილობითი თანხმობა; ბ) თუ ქალს არა აქვს საშვილოსნო, განაყოფიერების შედეგად მიღებული ემბრიონის სხვა ქალის (სუროგატული დედის) საშვილოსნოში გადატანის და გამოზრდის გზით. წყვილის წერილობითი თანხმობა აუცილებელია. ბავშვის დაბადების შემთხვევაში წყვილი ითვლება მშობლებად, აქედან გამომდინარე პასუხისმგებლობით და უფლებამოსილებით; დონორს ან "სუროგატულ დედას" არა აქვს დაბადებული ბავშვის მშობლად ცნობის უფლება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.

 

“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-8 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ პატივი სცენ ბავშვის უფლებას, შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალურობა, მოქალაქეობის, სახელისა და ოჯახური კავშირების ჩათვლით, როგორც ეს გათვალისწინებულია კანონით და არ დაუშვან ამაში კანონსაწინააღმდეგო ჩარევა.

 

“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეებს ე------ ა----ს და გ------- ა----ს 2019 წლის 17 ნოემბერს ექსტრაკორპორული განაყოფიერების გზით შეეძინათ შვილი ე---- ა----ი. ”ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე წყვილი ითვლება მშობლებად. საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ ექსტრაკორპორული განაყოფიერებისას წყვილს და ბავშვების პოტენციურ მშობლებს წარმოადგენენ ე------ ა----ი და გ------- ა----ი. შესაბამისად, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე მოსარჩელეები აღიარებულ უნდა იქნენ 2019 წლის 17 ნოემბერს დაბადებული ე---- ა----ის მშობლებად და შესაბამისი ცვლილება უნდა იქნეს შეტანილი ე---- ა----ის დაბადების სააქტო ჩანაწერში.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 49-ე მუხლებით, 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე, 243-ე, 244-ე, 247-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ე------ ა----ის და გ------- ა----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს:

 

1.1. ე------ ა----ი (დაბადებული: 30--------–------------------) და გ------- ა----ი (დაბადებული: 3----------–------------------) აღიარებულ იქნენ 2019 წლის 17 ნოემბერს დაბადებული ე---- ა----ის მშობლებად, რის შესახებაც შევიდეს დამატება ე---- ა----ის დაბადების სააქტო ჩანაწერში და განხორციელდეს 2019 წლის 17 ნოემბერს დაბადებული ე---- ა----ის დაბადების აქტის რეგისტრაცია ბიოლოგიური მშობლების მითითებით. შესაბამისად გაიცეს ე---- ა----ის დაბადების მოწმობა, რომლის თანახმადაც ე---- ა----ის დედად მიეთითოს - გ------- ა----ი (დაბადებული: 3----------–------------------, ხოლო მამად მიეთითოს - ე------ ა----ი (დაბადებული: 30--------–------------------).

 

2. მხარეები გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე