განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100120003511365
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
საქმე N1/122-19 27 მარტი, 2020 წელი ქ. ზუგდიდი
მოსამართლე შოთა ბიჭია
სხდომის მდივანი თათია აქუბარდია
სხდომის სახე - ღია
1. ბრალდების მხარე:
1.1. პროკურორი მ-----------
2. დაცვის მხარე:
2.1. ბრალდებული ს-–-------–---------------------------–-------–-–-----------------------------–----------–---------------------------------------–-------------------–----–----------–-------------------------–--------------------–--------------------–--------------–------------------------------–----------------------–--–-------–---------------
ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი
ქმედების შემადგენლობა: ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შენახვა გამოყენების მიზნით და გამოყენება
2.2 ადვოკატი გ-----–------------
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები
2020 წლის 6 იანვარს ს-–------------ ავტომანქანით გადაადგილდებოდა წ--–-------- რაიონის სოფელ ლ--- ტერიტორიაზე და ინახავდა რუსეთის ფედერაციაში გაცემულ ყალბ მართვის მოწმობას N----------, რა დროსაც შეჩერებულ იქნა წ--–-------- რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ და მან წარუდგინა ზემოაღნიშნული ყალბი მართვის მოწმობა.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
2.1. ყალბი ოფიციალური დოკუმენტი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, რაც მითითებული კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობის რეალიზაციის პროცედურულ ნაწილს არეგულირებს.
საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას იცნობს ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006)).
სასამართლო განმარტავს, რომ ოფიციალური დოკუმენტი არის რაიმე უფლების ან იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დამადასტურებელი წერილობითი საბუთი. ოფიციალური დოკუმენტი წერილობითი აქტია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს ამა თუ იმ ფაქტს, რომელსაც იურიდიული მნიშვნელობა აქვს. ოფიციალურია დოკუმენტი, რომელსაც სახელმწიფო კანონით ან სხვა ნორმატიული აქტით დადგენილი წესით ანიჭებს იურიდიულ მნიშვნელობას. ოფიციალურ დოკუმენტებს გასცემს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საწარმოები, დაწესებულებები, ორგანიზაციები საკუთრების ფორმის მიუხედავად, იმ პირობით, თუ სახელმწიფო მას ანიჭებს იურიდიულ ძალას.
მართვის მოწმობა არის სწორედ უფლების დამდგენი წერილობითი საბუთი, ვინაიდან მხოლოდ მის მფლობელს ეძლევა ნებართვა, ატაროს ავტოსატრანსპორტო საშუალება. ამდენად, მართვის მოწმობა ავტომობილის მართვის უფლების მიმნიჭებელი საბუთია. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პირისთვის შესაბამისი კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭება დასტურდება სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის გაცემით. ამდენად, დადგენილია, რომ საქართველოს სახელმწიფო კანონით იურიდიულ მნიშვნელობას ანიჭებს მართვის მოწმობას, როგორც მართვის უფლების მიმნიჭებელ საბუთს.
ის, რომ ბრალდებულისგან ამოღებული მართვის მოწმობა წარმოადგენს ოფიციალურ დოკუმენტს და არის ყალბი მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს. აღნიშნული ფაქტი მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ ბრალდებულის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების: გ-----------–------ს და ბ----------------ს გამოკითხვის ოქმებით, ამოღებული ნივთით, კომპლექსური, გრაფიკული და დოკუმენტის ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია, რომ ბრალდებულის მიერ წარმოდგენილი ოფიციალური დოკუმენტი - მართვის მოწმობა არის ყალბი.
2.2. შენახვა გამოყენების მიზნით, გამოყენება
საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა აღიარა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, დაცვის მხარე დაეთანხმა ბრალდების დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და უდავოდ ცნო მათ დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრული მოცულობით, რითაც დაეთანხმა ბრალდების მხარის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულის თაობაზე მხარეთა შორის შეთანხმების არსებობის საფუძველზე, ვინაიდან მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, ისინი სასამართლო სხდომაზე არ იქნა გამოკვლეული. საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მათ მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტების დამადასტურებელ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ, უტყუარ, ეჭვის გამომრიცხავ უდავო მტკიცებულებებად, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და რომლებიც საკმარისია ობიექტური პირის იმაში დარწმუნებისათვის, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედება.
ქმედების სუბიექტურ შემადგენლობასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი მოითხოვს დოკუმენტის შეძენას და შენახვას მხოლოდ გამოყენების მიზნით. განსახილველ შემთხვევაში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით: ბრალდებულის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების: გ-----------–------ს და ბ----------------ს გამოკითხვის ოქმებით, ამოღებული ნივთით, კომპლექსური, გრაფიკული და დოკუმენტის ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მართვის მოწმობა შენახულ იქნა აუცილებლობის შემთხვევაში მისი გამოყენების მიზნით, რადგან სხვა დანიშნულება აღნიშნულ მოწმობას არ გააჩნია, ხოლო ამ მიზნის არსებობა დადასტურდა ასევე მოწმობის გამოყენების ფაქტითაც.
ამდენად, მხარეების მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია ბრალდებულის მიერ მართვის მოწმობის შენახვა გამოყენების მიზნით, ასევე მისი გამოყენება.
3. სამართლებრივი შეფასება
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ზიანს აყენებს იმ მმართველობით ურთიერთობებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ოფიციალური დოკუმენტაციის წარმოებისა და ოფიციალური დოკუმენტებით სარგებლობის დადგენილი წესის დაცვას. ამ დანაშაულის საგანია ოფიციალური დოკუმენტი, მათ შორის მართვის მოწმობა და სხვა.
სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ფორმალურ დანაშაულთა რიცხვს განეკუთვნება და დამთავრებულია აღნიშნულ ნაწილში მითითებული ქმედებებიდან ერთ-ერთის ჩადენისთანავე. ამასთან, ოფიციალური დოკუმენტის შენახვა წარმოადგენს დენად დანაშაულს, რომელიც იწყება მოქმედებით და შემდეგ უწყვეტად ხორციელდება უმოქმედობით. აღნიშნულის გამო ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შენახვა გამოყენების მიზნით დასრულებულად ჩაითვლება მაშინ, როცა შენახვა შეწყდება.
სუბიექტური შემადგენლობის მხრივ სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი მოითხოვს განზრახვის არსებობას. უფრო მეტიც, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა და შენახვა მოითხოვს სპეციალურ მიზანს - გამოყენების მიზანს, რაც შესაძლებელია მხოლოდ პირდაპირი განზრახვის არსებობისას.
საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.
მხარეთა შორის უდავოდ ცნობილი დადგენილია, რომ მართვის მოწმობა არის ყალბი და რომ ყალბი მართვის მოწმობა შეინახა ბრალდებულმა გამოყენების მიზნით და გამოიყენა კიდეც.
იმისათვის, რომ ბრალდებულის ქმედება განზრახ ქმედებად ჩაითვალოს, აუცილებელია მას გაცნობიერებული ჰქონდეს საკუთარი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდეს შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდეს ის, ან ითვალისწინებდეს მის გარდუვალობას, ან არ სურდეს, თუმცა შეგნებულად უშვებდეს მას ან გულგრილად ეკიდებოდეს. განსახილველ შემთხვევაში ბრალდებულს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა, შენახვა გამოყენების მიზნით და გამოყენება მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა. ვინაიდან სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი ფორმალური დანაშაულია და ქმედების გარდა რაიმე შედეგის დადგომას არ ითხოვს, ეს გარემოება გავლენას ახდენს ასევე განზრახვის კომპონენტებზეც. კერძოდ, ამ დანაშაულის განზრახვის დასადასტურებლად საკმარისია ქმედების მართლწინააღმდეგობის გაცნობიერებასთან ერთად მისი ჩადენის სურვილი ანდა შეგნებულად დაშვება ან გულგრილი დამოკიდებულება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბრალდებულს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენით, შენახვით გამოყენების მიზნით და გამოყენებით არღვევდა კანონს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მან მაინც ჩაიდინა დანაშაულის შემადგენლობა.
ვინაიდან ბრალდებული მართვის მოწმობას იღებდა ამისათვის აუცილებელი ყველა ეტაპის გავლის გარეშე, ამით ის აცნობიერებდა მისი ქმედების დადგენილი წესისადმი შეუსაბამობას, ანუ მართლწინააღმდეგობას და მართვის მოწმობის დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ აღებას, ე.ი. მართვის მოწმობის სიყალბეს.
საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ ს-–------------ს მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეულ იქნა სასამართლო სხდომაზე, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც ს-–------------ ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguĕ and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ს-–------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს დანაშაულის აღიარება, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა, მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ს-–------------ს პასუხისგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
ბრალდებულისათვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს (მართვის მოწმობის არქონა), მიზანს (სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მოტყუება და მართვის მოწმობის გარეშე ავტომანქანის მართვის გამო პასუხისმგებლობის თავიდან არიდება), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (გარკვეული უფლების მიღებას კანონის გვერდის ავლით მიღებული არანამდვილი დოკუმენტის საფუძველზე), ბრალდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (მართვის უფლების მიღებას ყალბი მართვის მოწმობის შეძენის გზით, მის შენახვას და გამოყენებას), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (აღიარებს დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას), ბრალდებულის პიროვნებას. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, განსაზღვრავს რა სასჯელის ზომას ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებისა და ბრალდებულის პიროვნების შესაბამისად, სასამართლოს სამართლიანობის აღდგენის, ბრალდებულისა (კერძო პრევენცია) და საზოგადოების სხვა წევრების მიერ (ზოგადი პრევენცია) მომავალში ანალოგიური დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნების მისაღწევად პროპორციულ საშუალებად მიაჩნია მუხლის სანქციით გათვალისწინებული, ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის მინიმალური ზომის განსაზღვრა.
სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციას, კერძოდ, ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 3 წლამდე. მართალია, სანქციაში არ არის მითითებული მინიმალური სასჯელის ზომა, თუმცა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთის სახით მინიმალური სასჯელი შეადგენს თავისუფლების აღკვეთას 6 თვის ვადით. ამასთან, სსკ-ის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, განსაზღვრავს რა სასჯელის ზომას ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედებისა და ბრალდებულების პიროვნების შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენის, ბრალდებულებს (კერძო პრევენცია) და საზოგადოების სხვა წევრების მიერ (ზოგადი პრევენცია) მომავალში ანალოგიური დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულების რესოციალიზაციის მიზნების მისაღწევად პროპორციულ საშუალებად სასამართლოს მიაჩნია ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის მინიმალური ზომის განსაზღვრა.
ზემოაღნიშნულ გარემოებებთან ერთად სასამართლო ითვალისწინებს იმას, რომ სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის.
განსახილველ შემთხვევაში მსჯავრდებული არ არის ნასამართლევი, რაც აღიარებისა და გამოძიებასთან თანამშრომლობის, ასევე პასუხისმგებლობის სხვა შემამსუბუქებელი გარემოებების არსებობის პირობებში იძლევა საფუძველს, დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობით მსჯავრად. რაც შეეხება გამოსაცდელ ვადას, ჩადენილი ქმედების ბუნებისა და ბრალდებულის მძიმე მატერიალური მდგომარეობის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის პირობით ჩათვლასთან ერთად, სასჯელის მიზნების განხორციელების უზრუნველსაყოფად და იმისათვის, რომ ბრალდებული განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, მას უნდა დაუწესდეს გამოსაცდელი ვადა, რომელიც არ აღემატება სასჯელის სახით მათთვის განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ზომას, ხოლო სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად, პირობითი მსჯავრის პერიოდში გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება უნდა დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილია ყალბი მართვის მოწმობა და ხელმოწერის ნიმუშები. სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, საქმეზე დართული ყალბი მართვის მოწმობა და ხელმოწერის ნიმუშები, როგორც დანაშაულის ღირებულების არმქონე საგანი, უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 25-ე, 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ს-–------------ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად 1 წლის და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის პერიოდში დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებები: მართვის მოწმობა და ხელმოწერის ნიმუშები განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შოთა ბიჭია