განაჩენი

სისხლის სამართლის 06.02.2020
საქმის ნომერი
330100119003186859
თარიღი
06.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/4253-19

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

6 თებერვალი, 2020 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

პროკურორ _ მ----- ც--------ს

ბრალდებულ _ ტ-------- ფ--–------–---–ის

ადვოკატ - დ---- ფ---------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

- ტ-------- ვ--------ის ძე ფ--–------–---–ის, დაბადებულის 19---–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის (გაქარწყლებულია), განქორწინებულის, საშუალო-ტექნიკური განათლების მქონის, მცხოვრების: ქ-------–--–---------–------------------ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 22 იანვრის ბრალდების ახალი ფორმულირების მიხედვით).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ტ-------- ფ--–------–---–მა ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ტ-------- ფ--–------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 11 აგვისტოს, 01:00 საათზე, ქ-------–--–------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტ-------- ფ--–------–---–მა თანნაქონი თოფიდან ერთხელ გაისროლა ჯ--- ქ-----–---–ის მიმართულებით, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა ორივე ბარძაყის, მარჯვენა დუნდულოს, მარჯვენა მხრის, ორივე მტევნის არეში და მუცლის წინა ზედაპირზე მიიღო მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობები. დაზიანებები მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

ე.ი. ტ-------- ფ--–------–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლოს დასკვნა ტ-------- ფ--–------–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების: დ-------- ს----–---–ის, მ--- ფ-–---–-----ის, გ------- მ-------–--ის, გ------- ბ-------ის, თ------ ხ------ს, თ----- ი----–---–ის, გ------- ბ----ს, გ------- თ------–---–ის ჩვენებებს, დაზარალებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს, ამოღების ოქმს, პირადი ჩხრეკის ოქმს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, ამოცნობის ოქმს, ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმს, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნას, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №--------- დასკვნას, ბალისტიკური ექსპერტიზის №----- და №----- დასკვნებს, ქიმიური ექსპერტიზის №-------- დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას და მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:

სასჯელის დანიშვნის დროს აღსანიშნავია, რომ ტ-------- ფ--–------–---–ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, ხოლო ბრალდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ მის მიერ დანაშაული ჩადენილია იარაღის (სანადირო თოფის) გამოყენებით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმოადგენს დამამძიმებელ გარემოებას ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის და გათვალისწინებულ უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნისას, კერძოდ, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 (ერთი) წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

აღსანიშნავია, რომ სასჯელი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს მკაცრად ინდივიდუალური და ადეკვატური. ბუნებრივია, რომ დამნაშავის დასჯაცა და მის მიმართ ჰუმანური ღონისძიებების გატარებაც სახელმწიფოს პრეროგატივაა, მაგრამ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობის გამოყენებამ და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების კუთხით. მოცემულ შემთხვევაში მართალია, ტ-------- ფ--–------–---–ი აღიარებს მის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს, თუმცა სასჯელის დანიშვნისას მხედველობაშია მისაღები ბრალდებულის პიროვნება და დანაშაულის ჩადენის ხერხი. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულის მიერ ძალადობრივი დანაშაული იარაღის გამოყენებით ჩადენილია იმ პირის მიმართ, რომელსაც უშუალოდ ბრალდებულთან კონფლიქტი არ ჰქონია (გარდა იმისა, რომ ბრალდებულის განმარტებით, დაზარალებული ღამის საათებში მის საცხოვრებელ სახლთან ახლოს ხმაურობდა, რაც მის გაღიზიანებას იწვევდა). აქედან გამომდინარე, დაზარალებულს მსგავსი აგრესიული ქცევის სერიოზული საფუძველი ბრალდებულისათვის არ მიუცია, ხოლო დასახელებული მიზეზით, იარაღის დამიზნებით სროლით ადამიანისათვის სხეულის დაზიანება მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდებული ემოციურად გაუწონასწორებელი პიროვნებაა, რაც თავის მხრივ, მიუთითებს მისი მხრიდან დანაშაულის რეციდივის რისკის არსებობაზე. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით კი სასამართლოს საჭიროდ მიაჩნია ბრალდებულის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ვინაიდან მხოლოდ პირობითი მსჯავრის ანდა არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებით ვერ იქნება მიღწეული სასჯელის მიზნები (მით უფრო, პრევენციის მიზანი).

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. ამასთან, იმ გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომ ტ-------- ფ--–------–---–ი დღეის მდგომარეობით ითვლება ნასამართლობის არმქონედ, აღიარებს მის მიერ ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, ასევე მისი ასაკისა (საპენსიო ასაკს მიღწეული პირია) და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს შესაძლებლად მიაჩნია დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ნახევრის პირობითად ჩათვლა და მის მიმართ გამოსაცდელი ვადის დადგენა, რომელიც იქნება პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მისი ნორმალური ქცევის უზრუნველმყოფელი და იქონიებს პრევენციულ გავლენას მისი შემდგომი დანაშაულებრივი ქმედებების აღსაკვეთად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ტ-------- ფ--–------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

2. ტ-------- ფ--–------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 11 აგვისტოდან.

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე, ტ-------- ფ--–------–---–ს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას დანაშაულის იარაღი - ადგილმდებარეობის დათვალიერების შედეგად ამოღებული სანადირო თოფი, მასში მოთავსებული ვაზნით და ამოღებული 5 ცალი ვაზნა (ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–-------- განყოფილებაში) და გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე, ტ-------- ფ--–------–---–ს დამატებითი სასჯელის სახით 2 (ორი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები, კერძოდ, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება. მასვე, 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას „H-----”-ის ფირმის კისტის თოფი, მასზე დამაგრებული ოპტიკური ხელსაწყოთი და პლასტმასის დეტალით (ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–-------- განყოფილებაში) და შესანახად გადაეცეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ სამსახურს. იარაღთან დაკავშირებული უფლების შეზღუდვის ვადის ათვლა დაეწყოს საპატიმრო სასჯელის მოხდის მომენტიდან.

5. მსჯავრდებულ ტ-------- ფ--–------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი, საპატიმრო სასჯელის მოხდის შემდგომ, გამოსაცდელი ვადის პერიოდში, განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. ტ-------- ფ--–------–---–ს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

6. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ერთი ცალი „ა-------ს“ ფირმის მობილური ტელეფონი, ადგილმდებარეობის დათვალიერების შედეგად ამოღებული ერთი ცალი ხელთათმანი და ჯ--- ქ-----–---–ის ტანსაცმელი (ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–-------- განყოფილებაში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

- კისტის თოფიდან, სანადირო თოფიდან და ვაზნებიდან აღებული ანაწმენდები, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდები (ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–-------- განყოფილებაში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი