გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.03.2020
საქმის ნომერი
010210019002874350
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
11.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210019002874350

2-582/19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11/03/2020 წელი ქ.ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე

სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე

მოსარჩელე: სს ,,ლ-------------ი“

წარმომადგენელი: ა------------ი

მოპასუხეები: ო-–-- ბ---–----ე, გ-- ბ-----ე, ტ------– დ-------ე

დავის საგანი: თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

სს ,,ლ-------------მა’’ სარჩელი აღძრა ო-–-- ბ---–----ის, გ-- ბ-----ის და ტ------– დ-------ის მიმართ და სასარჩელო განცხადებით მოითხოვა მოპასუხეებს მის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 12 592,25 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგ არგუმენტებზე მითითებით:

2016 წლის 23 აგვისტოს სს ,,ლ-------------სა” და ო-–-- ბ---–----ეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სს „ლ-------------მა“ ო-–-- ბ---–----ეს 36 თვის ვადით ასესხა 9410 ლარი, წლიური 22 %-ის სარგებელის დარიცხვის პირობით. კრედიტის დაფარვის ვადის დარღვევის შემთხვევისათვის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს დარიცხვა დავალიანების 0.5 %-ის ოდენობით. ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად ბანკმა თავდებობის ხელშეკრულებები გააფორმა გ-- ბ-----ესთან და ტ------– დ-------ესთან, რომლითაც გ-- ბ-----ემ და ტ------– დ-------ემ იკისრეს ო-–-- ბ---–----ის სესხის დაფარვის ვალდებულება. ო-–-- ბ---–----ემ დაარღვია ნაკისრი ვალდებულება, მნიშვნელოვნად გადააცილა ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკს და ვადაზე ადრე შეწყვიტა სესხის დაფარვა. სესხი არ დაფარეს თავმდებმა პირებმაც. მათ გადასახდელი აქვთ სესხის ძირი თანხა 7358,70 ლარი, სესხის სარგებელი - 2783,55 ლარი და ვადაგადაცილებისათვის დარიცხული პირგასამტეხლო - 2150 ლარი, სულ 2450 ლარი.

 

2. მოპასუხეების პოზიცია:

2.1. გ-- დ-------ე და ტ------– ბ-----ე სარჩელს ცნობენ ძირი თანხის ნაწილში, სხვა თანხის ნაწილშ სარჩელს არ ცნობენ.

2.2. ო-–-- ბ---–----ემ შესაგებელი არ წარმოადგინა

 

2.1. ფაქტობრივი გარემოებები:

2.2. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. 2016 წლის 23 აგვისტოს სს ,,ლ-------------სა” და ო-–-- ბ---–----ეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სს „ლ-------------მა“ ო-–-- ბ---–----ეს 36 თვის ვადით ასესხა 9410 ლარი, წლიური 22 %-ის სარგებელის დარიცხვის პირობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2016 წლის 23 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულება.ს.ფ. 17-22

 

3.1.2. კრედიტის დაფარვის ვადის დარღვევის შემთხვევისათვის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს დარიცხვა დავალიანების 0.5 %-ის ოდენობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2016 წლის 23 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულება.ს.ფ. 17-22

 

3.1.3. ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს ,,ლ-------------სა“ და გ-- ბ-----ეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც გ-- ბ-----ემ იკისრა ო-–-- ბ---–----ის სესხის დაფარვის ვალდებულება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

თავდებობის ხელშეკრულება. ს.ფ. 26-28

 

3.1.4. ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს ,,ლ-------------სა“ და ტ------– დ-------ეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც ტ------– დ-------ემ იკისრა ო-–-- ბ---–----ის სესხის დაფარვის ვალდებულება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

თავდებობის ხელშეკრულება. ს.ფ. 30-32.

 

3.1.5. 2016 წლის 23 აგვისტოს საბანკო კრედიტი უნდა დაფარულიყო მხარეთა მიერ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სესხის დაფარვის გრაფიკი. ს.ფ. 23-24

 

3.1.6. ო-–-- ბ---–----ემ სესხის დაფარვა შეწყვიტა ვადაზე ადრე. მოსარჩელემ მას დაუწესა დამატებითი ვადა, მაგრამ მან დამატებით ვადაშიც ვერ შეძლო სესხის დაფარვა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ბაკის მიმართვები. ს.ფ. 35-44.

მნხარეთა განმარტბები.

 

3.1.7. სესხი არ დაფარა თავდებმა პირებმაც.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მხარეთა განმარტება.

ამოაწერი ანგარიშიდან. ს.ფ. 33-34

 

3.1.7. საქმის განხილვის მომენტისათვის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაზე გადასახდელი ძირი თანხა შეადგენს 7358,70 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტება.

- ცნობა დავალიანების შესახებ. ს.ფ. 16.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. მოპასუხეები სადაოდ ხდიან პირგასამტეხლოს და სარგებელის ნაწილში მოთხოვნას.

3.2.2. საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებით დგინდება, რომ მხარეები შეთანხმდნენ როგორც სარგებელის, ისე პირგასამტეხლოს გადახდაზე. კერძოდ სესხი გაცემულია წლიური 22 %-ის სარგებელის დარიცხვის პირობით.

იხ. 2016 წლის 23 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულება.ს.ფ. 17-22

 

3.2.3. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით უტყუარად დგინდება, რომ მხარეები შეთანხმებულნი არიან მასზედ, რომ სესხის დაფარვის ვადის გადაცილებისათვის სესხს დაერიცხება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0.5 %-ის ოდენობით.

იხ. 2016 წლის 23 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულება.ს.ფ. 17-22

 

3.2.4. მოპასუხეები სადაოდ ხდის პირგასამტეხლოს დარიცხვას და მის მოცულობას. დადგენილია, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვაზე მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებით. სარჩელში მოთხოვნილი ოდენობის პირგასამტეხლო არის თუ არა გონივრული, ეს საკითხი არ წარმოადგენს ფაქტობრივ გარემოებას. იგი სამართლებრივი შეფასების კატეგორიისა და მასზე სასამართლო იმსჯელებს საკითხის სამართლებრივი შეფასებისას.

სხვა სადავო ფაქტობრივი გარემოება არ არსებობს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი ძირი თანხისა და სარგებელის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირგასამტეხლო განგარიშებულია მაღალი საპროცესო მაჩვენებლიდან და იგი მოყვანილი უნდა იქნას გონივრულ შესაბამისობაში.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, სასამართლოს მეშვეობით დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ამიტომაც გადაწყვეტილების მიღებისას, ორივე მხარის პატივდასადები ინტერესები გათვალისწინებული უნდა იქნას თანაბრად. განსახილველ საქმეში მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხეებს საკრედიტო ხელშეკრულებისა და თავდებობის ხელშეკრულებების საფუძველზე ეკისრებათ სესხად გაცემული თანხის სრულად უკან დაბრუნების მოვალეობა, თუმცა ისინი ნაკისრ მოვალეობას არ ასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ თუ ო-–-- ბ---–----ემ მოსარჩელისაგან აიღო სესხი და შეთანხმებულ ვადაში არ დაფარა, მაშინ მისი ასეთი ქმედება უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. ანალოგიურად ვალდებულების დარღვევად უნდა შეფასდეს თავდები პირის მიერ სესხის გადაუხდელობა. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს სესხად გაცემული თანხის იმ პირობების შესაბამისად დაბრუნება, რაზეც მხარეები არიან შეთანხმებულნი.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლება შესაბამისი საფუძვლის გარეშე არ არსებობს. თანხის გადახდის მოთხოვნას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა (საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მოსარჩელის მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მოსარჩელე მიუთითებს სახელშეკრულებო ურთიერთობაზე. სახელშეკრულებო ურთიერთობისათვის მთავარი მახასიათებელია სათანადო პირობებით შეთანხმებული გარიგების არსებობა.

 

6.3. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის საფუძვლიდან. დასახელებული ნორმით ,,საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით”.

 

დადგენილია, რომ სს ,,ლ-------------ი“ საკრედიტო დაწესებულებაა. მისი საქმიანობის საგანია სარგებელის პირობით სესხის გაცემა და გარკვეული მოგების მიღება. თავის მხრივ ო-–-- ბ---–----ეს სჭირდებოდა თანხის სესხად მიღება. მათი ინტერესები დაემთხვა, რის შედეგადაც მხარეებს შორის 2016 წლის 23 აგვისტოს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ ო-–-- ბ---–----ეს სესხად გადასცა კრედიტი 9410 ლარის ოდენობით. სესხი უნდა დაფარულიყო 36 თვის ვადაში. სწორედ ასეთ ურთიერთობას არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლით დადგენილი ქცევის წესი. შესაბამისად მხარეებს შორის წარმოშობილი ურთიერთობა საკრდიტო ხელშეკრულებაა, ამიტომ სესხის დაფარვასთან დაკავშირებით მათ შორის დავა უნდა დარეგულირდეს საკრედიტო ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმებით.

 

6.4. დადგენილია, რომ მოსარჩელემ, ო-–-- ბ---–----ესთან დადებული ხელშეკრულება შეწყვიტა ვადაზე ადრე და სესხად გაცემული თანხის მთლიანად უკან დაბრუნება მოითხოვა. სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულეის შეწყვეტა გარიგებაა. იგი ხელშეკრულების მონაწილე მხარის ნების გამოვლინებაა, მაგრამ მისი ნამდვილობისათვის აუცილებელია დაცული იყოს საქართველოს სკ-ის 405-ე მუხლის წინაპირობები.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილით თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.

 

მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, მათ შორის ვალდებულების შეუსრულებლობით, შესრულების ვადის გადაცილებით ან არაჯეროვანი შესრულებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს.

 

6.6. საქ. სკ-ის 873-ე მუხლით ,,კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქ. სკ-ის 873-ე მუხლი საგამონაკლისო ნორმაა. თუ საქ. სსკ-ის 405-ე მუხლი ხელშეკრულებაზე უარის თქმას უკავშირებს სხვადასხვა გარემოებებს, დასახელებულმა ნორმამ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება კრედიტის გამცემს მიანიჭა იმ შემთხვევაშიც, თუ კრედიტის მიმღები სულ ცოტა ორი ვადით გადააცილებს შენატანის შეტანას. თუმცა ამ შემთხვევაშიც შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ანუ ამ შემთხვევაშიც გარიგების შეწყვეტისათვისათვის აუცილებელია ორ კვირიანი დამატებითი ვადის დანიშნვაც.

განსახილველ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ო-–-- ბ---–----ემ საბანკო პროდუქტებით ისარგებლა და აითვისა კრედიტი. თანხის ათვისების შემდეგ ის ვალდებული იყო სესხად მიღებული თანხა, ვალის დაფარვის მიზნით ბანკში შეეტანა იმ დროში, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. მან ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, რითაც დაარღვია ხელშეკრულება. 2017 წლის 2 აგვისტოს შემდეგ დავალიანების დარჩენილი თანხა მოპასუხემ არ გადაიხადა და ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით მოსარჩელეს მიაყენა ზიანი. მან თანხის შეტანა შეწყვიტა და შენატანის შეტანის ვადას გადააცილა ორ ვადაზე მეტი, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას ხელშეკრულებიდან გავიდეს და დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის დაბრუნება.

 

6.7. გარიგების დადების შემდეგ მნიშვნელოვანია დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულების საკითხი. თითოეულ მხარეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უფლება აქვს მეორე მხარისაგან მოითხოვოს ნაკისრი მოვალეობის შესრულება. თავის მხრივ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი გარიგების მონაწილეებს ავალდებულებს ვალდებულება შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები ვალდებულნი არიან დასახელებული მოთხოვნობი დაიცვან ზედმიწევნით. მხოლოდ ამ წესის დაცვის შემთხვევაში ჩაეთვლებათ მათ ვალდებულება შესრულებულად. ხელშეკრულების დადებისა და თანხის სესხად გადაცემის შემდეგ მოსარჩელეს უფლება აქვს მოპასუხეს მოსთხოვოს სესხად გაცემული თანხის უკან დაბრუნება იმ ვადაში და პირობებით, რაზეც ხელშეკრულებით იყვენ შეთანხმებულნი. თავის მხრივ მსესხებელი ვალდებულია ნაკისრი ვალდებულება შესრულოს ჯეროვნად, ანუ ისე, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი - სესხად მიღებული თანხა მოსარჩელეს დაუბრუნოს ხელშეკრულებაში შეთანხმებული პირობების შესაბამისად. ასეთი მოვალეობა მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მხარეები სახელშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება. ო-–-- ბ---–----ემ დაარღვია ვალდებულება და სესხად მიღებული თანხები ბანკს არ დაუბრუნა, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე მოსარჩელის კანონიერი ინტერესი. მოპასუხის ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას, რაც მოსარჩელეს, საქ. სკ-ის 873-ე მუხლის საფუძველზე ანიჭებს უფლებას, დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის სრული დაბრუნება. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, ო-–-- ბ---–----ე ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხდოს საკრედიტო ხელშეკრულებით მიღებული ძირი თანხა. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ძირი თანხის, 7358,70 ლარის ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

6.8. საქ. სკ-ის 868-ე მუხლის პირველი ნაწილით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

დადგენილია, რომ მხარეებს განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. ო-–-- ბ---–----ეს უნდა გადაეხადა ის სარგებელი, რაც დაწესებული იყო ხელშეკრულებით. სარგებელის გადახდა ისეთივე ვალდებულებაა, როგორც ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება. ამიტომ მოპასუხეს სარგებელის გადახდის ვალდებულებაც უნდა შეესრულებინა საქ. სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. ხელშეკრულებით სარგებელი შეადგენდა წლიურ 22 %-ს. სარგებელის სახით გადასახდელი თანხა, ძირი თანხის მსგავსად უნდა გადანაწილებულიყო და კუთვნილ ძირი თანხის ერთად ბანკში უნდა შეტანილიყო გრაფიკის მიხედვით. როგორც ზემოთ განვმარტეთ მოპასუხემ შეწყვიტა, როგორც ძირი თანხის, ისე სარგებელის გადახდა. სარგებელის სახით გადასახდელად ერიცხება 2783,55 ლარი. სასამართლო მიიჩნევს, რომ სარგებელი სწორადაა გაანგარიშებული და ო-–-- ბ---–----ემ ის უნდა გადაიხადოს სრულად.

 

6.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული და ის მხარეთა შორის დავას არ იწვევს. მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ კრედიტის დაფარვის ვადის გადაცილების შემთხვევაში, გადასახდელ თანხას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება 0.5 %.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს.

 

დადგენილია, რომ ო-–-- ბ---–----ემ ვალდებულება შეთანხმებულ ვადაში არ შეასრულა, მან ვადაზე ადრე შეწყვიტა კრედიტის დაფარვა, ვალდებულების დარღვევიდან დავალიანების დაანგარიშებამდე გასული ვადის მიხედვით, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით დადგენილი პირგასამტეხლოს გადახდა. ვადაგადაცილების მიხედვით კუთვნილი პირგასამტეხლოს ოდენობაა 2450 ლარი.

 

6.10. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით ,,სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო”.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ პირგასამტეხლოს თავის არიდების მიზნით კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და დროულად. ასევე მისი მიზანია ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს მიზანი არაა კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობასაც იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ, თუ ეკონიმიკურ შედეგებს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, თუ რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას მხარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას. ამდენად, თუ მხარე აღჭურვილია ადვოკატით, სამეწარმეო ურთიერთობებში გამოცდილი სუბიექტია და ა. შ. ივარაუდება, რომ ასეთ ვითარებაში შეთანხმებული პირგასამტეხლო, თუნდაც, შეუსაბამოდ მაღალი, შეესაბამება მხარეთა ნამდვილ ნებას და შემცირებას არ ექვემდებარება. განსახილველ შემთხვევაში სახელშეკრულებო ურთიერთობაში სახეზეა ე.წ. „სუსტი მხარე“, რომელიც ხელშეკრულების ხელმოწერისას ვერ აცნობიერებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოდ გაანგარიშებული თანხის ოდენობა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოპასუხე ვერ იხდის ძირ თანხას. მასზე დამატებით მაღალი პირგასამტეხლოს დაკისრება უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს მის გადახდის უნარს. პირგასამტეხლოს სახით ყოველდღიურად დავალიანების 0.5 %-ის დარიცხვა არაგონივრულია. თანასწორობის აღდგენისა და ბალანსის აღდგენისათვის სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს პირგასამტეხლო 0.5 %-დან შემცირდეს 0,16 %-მდე. შესაბამისად ო-–-- ბ---–----ეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 800 ლარი. მოქმედ სასამართლო პრაქტიკაში პირგასამტეხლოდ განსაზღვრული პროცენტის მოცულობა არაერთგვაროვანია. აღნიშნული არაერთგვაროვნება გამოწვეულია თითოეული საქმის ინდივიდუალურობით. წინამდებარე შემთხვევაში სასამართლომ გაითვალიწინა ვადაგადაცილების პერიოდი, სესხით სარგებლობის პერიოდი, გადასახდელი თანხის მოცულობა და მათი ანალიზით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პირგასამტეხლოდ 0.16 % გონივრულია.

 

6.11. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად”. ამავე კოდექსის 893-ე მუხლის პირველი წინადადებით ,,თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა”. ხოლო 895-ე მუხლით ,,თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა”.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ ო-–-- ბ---–----ესთან დადებული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელემ თავდებობის ხელშეკრულება დადო გ-- ბ-----ესთან და ტ------– დ-------ესთან. მათ იკისრეს ვალდებულება ო-–-- ბ---–----ესთან ერთად პასუხი აგონ საკრედიტო ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე. სამოქალაქო კოდექსის 893 და 895 მუხლმა დაადგინა, რომ თავდებმა პირმა ძირითად მევალესთან ერთად ან მის გარეშე პასუხი აგოს იმ ვალდებულებებზე იმ ფარგლებში, რა ვალდებულების შესრულებაზეც განაცხადა თავდებობა.

 

დადგენილია, რომ ო-–-- ბ---–----ემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკი. ის ვალდებულება, რაც მოსარჩელის მიმართ ო-–-- ბ---–----ეს აქვს, უნდა გავრცელდეს თავდები პირების მიმართაც. აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი თანხის დაკისრების ნაწილში, როგორც ო-–-- ბ---–----ის, ასევე გ-- ბ-----ისა და ტ------– დ-------ის მიმართ, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.12. მოსარჩელე მოითხოვს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევას. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც გულისხმობს, რომ მხარე უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეთა უფლებაა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოითხოვოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევა. გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი რეგულირდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 28-ე თავით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 -ე ნაწილით: ,,ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.’’

 

სასამართლომ გამოიკვლია მხარეთა შორის 2016 წლის 23 აგვისტოს დადებული ხელშეკრულება დაადგინა, რომ მხარეები ხელშეკრულების 10.2 პუნქტით შეთანხმებულნი არიან მასზედ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიქცეული იქნას დაუყონებლივ აღსასრულებლად. წინამდებარე შემთხვევაში ვალდებულების შესრულება გახდა სადაო. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მისი უფლებები დაირღვა მოპასუხის მიერ, რის გამოც სარჩელი აღძრა და მოპასუხისათვის თანხების დაკისრება მოითხოვა. სარჩელის საფუძველზე მიღებულია წინამდებარე გადაწყვეტილება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლისა და მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების 10.2 მუხლის საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს წინამდებარე გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის I ნაწილით პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ხოლო მესამე ნაწილით სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ ბაჟის ოდენობა გამოიანგარიშა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დაცვით. დასახელებული ნორმით სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა. სამოქალაქო სსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტით ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელის დროს დავის საგნის ფასი განისაზღვრება გადასახდელი თანხით. საქმეში მოსარჩელე დაობს 12 592,25 ლარზე. ამ თანხის 3 % შეადგენს 377,77 ლარს.

 

7.2. საქ. სსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილი იმ მოპასუხეებს ათავისუფლებს სახ. ბაჟის გადახდისაგან, ვინც საქმის მომზადების სტადიაზე სარჩელს ცნობს. როგორც ზემოთ განვმარტეთ მოპასუხეებმა სარჩელი ძირი თანხის ანუ 7358,7 ლარის ნაწილში სცნეს, ამიტომ ისინი ამ ნაწილში კუთვნილ ბაჟის - 220,76 ლარის გადახდისაგან უნდა გათავისუფლდნენ.

 

7.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელეს სახ. ბაჟი წინასწარ აქვს გადახდილი. რა ნაწილში მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს, იმ ნაწილში გადახდილი ბაჟი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს უკან. დარჩენილი თანხის ნაწილში კი ბაჟი მხარეებს შორის უნდა განაწილდეს სარჩელის დაკმაყოფილების პროპორციულად. კერძოდ მოსარჩელეს უნდა დაეკისროს 49,51 ლარის გადახდა, ხოლო მოპასუხეებს უნდა დაეკისროს 107,5 ლარის გადახდა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სს ’’ლ-------------ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. ო-–-- ბ---–----ეს, გ-- ბ-----ეს და ტ------– დ-------ეს სს ’’ლ-------------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 10 942,25 ლარის (ძირი თანხა - 7358,7 ლარი, სარგებელი 2783,55 ლარი და პირგასამტეხლო 800 ლარი) გადახდა.

3. მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის პირგასამტეხლოს ნაწილში სრულად დაკმაყოფილებაზე.

4. ო-–-- ბ---–----ეს, გ-- ბ-----ეს და ტ------– დ-------ეს სს ’’ლ-------------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის ნაწილის 107,5 ლარის ანაზღაურება.

5. სს ’’ლ-------------ს’’ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ. ბაჟის სახით დაეკისროს 49,51 ლარის გადახდა.

6. სს ’’ლ-------------ს’’ უკან დაუბრუნდეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა - 220,76 ლარი (გადახდის თარიღი - 26/09/20217 წელი, გადამხდელის ბანკი - სს ლ-------------ი, სახაზინო კოდი - 300693150)

7. გადაწყვეტილება მიქცეული იქნას დაუყონებლივ აღსასრულებლად. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გაცემული იქნას საარსრულებო ფურცელი.

8. გადაწყვეტილების დაუყობენლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ. №30)

9. გადაწყვეტილება (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეშვიდე პუნქტისა) შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.

10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე