განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/3679-19
გამოძიების №------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
სასამართლოს დასახელება
02 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი
თარიღი ადგილი
მოსამართლე - დავით მგელიაშვილი
სხდომის მდივანი - ლელა აბალიშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე
პროკურორი - მ------–--------
დაცვის მხარე
დამცველი - ლ---–--------------–-
ბრალდებული - დ----------–------------–----, დაბადებული - 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ განქორწინებული, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ქ. თ---–------------–---–-------------–ი, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-----–-----------------–--
კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ);
- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი - 2 ეპიზოდი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ);
- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ);
- საქართველოს სსკ-ის 111,143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრების მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი ორი პირის მიმართ);
- საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქონების განადგურების და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
წარდგენილი ბრალდების არსი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, დ--------–---ის მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
დაახლოებით 15 წლის განმავლობაში ნ------------–--ე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა დ--------–---ესთან და ჰყავთ შვილი - 14 წლის ნ-----–---ე. დაახლოებით ერთი წლის წინ მეუღლეები დაშორდნენ ერთმანეთს, რასაც არ ეგუება დ--------–---ე და თავიანთი არასრულწლოვანი შვილის - ნ-----–---ის თანდასწრებით ფსიქოლოგიურად, სისტემატურად, ძალადობს ყოფილ მეუღლეზე - ნ------------–--ეზე. კერძოდ, გამოხატავს აგრესიას და სისტემატურად აყენებს მას სიტყვიერ შეურაცხყოფას, უყვირის, რის შედეგადაც ნ------------–--ე განიცდის ტანჯვას.
2018 წლის აგვისტოდან - 2018 წლის სექტემბრამდე დროის შუალედში, ქ-------–--–---–-----------–---–-------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილის - ნ-----–---ის თანდასწრებით, დ--------–---ემ ყოფილ მეუღლეს - ნ------------–--ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ხელზე უკბინა, რის გამოც ნ------------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის იანვრიდან - 2019 წლის თებერვლამდე დროის შუალედში, ქ. თ---–--–--------–---------------–- მდებარე დ--------–---ის დროებით საცხოვრებელ სახლში, უმნიშვნელო მიზეზით, ამ უკანასკნელმა თავის არასრულწლოვან შვილს - ნ-----–---ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, კედელს მიაყუდა და კისერში ძლიერად წაუჭირა ხელი. დ--------–---ის ქმედების შედეგად, ნ-----–---ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და დაიწყო ტირილი.
2019 წლის იანვრიდან - 2019 წლის თებერვლამდე დროის შუალედში, ქ. თ---–--–--------–---------------–- მდებარე დ--------–---ის დროებით საცხოვრებელ სახლში, უსაფუძვლო მიზეზით, ამ უკანასკნელმა თავის არასრულწლოვან შვილს - ნ-----–---ეს და მის ყოფილ მეუღლეს - ნ------------–--ეს დაახლოებით ორი საათის განმავლობაში უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება.
2019 წლის მაისში, ქ-------–--–---–-----------–---–-------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილის - ნ-----–---ის თანდასწრებით, დ--------–---ემ ყოფილ მეუღლეს - ნ------------–--ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, მარცხენა ლოყაზე უკბინა, რის შედეგადაც ნ------------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 28 ივნისს, ქ-------–--–------------------------–- მდებარე კომპანია „----------–--–--- დ--------–---ე ყოფილ მეუღლეს - ნ------------–--ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ქონების განადგურებით, რამაც ამ უკანასკნელს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩინა.
სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირის ბრალეულობას. ამდენად, დ--------–---ეს არ დაუდასტურდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (3 ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა. ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად უტყუარად ვერ დადასტურდა ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია პირველ რიგში ყურადღება გაამახვილოს პროკურორის მიერ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებულ ბრალდების ფორმულირებაზე და ამ საკითხის მნიშვნელობაზე მტკიცებულებების საკმარისობის შეფასების კონტექსტში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს, ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე მსჯელობს და ქმედებას სამართლებრივად აფასებს სწორედ ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ინკრიმინირებული ქმედების აღწერა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე დ--------–---ეს ბრალს სდებს მასში, რომ: იგი ფსიქოლოგიურად, სისტემატურად ძალადობს ყოფილ მეუღლეზე – ნ------------–--ეზე. კერძოდ, გამოხატავს აგრესიას, სისტემატურად აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და უყვირის, რის შედეგადაც ნ------------–--ე განიცდის ტანჯვას;
ბრალდებულმა არასრულწლოვანი შვილის - ნ-----–---ის თანდასწრებით, ყოფილ მეუღლეს - ნ------------–--ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, უკბინა ხელზე და ლოყაზე (ორი დამოუკიდებელი ეპიზოდი), რის შედეგადაც ნ------------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი;
დ--------–---ემ უმნიშვნელო მიზეზით, თავის არასრულწლოვან შვილს - ნ-----–---ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, კედელს მიაყუდა და კისერში ძლიერად წაუჭირა ხელი, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და ბავშმა ტირილი დაიწყო.
ქ. თ---–--–--------–---------------–- მდებარე დ--------–---ის დროებით საცხოვრებელ სახლში, უსაფუძვლო მიზეზით, ამ უკანასკნელმა თავის არასრულწლოვან შვილს - ნ-----–---ეს და მის ყოფილ მეუღლეს - ნ------------–--ეს, დაახლოებით ორი საათის განმავლობაში უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება.
ასევე, ქ-------–--–------------------------–- მდებარე კომპანია „----------–--–--- დ--------–---ე ყოფილ მეუღლეს - ნ------------–--ეს სიცოცხლის მოსპობით და ქონების განადგურებით დაემუქრა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს დაზარალებულ ნ------------–--ის პოზიციაზე გაუჩნდა თუ არა მას მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და აღიქვა თუ არა ის რეალურად. ამასთან, განიცადა თუ არა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. ასევე, დაზარალებულ - ნ-----–---ის პოზიციაზე, განიცადა თუ არა ბრალდებულის ქმედების შედეგად ფიზიკური ტკივილი, მოხდა თუ არა დაზარალებულთათვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა და რამდენად დასტურდება უტყუარად სხვა მტკიცებულებებით პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე და 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. უზენაესმა სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში ამ საკითხზე ქვედა ინსტანციის განაჩენში ასახული ზედაპირული მსჯელობა მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობების არაარსებით ხასიათზე არაარგუმენტებულად მიაჩნია და მიუთითა, რომ ზოგადი მსჯელობა არ პასუხობს კანონის მოთხოვნას მტკიცებულებათა უტყუარობის შეფასების სავალდებულობის შესახებ. აღნიშნულ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობებიდან გამომდინარე მოწმეთა ჩვენებები არ მიიჩნია სარწმუნოდ და გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.
ამდენად, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების შინაარსზე, იმსჯელებს მათი უტყუარობის შესახებ და განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული ბრალდების მხარის მტკიცებულებები.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა დ--------–---ემ თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ მას არ უძალადია მეუღლეზე და შვილზე, არ აღუკვეთავს თავისუფლება და არ დამუქრებია სიცოცხლის მოსპობით.
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულებმა: ნ------------–--ემ და ნ-----–---ემ ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის (ყოფილი მეუღლის და მამის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
მოწმე თ------------------–--ის ჩვენებით: დ--------–---ე არის მისი ქალიშვილის -ნ------------–--ის მეუღლე. მათ თავიდან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, თუმცა მოგვიანებით დ--------–---ემ ალკოჰოლური სასმელის მიღება დაიწყო და ურთიერთობა დაეძაბათ. მათი დაშორების შემდეგ ნ------------–--ისგან გაიგო, რომ ხშირად კამათობდნენ ის და დ--------–---ე, რომელიც აყენებდა შეურაცხყოფას. ბრალდებული ნასვამ მდგომარეობაში მივიდა მათ საცხოვრებელ მისამართზე და ითხოვდა კარის გაღებას, მაგრამ არ გაუღეს და გამოიძახეს საპატრულო პოლიცია. ორჯერ გამოიცა შემაკავებელი ორდერი - ერთხელ მისი მეუღლის, ხოლო მეორედ მის მიმართ. ნ------------–--ის და ნ-----–---ის თავისუფლების უკანონო აღკვეთის შესახებ არაფერი იცის. შვილისგან გადმოცემით იცის, რომ დ--------–---ემ მიაკითხა სამსახურში, ნასვამ მდგომარეობაში და დაიწყო ჩხუბი, მისმა შვილმა კი დახმარებისათვის მიმართა პოლიციის განყოფილებას. აღნიშნულის შემდეგ, დ--------–---ე მივიდა განყოფილებასთან და აპირებდა თავის დაწვას.
მოწმე თ-----------ს ჩვენებით: მუშაობს ქ-------–---------–-–--------------------------------------–----------------–-------------------–---–- გამომძიებლის თანამდებობაზე. 2019 წლის 28 ივნისს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც სამორიგეო ნაწილში შევიდა შეტყობინება ნ------------–--ისგან, რომელიც ითხოვდა დახმარებას. ადგილზე გამოცხადდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომლებმაც ნ------------–--ე გადაიყვანა, განყოფილებაში. მის მიერ მოხდა ნ------------–--ესთან გასაუბრება, დაიწყო გამოძიება და მოწმის სახით გამოკითხა დაზარალებული. მოგვიანებით, თანამშრომლის - ბ-----------------გან ცნობილი გახდა, რომ განყოფილების ეზოში იმყოფებოდა პიროვნება, რომელიც აცხადებდა, რომ მისი მეუღლე იყო შენობაში და ითხოვდა მასთან საუბარს, წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრებოდა ბენზინის გადასხმით და თავის დაწვით. აღნიშნულის გამო, ბ----------------მ თანამშრომლებს სთხოვა დახმარება. თავადაც გავიდა და დაინახა, რომ დ--------–---ეს ხელში ეჭირა სანთებელა და აპირებდა თავის დაწვას, თუმცა დაკავებული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ. მის მიერ გამოკითხული იქნა ბ----------------, დ--------–---ეს გააცნო დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, განუმარტა უფლებები და გამოითხოვა ცნობა ნასამართლობის შესახებ. ასევე, დაზარალებულს გააცნო უფლებები და დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ.
მოწმე ბ----------------- ჩვენებით: 2019 წლის 28 ივნისს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც შენობის გარე პერიმეტრიდან გაიგონა ძახილის ხმა. გავიდა გარეთ, სადაც დახვდა დ--------–---ე, რომელიც ხმამაღალი ტონით ამბობდა, რომ მისი მეუღლე შენობაში იყო და ითხოვდა მის გაყვანას. დ--------–---ე მეუღლის მიმართ იყო აგრესიული და მოიხსენიებდა უცენზურო სიტყვებით. ბრალდებულს ხელში ეჭირა ბოთლი მასში არსებული სითხით და იმუქრებოდა საწვავის გადასხმით და თავის დაწვით იმ შემთხვევაში, თუკი ნ------------–--ე არ გავიდოდა და არ დაელაპარაკებოდა. მიუხედავად იმისა, რომ სთხოვდა არ ეს არ გაეკეთებინა, დ--------–---ემ გადაისხა ბენზინი. მიახლოებისას იგი ხდებოდა აგრესიული და ცდილობდა თავისთვის ზიანის მიყენებას, მაგრამ მათი თანამშრომლების: გ----------------–---–ის და გ---------------–--ის მიერ მოხდა დ--------–---ისთვის სანთებელას წართმევა და დაკავება.
მოწმე გ---------------–--ის ჩვენებით: მუშაობს ქ-------–---------–-–--------------------------------------–----------------–------------------- განყოფილებაში დეტექტივის თანამდებობაზე. 2019 წლის 28 ივნისს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც გაიგონა მოქალაქე, როგორც გამოძიებით დადგინდა დ--------–---ე, ეძახდა პოლიციის თანამშრომელს გასულიყო გარეთ. დ--------–---ეს ხელში ეჭირა სანთებელა და ბოთლი მასში არსებული სითხით, რომელიც გადაისხა თავზე. იგი იმუქრებოდა, რომ შევარდებოდა პოლიციის შენობაში დაწვავდა პოლიციის შენობას, დაწვავდა მას, დაზარალებულს და თავსაც დაიწვავდა. დ--------–---ე ცდილობდა პოლიციის განყოფილებაში შესვლას, დაიწყო ხუთამდე დათვლა და იმუქრებოდა თავის დაწვით, თუმცა განზრახვა ბოლომდე ვერ მიიყვანა, ვინაიდან დაკავებული იქნა მათ მიერ.
მოწმე თ-----------------ის ჩვენებით: მუშაობს ქ-------–---------–-–--------------------------------------–----------------–-------------------–---–- დეტექტივის თანამდებობაზე. 2019 წლის 28 ივნისს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც შენობაში შესასვლელ კიბესთან შემოესმა ხმაურის ხმა. პიროვნება, როგორც გამოძიებით დადგინდა დ--------–---ე, ეძახდა მორიგეს გასულიყო გარეთ. გავიდა და დაინახა დ--------–---ეს სანთებელა და ბოთლი მასში არსებული სითხით ეჭირა ხელში, რომელიც გადაისხა თავზე და იმუქრებოდა, რომ თუკი მისი მეუღლე არ გავიდოდა შენობიდან და არ დაელაპარაკებოდა თავს დაიწვავდა. ასევე იგინებოდა და იმუქრებოდა მეუღლის მისამართით, მაგრამ დაკავებული იქნა მათ მიერ.
მოწმე გ----------------–---–ის ჩვენებით: მუშაობს ქ-------–---------–-–--------------------------------------–----------------–-------------------–---–- უფროსი გამომძიებლის თანამდებობაზე. 2019 წლის 28 ივნისს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც გაიგონა ყვირილის და გინების ხმა. გავიდა გარეთ და დაინახა პიროვნება, როგორც გამოძიებით დადგინდა დ--------–---ე, იდგა პოლიციის შენობის წინ. დ--------–---ეს ხელში ეჭირა სანთებელა და ბოთლი მასში არსებული სითხით. მისი გასვლისას დ--------–---ემ ბოთლში არსებული სითხე გადაისხა თავზე და ითხოვდა მისი მეუღლის - ნ------------–--ის გასვლას და დალაპარაკებას. ამასთან, იგინებოდა ნ------------–--ის მისამართით. თუმცა, როგორც კი ბრალდებულმა ყურადღება მოადუნა, მოხდა მისი დაკავება.
მოწმე თ-----------–-–---–ის ჩვენებით: მუშაობს ქ-------–---------–-–--------------------------------------–----------------–-------------------–---–- უფროსი გამომძიებლის თანამდებობაზე. მის მიერ გამოკითხული იქნენ ნ------------–--ე, ნ-------------–---–ი და ნ-----–---ე, რომელიც გამოკითხა საპროცესო წარმომადგენელთან ერთად.
მოწმე ე-----------------–-–---–ის ჩვენებით: მუშაობს ქ-------–---------–-–--------------------------------------–----------------–-------------------–---- გამომძიებლის თანამდებობაზე და მის მიერ გამოკითხული იქნა თ------------------–--ე.
მოწმე თ---------------ის ჩვენებით: დ--------–---ესთან და ნ------------–--ესთან მეგობრობს წლებია. დ--------–---ეს მეუღლესთან და შვილთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მათ არანაირი უთანხმოება არ ჰქონიათ. მეუღლისგან გადმოცემით იცის, რომ დ--------–---ეს და ნ------------–--ეს მოუვიდათ უთანხმოება და დ--------–---ე იმუქრებოდა თვითდაზიანებით.
ბრალდების მხარის შუამდგომლობით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა მოწმე ნ-------------–---–ის 2019 წლის 28 ივნისის გამოკითხვის ოქმი, ვინაიდან მისი ადგილსამყოფელი ბრალდების მხარემ ვერ დაადგინა, რომლის მიხედვითაც: ცხოვრობს ქ-------–--–---------–---–-------------–-, ბიძასთან თ------------------–--ესთან და თამარ ნადირაძესთან ერთად. მათ აქვთ საქორწილო კაბების ბიზნესი, რომლის მაღაზიაც და სამკერვალოც მდებარეობს ქ-------–-------------------ში - მაღაზია „მარი გოლდი.“ თ----------- და თ------ ყავთ შვილი - ნ------------–--ე, რომელიც არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა დ--------–---ესთან, რომელთანაც ჰყავს ერთი შვილი, 14 წლის ნ-----–---ე. დაახლოებით ერთი წლის წინ დავითი და ნ---- ერთმანეთს დაშორდნენ, რადგან ურთიერთობა დაეძაბათ. 2018 წლის სექტემბრის თვეში, ზუსტი დღე არ ახსოვს, სტუმრად მივიდა ნ------------–--ესთან და ნ-----–---ესთან. როდესაც სახლში შევიდა დაინახა, რომ მისაღებ ოთახში სავარძელში იჯდა დ--------–---ე, ხოლო სავარძლის მოაჯირზე იჯდა ნ-----–---ე, ხოლო ნ------------–--ე მოშორებით იჯდა. ამ დროს დ------ კალთაში ედო სანადირო თოფი, რომელიც იმუქრებოდა, რომ გადავიდოდა თ------------------–--ესთან და თ---------თან და ორივეს მოკლავდა, ასევე ცეცხლს წაუკიდებდა. ყველანი ძალიან შეშინებულები იყვნენ და მაქსიმალურად ცდილობდნენ დ------- დამშვიდებას. ასევე, მოწმის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაციით, იგი მაღაზია ,-----------–--–-- შეესწრო ბრალდებულის და დაზარალებულის კამათს, მაგრამ მიზეზი მისთვის უცნობია. სამსახურში ყოფნის დროს ძალიან ხშირად გაუგონია ტელეფონზე საუბრის დროს თუ როგორ აყენებდა ბრალდებული ნ----ს სიტყვიერ შეურაცხყოფას.
სასამართლომ შეაფასა საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება სისხლის სამართლის საქმეზე მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ დ--------–---ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით არ არის წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საფუძველს შექმნიდა ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არ მოიპოვება არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებულის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას დაადასტურებდა. დაზარალებულებმა: ნ------------–--ემ და ნ-----–---ემ მათზე განხორციელებული სისტემატური შეურაცხყოფის, ძალადობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და მუქარის ფაქტი სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურეს (გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ). სხვა მოწმეები არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრე პირები (თვითმხილველები) და მათ მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციით უტყუარად არ დასტურდება პირის ბრალდების დადგენილებაში მითითებული გარემოებები.
საყურადღებოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის № 1\1\548 გადაწყვეტილება, სადაც განიმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და შესაბამისად, არაკონსტიტუციურია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ მითითებული მოწმეების ჩვენებები ვერ აკმაყოფილებენ ირიბი მტკიცებულების სტანდარტსაც კი ვინაიდან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია. კანონში არსებული მითითება ინფორმაციის წყაროს და პირის იდენტიფიცირების არსებობის შესახებ არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფორმალური ხასიათის ჩანაწერი, რადგან აუცილებელია, რომ სწორედ ინფორმაციის მატარებელმა პირმა დაადასტუროს, რომ ნამდვილად მის მერ გაცემულ ინფორმაციას უთითებენ თავიანთ ჩვენებებში ირიბი მოწმეები. ამ შემთხვევაში კი, დაზარალებულებმა გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ. შესაბამისად, საერთოდ შეუძლებელია იმ პირის ვინაობის დადგენა, თუ ვის მიერ გაცემულ ინფორმაციას ყვებიან მოწმეები (სავარაუდოდ ეს პირები შესაძლოა იყვნენ დაზარალებულები).
ამდენად, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას მოწმის - თ------------------–--ის ირიბი ჩვენების საფუძველზე დაადგინოს ის ფაქტი, რომ ნ------------–--ის მიმართ დ--------–---ემ განახორციელა სისტემატური შეურაცხყოფა, ძალადობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და მუქარა, ხოლო ნ-----–---ის მიმართ ძალადობა და თავისუფლების უკანონო აღკვეთა. საქმეში არ არის წარმოდგენილი არა თუ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ ერთი პირდაპირი მტკიცებულებაც კი, რაც საფუძვლად დაედებოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.
რაც შეეხება მოწმეთა - პოლიციის თანამშრომელთა: ბ-----------------, გ---------------–--ის და გ----------------–---–ის ჩვენებებს, ისინი ადასტურებენ მხოლოდ ბრალდებულის პოლიციაში მისვლის და მეუღლესთან დალაპარაკების საშუალების მიცემის მოთხოვნის ფაქტს, წინააღმდეგ შემთხვევაში თავის დაწვის მუქარას. აღნიშნულის მიუხედავად, ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებები გარკვეულ ნაწილში ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს. კერძოდ, ბ--------------ემ განმარტა, რომ დ--------–---ე იდგა კიბეზე ბოთლით ხელში დ იმუქრებოდა თავის დაწვით. ამის საპირისპიროდ, გამომძიებელმა გ----------------–---–მა განმარტა, რომ დ--------–---ე იდგა პოლიციის შენობის წინ, კიბეებთან არ მისულა და ითხოვდა მეუღლესთან დალაპარაკებას, ხოლო გამომძიებელმა გ---------------–--ემ განაცხადა, რომ დ--------–---ე იმუქრებოდა რომ შევარდებოდა პოლიციის შენობაში, დაწვავდა განყოფილებას, დაზარალებულს, თავად მას და დაიწვავდა თავს, რაც სხვა არცერთ შემთხვევის ადგილზე მყოფ მოწმეს არ დაუდასტურებია. აღნიშნული კი, მათ მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებების წონადობას კიდევ უფრო ამცირებს.
რაც შეეხება ბრალდების მხარის შუამდგომლობით გამოქვეყნებული მოწმის - ნ-------------–---–ის ჩვენებას, ისიც ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, ვინაიდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განსაკუთრებული მიდგომა აქვს სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებულ ჩვენებების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანასთან დაკავშირებით. კერძოდ,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ საქმეზე ალ-ხავაჯა და ტაჰერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom) 2011 წლის 15 დეკემბერს დაადგინა სახელმძღვანელო პრინციპები, რომელიც ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც ბრალდების მხარის მოწმე არ ესწრება სასამართლო განხილვას და მის მიერ მანამდე მიცემული ჩვენება დაშვებულ იქნა მტკიცებულებად. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული, თუმცა უშუალოდ გადაუმოწმებელი ჩვენებები, მხოლოდ მაშინ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის მსჯავრდებას, როდესაც ისინი გამყარებულია სხვა მტკიცებულებებით და ეს ეჭვქვეშ არ დააყენებს მთლიანობაში სასამართლო პროცესის სამართლიანობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, ვინაიდან გამოქვეყნებული ჩვენება საქმეში არსებული სხვა არცერთი მტკიცებულებით გამყარებული არ არის.
ასევე, საქმეზე ჭაჭაშვილი გერმანიის წინააღმდეგ (SCHATSCHASCHWILI v. GERMANY; საჩივარი №9154/10) 2014 წლის 17 აპრილი გარდა იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კვლავ განმტკიცა საქმეზე ალ-ხავაჯა და ტაჰერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom) 2011 წლის 15 დეკემბერს დიდი პალატის მიერ დადგენილი სტანდარტები და განმარტა, რომ იმ მოწმეთა ჩვენებებთან დაკავშირებით, რომელთა დაკითხვაც ბრალდებულის ან მისი ადვოკატის თანდასწრებით შეუძლებელია, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი მე-3 პარაგრაფთან ერთად ხელშემკვრელ მხარეებს ავალდებულებს, რომ გადადგან ქმედითი ნაბიჯები, კერძოდ საშუალება მისცენ ბრალდებულს, რომ მან კითხვები დაუსვას მოწმეს ან განხორციელდეს ბრალდებულის წინააღმდეგ არსებული მოწმის დაკითხვის უზრუნველყოფა. ამგვარი ღონისძიებები წარმოადგენს გულმოდგინებას, რომელიც ხელშემკვრელმა მხარეებმა უნდა გამოავლინონ, რათა უზრუნველყონ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლებით ეფექტური სარგებლობა (იხ. Sadak and Others v. Turqey 2001 წელი, D. v. Finland 2009 წლის 7 ივლისი, Gossa v. Poland 2007 წლის 9 იანვარი). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გონივრული ეჭვი ჭაჭაშვილის სასარგებლოდ გადაწყვიტა და დაადგინა ევროპული კონვენციის 6.1 და 6.3.d მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) დარღვევა.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. მაგალითად, საკითხის იმგვარად შეფასება და გადაწყვეტა, რომ რომელიმე კატეგორიის საქმეზე (მაგ.: ოჯახში ძალადობაზე ან თუ დაზარალებული არასრულწლოვანია) გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგინდეს უფრო დაბალი მტკიცებულებითი სტანდარტი, ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსობრივად მცდარია. არასაკმარისი, არადამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს, რადგან შეიცავს უდანაშაულო პირის მსჯავრდების რისკს.
მტკიცებულების საკმარისობის საკითხზე არაერთი განმარტება აქვს გაკეთებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, კერძოდ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, პუნქტი 29, 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8). ერთ პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთად საქმეში არსებული სხვა მოწმეთა ჩვენებები (ირიბი ჩვენებების სახით) არ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენი, პუნქტი 45).
ამასთან, აღსანიშნავია, რომ სასამართლო სრულად ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულებას, უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის პრევენცია, ქმედითად დაიცვას ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი და დასაჯოს მოძალადეები, ანუ სრულად განახორციელოს ევროპის საბჭოს 2011 წლის სტამბულის კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სხვადასხვა საქმეებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, თუმცა, მიუხედავად ამ საქმეთა უდავოდ დიდი მნიშვნელობისა, ის ვერ გაამართლებს ბრალდებულის მსჯავრდებას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე – სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეში არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულის ბრალეულობას. მხოლოდ იმის გამო, რომ პირს ბრალად ედება სენსიტიური დანაშაულის ჩადენა, მისთვის სამართლიანი სამართალწარმოების გარანტიების უგულებელყოფა არ უნდა მოხდეს. Mutatis mutandis, აღნიშნული თავად ევროპულმა სასამართლომ განაცხადა საქმეში მატოჩა იტალიის წინააღმდეგ (Mattoccia v. Italy, განაცხადი no. 23969/94, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2000 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება). კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ პირსაც, რომელსაც ბრალად ედება ფსიქიკური პრობლემების მქონე არასრულწლოვანზე ძალადობა, უნარჩუნდება სამართლიანი სასამართლო განხილვის გარანტიები, რომელთა უგულებელყოფასაც მტკიცებულებების მოპოვებასთან დაკავშირებული სირთულეები არ ამართლებს (პუნქტი 71). სასამართლომ მსგავსი მიდგომა რომ აირჩიოს, ის დაარღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას, რომლის განუყოფელ ნაწილსაც შეადგენს პირის უფლება დასაბუთებულ მსჯავრდებაზე (ბოლდეა რუმინეთის წინააღმდეგ (Boldea v. Romania), განაცხადი no. 19997/02, 2007 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების პუნქტები 28-35). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ როდესაც ეროვნული სასამართლოები სათანადოდ ვერ ასაბუთებენ პირის მსჯავრდებას, პირი ვერ სარგებლობს სამართლიანი სამართალწარმოებით, რაც არღვევს კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტს (ჭანკოტაძე საქართველოს წინააღმდეგ (Tchankotadze v. Georgia, განაცხადი no. 15256/05, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილების პუნქტები 108-109).
ამდენად, პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა (მინიმუმ ორი), რაც დაადასტურებდა დ--------–---ის მიერ ნ------------–--ეზე ძალადობის, სისტემატური შეურაცხყოფის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტს, ხოლო ნ-----–---ეზე ძალადობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტს, ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია და შესაბამისად, ბრალდებული დ--------–---ე ცნობილი უნდა იქნას უდანაშაულოდ და წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება, იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი და ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. ამდენად, მსხვერპლიც უნდა იყოს ოჯახის წევრი და არა სხვა პირი. ოჯახის წევრებად ითვლებიან მეუღლე (მათ შორის განქორწინებული ან არარეგიტრირებულ ქორწინებაში მყოფი) და შვილები. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა). ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, სისტემატურ შეურაცხყოფასა, დამცირებაში ბ). მართლსაწინააღმდეგო შედეგში - ფიზიკურ ტკივილში (რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) და გ). მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური იძულებით. ძალადობამ არ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. სისტემატური შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით. განსახილველმა ნორმამ შეურაცხყოფისათვის შემოიღო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუკი იგი: 1). ჩადენილია ოჯახში და ბ). სისტემატური ხასიათისაა. შეურაცხყოფა სისტემატურია მაშინ, თუკი იგი ჩადენილია სამჯერ მაინც ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ და თანაც დროის მცირე ინტერვალის დაშორებით. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი შეურაცხყოფისაგან მიყენებული ფსიქიკური ტკივილი ჯერ არაა განელებული და ადგილი აქვს მეორე შეურაცხყოფას, შემდეგ ასევე დროის მცირე მონაკვეთის დაშორებით - მესამეს და ა.შ. დამცირების დროს ოჯახის ერთი წევრი მეორეს ყოველდღიურ ურთიერთობაში აგრძნობინებს, რომ იგი არასრულფასოვანი პიროვნებაა. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა. ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი, რაც მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებული ვერ იქნა - დაზარალებულებმა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე.
კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით კრიმინალიზებულია თავისუფლების უკანონო აღკვეთა. საქართველოს კონსტიტუციით ადამიანებს აქვთ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება. კონსტიტუციით ასევე ხელშეუვალია ადამიანის თავისუფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ არავის არა აქვს უფლება თავისუფლება აღუკვეთოს პირს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. განსახილველი დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ძირითადი ობიექტია ადამიანის ხელშეუხებლობა და მისი თავისუფალი გადაადგილების უფლება, ხოლო ფაკულტატურ ობიექტს წარმოადგენს სხვა პირის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ღირსება. ობიექტური მხრივ თავისუფლების უკანონო აღკვეთა შეიძლება გამოიხატოს როგორც მოქმედებაში, ისე უმოქმედობაში (უფრო ხშირად იგი მოქმედებაში გამოიხატება). უმოქმედობითაა ჩადენილი ეს დანაშაული, როცა რომელიმე ბინაში ან დაწესებულებაში მყოფ პირს არ უღებენ კარებს და არ აძლევენ თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობას, რის გამოც იგი იძულებულია დარჩეს ამ ბინაში. ქმედების ამ მუხლით კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არა აქვს დანაშაული ჩადენილი იქნება ღია ცის ქვეშ (მაგალითად, ხეზე მიბმით) თუ დახურულ სივრცეში (ბინაში დამწყვდევით). ამასთანავე, დანაშაულის დამთავრებულად ცნობისათვის არაა საჭირო ამ ქმედებას მოჰყვეს რაიმე მძიმე შედეგი. დანაშაული დამთავრებულია სხვა პირის თავისუფლების უკანონო აღკვეთის მომენტიდან. ამდენად, სახეზეა ფორმალური შემადგენლობა. თავისუფლების უკანონო აღკვეთა დენადი დანაშაულია. მისი ჩადენა იწყება, როცა პირს ფაქტობრივად წაართმევენ თავისუფალი გადაადგილების უფლებას (მაგალითად, ჩაკეტეს სარდაფში) და შემდეგ უწყვეტლივ მიედინება. მისი ხანგრძლივობა მხედველობაში მიიღება სასჯელის დანიშვნის დროს. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ამსრულებელი არის ნებისმიერი შერაცხადი 14 წელს მიღწეული პირი. თავისუფლების უკანონო აღკვეთის მოტივი და მიზანი შეიძლება იყოს ანგარება, ხულიგნური ქვენაგრძნობა, ეჭვიანობა, შურისძიება და სხვა, რაც მხედველობაში იქნება მიღებული სასჯელის დანიშვნისას. ბრალის ფორმის მიხედვით ეს დანაშაული განზრახია. კერძოდ, მისი ჩადენა ხდება პირდაპირი განზრახვით. პირს გაცნობიერებული აქვს, რომ სხვას უკანონოდ აღუკვეთს თავისუფლებას და სურს ეს. ორი ან მეტი პირის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთას მაშინ აქვს ადგილი, როცა პირი ერთიანი განზრახვით ერთდროულად ან დროის მცირე ინტერვალის დაშორებით აღუკვეთს თავისუფლებას ორ ან მეტ პირს, რაც განსახილველ შემთხვევაში ასევე უტყუარად ვერ დადასტურდა - დაზარალებულებმა არ მისცეს ჩვენება სასამართლოს, ხოლო ბრალდების მხარემ სხვა მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის ან ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც დაემუქრა, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში: ა) სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ბ) ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში და გ) ქონების განადგურების მუქარაში. მუქარა შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტს გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი (რეალური) შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ დაზარალებულს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. დანაშაულის შემადგენლობისთვის გადამწყვეტია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის აღძვრა. აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ქმედებას (მუქარა) და დამდგარ შედეგს (შიში) შორის. მუქარა შეიძლება განხორციელდეს კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებით, წერილობითი ან ზეპირი ფორმით, პირისპირ ან სატელეფონო საუბრით, იარაღის ან ძალის დემონსტრირებით და სხვა, რაც განსახილველ შემთხვევაში ასევე უტყუარად ვერ დადასტურდა - დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, ხოლო იმ პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებების მიუხედავად, რომლებმაც დ--------–---ის მიერ დაზარალებულის მიმართ შეურაცხყოფისა და მუქარის ფაქტზე ისაუბრეს, გაურკვეველია ესმოდა თუ არა პოლიციის შენობაში მყოფ ნ------------–--ეს და დადებით შემთხვევაში, გაუჩნდა თუ არა მას მუქარის განხორციელების რეალური შიში.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარემ მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ შეძლო დ--------–---ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებების დადასტურება, რაც მის მოვალეობას წარმოადგენდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა დ--------–---ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (3 ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; საქართველოს სსკ-ის 111,143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და უნდა გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 267-268-ე, 270-271-ე, 275-276-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ--------–---ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
2. დ--------–---ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
3. დ--------–---ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
4. დ--------–---ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 111,143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
5. დ--------–---ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
6. დ--------–---ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
7. დ--------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
8. განემარტოს გამართლებულს უფლება, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
9. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე
დავით მგელიაშვილი