გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.03.2020
საქმის ნომერი
100210020003476738
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
18.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 100210020003476738

# 2/58-2020 წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

18.03.2020წ. ქ. საჩხერე

 

შესავალი ნაწილი

საჩხერის რაიონული სასამართლო

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი ნათია ბერიძე

 

მოსარჩელე: ია გ---–--–---–ი

წარმომადგენელი: ი-----–--- მ--------ე

 

მოპასუხე: გ------- ხ---–--ე

 

დავის საგანი: ალიმენტი

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. საჩხერის რაიონულ სასამართლოში 2020 წლის 14 თებერვალს შემოტანილი იქნა სარჩელი ია გ---–--–---–ის (პ.ნ.3----------) მიერ, მოპასუხე გ------- ხ---–--ის (პ.ნ. 0----------) მიმართ, არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების თაობაზე.

მოსარჩელის განმარტებით იგი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მოპასუხე გ------- ხ---–--ესთან 2017 წლის 28 ნოემბრიდან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინა ერთი შვილი 2018 წლის 02 ივნისს დაბადებული ც------ ხ---–--ე.

მოსარჩელე მიუთითებს, რომ ოჯახში არსებული უსიამოვნების გამო მოსარჩელე წამოსულია მოპასუხის ოჯახიდან 2019 წლის ივნისიდან და შვილთან ერთად ცხოვრობს მშობლების სახლში საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ც---ში.

 

მოსარჩელის განმარტებით მოპასუხეს არ გაუწევია არანაირი მატერიალური დახმარება თავისი შვილისთვის.

მოსარჩელე ითხოვს მოპასუხე - გ------- ხ---–--ეს შვილის ც------ ხ---–--ის, დაბადებულის 2018 წლის 2 ივნისს, სასარგებლოდ 2020 წლის 04 თებერვლიდან დაეკისროს საზრდო ალიმენტი ყოველთვიურად თვეში 300 (სამასი) ლარი, მის სრულწოვანებამდე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეს მიერ მოცემულ სარჩელზე შემოტანილი იქნა შესაგებელი, სადაც მიუთითებს, რომ სასარჩელო მოთხოვნას ეთანხმება ნაწილობრივ, გრძნობს პასუხისმგებლობას თავის შვილის მიმართ და გადაიხდის ალიმენტს თვეში 100 ლარის ოდენობით. იგი მიუთითებს, რომ მას დამთავრებული აქვს სამხატვრო აკადემია, იშვიათად ირებს შეკვეთებს და სტაბილური შემოსავალი არ გააჩნია. იგი ცხოვრობს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მამასთან და ძმასთან ერთად, რომელიც უმუშევარია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ მხარეებს ჰქონდათ მცდელობა მორიგებულიყვნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა ისინი ვერ შეთანხმდნენ თანხაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტებები(იხ.ოქმი)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოება

 

3.2.1. დადგენილია, რომ მოსარჩელეა - ია გ---–--–---–ი (პ.ნ.3----------; მის: საჩხერის მუნიციპალიტეტი სოფელი ც----), მოპასუხეს წარმოადგენს - გ------- ხ---–--ე (პ.ნ.0----------; მის: თბილისი, ნ----–------ს რაიონი ვ--–--–---ს ქ.N5).

დადგენილია, რომ მოსარჩელე და მოპასუხე ერთად ცხოვრობდნენ ქალაქ თბილისში მოპასუხის მისამართზე. მათ ქორწინების პერიოდში ჰყავთ შვილი - ც------ ხ---–--ე (დაბადებული - 2018 წლის 02 ივნისს, პ.ნ.0----------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- სარჩელი (ს.ფ. 1-12);

- შესაგებელი (ს.ფ. 28-38)

- დაბადების მოწმობა (ს.ფ.14)

 

3.2.2. დადგენილია, რომ მოსარჩელე - ია გ---–--–---–ი აღარ ცხოვრობს მოპასუხის ოჯახში და თავის შვილთან ც------ ხ---–--ესთან (პ.ნ.0----------; დაბ.თარ: 02.06.2018წ) ერთად ცხოვრობს მშობლების სახლში საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ც---ში. მოსარჩელე არ მუშაობს, თუმცა უდავოა, რომ მოსარჩელეც და მოპასუხეც შრომისუნარიანები არიან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- სარჩელი (ს.ფ. 1-12);

- ცნობა (ს.ფ.15)

 

3.2.3. დადგენილია, რომ მოპასუხე ცხოვრობს მამასთან და ძმასთან ერთად , რომლებიც არ მუშაობენ. დადგენილია რომ მას დამთავრებული აქვს სამხატვრო აკადემია, აქვს შეკვეთები ასევე შემოსავალი აქვს ბინის გაქირავებიდანაც. მოპასუხემ დაადასტურა, რომ მას თავისი პროფესიიდან გამომდინარე შემოსავალი აქვს თვეში 500 ლარი , ხოლო უძრავი ქონების გაქირავებიდან მის ოჯახს შემოსავალი აქვს დაახლოებით 300 ან 400 ლარამდე.

დადგენილია, რომ მოპასუხემ 2020 წლის 17 თებერვალს გაიკეთა ანტიალკოჰოლური კოდირება.

დადგენილია ასევე ის ფაქტი , რომ სოფელ ც---ში ია გ---–--–---–ი თავის შვილთან ერთად, ცხოვრობს დედასთან , მამასთან და ძმასთან ერთად, რომელიც სკოლის მოსწავლეა. ისინი არ მუშაობენ და შემოსავალი აქვთ, მხოლოდ ოჯახური მეურნეობიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- ცნობა (ს.ფ.41)

- ცნობა (ს.ფ.44)

- სხდომის ოქმი( 13:35:51სთ, 13:36:34სთ)

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. საქმეში წარმოდგენილი გარემოებებისა და მტკიცებულებების გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე სასამართლო თვლის რომ, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გ------- ხ---–--ეს (პ.ნ.0----------) სარჩელის აღძვრის დღიდან 2020 წლის 14 თებერვლიდან თავისი არასრულწლოვანი შვილის ც------ ხ---–--ის (პ.ნ.0----------; დაბ.თარ: 02.06.2018წ) სარჩენად ია გ---–--–---–ის (პ.ნ.3----------) სასარგებლოდ დაეკისროს თვეში 200 (ორასი) ლარის გადახდა მის სრულწლოვანებამდე, მდგომარეობის შეცვლამდე.

 

5.კანონები, სხვა სახის ნორმატიული აქტები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე , 1213-ე, 1214-ე ,1122-ე მუხლები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-106 მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

6.2.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის შესაბამისად შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის შესაბამისად მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის შესაბამისად არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტების ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის, შეძლებისდაგვარად, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებას, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, შემოსავლებს, რომელსაც ალიმენტის გადამხდელი იღებს, ასევე ითვალისწინებს მის კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს და განსაზღვრავს ალიმენტის ოდენობას გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. დასახელებული ნორმებით დადგენილია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა არ შეიძლება დამოკიდებული იქნეს მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, თუ მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. ანუ, ოდენობა, რასაც სასამართლო განსაზღვრავს, არ შეიძლება იყოს იმ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, რაც აუცილებელია პირის სარჩენად. აღნიშნული ვალდებულება ასევე გამომდინარეობს „ბავშვის უფლებათა კონვენციის” 27.2 მუხლიდან (საქართველო მიუერთდა 1994 წელს), რომლის თანახმად, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

გარდა ამისა „ბავშვის უფლებათა კონვენციის” მე-2 და მე-3 მუხლების შესაბამისად მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ და უზრუნველყოფენ მათი იურისდიქციის ფარგლებში მყოფი თითოეული ბავშვის ყველა უფლებას, რომელიც წინამდებარე კონვეციითაა გათვალისწინებული, ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის გარეშე, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, ბავშვის, მისი მშობლებისა და კანონიერი მეურვეების ჯანმრთელობისა და დაბადების მდგომარეობის ან სხვა რამ ვითარების განურჩევლად.

 

მონაწილე სახელმწიფოები ყოველგვარ აუცილებელ ზომას ღებულობენ დისკრიმინაციის ყველა იმ ფორმისა და სასჯელისაგან ბავშვის დაცვის უზრუნველსაყოფად, რომლებიც უკავშირდება ბავშვის, ბავშვის მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ოჯახის სხვა წევრთა სტატუსს, საქმიანობას, მათ მიერ გამოთქმულ შეხედულებებს და მათ გამჟღავნებულ მრწამსს.

 

ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.

მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვისათვის ზრუნვაზე ან მის დაცვაზე პასუხისმგებელი დაწესებულებები, სამსახურები ან ორგანოები შეესაბამებოდნენ კომპეტენტური ორგანოების მიერ დაწესებულ ნორმებს, კერძოდ, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მათი პერსონალის რიცხობრიობისა და ვარგისიანობის, აგრეთვე კომპეტენტური ზედამხედველობის თვალსაზრისით.

 

6.4.კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხე არის შრომისუნარიანი, მამას აქვს პროფესია, მუშაობს პერიოდულად და აქვს შემოსავალი მისივე განმარტებით თვეში დაახლოებით რვაასი ლარი(იხ. ოქმი). სასამართლო ითვალისწინებს, რომ მამას აქვს ასევე გარკვეული ვალდებულებები. ბავშვი ცხოვრობს დედასთან ერთად, დედა უმუშევარია, თუმცა შრომისუნარიანი, ბავშვი მცირეწლოვანია. თანხა, რომელიც შეიძლება მიჩნეულ იყოს იმ გონივრულ ოდენობად, რაც აუცილებელია ამ შემთხვევაში არასრულწლოვანი ბავშვისათვის ელემენტარული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად, არის 200 ლარი, რომელიც უნდა გადაიხადოს მამამ.

სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ მშობლების უფლება-მოვალეობების, ასევე მათი ინტერესების დაბალანსებისას, ყურადღება უნდა იყოს გამახვილებული იმ გარემოებაზე, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს რა შვილების მოვლასა და აღზრდას, ამ ვალდებულების გამო მეორე მშობელთან შედარებით გარკვეულწილად იზღუდება, უზრუნველყოს მეტი მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით.

რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხისათვის თვეში 300 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრებასთან დაკავშირებით, იგი ვერ იქნებოდა სრულად გაზიარებული გამომდინარე იქიდან, რომ, მართალია, მოთხოვნა დასაბუთებული იყო სარჩენი პირის მოთხოვნილებების შეფასების თვალსაზრისით, მაგრამ არ შეიცავდა კონკრეტულ მტკიცებას მოპასუხის უფრო დიდი მატერიალური შემოსავლების შესახებ.

6.5. ამდენად სასამართლო თვლის, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ გონივრული შეფასების ფარგლებში და გ------- ხ---–--ეს უნდა დაეკისროს თავისი არასრულწლოვანი შვილის რჩენა -აღზრდისათვის ალიმენტი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, ”იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა”.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად,თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე ცნო სარჩელი ნაწილობრივ. მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოპასუხეს ბაჟი დაეკისრება დაკმაყოფილებული ნაწილის ფარგლებში სარჩელის ცნობის ფარგლების გათვალისწინებით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ია გ---–--–---–ის (პ.ნ.3----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გ------- ხ---–--ეს (პ.ნ.0----------) სარჩელის აღძვრის დღიდან 2020 წლის 14 თებერვლიდან თავისი არასრულწლოვანი შვილის ც------ ხ---–--ის (პ.ნ.0----------; დაბ. თარ: 02.06.2018წ) სარჩენად, ია გ---–--–---–ის სასარგებლოდ, დაეკისროს თვეში 200 (ორასი) ლარის გადახდა მის სრულწლოვანებამდე, მდგომარეობის შეცვლამდე.

ია გ---–--–---–ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

2. გ------- ხ---–--ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 18 (თვრამეტი) ლარის ოდენობით (კოდი300223150).

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).

4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

5.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი