განაჩენი

სისხლის სამართლის 05.03.2020
საქმის ნომერი
330100120003455997
თარიღი
05.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/463-20

(#------------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

5 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე მაია კვირიკაშვილი

სხდომის მდივანი ნატო დანელია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ლ-------------–---

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - თ-----------------–---–- - დაბადებული 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი №-----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრაციის მისამართი; ქ. გ-------------------------–-----–---------------------; ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: ქ. თ---–-------–-------------------;

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი - სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 21 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ. თბილისში, ი-–--------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა თ-----------------–---–--, რომელიც უკმაყოფილო იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ მისი ოჯახის წევრისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურებით, განზრახ ხელი დაარტყა და ჩაამტვრია სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის კუთვნილი „ფიატ დუკატოს“ მარკის, სახელმწიფო ნომრით „E------“, ავტომობილის უკანა ორფრთიანი კარის მარჯვენა ფრთის 925 ლარად ღირებული მინა და მასზე დაკრული სტიკერი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

თ-----------------–---–-ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების - ნ--------------–----, ნ--------------- და გ-----------–--–---–-- გამოკითხვის ოქმებს, ავტომანქანის დათვალიერების ოქმს, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ თ-----------------–---–-ს სისხლის სამართლის საქმეში არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია სხვისი ნივთის განადგურებისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაულის დაცვის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობა. ნივთის განადგურება გულისხმობს ქონების ნივთზე იმგვარ გარეგან ზემოქმედებას, რის შედეგადაც წყდება მისი ფიზიკური არსებობა ან იგი გამოუსადეგარი ხდება მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისათვის. ამასთან, განადგურება შეიძლება გამოიხატოს შენობა-ნაგებობის დანგრევაში ან მისი ისეთ მდგომარეობაში ჩაგდებაში, როდესაც იგი კარგავს თვისებრივ განსაზღვრულობას და სასარგებლო თვისებებს. ქონების განადგურების თავისებურება იმაშია, რომ იგი არ შეიძლება აღდგენილ იქნეს რემონტის ან რესტავრაციის საშუალებით. დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ პირის მიერ ქონების დაზიანების შედეგად დაზარალებულს მიადგეს მნიშვნელოვანი ზიანი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით, დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2019 წლის 21 ნოემბერს, თ-----------------–---–-- განზრახ ხელის დარტყმით ჩაამტვრია ქ. თბილისში, ი-–--------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის კუთვნილი „ფიატ დუკატოს“ მარკის, ავტომობილის უკანა ორფრთიანი კარის მარჯვენა ფრთაზე არსებული მინა და მასზე დაკრული სტიკერი, რის შედეგადაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს მიადგა 925 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

საქმეში არსებული მხარეთა მიერ არასადავოდ გამხდარი მტკიცებულებების შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - შემადგენლობისთვის ყველა სავალდებულო ნიშანი.

 

ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ თ-----------------–---–-- ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება - სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რომლისთვისაც თ-----------------–---–- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

4 პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

თ-----------------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5. სასჯელის დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულთა უფლების დარღვევის კომპენსირება.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ თ-----------------–---–-ს მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (თ-----------------–---–-- ხელის დარტყმით ჩაამსხვრია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის კუთვნილი ავტომობილის უკანა ორფრთიანი კარის მარჯვენა ფრთაზე არსებული მინა), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას. ასევე, იმ გარემოებას, რომ თ-----------------–---–- აღიარებს წარდგენილ ბრალდებას, მტკიცებულებები გახადა უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას და სასამართლო რესურსის დაზოგვას. ამასთან, არ არსებობს თ-----------------–---–-ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ერთიდან სამ წლამდე.

 

სწორედ ზემოაღნიშნულ გარემოებათა და თ-----------------–---–-ს პირადი და ეკონომიკური პირობების (არ არის მუდმივად დასაქმებული, აქვს მძიმე ეკონომიკური პირობები) გათვალისწინებით, სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ თ-----------------–---–- სასჯელი ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებიდან გამომდინარე, უნდა განესაზღვროს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ნიშნავს მსჯავრდებულის უსასყიდლო შრომას, რომლის სახეს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ − სააგენტო) ტერიტორიული ორგანო − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო (შემდგომ − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო). ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა არ დაენიშნება პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებს, ორსულ ქალს, ქალს, რომელსაც ჰყავს შვიდ წლამდე შვილი, საპენსიო ასაკის პირს, აგრეთვე გაწვეულ სამხედრო მოსამსახურეს.

 

ამდენად, განაჩენში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია თ-----------------–---–- საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა განუსაზღვროს, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).

 

სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ არ არსებობს სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენებისათვის დამაბრკოლებელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებები:

 

· ერთი ცალი CD-R დისკი შეინახოს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თ-----------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 110 (ას ათი) საათის ვადით;

 

თ-----------------–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება და კონტროლი, დაევალოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:

 

· ერთი ცალი CD-R დისკი შეინახოს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაია კვირიკაშვილი