გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.04.2020
საქმის ნომერი
010210118002333293
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
07.04.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N010210118002333293

საქმე №2-897/18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 მარტი, 2020 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ირმა ტოგონიძე

სხდომის მდივანი - სოფიო ქარცივაძე

მოსარჩელე - ზუ---------–---ი

წარმომადგენელი - კა---------ა

მოპასუხე - გი--------ე

წარმომადგენელი - და-------------ძე, ვა–-----------–---–ი

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. გი--------ეს დაეკისროს ზუ---------–---ის სასარგებლოდ, უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. ბ------ი, ბარ----–---–-ს ქ. N1-3-5 ბ.13 ს/კ 0-.2-.1--0--.0-.0-3, მიყენებული ზიანის ანაზღაურება, 1061--2 ლარის ოდენობით.

 

2. მხარეთა პოზიცია:

სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ საფუძვლებს:

მოსარჩელის საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება-საცხოვრებელი ბინა, მდებარე: ქ. ბ------ი, ბარ----–---–-ს ქ. N1-3-5 ბ. 13, მე-2 სართული. ამავე საცხოვრებელ სახლში ბინა N15 -ის მესაკუთრეა მოპასუხე. აჭარის კულტურის მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ბრძანებით გი--------ემ მოიპოვა საცხოვრებელ სახლზე დაშენების უფლება. მშენებლობის დაწყების შემდეგ ზუ---------–---ის ბინას გაუჩნდა ბზარები. 2017 წლის 27 აპრილს, დაზიანების გამომწვევი მიზეზის დადგენის მიზნით, მოსარჩელის ინიციატივით, დაინიშნა საინჟინრო-სამშენებლო ექსპერტიზა. წარმოდგენილი დასკვნის თანახმად (N0-------- 2-/0-/20-7), დადგენილი იქნა წარმოებული მშენებლობის შეუსაბამობა მოქმედ სამშენებლო ნორმებთან. აუდიტის მიერ შეფასებული იქნა მოსარჩელის საცხოვრებელი ბინის დაზიანების ხარისხი და მისი აღდგენითი ღირებულება. ზიანის ოდენობა განისაზღვრა 4000 აშშ დოლარის ანუ 10615 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელის პოზიციით, მოპასუხის უკანონო ქმედების შედეგად მიადგა ზიანი, რომლის ანაზღაურებაც უნდა დაეკისროს გი--------ეს.

 

მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და წარმოადგინა მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხავი შესაგებელი. მისი პოზიციით, საცხოვრებელი ბინის დაზიანებული ნაწილი წარმოადგენს ძირითად საცხოვრებელ კორპუსზე შემდეგში განხორციელებულ მიშენებას, რომელსაც სადავო მშენებლობის დაწყებამდეც გააჩნდა ბზარები. სარჩელში მითითებულის საწინააღმდეგოდ, პირიქით, მოპასუხემ განახორციელა საძირკვლის გამაგრება, გამოასწორა მშენებლობის პროცესში დაშვებული შეცდომები, რის გამოც, ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირს არ წარმოადგენს და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. მოსარჩელის საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება, საცხოვრებელი ბინა, მდებარე: ქ. ბ------ი, ბარ----–---–-ს ქ. N1-3-5 ბ. 13, მე-2 სართული. ამავე საცხოვრებელ სახლში ბინა N15 -ის მესაკუთრეა მოპასუხე. უძრავი ნივთი წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 15-17)

 

3.1.2. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 2017 წლის 9 მარტის ბრძანებით N0------- დაკმაყოფილდა გი--------ის (წარმომადგენელი და-------------ძე) განცხადება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, მდებარე ქალაქი ბ------ი, კ. გამსახურდიას ქ.N6/ბარ----–---–-ს ქ. N1-3-5, სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარების შესახებ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს 2017 წლის 2 მარტის სხდომის ოქმით N03----- შეთანხმებული იქნა სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი. სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებდა საცხოვრებელ სახლზე არსებულ სამსართულიან მინაშენზე, სართულების დაშენებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-2017 წლის 9 მარტის ბრძანება N0------- (ს.ფ. 37-38)

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილით მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო სამართალწარმოებაში დადგენილი ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაადასტუროს ის ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც ამყარებს საკუთარ პოზიციას და წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.

 

მოცემული დავა კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობიდან - დელიქტური სამართლის ნორმებიდან გამომდინარეობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, მტკიცების ტვირთი ნაწილდება შემდეგნაირად: მოთხოვნის წინაპირობების მტკიცება ეკისრება მოსარჩელეს და მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაზარალებული თავს გაართმევს კანონით დაკისრებულ მტკიცების სტანდარტს, ზიანის მიმყენებელს ევალება მოთხოვნის გამომრიცხველი წინაპირობების დადასტურება (სუსგ. 522-499-16 05/04/2019წ). მტკიცების ტვირთის განაწილების მოცემული პრინციპის გათვალისწინებით, დელიქტიდან გამომდინარე დავებში, მოსარჩელის მტკიცების ტვირთია ზიანის მიმყენებლის (სუბიექტის), ზიანის მოცულობის, ასევე, მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენა, ხოლო მოპასუხის პროცესუალური ვალდებულება მოიცავს მის ქმედებაში ბრალის არარსებობის დადასტურებას.

 

სადავო შემთხვევა შეეხება მოპასუხის მიერ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის დაზიანების ფაქტს. მოსარჩელე მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას. ამდენად, მოსარჩელის მტკიცების საგანში შედის უძრავი ნივთის დაზიანების ფაქტის, ზიანის მოცულობის და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დამტკიცება, ხოლო მოპასუხე ვალდებულია დაამტკიცოს ქმედების ბრალეულობის გამომრიცხავი გარემოება.

 

3.2.2. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება-საცხოვრებელი ბინა დაზიანდა მოპასუხის საცხოვრებელ ბინაზე დამატებითი სართულების დაშენების, შედეგად.

 

დადგენილია, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს 2017 წლის 2 მარტის სხდომის ოქმით N03----- შეთანხმებული იქნა ქალაქ ბ------ში, კ. გამსახურდიას ქ.N6/ბარ----–---–-ს ქ. N1-3-5 მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი და 2017 წლის 9 მარტის ბრძანებით N0------- გაიცა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშოების ნებართვა სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად. დადგენილია, რომ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი წარმოადგენს ოთხსართულიან შენობას, რომელსაც ეზოს მხრიდან მიშენებული აქვს სამსართულიანი ნაწილი. სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი ითვალისწინებდა არსებულ ლოჯზე-მიშენებაზე ორი სართულის დაშენებას და არსებული მიშენების საძირკვლის გამაგრებას.

 

დადგენილია, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების პროცესში, ზუ---------–---ის საცხოვრებელ ბინას გაუჩნდა ბზარები, რის შესახებ, 2017 წლის 27 აპრილს პირველად, ხოლო შემდეგში არაერთხელ, აცნობა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო. ადგილზე დათვალიერების ოქმით სასამართლომ ვიზუალურად შეამოწმა გამოსაკვლევი ობიექტზე არსებული დაზიანებების ხარისხი და დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული საცხოვრებელი ფართის კედლები არის დაბზარული.

 

მოპასუხემ სადავო გახადა აღნიშნული დაზიანებების (ბზარების) გაჩენის პერიოდი და მიუთითა, რომ ბზარები მიშენებას ჰქონდა სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდეც. სასამართლო არ იზიარებს აღნიშნულ პოზიციას და სარწმუნოდ მიიჩნევს მოწმე დუ----–---------–-–---–-ს ჩვენებას. კერძოდ, მოწმემ განმარტა, რომ ზუ---------–---ის ბინა საცხოვრებლად დაიქირავა 2017 წლის დასაწყისში. დაქირავებამდე ფართი დაათვალიერა საფუძვლიანად და მის კედლებზე რაიმე ბზარი ან დაზიანება არ შეუნიშნავს. ბინის ქირას იხდიდა მისი კონტრაქტორი ორგანიზაცია, ამდენად, მოწმის განმარტებით, დაინტერესებული იყო მაღალი ხარისხის რემონტისა და კომფორტის საცხოვრებელი ბინით. ამ სტანდარტს აკმაყოფილებდა ზუ---------–---ის ბინა, რომელსაც, ვიზუალურად არა თუ ბზარი არ ემჩნეოდა, არამედ ტოვებდა ახალგარემონტებულის შთაბეჭდილებას. მოწმე დუ----–---------–-–---–-ს ჩვენებით, საცხოვრებლად გადასვლიდან ცოტა ხანში, კერძოდ, 2017 წლის აპრილში, სახლის კედლებმა დაიწყო დაბზარვა და ალაგალაგ კედლებში გამოჟონა წყალმა.

 

საცხოვრებელი ბინის კედლებზე ბზარების არსებობას ადასტურებს ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროც. ბზარების წარმომავლობასთან და ხანდაზმულობასთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნაში N0-------- მითითებულია შემდეგი: „ვიზუალური დათვალიერებისას დაფიქსირდა შემდეგი სახის დაზიანებები: პირველსა და მესამე სართულზე ძირითად შენობასა და მიშენებულ ნაწილს შორის გაჩენილია ვერტიკალური ბზარები (ნაპრალები), რომელთა გახსნილობის სიგანე მატულობს ზედა სართულებზე; პირველი სართულის იატაკზე ძირითადი შენობის და მიშენებული ნაწილის მიჯნის ზონაში არსებული კერამიკული ფილების ნაკერი გახსნილია. ზემოაღნიშნული დაზიანებები გამოწვეულია მიშენებული ნაწილის საძირკვლების ჯდენითი დეფორმაციებით. მობინადრეთა გამოკითხვის შედეგად გამოირკვა, ძირითად შენობასა და მიშენებულ ნაწილს შორის წარსულში პერიოდულად მატულობდა ბზარები, თუმცა, მათი დაკვირვებით ბოლო პერიოდში სიტუაცია დასტაბილიზირდა, რასაც ასაბუთებენ ბოლო წლებში ბინებში ჩატარებული კოსმეტიკური რემონტის შემდგომ აღნიშნულ ადგილებზე ბზარების არარსებობით, თუმცა, ზემოაღნიშნული სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებისას ბზარები ისევ გაიხსნა.“

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას არსებული ბზარებისა და დაზიანებების ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. სასამართლო მიიჩნევს, რომ მართალია, 90-იან წლებში განხორციელებულმა მიშენებამ გამოიწვია სახლის ძირითად კონსტრუქციასა და მიმატებულ კონსტრუქციას შორის ბზარების გაჩენა, რაზედაც უთითებს ექსპერტიზა, თუმცა, დაშენების პროცესმა დაბზარა და დააზიანა უშუალოდ მოსარჩელის საცხოვრებელი ბინა და თვალსაჩინო გახადა, გააფართოვა ის ბზარები, რომლებიც წლების მანძილზე არ ფართოვდებოდა და დამალული იყო კოსმეტიკური რემონტის შედეგად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-2017 წლის 9 მარტის ბრძანება N0------- (ს.ფ. 37-38)

-2017 წლის 27 აპრილის განცხადება (ს.ფ.33)

-მოწმე დუ----–---------–-–---–-ს ჩვენება (სხდომის ოქმი 19/12/19)

-ექსპერტიზის დასკვნა N0-------- (ს.ფ. 18-28)

 

3.2.3. როგორც აღინიშნა, საცხოვრებელი სახლის ძირითად კორპუსზე არსებული მიშენება იყო სამსართულიანი. საპროექტო დოკუმენტაციით, მასზე მოხდა კიდევ ორი სართულის დაშენება. შესაბამისად, უნდა მომხდარიყო არსებული საძირკვლის იმდაგვარი გამაგრება, რომ გაეძლო დაშენებული კონსტრუქციის სიმძიმისათვის. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ საძირკვლის გამაგრებითი სამუშაოები იყო მოსალოდნელ დატვირთვასთან შეუსაბამო. არსებული საძირკვლის გამაგრების მიუხედავად, გამაგრების ხარისხმა და გამოყენებულმა საინჟინრო მეთოდმა ვერ უზრუნველყო კონსტრუქციის მდგრადობის იმ დონის შენარჩუნება, რომელიც შენობას ჰქონდა რეკონსტრუქციამდე. შენობამ გააგრძელა ჯდენითი დეფორმაცია, რის გამოც გაიზარდა და გაფართოვდა შენობის გარე პერიმეტრზე უკვე არსებული ბზარები, ხოლო საცხოვრებელი ბინებში, მათ შორის ზუ---------–---ის კუთვნილ ბინაში, გაჩნდა ახალი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-აღსრულების ეროვნული ბიუროს კონსტატაციის მასალები (ს.ფ. 58-66)

-ადგილზე დათვალიერების ოქმი (24/04/19წ.)

 

3.2.4. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ბზარების წარმოშობა უკვე არსებული საძირკვლის არამდგრადობის შედეგია. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ რეკონსტრუქციამდე არსებული საძირკველი უძლებდა მიშენების სიმძიმეს, კონსტრუქციული ნაწილის გარკვეული დეფორმაციის მიუხედავად, საცხოვრებელი ბინის შიდა კედლების დაბზარვა აღარ ხდებოდა (ყველა მოწმე მიუთითებდა მხოლოდ გარე კედლებზე და ძირითად შენობასთან გადაბმის ადგილებში არსებულ ბზარებზე), ხოლო უკვე არსებული ბზარები არ პროგრესირებდა.

 

ის გარემოება, რომ საძირკვლის გამაგრებითი სამუშაოები თავიდანვე არასწორად წარიმართა დადასტურებულია არაერთი შენიშვნით, რომელიც გაეგზავნა დამკვეთს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე განხორციელებული სამუშაოების მიმღები კომისიის 2017 წლის 23 მაისის N0------- ოქმის თანახმად, სამუშაოების მიმღებმა კომისიამ „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ადგილზე შეამოწმა ქალაქ ბ------ში, კ. გამსახურდიას ქ.N6/ბარ----–---–-ს ქ. N1-3-5 მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 2017 წლის 9 მარტის N0------- ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციასთან შესაბამისობა. კომისიამ ერთხმად დაადგინა: ძეგლზე ჩატარებული სამუშაოების არ შეესაბამება საპროექტო დოკუმენტაციას, კერძოდ, ნაცვლად წერტილოვანი საძირკვლის გაძლიერებისა მოწყობილია ლენტური საძირკველი.

 

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 6 ოქტომბრის N7----------- წერილით სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლის შედეგად კომისიამ (სხდომის ოქმი N 0------- 04/10/2017) დაადგინა, რომ 3 და 4 ღერძები გასწვრივ, ასევე, ა-ბ-ე ღერძებში პროექტით გათვალისწინებული ლითონის კოჭების ტრუბა-კვადრატით (200X200X6) მოწყობის ნაცვლად მოწყობილია ორტესებრი ლითონის პროფილის კოჭი. ასევე, 2 ღერძის გასწვრივ მოწყობილია ლითონის კოჭი, რომელიც პროექტით არ იყო გათვალისწინებული. ამავე წერილით, მიეცა მითითება მოპასუხეს ჩაეტარებინა სამუშაოები საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად.

 

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 15 ნოემბრის N7----------- წერილით პროექტის განმახორციელებელს განემარტა, რომ „ლოჯის კონსტრუქცია დეფორმირებული იყო ჯერ კიდევ დაშენების სამუშაოების დაწყებამდე, მაგრამ მშენებლობის პროცესმა ეს ჯდენა-დეფორმაციები კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა. ვიზუალური დათვალიერებით ნათლად ჩანს, რომ დატვირთვების მატებასთან ერთად შენობა განიცდის ჯდენას, კერძოდ, ჯდენა მიმდინარეობს „4“ ღერძის გასწვრივ საძირკველზე. გამომდინარე იქედან, რომ მშენებლობის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ჯერ კიდევ დატვირთვების მატების პროცესშია. კომისიამ (სხდომის ოქმი N0------- 14/11/2017) ერთხმად დაადგინა, რომ აუცილებელია არსებული მდგომარეობის კიდევ ერთხელ საფუძვლიანად შესწავლა და საძირკვლის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება.“

 

ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად: „ქ . ბ------ში, ბარ----–---–-ს ქ. N1-3-5-ში მიშენებული ნაწილის დაზიანებები მიღებულია სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებისას საძირკვლების ჯდენითი დეფორმაციის შედეგად, ვინაიდან, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა არ არის ჩატარებული სათანადო სიზუსტით და მიღებული შედეგები არ შეესაბამება არსებულ სიტუაციას, რის გამოც საძირკვლის გამაგრებითი სამუშაოები ვერ შესრულდა წარმოდგენილი პროექტის მიხედვით. ამასთანავე, სამშენებლო ორგანიზაციის მიერ გამოყენებული მეთოდი ფუძის გამაგრებითი სამუშაოებისათვის, სამშენებლო ნორმების თანახმად, უნდა იყოს გამყარებული სათანადო კონსტრუქციული გაანგარიშებითა და პროექტით.“

 

ამავე დასკვნით, ექსპერტიზამ შეისწავლა სარეკონსტრუქციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია და ჩათვალა, რომ პროექტის შედგენისას საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა არ არის განხორციელებული სათანადო სიზუსტითა და მიღებული შედეგი არ შეესაბამება არსებულ სიტუაციას. კერძოდ, გეოლოგიური კვლევის შედეგად მიშენებული ნაწილის წერტილოვანი საძირკვლების ზომები შეადგენს 140X140 სმ და მათი დაფუძნება განხორციელებულია 90 სმ სიღრმეზე, ტექნოლოგიურ ნაყარ გრუნტზე, ხოლო საძირკვლის ძირიდან 40- სმ-ის სიღრმეზე განლაგებულია ხრეშოვანი გრუნტის ფენა. თუმცა, წერტილოვანი საძირკვლების ზომები ბევრად ნაკლებია გეოლოგიური კვლევის შედეგებთან შედარებით, რის გამოც, მათი გამაგრების სამუშაოების განხორციელება პროექტის მიხედვით შეუძლებელი გახდა.

 

ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად: საცხოვრებელი სახლის დეფორმაციები და დაზიანებები მიუხედავად გამაგრებითი სამუშაოებისა, ამ დროისათვის პროგრესირებენ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ამირან ჩოგოვაძემ, რომელმაც განახორციელა პროექტის გეოლოგიური კვლევა, ვერ განმარტა სარწმუნოდ რამ გამოიწვია სხვაობა გეოლოგიური კვლევით დადგენილ საძირკვლის პარამეტრებსა და რეალურად არსებულ საძირკვლის ზომებს შორის.

 

მოწმის სახით დაკითხული რე----------ის ჩვენებით, საძირკველის ამოღების შემდეგ გაირკვა, რომ არსებული საძირკველი არ იყო ერთ დონეზე განთავსებული, რის გამოც გააძლიერეს წერტილოვანი საძირკვლით, გაზარდეს კვეთები. მანვე განმარტა, რომ რეკონსტრუქციის დაწყებამდე არსებული მიშენების ჯდენა-დეფორმაციის პროცესი უკვე დასრულებული იყო, ვინაიდან, მშენებლობიდან გასული იყო დიდი დრო. ამასთან, რეკონსტრუქციის დაწყების შემდეგ მიშენებაზე დაიწყო დაბზარვის პროცესი, რის გამოც მიღებული იქნა გადაწყვეტილება საძირკვლის დამატებით გამაგრების შესახებ. დამატებით ფუძე გამაგრდა ლენტური საძირკვლით, ვინაიდან, ჩაითვალა, რომ პროექტით გათვალისწინებული საძირკველი არ იყო საკმარისი რეკონსტრუქციის პარამეტრებისათვის.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ შეძლო მისი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტებისა და გარემოებების უტყუარად და ცალსახად დადასტურება. კერძოდ, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო სარეკონსტრუქციო მშენებლობის საწყის ეტაპზე, უკვე არსებული მიშენების საძირკველის გამაგრება მოხდა არასაკმარისად. ცალსახაა, რომ მოწყობილმა საძირკველმა ვერ უზრუნველყო დაშენების სიმყარე და მოახდინა უკვე არსებული მიშენების ჯდენა-დეფორმაციის პროცესის პროვოცირება. მიუხედავად იმისა, რომ საძირკველს დაემატა სიმყარე მშენებლობის პროცესში, უკვე განხორციელებული მშენებლობის სიმძიმემ გამოიწვია მეორე სართულზე არსებული საცხოვრებელი ბინის შიდა კედლების დაბზარვა.

 

აღსანიშნავია, რომ დამკვეთმა თავიდანვე იცოდა უკვე არსებული მიშენების კონსტრუქციული ნაწილის პრობლემების შესახებ და ის, რომ შენობის საძირკველს რეკონსტრუქციამდეც ჰქონდა გარკვეული პრობლემები (გეოლოგიური კვლევის შედეგად დადგინდა საძირკვლის უსწორმასწორობა იხ. მოწმე რე----------ის ჩვენება), თუმცა, სათანადო გულმოდგინებით არ მიუდგა დაშენების პროექტირების პროცესს, რაზედაც მიუთითებს მშენებლობის პროცესში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მხრიდან გამოთქმული არაერთი შენიშვნა. შესაბამისად, დგინდება მოპასუხის მიერ წარმოებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად მოსარჩელის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის დაზიანების ფაქტი, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მხარეთა ახსნა-განმარტებების და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დასტურდება მოპასუხე მხარის მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისა და აღნიშნული ქმედების შედეგად მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი. შესაბამისად, სახეზეა მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმათა თანახმად წარმოშობდა მოპასუხე მხარისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-2017 წლის 23 მაისის N0------- ოქმი და ფოტოსურათები (ს.ფ. 43-48)

-სხდომის ოქმი N 0------- 04/10/2017 (ს.ფ. 139)

-2017 წლის 6 ოქტომბრის N7----------- წერილი (ს.ფ 138)

-სხდომის ოქმი N0------- 14/11/2017 (ს.ფ 148)

-2017 წლის 15 ნოემბრის N7----------- წერილი(ს.ფ. 40-41)

-ექსპერტიზის დასკვნა N0--------(ს.ფ. 18-28)

-ექსპერტიზის დასკვნა N0-------- (ს.ფ. 105-115)

-მოწმე ამ----------------ს ჩვენება (სხდომის ოქმი 19/12/19)

-მოწმე რე----------ის ჩვენება (სხდომის ოქმი 19/12/19)

 

3.2.5. მოსარჩელემ წარმოადგინა შპს „ეკონომიკა აუდიტის“ მიერ შედგენილი დასკვნა დაზიანებული უძრავი ქონების სარემონტო სამუშაოების ღირებულების შეფასების შესახებ. დასკვნის თანახმად, შესაფასებელი ქონების სარემონტო სამუშაოების საბაზრო ღირებულება, 2017 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, განისაზღვრა 4000 აშშ დოლარით 1061--2 ლარით

 

სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებზე, რომლის თანახმად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები.

 

აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების საწინააღმდეგოდ მოპასუხეს არ წარმოუდგენია არავითარი მტკიცებულება, რომელიც გააქარწყლებდა მოსარჩელის მითითებას ზიანის ოდენობის თაობაზე. მოპასუხის პოზიცია აგებული იყო მხოლოდ ზიანის გამომრიცხველ გარემოებების მტკიცებაზე. კვალიფიციური შედავების არარსებობის პირობებში, სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას და დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ დაზიანებული საცხოვრებელი ბინის აღდგენილი ღირებულება შეადგენს 106152.2 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-შემფასებლის დასკვნა (ს.ფ. 29-32)

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ:

-სამოქალაქო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. სასარჩელო მოთხოვნა კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობიდან, კერძოდ _ დელიქტური სამართლის ნორმებიდან გამომდინარეობს. მოსარჩელე მოპასუხეს ედავება საცხოვრებელ ბინის დაზიანებას და სთხოვს ზიანის ფულად ანაზღაურებას. შესაბამისად, მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებია სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 408-409-ე და 411-ე მუხლები.

 

სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. დელიქტით გამოწვეული ზიანის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულების მოპასუხეზე დასაკისრებლად საჭიროა სახეზე იყოს სამართალდარღვევის შემადგენლობა, რომლის შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. პირისათვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრება დაიშვება, თუ დადგინდება, რომ მისი ქმედება არის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული, ამ ქმედებას შედეგად მოჰყვა ზიანი და არსებობს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ ზიანსა და პირის ქმედებას შორის.

 

განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, რომელიც წარმოიშობა პირის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობიდან, დელიქტური ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება და მისი წარმოშობისათვის უნდა არსებობდეს: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს) უნდა დაეკისროს, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება (სუსგ №ას-72-72-2018, 1--02.2018).

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა დელიქტის ძირითადი ოთხი ელემენტი: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალი.

 

მართლსაწინააღმდეგო მოქმედება არამართლზომიერი მოქმედებაა. მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრივ დანაწესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. არის თუ არა მოთხოვნა მართლსაწინააღმდეგო, ეს საკითხი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეამოწმოს სასამართლომ. მოქმედება შეიძლება, ჩაითვალოს მართლსაწინააღმდეგოდ, თუ: ა. იგი ობიექტურად მიმართულია რომელიმე კანონისმიერი ამკრძალავი ნორმის წინააღმდეგ; ბ. თუ მოქმედება არღვევს სხვა ვალდებულებებს, მათ შორის, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს; გ. თუ მოქმედება არღვევს საგანგებოდ დაცულ უფლებებს (სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრების, პირად უფლებებს (სუსგ. №ას-332-317-2016; 09.12.2016).

 

დადგენილია, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება- საცხოვრებელი ბინა დაზიანდა მოპასუხის საცხოვრებელ ბინაზე დამატებითი სართულების დაშენების შედეგად. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის საცხოვრებელი ბინა დაზიანებული იყო დაშენების დაწყებამდე და ბზარების წარმოშობა უკვე არსებული საძირკვლის არამდგრადობის შედეგია. სასამართლოს დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ რეკონსტრუქციამდე არსებული საძირკველი უძლებდა მიშენების სიმძიმეს, მიშენების ჯდენა-დეფორმაციის პროცესი დასრულებული იყო და დაზიანების ახალი კერები გაჩნდა სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყებისთანავე, რაც დასტურდება მოწმის სახით დაკითხული სპეციალისტების ჩვენებითაც. დაზიანების წყარო გახდა საძირკვლის გამაგრების არასწორი მოწყობა, რის გამოც მიშენების კონსტრუქციულმა ნაწილმა ვერ უზრუნველყო მდგრადობა და განაახლა ჯდენა-დეფორმირების პროცესი, რამაც თავის მხრივ დაბზარა კონსტრუქციის კედლები, ამავე მიზეზით დაიბზარა ზუ---------–---ის ბინა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ უზრუნველყო საკუთარი პროცესუალური ვალდებულების შესრულება და დაამტკიცა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებები-დელიქტის ძირითადი ელემენტები: ზიანი, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

ამავე დროს, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის ქმედება იყო ბრალეული. სასამართლომ დაადგინა, რომ როგორც პროექტირების, ისე, მშენებლობის პროცესში არ იქნა გონივრული და ადეკვატური ღონისძიებები მიღებული სხვისი საკუთრების დაზიანების თავიდან ასაცილებლად. პროექტირების საწყის ეტაპზე, მშენებლობა წარიმართა სამშენებლო ნორმების დარღვევით, რაზეც დამკვეთს მიეცა არაერთი შენიშვნა და გაფრთხილება, დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, მოსალოდნელი სანქციის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებაა არა მხოლოდ განზრახი ქმედება ზიანის მიმყენებლის მხრიდან, არამედ მისი გაუფრთხილებლობაც. კონკრეტულ შემთხვევაში, მშენებლობის საწყის ეტაპზე, საძირკვლის გამაგრება არასწორად იქნა დაგეგმილი და მოწყობილი. მოგვიანებით, აღნიშნულის გამოსასწორებლად მოპასუხის მხრიდან გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები, რაც, არაა საკმარისი მისი ბრალის გამოსარიცხად.

 

სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლზე, რომლის მე-2 ნაწილის თანახმად თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ გი--------ემ სათანადო გულისხმიერება არ გამოიჩინა საკუთარი უფლების განხორციელებისას, სხვისი ქონების მიმართ, რის გამოც სახეზეა ზიანის ანაზღაურების განმაპირობებელი მატერიალურ-სამართლებრივი შედეგი. ამდენად, ცალსახაა, რომ მოპასუხემ უნდა აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც მისი ბრალეული მოქმედების შედეგად მიადგა მოსარჩელეს.

 

6.2. სასამართლო უთითებს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409-ე მულის პირველი ნაწილით თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე, განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს. ზიანის ანაზღაურების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს რეალურად განცდილი დანაკარგების ჯამს. 411-ე მუხლით ზიანი უნდა ანაზღაურდეს ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხეს ზიანის ოდენობა სადავოდ არ გაუხდია. მისი პოზიცია აგებული იყო, მხოლოდ, ზიანის გამომრიცხავ გარემოებებზე. ამდენად, იგი კვალიფიციურად არ შედავებია მოსარჩელეს, არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომლითაც გაბათილდებოდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შეფასება ზიანის ოდენობის თაობაზე. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია და დადგენილად მიაჩნია, რომ დაზიანებული საცხოვრებელი ბინის აღდგენილი ღირებულება შეადგენს 1061--2 ლარს. აღნიშნული თანხა უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

სასამართლო უთითებს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრეცენდენტულ გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32).

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსარჩელემ სარჩელზე გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 360 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფისათვის-50 ლარი. შესაბამისად, მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს უნდა დაეკისროს 410 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილით სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. მოსარჩელემ სარჩელში იშუამდგომლა ადვოკატის ხარჯებისა და მტკიცებულებათა უზრუნველყოფისათვის გაწეული ხარჯების მოპასუხეზე დაკისრების შესახებ, ექსპერტიზის დასკვნისათვის -1000 ლარის, იურიდიული მომსახურებისათვის -1000 ლარის და აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის - 300 ლარის ოდენობით. საქმეში წარმოდგენილია სასამართლოს გარეშე ხარჯების გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომელთა შესაწავლისა და გაანალიზების შედეგად, ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გი--------ეს უნდა დაეკისროს ზუ---------–---ის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება: ექსპერტიზის დასკვნისათვის-1000 ლარის, იურიდიული მომსახურებისათვის- 500 ლარის და აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის -100 ლარის ოდენობით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ზუ---------–---ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. გი--------ეს დაეკისროს ზუ---------–---ის სასარგებლოდ ქ. ბ------ში, ბარ----–---–-ს ქ. N1-3-5 ბ 13-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება 1061--2 ლარის ოდენობით;

 

3. გი--------ეს დაეკისროს ზუ---------–---ის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება: ექსპერტიზის დასკვნისათვის-1000 ლარის, იურიდიული მომსახურებისათვის - 500 ლარის და აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის -100 ლარის ოდენობით;

 

4. გი--------ეს დაეკისროს ზუ---------–---ის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 360 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი 50 ლარის ოდენობით;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ირმა ტოგონიძე