გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.12.2019
საქმის ნომერი
010310018002564055
კატეგორია
დავის ტიპი
ჯარიმები
თარიღი
27.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010310018002564055

№3-391/18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე

სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე

მოსარჩელე - ოთ----------ი

წარმომადგენელი - რო------–--ე

მოპასუხე - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - მა----------

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ოთ----------მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 19 დეკემბრის №--- დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე, ოთ----------ის წარმომადგენლის, რო------–--ის 2018 წლის 29 მაისის №1------- ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2018 წლის 25 ივნისის №0----- ბრძანების ბათილად ცნობა.

 

1.2. თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:

ოთ----------ი თვითნებურად არის შესახლებული ქალაქ ბათუმში, ლ. ქი----ს ქუჩა N--–-- საცხოვრებელი ფართის სიმცირის გამო მან ჩაატარა სამშენებლო სამუშაოები და თვითნებურად დაკავებულ ფართზე განახორციელა მიშენება.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა, ოთ----------ის მიერ ჩტარებული სამშენებლო სამუშაოების მიიჩნია სამშენებლო სამართალდარღვევად და 2016 წლის 4 თებერვლის N-- დადგენილებით ის დააჯარიმა, 3 000 ლარით. აღნიშნული დადგენილებით დაკისრებული ჯარიმა მოსარჩელემ გადაიხადა 2017 წელს, გადახდა განახორციელა ეტაპობრივად, რამდენადაც, არ ჰქონდა ჯარიმის ერთდროულად, 30 დღის განმავლობაში დაფარვის შესაძლებლობა.

ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 19 დეკემბრის N--- დადგენილებით, ოთ----------ს დაერიცხა საურავი, 3 000 ლარის ოდენობით, ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის საფუძვლით, რაც მოსარჩელეს კანონიერად არ მიაჩნია.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ აქვს მძიმე მატერიალური მდგომარეობა, საცხოვრებლის არ ქონის გამო იძლებულია იცხოვროს შეუსაბამო საყოფაცხოვრებო პირობებში. მას ზედამხედველობის სამსახურის მიერ დარიცხული საურავის გადასახდელად არ გააჩნია არანაირი შესაძლებლობა.

დადგენილების შესახებ ოთ----------ისათვის ცნობილი გახდა 2018 წლის 15 მაისს და 29 მაისს ამ აქტის ბათილობის მოთხოვნით ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში.

მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთ----------ის ადმინისტრაციული საჩივარი ზემდგომ ორგანოში, აქტის გასაჩივრებისათვის კანონმდებლობით დადგენილის ვადის გასვლის შემდგომ წარდგენილად მიიჩნია და მოსარჩელე მხარის 2018 წლის 29 მაისის N1------- ადმინისტრაციული საჩივარი არ მიიღო წარმოებაში განსახილველად.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ოთ----------ისთვის საურავის დაკისრების შესაბამისი საფუძველი არ არსებობდა, რის გამოც ბათილად უნდა იქნას ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2018 წლის 25 ივნისის №0----- ბრძანება, ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

2.მოპასუხის პოზიცია:

2.1. მოპასუხე მხარის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სარჩელი არ იქნა ცნობილი, შემდეგი საფუძვლით:

ოთ----------ი ქ. ბათუმში, ლ. ქი----ს ქუჩა №9-ში საცხოვრებელი სახლის უნებართვოდ მშენებლობის გამო, 2016 წლის 4 თებერვლის N-- დადგენილებით დაჯარიმდა, 3000 ლარით. მოსარჩელემ აღნიშნული დადგენილება გაასაჩივრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, რომლის 2016 წლის 6 ოქტომბრის N-------- გადაწყვეტილებით ოთ----------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, 2018 წლის 4 აპრილს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, ხოლო ოთ----------მა აღნიშნული გადაწვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, 30 დღს ვადაში არ გადაიხადა მასზე დაკისრებული ჯარიმა.

2017 წლის 31 ოქტომბრის შემოწმების აქტით დადგინდა, რომ ოთ----------ის მიერ არ იყო შესრულებული დადგენილების მოთხოვნები, რის გამოც მის მიმართ დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება. ოთ----------ი კანონით დადგენილი წესით მიწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაშ მონაწილეობის მისაღებად, თუმცა სხდომაზე არ გამოცხადდა. საქმის წარმოების პროცესში დადგინდა, რომ ოთ----------ს სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 30 დღის განმავლობაში არ ჰქონდა გადახდილი, დაკისრებული ჯარიმა.

,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაკისრებული ჯარიმის (გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამმაგი ოდენობის ჯარიმისა) დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ დამრღვევს დაერიცხება საურავი დაჯარიმების შესახებ დადგენილებით განსაზღვრული საჯარიმო თანხის ოდენობით. ზედამხედველობის სამსახურმა იხელმძღვანელა დასახელებული ნორმით და მიიღო გადაწყვეტილება, ოთ----------ის 3 000 ლარის დაჯარიმების შესახებ.

საურავის დარიცხვის შესახებ N--- დადგენილება ოთ----------ს გაეგზავნა ქ. ბათუმში, ლ. ქი----ს ქუჩა N9-ში, თუმცა მას ვერ ჩაბარდა გზავნილი, რის შემდეგაც დადგენილება გაიკრა სამშენებლო ობიექტზე.

2018 წლის 29 მაისს, ოთარ ჯაინმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა საურავის დარიცხვის შესახებ N--- დადგენილების ბათილად ცნობა. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2018 წლის 6 ივნისის N------ ბრძანებით, მოსარჩელეს განესაზღვრა 5 დღიანი ვადა მოსაზრების წარსადგენად და N------ ბრძანება მას ჩაბარდა, 2018 წლის 11 ივნისს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2018 წლის 25 ივნისის №0----- ბრძანებით, ოთ----------ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაშ მიღებაზე, საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას კი ადმინისტრაციულმა ორგანომ იხელმძღვანელა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-19 და 22-ე პუნქტებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური უფლებამოსილი იყო ოთ----------ი დაეჯარიმებინა 3000 ლარით და გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი ამ შემთხვევაში არ არის სახეზე.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები:

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხადველობის სამსახურის 2016 წლის 4 თებერვლის N-- დადგენილებით, ქ. ბათუმში, ლ. ქი----ს ქუჩა N9-ში, საცხოვრებელი სახლის უნებართვოდ მშენებლობის გამო, ოთ----------ი ცნობილ იქნა სამშენებლო სამართალდამრღვევად, დაეკისრა ჯარიმა 3 000 ლარი და დაევალა ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა (დემონტაჟი).

ოთ----------მა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხადველობის სამსახურის 2016 წლის 4 თებერვლის N-- დადგენილება გაასაჩივრა ზემდგომ ადმინისრაციულ ორგანოში, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2013 წლის 13 ივნისის N----- ბრძანებით, ოთ----------ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ოთ----------მა სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ზედამხადველობის სამსახურის 2016 წლის 4 თებერვლის N-- დადგენილებისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2013 წლის 13 ივნისის N----- ბრძანების ბათილად ცნობა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 ოქტომბრის N-------- გადაწყვეტილებით, ოთ----------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 ოქტომბრის N-------- გადაწყვეტილება,- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.2. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2017 წლის 31 ოქტომბერს ოთ----------ის მიმართ დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება. კერძოდ, ზედამხედველობის სამსახურის მიერ შემოწმდა ოთ----------ის მიერ 2016 წლის 4 თებერვლის N-- დადგენილების პირობების შესრულება, რა დროსაც დადასტურდა, რომ მის მიერ შესრულებული არ იყო დადგენილების პირობები, ანუ მას დაკისრებული ჯარიმა არ ჰქონდა გადახდილი.

2017 წლის 2 ნოემბერს, ზედამხადველობის სამსახურის 2016 წლის 4 თებერვლის N-- დადგენილების აღსრულების მიზნით გაიცა, N--/16 სააღსრულებო ფურცელი.

N--/16 სააღსრულებო ფურცლით გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღია - 2017 წლის 28 ივნისი.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 19 დეკემბრის N--- დადგენილებით, ამავე სამსახურის 2016 წლის 4 თებერვლის N-- დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო, ოთ----------ს დაეკისრა საურავი, 3 000 ლარის ოდენობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 31 ოქტომბრის შემოწმების აქტი;

- N--/16 სააღსრულებო ფურცელი.

- ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 19 დეკემბრის N--- დადგენილება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.3. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 19 დეკემბრის N--- დადგენილება საქართველოს ფოსტის მეშვეობით ოთ----------ს გაეგზავნა მისამართზე - ქალაქ ბათუმი, ქი----ს ქუჩა N9. საფოსტო გზავნილი ვერ ჩაბარდა ადრესატს აღნიშვნით, არასრული მისამართის გამო.

2017 წლის 19 დეკემბრის N--- დადგენილება, ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების მიერ 2018 წლის 18 იანვარს განთავსდა მშენებარე ობიექტზე (ქ. ბათუმი, ქი----ს ქუჩა N9).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს ფოსტის უკუგზავნილი;

- ფოტო-მასალა;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.4. 2018 წლის 24 აპრილს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ, 2017 წლის 19 დეკემბრის N--- დადგენილების აღსრულების მიზნით გაიცა N---/17 სააღსრულებო ფურცელი.

N---/17 სააღსრულებო ფურცლით გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღია - 2018 წლის 18 იანვარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- N---/17 სააღსრულებო ფურცელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.5. ოთ----------ის წარმომადგენელმა, რო------–--ემ 2018 წლის 29 მაისს N1------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას და მიუთითა, რომ ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 19 დეკემბრის N--- დადგენილების შესახებ ოთ----------ისთვის ცნობილი გახდა, 2018 წლის 15 მაისს, საბანკო ანგარიშების დაყადაღების შემდგომ და კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადების დაცვით მოითხოვდა, უკანონოდ დარიცხული საურავის გაუქმებას.

2018 წლის 18 ივნისის №1------- განცხადებით, ოთ----------ის წარმომადგენელმა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში წარადგინა მოსაზრება, 2018 წლის 29 მაისის №1------- ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხთან დაკავშირებით და განმარტა, რომ ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 19 დეკემბრის N--- დადგენილება ოთ----------ს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად არ ჩაბარებია, ამ დადგენილების შესახებ მისთვის ცნობილი გახდა, მხოლოდ საბანკო ანგარიშების დაყადაღების შემდეგ.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ განიხილა ოთ----------ის 2018 წლის 29 მაისის №1------- ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი, რა დროსაც მიჩნეული იქნა, რომ 2017 წლის 19 დეკემბრის N--- დადგენილება, 2018 წლის 18 იანვარს განთავსდა მშენებარე ობიექტზე და ამის გათვალისწინებით, ოთ----------ს უფლება ჰქონდა ადმინისტრაციული საჩივარი წარედგინა დადგენილების გაცნობიდან 15 დღის ვადაში (2018 წლის 3 თებერვლის ჩათვლით), ადმინისტრაციული საჩივარი კი მის მიერ წარდგენილი იქნა, 2018 წლის 29 მაისს.

ამდენად, ქალაქ ბათმის მუნიციპალიტეტის მერიამ მიიჩნია, რომ ოთ----------ის ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილი იყო ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის 22-ე პუნქტით გათვალისწინებული 15 დღიანი ვადის დარღვევით, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.

აღნიშნული საფუძვლით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2018 წლის 25 ივნისის №0----- ბრძანებით, წარმოებაში არ იქნა მიღებული ოთ----------ის 2018 წლის 29 მაისის №1------- ადმინისტრაციული საჩივარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 29 მაისის №1------- ადმინისტრაციული საჩივრი;

- ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2018 წლის 25 ივნისის №0----- ბრძანება.

 

3.1.6. ოთ----------მა 2018 წლის 27 ივლისს, სარჩელი აღძრა სასამართლოში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 19 დეკემბრის №--- დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე, ოთ----------ის წარმომადგენლის, რო------–--ის 2018 წლის 29 მაისის №1------- ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2018 წლის 25 ივნისის №0----- ბრძანების ბათილად ცნობა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სასარჩელო განცხადება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც მნიშვნელოვანია დავის გადაწყვეტისათვის, მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

4.1.დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს ოთ----------ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლები, აადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

- საქართველოს კონსტიტუცია.

- „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“.

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესები განისაზღვრება „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლით, რომლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.

„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ს“ პუნქტის შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევა წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევას ან/და შეუსრულებლობას, რისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ამ კანონით. ამავე კანონის 1-ლი მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანს წარმოადგენს, ტექნიკური ბარიერებისა და რისკების გათვალიწინებით სამშენებლო ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა სრული დაცვით სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა. აღნიშნულიდან გამომდინარე ცხადია, რომ ზედამხედველობის სამსახურის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა, გამოავლინოს და აღკვეთოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით წარმოებული მშენებლობები.

 

6.2. „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.

ამავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, დამრღვევის მიერ დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას, საურავის დაკისრების შესახებ.

„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 26-ე მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა სამშენებლო სამართალდარღვევისათვის, რაც შემდეგში გამოიხატება:

1. სამშენებლო სამართალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმა დამრღვევმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღეში.

2. დაკისრებული ჯარიმის (გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამმაგი ოდენობის ჯარიმისა) გადაუხდელობის შემთხვევაში, ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ დამრღვევს დაერიცხება საურავი დაჯარიმების შესახებ დადგენილებით განსაზღვრული საჯარიმო თანხის ოდენობით.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული, ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 19 დეკემბრის N--- დადგენილება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლი ადგენს ასეთი აქტის ოფიციალური გაცნობის წესს: თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებული მხარისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას.

ამასთან, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-17 პუნქტით განსაზღვრულია, რომ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება მიღებიდან 24 საათის განმავლობაში უნდა გაეცნოს დადგენილებაში მითითებულ მხარეს.

აღნიშნული კოდექსის 25-ე მუხლის მე-19-ე ნაწილის თანახმად, თუ დადგენილებაში მითითებული მხარისათვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან დადგენილების გაცნობა (პირადად ჩაბარებით) ვერ ხერხდება, გაცნობად ჩაითვლება მისი განთავსება მითითებაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან დადგენილებაში აღნიშნული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე. თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება: ა) საინფორმაციო დაფა; ბ) მშენებლობის ტერიტორიაზე სამუშაოთა მწარმოებლისათვის დროებით განთავსებული შენობა; გ) მშენებლობის ტერიტორიის შემომფარგვლელი უსაფრთხოების ღობე.

 

6.4. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ქ. ბათუმში, ლ. ქი----ს ქუჩა N9-ში უნებართვო მშენებლობის გამო, ოთ----------ი ცნობილ იქნა სამშენებლო სამართალდამრღვევად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხადველობის სამსახურის 2016 წლის 4 თებერვლის N-- დადგენილებით, მას დაეკისრა ჯარიმა 3 000 ლარი და დაევალა ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა (დემონტაჟი). 2017 წლის 31 ოქტომბერს ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა შეამოწმა ოთ----------ის მიერ 2016 წლის 4 თებერვლის N-- დადგენილების პირობების შესრულება, რა დროსაც დადასტურდა, რომ მის მიერ შესრულებული არ იყო დადგენილების პირობები, ანუ მას დაკისრებული ჯარიმა არ ჰქონდა გადახდილი, რის გამოც 2017 წლის 19 დეკემბრის N--- დადგენილებით ოთ----------ს დაეკისრა საურავი, 3000 ლარის ოდენობით.

დადგენილი და ასევე, უდავო ფაქტია, რომ ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 19 დეკემბრის N--- დადგენილება, 2017 წლის 21 დეკემბერს „საქართველოს ფოსტის“ საშუალებით გაეგზავნა ოთ----------ს, შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ლ. ქი----ს ქუჩა №9. გზავნილი ადრესატს ვერ ჩაბარდა და უკან დაუბრუნდა ზედამხედველობის სამსახურს, ხოლო უკუგზავნილზე ჩაუბარებლობის მიზეზად „საქართველოს ფოსტის“ მიერ მითითებულია, ადრესატის არასრული მისამართი.

ამის შემდეგ, როგორც მოპასუხე მხარე მიუთითებს, 2017 წლის 19 დეკემბრის N--- დადგენილება, ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების მიერ 2018 წლის 18 იანვარს განთავსდა, მშენებარე ობიექტზე (ქ. ბათუმი, ქი----ს ქუჩა N9).

 

6.5. სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია და უდავო, რომ ოთ----------ის წარმომადგენელმა, რო------–--ემ 2018 წლის 29 მაისს N1------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას, ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 19 დეკემბრის N--- დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე, ხოლო მერიამ მიიჩნია, რამდენადაც 2017 წლის 19 დეკემბრის N--- დადგენილება, 2018 წლის 18 იანვარს განთავსდა მშენებარე ობიექტზე, ამის გათვალისწინებით, ოთ----------ს უფლება ჰქონდა ადმინისტრაციული საჩივარი წარედგინა დადგენილების ამ წესით გაცნობიდან 15 დღის ვადაში (2018 წლის 3 თებერვლის ჩათვლით), ადმინისტრაციული საჩივარი კი მის მიერ წარდგენილი იქნა 2018 წლის 29 მაისს.

ამდენად, მერიამ ადმინისტრაციული საჩივარი ჩათვალა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის 22-ე პუნქტით გათვალისწინებული 15 დღიანი ვადის დარღვევით წარდგენილად და „პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის 22-ე პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2018 წლის 25 ივნისის №0----- ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღებაზე, ოთ----------ს უარი განუცხადა.

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ასეთი შეფასება და ანალიზი ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 19 დეკემბრის N--- დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის ვადის დაუცველობასთან დაკავშირებით, ვერ იქნება გაზიარებული.

სასამართლოს მიერ დადგენილია და მოპასუხეც ადასტურებს, რომ აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ოთ----------ისთვის 2017 წლის 19 დეკემბრის N--- დადგენილების ჩაბარება საფოსტო გზავნილით, ქ. ბათუმში, ლ. ქი----ს ქუჩა N9-ში ვერ მოხერხდა, არასრული მისამართის გამო, რომელიც მითითებული იქნა გამგზავნის მიერ. საფოსტო უკუგზავნილის შინაარსის მიუხედავად, რომელშიც პირდაპირ არის აღნიშნული, რომ ჩაბარება ვერ მოხერხდა არასრული მისამართის გამო, ზედამხედველობის სამსახურმა საურავის დარიცხვის დადგენილება 2018 წლის 18 იანვარს, როგორც მოპასუხე აღნიშნავს, განათავსა ქ. ბათუმში, ლ. ქი----ს ქუჩა N9-ში მდებარე სამშენებლო ობიექტზე - რის შემდგომაც აქტზე ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის ვადის ათვლა მოპასუხემ დაიწყო ამ დღიდან და ბოლო დღედ მიიჩნია, 2018 წლის 3 თებერვალი.

 

6.6. სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მხარის მტკიცებას, რომ ,,ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2016 წლის 4 თებერვლის N1 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო საურავის დაკისრების შესახებ“ ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 19 დეკემბრის N--- დადგენილების გასაჩივრების ვადა, კანონით დადგენილი წესით იქნა გამოთვლილი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე, ან გამოქვეყნების დღეს.

სასამართლო აღნიშნავს, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-19 ნაწილით გათვალისწინებულია დადგენილების გაცნობა, თვალსაჩინო ადგილზე გამოკვრით, თუმცა რეგულაცია ამ წესის გამოყენებასთან დაკავშირებით, კონკრეტულ პირობებს ითვალისწინებს. კერძოდ, დადგენილების გაცნობის ეს წესი გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ დადგენილებაში მითითებული მხარისათვის, მისი გაცნობა, პირადად ჩაბარებით ვერ ხერხდება.

სასამართლოს მიერ დადგენილია და მოპასუხე მხარეც ადასტურებს, რომ ოთ----------ისთვის საფოსტო გზავნილით 2017 წლის 19 დეკემბრის N--- დადგენილების ჩაბარება ქ. ბათუმში, ლ. ქი----ს ქუჩა N9-ში ვერ მოხერხდა, რის მიზეზსაც წარმოადგენდა ადრესატის მისამართის არასრულად მითითება გამგზავნის მიერ და არა, სხვა რაიმე გარემოება, რაც საფოსტო უკუგზავნილზეც არის აღნიშნული.

ასეთ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, გამოეყენებინა კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისი ადრესატისათვის კანონით დადგენილი წესით გასაცნობად, თუმცა ზედამხედველობის სამსახური მხოლოდ აქტის გამოკვრით შემოიფარგლა და დაკმაყოფილდა.

ამასთან, როგორც მითითებული ნორმით დადგენილ წესშია აღნიშნული, გაცნობის მიზნით დადგენილების გამოსაკრავ თვალსაჩინო ადგილად მიიჩნევა: ა) საინფორმაციო დაფა, ან ბ) მშენებლობის ტერიტორიაზე სამუშაოთა მწარმოებლისათვის დროებით განთავსებული შენობა;

როგორც მოპასუხე მხარე ამტკიცებს, ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 19 დეკემბრის N--- დადგენილება გამოკრული იქნა ობიექტზე, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება, კონკრეტულად რა ობიექტია მხედველობაში, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არც საინფორმაციო დაფაა და არც მშენებლობის ტერიტორიაზე სამუშაოთა მწარმოებლისათვის დროებით განთავსებული შენობა, რასაც დადგენილი რეგულაცია გულისხმობს.

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობის წესის დაცვა აქტის გამომცემი ორგანოს მხრიდან, მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს, საჯარო ინტერესების გატარების კუთხითაც, რამდენადაც ადმინისტრაციული აქტი ვერ ამოქმედდება (გარდა საგამონაკლისო წესისა), თუკი მას დაინტერესებული მხარე არ იცნობს. ამასთან, ეს აუცილებელია, პირის უფლებისა და ინტერესების დასაცავად, განსაკუთრებით, როდესაც იგი მავალდებულებელი, ან შემზღუდავი შინაარსისაა. გადაწყვეტილება ასევე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, გასაჩივრების შესაძლებლობისა და წესის შესახებ.

სასამართლო ასევე, განმარტავს, კანონმდებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობის წესის დაცვას შეეხება, გულისხმობს მოსარჩელის გათავისუფლებას, მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენიული, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

მოსარჩელე მხარე კატეგორიულად უარყოფს, ქ. ბათუმში, ლ. ქი----ს ქუჩა N9-ში მდებარე რომელიმე ობიექტზე აქტის გამოკრულ მდგომარეობაში არსებობას და მისი გაცნობის ფაქტს. მოსარჩელის მტკიცებით, საურავის დაკისრების შესახებ 2017 წლის 19 დეკემბრის №--- დადგენილების შესახებ ოთ----------ისთვის ცნობილი გახდა, მხოლოდ 2018 წლის 15 მაისს, მის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის გავრცელების შემდგომ.

მოპასუხეს სათანადო მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, რაც მის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას დაადასტურებდა და გააქარწყლებდა მოსარჩელე მხარის მტკიცებას.

შესაბამისად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას, რომ საურავის დაკისრების შესახებ 2017 წლის 19 დეკემბრის №--- დადგენილების მოსარჩელე მხარისათვის ოფიციალური გაცნობისა და მისი გასაჩივრების ვადის ათვლა, ზედამხედველობის სამსახურს 2018 წლის 18 იანვრიდან არ უნდა დაეწყო.

 

6.7. სასამართლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ დავის საგანი, „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 19 დეკემბრის №--- დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე, ოთ----------ის წარმომადგენლის, რო------–--ის 2018 წლის 29 მაისის №1------- ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2018 წლის 25 ივნისის №0----- ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, შესაბამისად, მისი კანონიერება სასამართლოს მიერ უნდა შემოწმდეს ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით.

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პროცედურული წესი ოთ----------ის მიმართ ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 19 დეკემბრის №--- დადგენილების ჩაბარებისა და მისი გასაჩივრების ვადის სწორად დათვლის შესახებ, დაცული არ არის.

საქართველოს ზოგადი ადმნიისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლით განისაზღვრება ადმინისტრაციული საჩივრის მიღებაზე ან განხილვაზე უარის თქმის წესი. სადავო ადმინისტრაციულ-სამარტლებრივი აქტი ემყარება 182-ე მუხლის ზ) ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ გასულია ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.

ამდენად, არ არსებობდა საფუძველი, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2018 წლის 25 ივნისის №0----- ბრძანებით ოთ----------ის ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარის შესახებ და გასაჩივრებული აქტი ამ მხრივ ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“ დადგენილ წესებს. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს, უნდა მიეღო ოთ----------ის ადმინისტრაციული საჩივარი და არსებითად უნდა განეხილა იგი, ხოლო მიღებული გადაწყვეტილებით დაირღვა მოსარჩელის კანონისმიერი უფლება, განხილულიყო მისი საჩივარი, ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელების აკრძალვას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

მოცემულ შემთხვევაში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ ისე გადაწყვიტა ოთ----------ის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 19 დეკემბრის №--- დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე წარდგენილი ადმინისრაციული საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი, რომ არ გამოუკვლევია და კანონის შესაბამისად არ შეუფასებია, გასაჩვრებული სამართლებრივი აქტის კანონიერ ძალაში შესვლის და მისი გასაჩივრების საკითხი. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობდა, საქართველოს ზოგადი ადმნიისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის ზ) პუნქტით განსაზღვრული საფუძველი, ადმინისტრაციულ საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

ამ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2018 წლის 25 ივნისის №0----- ბრძანება „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 19 დეკემბრის №--- დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე, ოთ----------ის წარმომადგენლის, რო------–--ის 2018 წლის 29 მაისის №1------- ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ“, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევით არის მიღებული, რამაც გამოიწვია მოსარჩელე ოთ----------ის კანონიერი უფლებისა და ინტერესის დარღვევა.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდქსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თნახმად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი.

ამის შესაბამისად, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ კანონის აღიშნული ნორმით დადგენილი წესის გამოყენებით ბათილად უნდა იქნას ცნობილი, „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 19 დეკემბრის №--- დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე, ოთ----------ის წარმომადგენლის, რო------–--ის 2018 წლის 29 მაისის №1------- ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2018 წლის 25 ივნისის №0----- ბრძანება და მერიას (შესაბამისი სამსახური) უნდა დაევალოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასებით განიხილოს ოთ----------ის 2018 წლის 29 მაისის №1------- ადმინისტრაციული საჩივარი.

 

7. საპროცესო ხარჯები:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.

მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი, 100 ლარის ოდენობით წინასწარ არის გადახდილი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა გადახდეს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი ბაჟის ნაწილი, 50 ლარი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 22-ე, 32-ე, მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ოთ----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

2. ბათილად იქნას ცნობილი „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 19 დეკემბრის №--- დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე, ოთ----------ის წარმომადგენლის, რო------–--ის 2018 წლის 29 მაისის №1------- ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2018 წლის 25 ივნისის №0----- ბრძანება.

3. მოპასუხე მხარეს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას (შესაბამისი სამსახური) დაევალოს, განიხილოს ოთ----------ის 2018 წლის 29 მაისის №1------- ადმინისტრაციული საჩივარი.

4. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას გადახდეს მოსარჩელე მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილი, 50 ლარი.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32/, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30/.

 

მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე