გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 14.04.2020
საქმის ნომერი
010310020003543205
კატეგორია
დავის ტიპი
ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვასა და დახმარებასთან დაკავშირებით
თარიღი
14.04.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/185-20 (010310020003543205)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

10 აპრილი, 2020 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - კობა გოცირიძე

სხდომის მდივანი - ქეთევან თურმანიძე

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენით

 

მოსარჩელე - დ-----------–----–---–-

ადვოკატი - შ-----------–---

 

მოპასუხე (შემაკავებელი ორდერის გამომცემი უფლებამოსილი ორგანო) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილება

წარმომადგენელი - კ-----------–------

 

მესამე პირი - მ--------------------- (არ გამოცხადდა)

 

დავის საგანი - შემაკავებელი ორდერის გაუქმება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, კ-----------–------ს მიერ 2020 წლის 21 მარტს გამოცემული №024940 შემაკავებელი ორდერის გაუქმება (იხ. 2020 წლის 10 აპრილის სხდომის ოქმი).

 

მოსარჩელის განმარტებით, 2020 წლის 21 მარტს, დავით ფირცხალაიშვილს დაუკავშირდა პოლიციის მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, იგი დაიბარა განყოფილებაში და გადასცა №024940 შემაკავებელი ორდერი. ორდერის თანახმად, 2020 წლის 12 მარტს, დ-----------–---–--–---–-- კუთნილი ა/მანქანით ჩაიარა ქ. ბათუმში, ჰ. აბაშიძის ქუჩა N10/12-ში მდებარე სილამაზის სალონში და უყურებდა სალონში მყოფ მ---------------------ს, რითაც ამ უკანასკნელის მტკიცებით, მასზე განხორციელდა ფსიქოლოგიური ძალადობა.

 

ინსპექტორ-გამომძიებლის, კ-----------–------ს მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერი უკანონოა, დ-----------–---–--–---–- დიდი ხანია არც კი დაინტერესებულა მ---------------------ს საკითხით, არ კი იცოდა მისი ადგილსამყოფელი, ასევე, არ გასჩენია მასთან კომუნიკაციის სურვილი. საგულისხმოა ისიც, რომ მარტის თვის განმავლობაში, კონკრეტულად კი 7 მარტიდან მოყოლებული, დ-----------–---–--–---–- საზაფხულო სეზონის მოახლოვებასთან დაკავშირებით აქტიურად ატარებს კუთვნილი იახტის სარემონტო სამუშაოებს. იგი ყოველდღიურად, დილის 10.00 საათიდან, საღამოს 20-21 საათამდე იმყოფება ქ. ბათუმში, ე.წ. ბარცხანის დასახლებაში, ნონეშვილის ქუჩა N63-ში მდებარე სს ,,საზღვაო ტექსერვისში’’, სადაც ტერიტორია სრულად შემოღობილია და დ-----------–---–--–---–- ამ ტერიტორიას ტოვებს მხოლოდ და მხოლოდ სამუშაო საათების დასრულების შემდგომ.

იმ გარემოების დადასტურება, რომ მოსარჩელე მარტის თვის განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ სამუშაო საათების დასრულების შემდეგ ტოვებდა სს ,,საზღვაო ტექსერვისის“ ტერიტორიას, შეუძლია არაერთ მოწმეს, მათ შორის ამ კომპანიის თანამშრომლებს და აღნიშნულის დამადასტურებელი წერილობით მტკიცებულებები წარმოდგენილია მოცემულ საქმეშიც.

 

2018 წლის 20 დეკემბერს, მ---------------------სთან დაკავშირებით მომხდარი შემთხვევის გამო, დ-----------–---–--–---–-ს მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რასაც ბოროტად იყენებს მესამე პირი. რეალურად, დ-----------–---–--–---–- არის მ---------------------ს პროვოკაციების მსხვერპლი, ხოლო, პოლიციის თანამშრომელმა ისე გამოსცა შემაკავებელი ოდერი, რომ არ გამოიკვლია საქმის გარემოებები, არ შეაფასა საქმისათის მნიშვნელობის მქონე საკითხები, რამდენადაც, დ-----------–---–--–---–-- არც კი იცის სად ცხოვრობს და სად მუშაობს მ---------------------, ა/მანქანით მოძრაობის შესაძლოა სრულიად შემთხვევით შეხვდეს მას ქუჩაში ან სხვა ადგილას, რაც არ შეიძლება განხილულ იქნას ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევად.

 

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ შემაკავებელი ორდერი გამოცემულია უკანონოდ რადგან მას მ---------------------ზე რაიმე სახის ფსიქოლოგიური ძალადობა არ განუხორციელებია, მიაჩნია, რომ შემაკავებელი ორდერი უნდა გაუქმდეს და აღუდგეს მას შეზღუდული უფლებები. (იხ. სარჩელი)

 

2. მხარეთა პოზიცია:

2.1. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე - შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების წარმომადგენელმა განმარტა, რომ არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ გარემოებებს. პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პოლიცია საკუთარი ფუნქციების შესრულების უზრუნველაყოფად თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებს სამართალდარღვევის ფაქტებზე. კერძოდ, ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ოპერატიული რეაგირების სახით, მსხვერპლის დაცვის და მოძალადის გარკვეული ქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად გამოსცემს შემაკავებელ ორდერს. დ-----------–---–--–---–-- და მ---------------------ს შორის ჩამოყალიბებულია კონფლიქტური ურთიერთობა, ამ შემთხვევაში ორდერის ოქმში მითითებულ კითხვებზე მინიჭებულ ქულათა რაოდენობა სამს აღემატებოდა. დ-----------–---–--–---–-ს მიმართ აღძრულია სისხლის სამართალის საქმე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, ამასთან, მის წინააღმდეგ 2019 წლის 31 მარტს გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერიც, იგივე სახის შეზღუდვებით, რასაც ითვალისწინებს ამ შემთხვევაში გასაჩივრებული ორდერი.

 

მ---------------------მ განცხადებით მიმართა პოლიციის მე-2 განყოფილებას, იგი მიუთითებდა, რომ მიმდინარე წლის 12 მარტს, ქ. ბათუმში, ჰ. აბაშიძის ქუჩა N10/12-ში მდებარე სილამაზის სალონში ყოფნისას დ-----------–---–--–---–-- სალონთან ჩაიარა კუთვნილი ავტომანქანით და დაჟინებით უყურებდა მას, ამგვარ ქმედებებს, დევნას და თვალთვალს სისტემატური სახე ჰქონდა, რაც მ---------------------ზე მოქმედებდა შემაწუხებლად და მასზე ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ძალადობა. მ---------------------ს გამოკითხვის საფუძველზე, დ-----------–---–--–---–-ს მიმართ გამოიცა №024940 შემაკავებელი ორდერი, იგი დაბარებულ იქნა პოლიციის განყოფილებაში, მას ჩამოერთვა ახსნა-განმარტება, ასევე, ჩამოერთვა კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიც. მოძალადეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოვება სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოვება სადაც მსხევრპლი იმყოფება; მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მოპასუხეს მიაჩნია, რომ შემაკავებელი ორდერი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

2.2. მესამე პირის პოზიცია:

 

მესამე პირს - მ---------------------ს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა სარჩელი და თანდართული მასალები, ასევე, ეცნობა სასამართლო სხდომის თარიღი. მ--------------------- სასამართლო პროცესზე არ გამოცხადებულა, თუმცა სატელეფონო შეტყობინებისას მან თანხმობა განაცხადა მისი დასწრების გარეშე საქმის დისტანციურად განხილვასთან დაკავშირებით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. მ---------------------ს მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით, დ-----------–---–--–---–-ს მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე. 2019 წლის 31 მარტს, პოლიციის II განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ დ-----------–---–--–---–-ს მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.1.2. შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის კ-----------–------ს მიერ 2020 წლის 21 მარტს გამოცემული იქნა №024940 შემაკავებელი ორდერი, დ-----------–---–--–---–-ს მიმართ. №024940 შემაკავებელი ორდერის თანახმად, მისი შედგენის საფუძველს წარმოადგენს 2020 წლის 12 მარტს, დ-----------–---–--–---–-ს მიერ მ---------------------ს მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობა, რაც მითითებულ დროს მსხვერპლის თვალთვალში გამოიხატა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- №024940 შემაკავებელი ორდერი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.1.3. №024940 შემაკავებელი ორდერით, დავით ფირცხალაიშვილს აეკრძალა აეკრძალა იმ სახლთან მიახლოვება სადაც მსხვერპლი, მ--------------------- ცხოვრობს; მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოვება სადაც მსხევრპლი იმყოფება; მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით; მოძალადეს ჩამოერთვა პირად საკუთრებაში არსებული იარაღი (მათ შორის სამსახურებრივ-საშტატო) და იგი შენახულ იქნა კანონით დაგდენილი წესით; შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 30 დღის ვადით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- №024940 შემაკავებელი ორდერი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მე-10 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.

 

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის კ-----------–------ს მიერ 2020 წლის 21 მარტს გამოცემული იქნა №024940 შემაკავებელი ორდერი. შემაკავებელი ორდერით დავით ფირცხალაიშვილს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოვება სადაც მსხვერპლი, მ--------------------- ცხოვრობს; მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოვება სადაც მსხევრპლი იმყოფება; მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით; მოძალადეს ჩამოერთვა პირად საკუთრებაში არსებული იარაღი (მათ შორის სამსახურებრივ-საშტატო) და იგი შენახულ იქნა კანონით დაგდენილი წესით; შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 30 დღის ვადით.

 

6.2. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-31 მუხლის თანახმად, 1.ქალთა მიმართ ძალადობა გულისხმობს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალების მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობისათვის დამახასიათებელ ყველა ქმედებას, რომელთაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან სექსუალური ტანჯვის ან ეკონომიკური ზიანის მიყენება, მათ შორის, ასეთი ქმედებების ჩადენის მუქარა, ქალების იძულება ან მათთვის თავისუფლების თვითნებური აღკვეთა. 2. ამ კანონის მიზნებისთვის ქალად მიიჩნევა აგრეთვე 18 წელს მიუღწეველი მდედრობითი სქესის არასრულწლოვანი.

 

”ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი განმარტავს ძალადობის თითოეული ზემოაღნიშნული ფორმის არსს: ა) ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ; ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას;

 

6.3. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. 11. პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად დროებითი ღონისძიების სახით შემაკავებელი ორდერის გამოცემა სავალდებულოა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 137-ე და 138-ე მუხლებით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით, 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით, 1441−1443 და 151-ე მუხლებით, 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით და 3811 მუხლით გამოძიების დაწყების ან გამოძიების მიმდინარეობის შემთხვევაში.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. ხოლო, 36 ნაწილის შესაბამისად, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში. ამავე კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.

 

6.4. სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ დ-----------–---–--–---–-- და მ---------------------ს შორის ჩამოყალიბებულია კონფლიქტური ურთიერთობა. მოსარჩელის მიმართ აღძრულია სისხლის სამართალის საქმე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, ამასთან, მის წინააღმდეგ 2019 წლის 31 მარტს გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერიც, იგივე სახის შეზღუდვებით, რასაც ითვალისწინებს 2020 წლის 21 მარტს გამოცემული შემაკავებელი ორდერი.

 

ქ. ბათუმის პოლიციის II განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, კ-----------–------ს მიერ 2020 წლის 21 მარტს, დ-----------–---–--–---–-ს მიმართ გამოცემული იქნა №024940 შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად სახეზე იყო ფსიქოლოგიური ძალადობა, მ---------------------ს მიმართ, ორდერის ოქმში მითითებულ კითხვებზე მინიჭებულ ქულათა რაოდენობა სამს აღემატებოდა. №024940 შემაკავებელი ორდერი, გამოიცა შემდეგი პირობით: მოძალადეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოვება სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოვება სადაც მსხევრპლი იმყოფება; მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით; მოძალადეს ჩამოერთვა პირად საკუთრებაში არსებული იარაღი (მათ შორის სამსახურებრივ-საშტატო) და იგი შენახულ იქნა კანონით დაგდენილი წესით; შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 30 დღის ვადით. მოცემულ შემთხვევაში, დ-----------–---–--–---–-ს მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველს წარმოადგენდა მ---------------------ს მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი, რასაც მოძალადის მხრიდან ადგილი ჰქონდა 2020 წლის 12 მარტს.

 

რას შეეხება მოსარჩელე მხარის მიერ, მტკიცებულების სახით საქმეში წარმოდგენილ მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს, სასამართლო აღნიშნავს, რომ ისინი შედგენილია 2020 წლის 23 მარტს, დ-----------–---–--–---–-ს მიმართ 21 მარტს №024940 შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემდგომ, თავისი შინაარსის გათვალისწინებით ისინი მიმართულია მოსარჩელე მხარისათვის პასუხისმგებლობის თავიდან აცილებისკენ, შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულებები ვერ იქნება გაზიარებულ სასამართლოს მიერ, საქმის გარემოებათა შეფასებისას.

 

ამდენად, მხარეთა განმარტებებისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის II განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, კ-----------–------ს მიერ 2020 წლის 21 მარტს გამოცემული №024940 შემაკავებელი ორდერი გამოცემულია „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

სასამართლო მიიჩევს, რომ შემაკავებელი ორდერის დანიშნულებას წარმოადგენს მსხვერპლის დაცვა და მოძალადისათვის ისეთი ქმედებების განხორცილების აკრძალვა, რაც ადამიანს აქცევს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლად. მოძალადის მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა არ უნდა გამოიწვიოს მსხვერპლის იმ უფლებებისა და თავისუფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვა, რაც დაცულია საერთაშორისო ხელშკრულებებით, საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მათ შორის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერი გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილო მოთხოვნების დაცვით, რის გამოც არ არსებობს შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის კ-----------–------ს მიერ 2020 წლის 21 მარტს გამოცემული №024940 შემაკავებელი ორდერის გაუქმების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2112-ე, 2114-ე მუხლებით, ,,ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დ-----------–---–--–---–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ძალაში დარჩეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის კ-----------–------ს მიერ 2020 წლის 21 მარტს გამოცემული №024940 შემაკავებელი ორდერი.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), გადაწყვეტილების ასლის მხარეთათვის ჩაბარებიდან 03 (სამი) დღის დღის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30) მეშვეობით. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;

 

მოსამართლე: კობა გოცირიძე