გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010310018002714198
№3-570/18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17 იანვარი, 2020 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე
სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე
მოსარჩელე - მა----–---------ე
წარმომადგენელი - ოთ---------–--ე
მოპასუხე - ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია
- ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური
წარმომადგენელი - თე----------ე
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1.სასარჩელო მოთხოვნა:
1.1.მა----–---------ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ,,სამშენებლო სამართალდარღვევისათვის მა----–---------ის დაჯარიმების შესახებ“, ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 17 აგვისტოს №0------- დადგენილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკამყოფილებაზე უარი თქმის შესახებ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 11 ოქტომბრის №0-------- ბრძანების ბათილად ცნობა.
1.2. თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:
2018 წლის აპრილის თვეში, მა----–---------ემ კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ჩრდილოეთის კედელში არსებულ ორ ღიობში შეცვალა მინა ბლოკი, ჩვეულებრივი მინის ფანჯრით.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2018 წლის 23 ივლისს გამოიცა №-------- მითითება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჩატარებული შემოწმებით გამოვლინდა საცხოვრებელ სახლზე ღიობის მოწყობა შესაბამისი ნებართვის გარეშე, რითაც ვლინდება სამშენებლო სამართალდარღვევა. მოსარჩელეს მიეცა წინადადება, 2018 წლის 31 ივლისამდე აღმოეფხვრა საცხოვრებელ სახლზე გამოვლენილი დარღვევები და წარედგინა ღიობის მოწყობისათვის საჭირო დოკუმენტაცია.
ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების ზეპირი მითითებით, მა----–---------ემ ჩვეულებრივი მინის ფანჯარა, რომელიც იყო მოძრავი, შეცვალა უძრავი, გაუმჭვირვალე მინის ფანჯრით. 2018 წლის 2 აგვისტოს, ზედამხედველობის სამსახურის მუშაკების მიერ შედგენილი იქნა №-- შემოწმების აქტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ №-------- მითითების პირობები არ შესრულდა და სახეზე იყო სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტი.
2018 წლის 15 აგვისტოს, ზედამხედველობის სამსახურში ჩატარდა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვა და სამსახურის უფროსის 2018 წლის 17 აგვისტოს №0------- დადგენილებით, მა----–---------ე, ქ. ქობულეთში, და----------–-----–-ს გამზირი N----ში, უნებართვო მშენებლობის წარმოებისათვის დაჯარიმდა, 2 000 ლარით.
მოსარჩელე მხარემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა დაჯარიმების აქტის ბათილობა, თუმცა 2018 წლის 11 ოქტომბრის №--------- ბრძანებით, მა----–---------ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2018 წლის 17 აგვისტოს №------- დადგენილება, ეწინააღმდეგება კანონს და არსებითად დარღვეულია მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. მასში აღნიშნულია, რომ ზედამხედველობის სამსახურში არ იქნა წარდგენილი საპროექტო დოკუმენტაცია. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 მარტის №57 დადგენილების მე-3-ე მუხლის შესაბამისად, სამშენებლო დოკუმენტი არის – ამ დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად შემუშავებული და დამტკიცებული დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს ტექსტურ და გრაფიკულ ინფორმაციას და წარმოადგენს მშენებლობის ნებართვის გაცემისა და მშენებლობის განხორციელების საფუძველს. მოცემულ შემთხვევაში, ამავე ნორმატიული აქტის შესაბამისად განხორციელდა შუქღიობის მასალის შეცვლა და ცხადია, მასზე სამშენებლო დოკუმენტი ვერ შესდგებოდა. სადავო შუქღიობი მოეწყო საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დროს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ ჯერ კიდევ 2014 წელს შეთანხმებული პროექტის მიხედვით და შენობა მიღებულ იქნა ექსპლუატაციაში. ზემოაღნიშნული შუქღიობი, ამჟამად რომც მოწყობილიყო, იგი მიეკუთვნება I კლასს და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 მარტის №57 დადგენილებიდან გამომდინარე, არ საჭიროებს ნებართვას.
მოპასუხის პოზიციით, საცხოვრებელ სახლზე ღიობი მოწყობილია შესაბამისი ნებართვის გარეშე, ხოლო ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2014 წელს შეთანხმებული პროექტის სართულებრივ გეგმებში, ექსპლუატაციაში მიღების დროს ნაჩვენებია ღიობის არსებობა. №-------- მითითების გამცემმა, დარღვევად საცხოვრებელ სახლზე ღიობის მოწყობა მიიჩნია და მიუთითა მისი აღმოფხვრის შესახებ, თუმცა ამაში კონკრეტულად რა იგულისხმება, აქტში მითითებული არ არის, ხოლო შემოწმების აქტში გამოჩნდა, რომ ამგვარი ჩანაწერი თურმე მშენებლობის განხორციელების საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენას გულისხმობდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულით დასტურდება, რომ ზედამხედველობის სამსახურის მუშაკების მიერ გაცემული მითითება და შემოწმების აქტი შედგენილია, წესის დარღვევით, საკითხის არაჯეროვანი შესწავლითა და არასწორი ინფორმაციის საფუძველზე. ზედამხედველობის სამსახური ვერ მიუთითებს, კონკრეტულად რომელი სამართლებრივი ნორმა დაარღვია მა----–---------ემ, არსებული მინა ბლოკის შეცვლა მეორე სახის გაუმჭვირვალე მინით, მიჩნეული იქნა სამშენებლო სამართალდარღვევად და საქმის გარემოებებს მიეცა არასწორი შეფასება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ბათილად უნდა იქნას ცნობილი.
2.მოპასუხის პოზიცია:
2.1.მოპასუხე მხარის, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ სარჩელი არ იქნა ცნობილი, შემდეგი საფუძვლით:
ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოკვლეული გარემოებების და საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე დადასტურდა ის გარემოება, რომ მა----–---------ემ განახორციელა მინა ბლოკებით ნაშენი კედლის შეცვლა, ღიობებით. აღნიშნული სამშენებლო სამართალდარღვევა, ადგილზე გასვლით გამოვლინდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების მიერ და მას მიეცა N-------- მითითება, უმოკლეს ვადაში აღმოეფხვრა გამოვლენილი დარღვევა, რისთვისაც განესაზღვრა ვადა, 2018 წლის 31 ივლისამდე.
ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 2 აგვისტოს N-- შემოწმების აქტით დადგინდა, რომ მა----–---------ის მიერ N-------- მითითების პირობები არ იყო შესრულებული. ამავე სამსახურის 2018 წლის 17 აგვისტოს N0------- დადგენილებით, მა----–---------ე ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და დაეკისრა ჯარიმა, 2 000 ლარის ოდენობით. დასახელებული გარემოებების საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, მა----–---------ის საჩივრის დაუკმაყოფილებლობის შესახებ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და დაცულია მისი გამოცემისთვის დადგენილი წესი, არ არსებობს გასაჩივრებული აქტების, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 17 აგვისტოს N------- დადგენილებისა და 2018 წლის 11 ოქტომბრის N--------- ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლები.
3.ფაქტობრივი გარემოებები
3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე მა----–---------ის საკუთრებაში ირიცხება ქობულეთში, და----------–-----–-ს გამზირის №----ში მდებარე, 1001 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი: 20.42.02.592.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის 2015 წლის 22 ივნისის ამონაწერი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.2. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2018 წლის 23 ივლისს, მა----–---------ის სახელზე შედგენილი №-------- მითითებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ქ. ქობულეთში, და----------–-----–-ს გამზირის №----ში მდებარე შენობა-ნაგებობაზე მიმდინარეობდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები, კერძოდ, მასზე ღიობის მოწყობა აწარმოა მა----–---------ემ, სათანადო ნებართვის გარეშე. მითითებით მას დაევალა, გამოვლენილი დარღვევის უმოკლეს ვადაში აღმოფხვრა და ამისათვის განესაზღვრა დრო, 2018 წლის 31 ივლისამდე.
ზედამხედველობის სამსახურმა შეამოწმა მა----–---------ის მიერ, 2018 წლის 23 ივლისს №-------- მითითების პირობების შესრულების საკითხი და დადგენილად მიიჩნია, რომ მითითება არ შესრულდა, კერძოდ, მა----–---------ემ ვერ წარადგინა შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციისათვის, ღიობის მოწყობისათვის საჭირო დოკუმენტაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 23 ივლისის №-------- მითითება;
- ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 2 აგვისტოს №-- შემოწმების აქტი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.3. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2018 წლის 17 აგვისტოს მიღებული იქნა N0------- დადგენილება „სამშენებლო სამართალდარღვევისათვის დაჯარიმების შესახებ“, რომლითაც „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, მა----–---------ე დაჯარიმდა 2 000 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 17 აგვისტოს N0------- დადგენილება;
3.1.4. მა----–---------ემ ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 17 აგვისტოს N03-02/566 დადგენილება გაასაჩივრა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში.
მა----–---------ის საჩივრის საფუძველზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, 2018 წლის 19 სექტემბერს გაიმართა ადმინისტრაციული წარმოების ზეპირი მოსმენა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მა----–---------ემ და მისმა წარმომადგენელმა, ოთ---------–--ემ.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 11 ოქტომბრის №0-------- ბრძანებით მა----–---------ეს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 11 ოქტომბრის №0-------- ბრძანება;
3.1.5. მა----–---------ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხევლობის სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ,,სამშენებლო სამართალდარღვევისათვის მა----–---------ის დაჯარიმების შესახებ“, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 17 აგვისტოს №0------- დადგენილებისა და ,,ადმინისტრაციული საჩივრის დაკამყოფილებაზე უარი თქმის შესახებ“, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 11 ოქტომბრის №0-------- ბრძანების ბათილად ცნობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მა----–---------ის სასარჩელო განცხადება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. ქ. ქობულეთში, და----------–-----–-ს გამზირის №----ში მდებარე შენობა-ნაგებობაზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები, კერძოდ, მასზე ღიობის მოწყობა აწარმოა, მა----–---------ემ.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში 2018 წლის 19 სექტემბერს ჩატარებული ზეპირი მოსმენის ოქმის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაში მონაწილეობდა მა----–---------ე, რომელსაც ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 17 აგვისტოს N0------- დადგენილება იმ მხრივ მიაჩნდა უკანონოდ, რომ დარღვეული იყო ამ აქტისა და №-------- მითითების გამოცემისათვის გათვალისწინებული პროცედურული წესები. ამასთან, მა----–---------ე მიუთითებდა, მან ბოლო პერიოდში განახორციელა არსებული მინა-ბლოკის ამოშენების შეცვლა, ჩვეულებრივი ფანჯრით, ხოლო, ზედამხედველობის სამსახურის მითითების მიღების შემდგომ, ფანჯრის გამჭვირვალე მინა შეცვალა, გაუმჭვირვალეთი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება, მოსარჩელე მხარემ დაადასტურა საქმის სასამართლო განხილვის დროსაც.
საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათით, რომელიც გადაღებულია ქობულეთში, და----------–-----–-ს გამზირი №----ში მდებარე საცხოვრებელი სახლზე, დასტურდება, რომ შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები არის ახალი ნაწარმოები და დასრულებული არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 23 ივლისის №-------- მითითება;
- ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 2 აგვისტოს №-- შემოწმების აქტი;
- ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 17 აგვისტოს N0------- დადგენილება;
- სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების 2018 წლის 15.08. N46 სხდომის ოქმი;
- ფოტოსურათი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მა----–---------ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ:
_ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“.
_ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №57 დადგენილება `მშენებლობის
ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ~.
_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
_ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესები განისაზღვრება „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლით, რომლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.
აღნიშნული კანონის მე-15-ე მუხლის ,,რ“ ქვეპუნქტით, სამშენებლო სამართალდარღვევა წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი მოთხოვნების დარღვევას ან/და შეუსრულებლობას, რისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ამ თავით.
ამავე კანონის 1-ლი მუხლით, ამ კანონის მიზანს წარმოადგენს: ა) ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოს დაცვა; ბ)უსაფრთხო პროდუქტის ბაზარზე განთავსება და თავისუფალი მიმოქცევა; გ)პროდუქტის გადაადგილების და ბაზარზე განთავსების პროცესში კონკურენციის უზრუნველყოფა და ხელშეწყობა;
დ)მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ექსპლუატაციის წესებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის გზით;
ე)რისკის ანალიზსა და შეფასებაზე დამყარებული ინსპექტირების სისტემის დანერგვა; ვ) მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ტექნიკური ინსპექტირების სისტემის ჩამოყალიბება და ინსპექტირების ორგანოების საქმიანობისათვის სამართლებრივი ბაზის შექმნა; ზ)საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს და ინსპექტირების ორგანოების უფლებამოსილებათა გამიჯვნა მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ექსპლუატაციისა და კონტროლის სფეროებში; თ)სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა სამშენებლო სფეროს ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით; ი)სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის, აკრედიტაციის და შესაბამისობის შეფასების სფეროებში საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება.
აღნიშნულიდან გამომდინარე ცხადია, რომ ზედამხედველობის სამსახურის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა, გამოავლინოს და აღკვეთოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით წარმოებული მშენებლობები.
6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-4 მუხლის თანახმად, მშენებლობის სახეობებია:
ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი);
ბ) რეკონსტრუქცია;
გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას);
დ) დემონტაჟი;
ე) ლანდშაფტური მშენებლობა;
ვ) დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება.
შენობა-ნაგებობების ახალი მშენებლობა ისეთი მშენებლობაა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება.
ამდენად, მშენებლობის ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენს რეკონსტრუქცია, რომელიც ამავე დადგენილების მე-3 მუხლის 50-ე ნაწილის მიხედვით, არის – არსებული შენობა-ნაგებობის ან/და მისი ნაწილ(ებ)ის არსობრივად შეცვლა, მათი ფიზიკური, ხარისხობრივი და თვისობრივი განახლების მიზნით;
დადგენილების მე-3 მუხლის შესაბამისად, მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს შენობა-ნაგებობის რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება აღჭურვა, ხოლო შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია საჭიროებს მშენებლობის ნებართვას.
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 67-ე მუხლის მე-2 პუნქტის თ) ქვეპუნქტის თანახმად, II კლასის მშენებლობას განეკუთვნება, ექსტერიერის რეკონსტრუქცია.
6.3. სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ მოსარჩელე მა----–---------ის საკუთრებაში ირიცხება ქალაქ ქობულეთში, და----------–-----–-ს გამზირის №----ში მდებარე 1001 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი: 20.42.02.592.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2018 წლის 23 ივლისს, მა----–---------ის სახელზე შედგენილი №-------- მითითებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ქობულეთში, და----------–-----–-ს გამზირის №----ში მდებარე შენობა-ნაგებობაზე მა----–---------ემ აწარმოა სარეკონსტრუქციო სამუშაოები, კერძოდ, სათანადო ნებართვის გარეშე მოაწყო ღიობები. მითითებით მა----–---------ეს დაევალა, გამოვლენილი დარღვევის უმოკლეს ვადაში აღმოფხვრა და ამისათვის განესაზღვრა დრო, 2018 წლის 31 ივლისამდე.
ზედამხედველობის სამსახურმა შეამოწმა მა----–---------ის მიერ, 2018 წლის 23 ივლისს №-------- მითითების პირობების შესრულების საკითხი და დადგენილად მიიჩნია, რომ მითითება არ შესრულდა, კერძოდ, მა----–---------ემ ვერ წარადგინა შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციისათვის, ღიობის მოსაწყობად საჭირო დოკუმენტაცია და არც პირვანდელი მდგომარეობა იყო აღდგენილი.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2018 წლის 17 აგვისტოს მიღებული იქნა N0------- დადგენილება „სამშენებლო სამართალდარღვევისათვის დაჯარიმების შესახებ“, რომლითაც „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, მა----–---------ე დაჯარიმდა 2 000 ლარით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 33-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ამ დადგენილების შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვა.
უდავოა ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ მა----–---------ეს მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელიც აწარმოა ქობულეთში, და----------–-----–-ს გამზირის №----ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს, კერძოდ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა არ გააჩნდა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 2 აგვისტოს №-- შემოწმების აქტით დადასტურდა, რომ მითითების პირობები მა----–---------ის მიერ შესრულებული არ იყო, კერძოდ, დაწესებულ ვადაში მას ზედამხედველობის სამსახურისთვის არ წარუდგენია სათანადო დოკუმენტაცია (მშენებლობის ნებართვა) და არც თავდაპირველ მდგომარეობაში მოუყვანია, შენობის ინტერიერი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის მტკიცებას, რომ მა----–---------ის მიერ ჩადენილი იქნა სამშენებლო სამართალდარღვევა, რადგანაც „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 43-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევას წარმოადგენს უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება.
6.4. სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული მოსარჩელე მხარის მტკიცება, რომ მის მიერ ქობულეთში, და----------–-----–-ს გამზირი N----ში მდებარე ობიექტზე განხორციელებული მშენებლობა არ მიეკუთვნება ისეთ სახეობას, რასაც ესაჭიროებოდა მშენებლობის ნებართვა.
მა----–---------ის მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში 2018 წლის 19 სექტემბერს ჩატარებული ზეპირი მოსმენის ოქმის თანახმად, განხილვაში მონაწილეობდა მა----–---------ე, რომელსაც ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 17 აგვისტოს N0------- დადგენილება იმ მხრივ მიაჩნდა უკანონოდ, რომ დარღვეული იყო ამ აქტისა და №-------- მითითების გამოცემისათვის გათვალისწინებული პროცედურული წესები, ამასთან, მიუთითებდა, რომ სახლის კედელზე მინა-ბლოკის სახით ღიობი მოწყობილი იყო წლების წინ, შესაბამისი არქიტექტურული პროექტის საფუძველზე, თუმცა, მა----–---------ეს არ უარყვია ის გარემოება, რომ ბოლო პერიოდში განახორციელა არსებული მინა-ბლოკის შეცვლა, ჩვეულებრივი ფანჯრით, ხოლო, ზედამხედველობის სამსახურის მითითების მიღების შემდგომ, ფანჯრის გამჭვირვალე მინა შეცვლა, გაუმჭვირვალე მინით. იგივე ფაქტობრივი გარემოება მოსარჩელე მხარემ დაადასტურა, საქმის სასამართლო განხილვის დროსაც.
როგორც სასამართლომ განმარტა, ასეთი სახისა და შინაარსის მშენებლობა წარმოადგენს ინტერიერის რეკონსტრუქციას, რაც „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 67-ე მუხლის მე-2 პუნქტის თ) ქვეპუნქტის თანახმად, II კლასის მშენებლობას განეკუთვნება.
საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათით, რომელზეც ასახულია და----------–-----–-ს გამზირის №----ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ნაწილი, დასტურდება, რომ შენობის ინტერიეირს სარეკონსტრუქციო სამუშაოები ამ ფორმით ახალი ნაწარმოებია და დასრულებული არ არის.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარეს თავისი მტკიცების გასამყარებლად არ გააჩნია შესაბამისი დამადასტურებელი მტკიცებულებები.
სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მა----–---------ემ განახორციელა ქობულეთში, და----------–-----–-ს გამზირის №----ში მდებარე საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებული უნებართვო მშენებლობა, კერძოდ, მინა-ბლოკით ნაშენი კედელი შეცვალა და კედელზე მოაწყო ფანჯრის ღიობები.
ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, მა----–---------ის მიერ განხორციელებული მშენებლობა თუნდაც 1-ელ კლასს მიეკუთვნებოდეს, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლით განსაზღვრულია, რომ I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა მართალია წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, თუმცა, მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები, კერძოდ, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს და მიიღოს თანხმობა. ასეთ შემთხვევაში მშენებლობის მწარმოებელ პირს, მა----–---------ეს განზრახული მშენებლობის შესახებ, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოსათვის განცხადებით უნდა ეცნობებინა, ხოლო სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ მა----–---------ეს ღიობების მოწყობის თაობაზე, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს, კერძოდ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამხურისათვის არ უცნობებია.
6.5. „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 43-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევას წარმოადგენს უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება.
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას:
ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ;
ბ)დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ;
გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
ამავე კანონის 43-ე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის დასახლებაში – ქალაქში, გარდა ამ კოდექსის 44-ე მუხლში აღნიშნული ტერიტორიისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონისა და ნორმატიული აქტების ამ რეგულაციის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური უფლებამოსილი იყო მა----–---------ე დაეჯარიმებინა 2 000 ლარით.
მაკონტროლებელ ადმინისტრაციულ ორგანოს მა----–---------ის მიერ განხორციელებული უკანონო მშენებლობის დემონტაჟის თაობაზე, გადაწყვეტილება არ მიუღია.
6.6. სასამართლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ დავის საგანი, ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 17 აგვისტოს №0------- დადგენილება - ,,სამშენებლო სამართალდარღვევისათვის მა----–---------ის დაჯარიმების შესახებ“ და ადმინისტარციული საჩივრის დაკმყოფილებაზე უარი თქმის შესახებ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 11 ოქტომბრის №0-------- ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, შესაბამისად, მათი კანონიერება სასამართლოს მიერ უნდა შემოწმდეს ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით.
სასამართლო ამასთან განმარტავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევა თავისი ბუნებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს და იმისათვის, რომ პირი მიჩნეული იქნას სამართალდამრღვევად, სახეზე უნდა გვქონდეს სამართალდარღვევის შემადგენლობა. განსახილველ შემთხვევაში მა----–---------ის სამართალდამრღვევად მიჩნევისათვის სახეზე უნდა იყოს მოსარჩელის მიერ განხორციელებული ქმედება, რომელიც მართლსაწინააღმდეგოა (კანონით უნდა იკრძალებოდეს შესაბამისი ნებართვის/შეტყობინების გარეშე მოსარჩელის მიერ სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოება და კანონი უნდა ადგენდეს შესაბამის სახდელს უკანონო რეკონსტრუქციისათვის) და ბოლოს, სახეზე უნდა იყოს ბრალი (მოსარჩელის დამოკიდებულება მის მიერ განხორციელებული ქმედების მიმართ).
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო დავასთან დაკავშირებული, დადგენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-ს 43-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო მა----–---------ის დაჯარიმების თაობაზე, 2018 წლის 17 აგვისტოს №0------- დადგენილების მისაღებად, რამდენადაც უდავოა მა----–---------ის მიერ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 43-ე მუხლით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. სადავო გადაწყვეტილებები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის საფუძველზე, აგრეთვე დაცულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესი.
6.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა.
სასამართლო ამასთან აღნიშნავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, ხოლო მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი არ გულისხმობს მოსარჩელის გათავისუფლებას სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებისა და მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან. სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეების, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სრულყოფილად არის გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სწორად არის გადაწყვეტილი მა----–---------ის მიერ ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევის როგორც სამართლებრივი კვალიფიკაცია, ისე სამართალდარღვევისათვის გამოყენებული პასუხისმგებლობის ღონისძიებები.
მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არანაირად არ ადასტურებს საწინააღმდეგო გარემოებებს და მოსარჩელის სამართლებრივი პოზიცია, გასაჩივრებული აქტების კანონსაწინააღმდეგოდ შეფასებასთან დაკავშირებით, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და დასაბუთებას.
6.8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ამ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 17 აგვისტოს №0------- დადგენილება - ,,სამშენებლო სამართალდარღვევისათვის მა----–---------ის დაჯარიმების შესახებ“ და ადმინისტრაციული საჩივრის დაკამყოფილებაზე უარი თქმის შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 11 ოქტომბრის №0-------- ბრძანება, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით არის მიღებული, რასაც არ გამოუწვევია მოსარჩელე მა----–---------ის კანონიერი უფლებისა და ინტერესის დარღვევა.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;
39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.
მოსარჩელე მხარეს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, გადახდილი აქვს წინასწარ.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 22-ე, 32-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მა----–---------ის სარჩელი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე მხარეს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით გადახდილი აქვს წინასწარ.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32/, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30/.
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე