გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.12.2019
საქმის ნომერი
010310017002180164
კატეგორია
დავის ტიპი
ჯარიმები
თარიღი
27.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010310017002180164

№3-780/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე

სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე

მოსარჩელე - და---------–----ე

წარმომადგენელი - მი--------–--–-–---–ი

მოპასუხე - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია

- ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური

წარმომადგენელი - მა--------------ე

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. და---------–----ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო და---------–----ის დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერების და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 19 ივნისის №--- დადგენილებისა და და---------–----ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ, ქალაქ ბათუმის ვიცე-მერის 2017 წლის 14 სექტემბრის №0----- ბრძანების ბათილად ცნობა.

 

1.2. თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:

და---------–----ეს თანასაკუთრებაში გააჩნია ქ. ბათუმში, ხუ-–---------------------------ში, 1032.0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარე, 636.03 კვ.მ. შენობა-ნაგებობა, რომლის კედლებიც იყო ამორტიზირებული და მოსარჩელემ გადაწყვიტა, შენობის ფასადის გარემონტება გვერდით მდებარე არქიტექტურული ძეგლის, მეჩეთისთვის ფასადური ზიანის მიყენების გარეშე. მან 2017 წლის 19 აპრილს შეათანხმა პროექტი, როგორც ქალაქ ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურთან, ასევე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან.

არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შემდგომ და---------–----ემ დაიწყო შენობის ფასადის შეკეთება, იერსახის არსებითად შეცვლის გარეშე. ამის მიუხედავად, ზედამხედველობის სამსახურმა გამოსცა N--- მითითება და მოსთხოვა ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა, რაც რეალურად შეუძლებელი აღმოჩნდა. და---------–----ე მაქსიმალურად შეეცადა ზედამხედველობის სამსახურის მითითების შესრულებას, თუმცა, ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩათვალა, რომ პირობები არ იყო შესრულებული და მოსარჩელე 2017 წლის 19 ივნისის №--- დადგენილებით დააჯარიმა, 3 000 ლარით. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, და---------–----ემ განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურს და მოითხოვა მშენებლობის ნებართვის გაცემა, თუმცა, განცხადების წარდგენიდან მესამე დღეს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა საქმის გარემოებების ყოველგვარი შესწავლის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება, და---------–----ის სამშენებლო სამართალდამრღვევად ცნობის შესახებ.

მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ, და---------–----ის 2017 წლის 16 ივნისის განცხადებაზე, 2017 წლის 20 ივნისს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურმა N------- წერილით დაადგინა ხარვეზი და განმცხადებელს მოსთხოვა სამშენებლო ღობის (ესკიზი, პროექტი) წარდგენა, ზომების მითითებით, ასევე, საზოგადოებრივ ტერიტორიაზე/სივრცეში სამშენებლო (დამცავი, უსაფრთხოების) ღობის განთავსებისათვის დადგენილი მოსაკრებლის გადახდა, რაც საზოგადოებრივი ადგილის სარგებლობის ყოველ შეზღუდულ 1 (ერთი) კვ.მ-ზე თვეში შეადგენდა, 1 (ერთი) ლარს.

მოსარჩელე მხარის მტკიცებით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური არ იყო უფლებამოსილი, მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განხილვის გარეშე მიეღო გადაწყვეტილება, მისი დაჯარიმების შესახებ. ამასთან, ხარვეზის დადგენის თაობაზე, არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 20 ივნისის წერილის შინაარსი არ იყო სრულყოფილი და არ იძლეოდა მონაცემებს, გადასახადის კონკრეტული ოდენობის შესახებ.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 19 ივნისის №--- დადგენილება და---------–----ემ გაასაჩივრა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, თუმცა მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო აქტები უკანონოა, ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის გარემოებების სრულყოფილი შესწავლის და გამოკვლევის გარშე მიიღო გადაწყვეტილება, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმესთან დაკავშირებით, რაც მათი ბათილობის საფუძველს წარმოადგენს.

 

2.მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხე მხარის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ სარჩელი არ იქნა ცნობილი, შემდეგი საფუძვლით:

და---------–----ის 2017 წლის 30 მარტის N------ განცხადება, ქალაქ ბათუმში, ხუ-–---------------------------ში მდებარე 1032.0 კვ.მ. ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობის რეკონსტრუქციის არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ დაკმაყოფილდა. მოსარჩელემ 2017 წლის 16 ივნისის N------- განცხადების საფუძველზე მოითხოვა მშენებლობის ნებართვის გაცემა. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2017 წლის 20 ივნისის N------- წერილით და---------–----ეს ეცნობა, რომ ქალაქ ბათუმის მერიის შესაბამის სამსახურში წარსადგენი იყო საზოგადოებრივ ტერიტორიაზე/სივრცეში სამშენებლო (დამცავი უსაფრთხოების) ღობის განთავსებისთვის, საზოგადოებრივი ადგილის სარგებლობის საფასური, რომლის ოდენობა ყოველ შეზღუდულ 1 (ერთ) კვ.მ.-ზე თვეში შეადგენდა 1 (ერთ) ლარს, ხოლო და---------–----ემ სამშენებლო ღობის განთავსების საფასურის გადახდის დოკუმენტი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში არ წარადგინა. მართალია, წერილში არ იყო მითითებული საფასურის კონკრეტული ოდენობა, მაგრამ მხარეს უნდა ეხელმძღვანელა ზემოაღნიშნული დადგენილებით.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაცემული 2017 წლის 17 მაისის N--- მითითების საფუძველზე დადგინდა, რომ და---------–----ემ განახორციელა ქ. ბათუმში, ხუ-–------------------------ში ვიტრაჟის მოწყობა და ღიობის გამოჭრა. მის მიმართ ამ საფუძვლით დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება. ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 14 ივნისის შემოწმების აქტის საფუძველზე დადგინდა, რომ და---------–----ის მიერ არ იყო შესრულებული 2017 წლის 17 მაისის N--- მითითების პირობები, კერძოდ, გამოჭრილი ვიტრაჟები არ იყო დემონტირებული და ღიობი არ იყო ამოვსებული. 2017 წლის 15 ივნისს ჩატარებულ ზეპირ სხდომაზე დადგინდა, რომ უკანონო მშენებლობას აწარმოებდა სწორედ და---------–----ე. ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 19 ივნისის N--- დადგენილებით, და---------–----ის მიერ განხორციელებული მშენებლობა ჩაითვალა სამშენებლო სამართალდარღვევად, იგი უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის წარმოების გამო დაჯარიმდა 3 000 ლარით, შეჩერდა ქ. ბათუმში, ხუ-–------------------------ში უნებართვოდ მიმდინარე მშენებლობა და სამართალდამრღვევს დაევალა ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 33-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ამ დადგენილების შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვა. ამავე დადგენილების მე-4 მუხლის მესამე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეკონსტრუქცია შეიძლება იყოს შემდეგი სახის: ექსტერიერის რეკონსტრუქცია – ექსტერიერის (შენობის ფასადის, სახურავის) არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების გაბარიტების შეცვლა 2%-ზე და 0.1 მეტრზე მეტად ან/და არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლება, რაც არსებითად ცვლის შენობის ექსტერიერს;

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 36-ე მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად მშენებლობის ნებართვა გაიცემა არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე.

N57 დადგენილების მე-4 მუხლის დათქმიდან გამომდინარე, შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია საჭიროებს მშენებლობის ნებართვას. უდავოა ის გარემოება, რომ და---------–----ის მიერ წარმოებული მშენებლობა, შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია, საჭიროებდა მშენებლობის ნებართვის აღებას, რაც მხარეს არ გააჩნდა.

„არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 19 აპრილის N----- ბრძანება ვერ მიიჩნევა სამართალდარღვევის აღმოფხვრად, რამდენადაც, და---------–----ეს მშენებლობის დაწყების დროისათვის არ გააჩნდა კანონით გათვალისწინებული ნებართვა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1 მოსარჩელე და---------–----ე, ქე------ დო-–--ესთან ერთად, საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად წარმოადგენს ქ. ბათუმში, ხუ-–---------------------------------ში, 1032.0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარე, 636.03 კვ.მ. შენობა-ნაგებობის თანამესაკუთრეს, საკადასტრო კოდი: 0--2--3--0---0------

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის 2018 წლის 13 ნოემბრის ამონაწერი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.2. 2017 წლის 30 მარტს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს განცხადებით მიმართეს და---------–----ემ და ქე------ დო-–--ემ, ქ. ბათუმში, ხუ-–---------------------------ში, 1032.0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობის რეკონსტრუქციის მიზნით, არქიტექტურული პროექტის შესათანხმებლად.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 19 აპრილის №----- ბრძანებით დაკმაყოფილდა და---------–----ისა და ქე------ დო-–--ის განცხადება და შეთანხმებული იქნა წარდგენილი არქიტექტურული პროექტი №---, ქ. ბათუმში, ხუ-–---------------------------ში, 1032.0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობის რეკონსტრუქციის შესახებ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 19 აპრილის N----- ბრძანება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.3. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 17 მაისის №--- მითითების საფუძველზე, და---------–----ის მიმართ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, ქ. ბათუმში, ხუ-–---------------------------ში, 1032.0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობის რეკონსტრუქციის უკანონოდ მიმდინარეობის შესახებ.

მითითებით და---------–----ეს განესაზღვრა 05 (ხუთი) დღიანი ვადა, რომ დაუყოვნებლივ შეეჩერებინა სამშენებლო სამუშაოები და ობიექტი მოეყვანა პირვანდელ მდგომარეობაში.

2017 წლის 17 მაისის №--- მითითება იმავე დღეს ჩაიბარა და---------–----ემ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 17 მაისის №--- მითითება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.4. 2017 წლის 14 ივნისს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ შემოწმდა და---------–----ის მიერ 2017 წლის 17 მაისის №--- მითითების პირობების შესრულება, რა დროსაც დადასტურდა, რომ მის მიერ განსაზღვრულ ვადაში შესრულებული არ იყო მითითების პირობები, ანუ ობიექტი არ იყო მოყვანილი პირვანდელ მდგომარეობაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 14 ივნისის შემოწმების აქტი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.5. მოსარჩელემ 2017 წლის 16 ივნისის N------- განცხადების საფუძველზე ქალაქ ბათუმის მერიაში მოითხოვა მშენებლობის ნებართვის გაცემა. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2017 წლის 20 ივნისის N------- წერილით და---------–----ეს ეცნობა, რომ ქალაქ ბათუმის მერიის შესაბამის სამსახურში წარსადგენი იყო საზოგადოებრივ ტერიტორიაზე/სივრცეში სამშენებლო (დამცავი უსაფრთხოების) ღობის განთავსებისთვის, საზოგადოებრივი ადგილის სარგებლობის საფასური, რომლის ოდენობა ყოველ შეზღუდულ 1 (ერთ) კვ.მ.-ზე თვეში შეადგენდა 1 (ერთ) ლარს, ხოლო და---------–----ე სამშენებლო ღობის განთავსების საფასურის გადახდის დოკუმენტი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში არ ჰქონდა წარდგენილი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2017 წ. 20.06. N------- წერილი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.6. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 19 ივნისის №--- დადგენილებით მიჩნეული იქნა, რომ და---------–----ეს ქალაქ ბათუმში, ხუ-–---------------------------ში, 1032.0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობის რეკონსტრუქციისათვის არ გააჩნდა მშენებლობის ნებართვა და მის მიერ განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩაითვალა სამშენებლო სამართალდარღვევად. და---------–----ე უნებართვო მშენებლობის წარმოების გამო დაჯარიმდა 3000 ლარით, ასევე დადგინდა უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერება და პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა (მოწყობილი ვიტრაჟების დემონტაჟი და ჩაჭრილი ღიობების ამოვსება).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 14 ივნისის შემოწმების აქტი;

- ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 19 ივნისის №--- დადგენილება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.7. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2017 წლის 20 ივნისის N------- წერილით, და---------–----ეს 2017 წლის 16 ივნისის N------- განცხადებასთან დაკავშირებით დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა შემდეგი: ,,ა) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების შესაბამისად, წარმოადგინეთ სამშენებლო ღობე (ესკიზი, პროექტი), ზომების მითითებით; ბ) გთხოვთ გაითვალისწინოთ ,,საზოგადოებრივი ტერიტორიის/სივრცის დროებითი სარგებლობის წესის’’ ქ. ბათუმის საკრებულოს 2017 წლის 24 მარტის N6 დადგენილების მე-3 მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად, საზოგადოებრივ ტერიტორიაზე/სივრცეში სამშენებლო (დამცავი, უსაფრთხოების) ღობის განთავსება - საზოგადოებრივი ადგილის სარგებლობის ყოველ შეზღუდულ 1 (ერთი) კვ.მ-ზე თვეში შეადგენს 1 (ერთი) ლარს (სახაზინო კოდი: 300693047)“. წერილში აღნიშნული ხარვეზის შესავსებად და---------–----ეს განესაზღვრა 15 დღე. ამ წერილითვე ეცნობა, რომ ქალაქ ბათუმის მერიაში მის მიერ უკვე წარდგენილი დოკუმენტაცია ინახება მერიის ადმინისტრაციის საქმის წარმოების განყოფილების მომსახურების სექტორში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2017 წლის 20 ივნისის N------- წერილი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.8. სასამართლოს მიერ დადგენილია და მოპასუხე მხარეც ადასტურებს, რომ ზედამხედველობის სამსახურის მიერ №--- დადგენილება, „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო და---------–----ის დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერების და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის თაობაზე“ მიღებულ იქნა 2017 წლის 19 ივნისს, მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ, და---------–----ის 2017 წლის 16 ივნისის N------- განცხადების წარდგენის შემდგომ.

უდავოა ის გარემოებაც, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2017 წლის 20 ივნისის N------- წერილი, ხარვეზის შესახებ, არ შეიცავდა საზოგადოებრივი ადგილის სარგებლობისათვის გათვალისწინებული გადასახადის კონკრეტულ ოდენობას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 19 ივნისის №--- დადგენილება;

- არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2017 წლის 20 ივნისის N------- წერილი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.9. და---------–----ემ ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 19 ივნისის №--- დადგენილება ადმინისტრაციული წესით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში, მაგრამ ქალაქ ბათუმის ვიცე-მერის 2017 წლის 14 სექტემბრის №------- ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქალაქ ბათუმის ვიცე-მერის 2017 წლის 14 სექტემბრის №------- ბრძანება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.10. და---------–----ემ 2017 წლის 20 ნოემბერს სარჩელი აღძრა სასამართლოში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო და---------–----ის დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერების და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 19 ივნისის №--- დადგენილებისა და და---------–----ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ, ქალაქ ბათუმის ვიცე-მერის 2017 წლის 14 სექტემბრის №0----- ბრძანების ბათილად ცნობა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- და---------–----ის სასარჩელო განცხადება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. ფაქტობრივი გარემოებები, რაც მნიშვნელობის მქონეა დავის გადასაწყვეტად, მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს და---------–----ის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლები, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ.

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

_ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“.

_ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №57 დადგენილება „მშენებლობის

ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“.

_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

_ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-ს 43-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევას წარმოადგენს უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება.

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №57 დადგენილების მე-4 მუხლის თანახმად, მშენებლობის სახეობებია:

ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი);

ბ) რეკონსტრუქცია;

გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას);

დ) დემონტაჟი;

ე) ლანდშაფტური მშენებლობა;

ვ) დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება.

შენობა-ნაგებობების ახალი მშენებლობა ისეთი მშენებლობაა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება.

№57 დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, რეკონსტრუქცია შეიძლება იყოს შემდეგი სახის:

ა) შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია – შენობა-ნაგებობებზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენება, ან არსებული სართულ(ებ)ის დემონტაჟი, აგრეთვე მისი ნებისმიერი სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლა 1 მ2-ზე მეტად;

ბ) ექსტერიერის რეკონსტრუქცია – ექსტერიერის (შენობის ფასადის, სახურავის) არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების გაბარიტების შეცვლა 2%-ზე და 0.1 მეტრზე მეტად ან/და არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლება, რაც არსებითად ცვლის შენობის ექსტერიერს;

გ) მზიდი ელემენტების რეკონსტრუქცია – მზიდი კონსტრუქციის ახლით ან/და სხვა ტიპის კონსტრუქციით შეცვლა, ასევე დაზიანებული/მწყობრიდან გამოსული მზიდი კონსტრუქ-ციის გამაგრება, მზიდი კონსტრუქციის მოშორება, შენობის ინტერიერში მზიდ კონსტრუქციაში ღიობის გამოჭრა;

 

6.2. სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ მოსარჩელე და---------–----ე, ქე------ დო-–--ესთან ერთად, საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად წარმოადგენს ქ. ბათუმში, ხუ-–---------------------------ში, 1032.0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარე 636.03 კვ.მ. შენობა-ნაგებობის თანამესაკუთრეს, საკადასტრო კოდი: 0--2--3--0---01/005

2017 წლის 30 მარტს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს განცხადებით მიმართეს და---------–----ემ და ქე------ დო-–--ემ, ქ. ბათუმში, ხუ-–----------------------------ში, 1032.0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობის რეკონსტრუქციის მიზნით, არქიტექტურული პროექტის შესათანხმებლად.

ასევე დადენილია, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 19 აპრილის №----- ბრძანებით დაკმაყოფილდა და---------–----ისა და ქე------ დო-–--ის განცხადება და შეთანხმებული იქნა წარდგენილი არქიტექტურული პროექტი №---, ქ. ბათუმში, ხუ-–---------------------------ში, 1032.0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობის რეკონსტრუქციის შესახებ.

 

6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 33-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ამ დადგენილების შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვა.

ამავე დადგენილების მე-4 მუხლის თანახმად, მშენებლობის ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენს რეკონსტრუქცია. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ა) ქვეპუნქტის მიხედვით, შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია არის შენობა-ნაგებობებზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენება, ან არსებული სართულ(ებ)ის დემონტაჟი, აგრეთვე მისი ნებისმიერი სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლა 1 მ2-ზე მეტად;

ამავე მუხლის შესაბამისად, მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს შენობა-ნაგებობის რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა, ხოლო შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია საჭიროებს მშენებლობის ნებართვას.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 17 მაისის №--- მითითების საფუძველზე, და---------–----ის მიმართ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, ქ. ბათუმში, ხუ-–---------------------------ში, 1032.0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობის რეკონსტრუქციის უკანონოდ მიმდინარეობის შესახებ. კერძოდ, მითითებაში აღინიშნა, რომ დავთ ვარშანიძე სამშენებლო ნებართვის გარეშე ეწეოდა ვიტრაჟის მოწყობისა და ღიობის გამოჭრის სამუშაოებს, რაც შეფასებული იქნა ისეთი სახის მშენებლობად, რაც საჭიროებდა კანონით განსაზღვრულ ნებართვას.

ამასთან, მითითების შედგენის დროისათვის უკვე გამოცემული იყო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 19 აპრილის №----- ბრძანება, ქ. ბათუმში, ხუ-–---------------------------ში, 1032.0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობის რეკონსტრუქციის შესახებ №--- არქიტექტურული პროექტის შეთანხმების თაობაზე, რაზედაც მოსარჩელემ აცნობა ზედამხედველობის სამსახურს.

2017 წლის 17 მაისის №--- მითითებით და---------–----ეს განესაზღვრა 5 (ხუთი) დღიანი ვადა, რომ დაუყოვნებლივ შეეჩერებინა სამუშაოები და ობიექტი მოეყვანა პირვანდელ მდგომარეობაში. 2017 წლის 17 მაისის №--- მითითება იმავე დღეს ჩაიბარა და---------–----ემ. 2017 წლის 14 ივნისს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ შემოწმდა მოსარჩელის მიერ №--- მითითების პირობების შესრულება, რა დროსაც დადასტურდა, რომ და---------–----ის მიერ მითითებით განსაზღვრულ ვადაში შესრულებული არ იყო მითითების პირობები, ანუ ობიექტი არ იყო მოყვანილი პირვანდელ მდგომარეობაში.

სასამართლოს მიერ დადგენილია ის გარემოებაც, რომ 2017 წლის 15 ივნისს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში ჩატარდა და---------–----ის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების ზეპირი მოსმენა, რომელსაც ესწრებოდა მოსარჩელეც, რომელმაც განმარტა, რომ მას უკვე ჰქონდა შეთანხმებული არქიტექტურული პროქტი, წარდგენილი ჰქონდა განცხადება მუნიციპალიტეტის მერიაში და ითხოვდა გონივრულ ვადას, მშენებლობის ნებართვის მისაღებად.

და---------–----ემ სხდომის ჩატარებიდან მეორე დღესვე, 2017 წლის 16 ივნისს N------- განცხადებით მიმართა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს მერიას და მოითხოვა შენობის რეკონსტრუქციის მიზნით, ნებართვის გაცემა, თუმცა პასუხად და---------–----ეს გაეგზავნა არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2017 წლის 20 ივნისის N------- წერილი, ხარვეზის თაობაზე, რომლითაც განემარტა, რომ არქიტექტურის სამსახურში უნდა წარედგინა სამშენებლო ღობის ესკიზი, ზომების მითითებით და ქ. ბათუმის საკრებულოს 2017 წლის 24 მარტის N6 დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად, საზოგადოებრივ ტერიტორიაზე/სივრცეში სამშენებლო (დამცავი, უსაფრთხოების) ღობის განთავსებისათვის - საზოგადოებრივი ადგილის სარგებლობის მოსაკრებელი ყოველ შეზღუდულ 1 (ერთი) კვ.მ-ზე თვეში 1 (ერთი) ლარის ოდენობით. რისთვისაც განესაზღვრა 15 დღის ვადა.

შესაბამისად, N------- წერილი არ იყო დაკონკრეტებული გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობა.

დადგენილია ისიც, რომ მოსარჩელე მხარის 2017 წლის 16 ივნისის N------- წერილზე შესაბამისი რეაგირების განხორციელებამდე და მასში აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად დადგენილი ვადის გასვლამდე, ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიღებულ იქნა №--- დადგენილება, და---------–----ის სამშენებლო სამართალდამრღვევად ცნობისა და მისი დაჯარიმების შესახებ. კერძოდ, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 19 ივნისის №--- დადგენილებით მიჩნეული იქნა, რომ და---------–----ეს შენობა-ნაგებობაზე წარმოებულ რეკონსტრუქციაზე (ვიტრაჟის მოწყობა და ღიობის ამოჭრა) არ გააჩნდა მშენებლობის ნებართვა და ქ. ბათუმში, ხუ-–---------------------------ში განხორციელებული უნებართვო სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩაითვალა სამშენებლო სამართალდარღვევად. და---------–----ე უნებართვო მშენებლობის წარმოების გამო დაჯარიმდა 3 000 ლარით, ასევე დადგინდა მის მიერ განხორციელებული მშენებლობის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.

 

6.4. სასამართლო იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს შეფასებას, რომ და---------–----ის მიერ ქ. ბათუმში, ხუ-–---------------------------ში განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოები, კერძოდ, ვიტრაჟისა და ღიობის მოწყობა წარმოადგენს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციას, რომელსაც ესაჭიროებოდა შესაბამისი წესით უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული, მშენებლობის ნებართვა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ქალაქ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურს, მას შემდეგ, რაც 2017 წლის 17 მაისს გამოავლინა შენობის რეკონსტრუქციის მიმდინარეობის ფაქტი, გაუჩნდა ფორმალური საფუძველი, დაეწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, უძრავი ქონების მესაკუთრის, და---------–----ის მიმართ და გაეცა №--- მითითება, სამშენებლო სამუშაოების შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის მიზნით, კონკრეტული ვადის მიცემით, თუმცა ამავდროულად მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და ანალიზის შესახებ.

სასამართლო აღნიშნავს, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.

25-ე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულია, რომ თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება.

სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ ქ. ბათუმში, ხუ-–---------------------------ში განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესახებ დაინტერესებულ პირს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსაგან გააჩნდა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №57 დადგენილებით 1-ლი კლასის მშენებლობისათვის განსაზღვრული დასტური.

ამასთან, მას შემდეგ რაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიჩნეული იქნა, რომ მშენებლობა თავისი კლასის მახასიათებლების მიხედვით საჭიროებდა პროექტის შეთანხმებასა და მშენებლობის ნებართვის გაცემას, სათანადო განცხადებისა და დოკუმენტაციის საფუძველზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 19 აპრილის №----- ბრძანებით შეთანხმებული იქნა წარდგენილი არქიტექტურული პროექტი №208, შენობის რეკონსტრუქციის შესახებ, ხოლო მშენებლობის ნებართვის გასაცემად დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება არ იყო დასრულებული.

 

6.5. სასამართლო განმარტავს, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემის III სტადიზე – მშენებლობის ნებართვის გაცემა ხდება არა უმეტეს 5 დღისა, ხოლო V კლასის შენობა-ნაგებობებისთვის– არაუმეტეს 10 დღისა.

ამავე დადგენილების 54-ე მუხლით, რომლითაც განსაზღვრულია მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი, დადგენილია შემდეგი რეგულაცია:

54.3. მშენებლობის ნებართვის გამცემი ვალდებულია გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიიღოს ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში. უარის შემთხვევაში ნებართვის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს დასაბუთებული უარი მშენებლობის ნებართვის მაძიებელს.

54.4. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გა-რემოებათა დასადგენად აუცილებელია ადმინისტრაციული წარ-მოებისათვის განსაზღვრულ ვადაზე მეტი, მშენებლობის ნებართვის გამცემი უფლებამოსილია მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების ვადის არა უმეტეს 3 თვემდე გაგრძელების თაობაზე. ნებართვის გამცემი ვალდებულია აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღოს განცხა-დების წარდგენიდან 7 დღის ვადაში.

54.7. თუ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ იქნა მიღებული მშენებლობის ნებართვის გაცემის გადაწყვეტილება, მშენებლობის ნებართვა გაცემულად ჩაითვლება. ამ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის მაძიებელი უფლებამოსილია ნებართვის გაცემისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოითხოვოს სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ნებართვის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ გასცეს სანებართვო მოწმობა.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, მოსარჩელე და---------–----ის მიერ განხორციელებული ქმედებები პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ქ. ბათუმში, ხუ-–---------------------------ში მდებარე შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასაწყებად და განსახორციელებლად მხარემ იხელმძღვანელა ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილებით განსაზღვრული წესებით და შეათანხმა შენობის რეკონსტრუქციის არქიტექტურული პროექტი უფლებამოსილ ორგანოსთან, ხოლო, ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 17 მაისის №--- მითითების მიღების შემდეგ, მან განაგრძო ზრუნვა შეთანხმებული პროექტის საფუძველზე მშენებლობის ნებართვის მისაღებად და 2017 წლის 16 ივნისს შესაბამისი განცხადებით მიმართა არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურს, თუმცა, ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 19 ივნისის №--- დადგენილების გამოცემამდე არ იქნა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხილული და---------–----ის 2017 წლის 16 ივნისის განცხადება, ნებართვის გაცემის თაობაზე, მოსარჩელის უმოქმედობით არ არის გამოწვეული. ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ, და---------–----ის 2017 წლის 16 ივნისის განცხადების პასუხად, არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ 2017 წლის 20 ივნისს გაცემული N------- წერილის შინაარსი, ხარვეზის შესახებ, არ იყო სრულყოფილი სახის და არ იძლეოდა ხარვეზის სათანადოდ შევსების შესაძლებლობას.

სასამართლო მიიჩნევს, მას შემდეგ, რაც ზედამხედველობის სამსახურისათვის ცნობილი გახდა, რომ და---------–----ემ თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეათანხებული ჰქონდა შენობის რეკონსტრუქციის პროექტი, განცხადებით მიმართა მერიას მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ და ელოდებოდა მშენებლობის ნებართვას, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა მიეცა გონივრული ვადა მისთვის, რომ მიეღო შესაბამისი შედეგი, მშენებლობის ნებართვის მოთხოვნის განცხადებაზე.

სასამართლო აღნიშნავს, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიიღოს დადგენილება. საქმის განმხილველი თანამდებობის პირი უფლებამოსილია მოტივირებული საფუძვლით გააგრძელოს მისი განხილვის ვადა. საქმის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 2 თვით, ანუ მთლიანობაში ზედამხედველობის სამსახურს სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილების მისაღებად გააჩნია 4 თვის ვადა.

კანონის ეს რეგულაცია მოცემულ შემთხვევაში ზედამხედველობის სამსახურს აძლევდა შესაძლებლობას, რომ და---------–----ისათვის გაეგრძელებინა სამართალდარღვევის გამოსწორების ის ვადა, რაც 2017 წლის 17 მაისის №--- მითითებით იყო დათქმული.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ და---------–----ის მიერ განხორციელებულ ქმედებათა საფუძველზე დამდგარი შედეგების ერთობლიობა, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 19 აპრილის №----- ბრძანება, რომლითაც შეთანხმებული იქნა წარდგენილი არქიტექტურული პროექტი №208 შენობის რეკონსტრუქციის შესახებ, განხილული და შეფასებული უნდა იქნას, როგორც ფაქტობრივი და სამართლებრივი მოცემულობა იმისა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევა იქნებოდა გამოსწორებული.

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ანუ მტკიცების მოვალეობა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ეკისრება იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნულის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული ამტკიცოს მის მიერ გამოცემული აქტის კანონიერება და წარუდგინოს სასამართლოს ამის დამადასტურებელი ყველა მტკიცებულება. სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის დროს ვერ იქნა მოსმენილი მოპასუხე მხარისაგან ამ გარემოების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება.

 

6.6. სასამართლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ დავის საგანი - „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო და---------–----ის დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერების და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის თაობაზე“ ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 19 ივნისის №--- დადგენილება და ადმინისტარციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი თქმის შესახებ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 14 სექტემბრის №0----- ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, შესაბამისად, მათი კანონიერება სასამართლოს მიერ უნდა შემოწმდეს ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იქნეს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

6.7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელების აკრძალვას. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის გამოცემისას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით, დისკრეციული უფლებამოსილება განმარტებულია, როგორც უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. მითითებული ნორმა, როგორც ქცევის ზოგადი წესი, განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებას განსაზღვრული ურთიერთობა მოაწესრიგოს თანასწორობის პრინციპის დაცვით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

მოცემულ შემთხვევაში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ (საჩივრის განხილვისას) ისე გადაწყვიტეს და---------–----ის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი, რომ არ გამოუკვლევიათ და სამართლებრივად არ შეუფასებიათ, არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შემდგომ, მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ, და---------–----ის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი მოთხოვნა და რა საფუძვლით ცნობილ იქნა მხარე სამშენებლო სამართალდარღვევის ჩამდენ პირად, ამგვარი მოთხოვნის განუხილველად.

 

6.8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

ამ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 19 ივნისის №--- დადგენილება და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 14 სექტემბრის №0----- ბრძანება „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევით არის მიღებული, რამაც გამოიწვია მოსარჩელე და---------–----ის კანონიერი უფლებისა და ინტერესის დარღვევა.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდქსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თნახმად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი.

ამის შესაბამისად, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ კანონის აღიშნული ნორმით დადგენილი წესის გამოყენებით ბათილად უნდა იქნას ცნობილი, „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო და---------–----ის დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერების და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 19 ივნისის №--- დადგენილება და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 14 სექტემბრის №0----- ბრძანება.

ამასთან, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურს უნდა დაევალოს, ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ქალაქ ბათუმში, ხუ-–---------------------------ში განხორციელებულ უნებართვო მშენებლობასთან დაკავშირებულ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში მოიპოვოს დამატებითი მტკიცებულებანი, მოახდინოს ადგილის დათვალიერება, გამოითხოვოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან შესაბამისი ინფორმაცია და შეკრიბოს მტკიცებულებები, გამოიყენოს სპეციალისტის, ექსპერტის დასკვნები, მოწმეთა ჩვენებები.

მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შესწავლის შედეგად უნდა დაადგინოს სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტი და ისე მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

7. საპროცესო ხარჯები:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.

მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი, 100 ლარის ოდენობით წინასწარ არის გადახდილი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა გადახდეს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი ბაჟის ნაწილი, 50 ლარი.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 22-ე, 32-ე, მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.და---------–----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

-ბათილად იქნას ცნობილი ,,სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო და---------–----ის დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 19 ივნისის №--- დადგენილება და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 14 სექტემბრის №0----- ბრძანება.

2.მოპასუხეს დაევალოს, ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ქ. ბათუმში, ხულოს/ქუთაისის ქ.N7/32-ში განხორციელებულ უნებართვო მშენებლობასთან დაკავშირებულ, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე.

3. ქ. ბათუმის მერიას გადახდეს მოსარჩელე მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილი, 50 ლარი

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32/, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30/.

 

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე