გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.03.2020
საქმის ნომერი
010210018002414160
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
12.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N010210018002414160

N2-1724/18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 მარტი, 2020 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე როინ კახიძე

სხდომის მდივანი თენგიზ ბოლქვაძე

მოსარჩელე-სს ,,ხ--–-- ბ---- ს----------–--“

წარმომადგენელი- გ------- გ--------.

მოპასუხეები - ე----- დ-------, ნ---- დ--------, რ----- დ-------.

მოპასუხე - ლ---- დ-------,წარმომადგენელი-მ----- დ-------,დავის საგანი -თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა:

 

სს ,,ხ--–-- ბ---- ს----------–--“ სასარჩელო განცხადებით მოითხოვს:

- ე----- დ-------ს და ნ---- დ--------ს, სოლიდარულად დაეკისროთ 30546.80 აშშ დოლარის გადახდა;

- მოპასუხეებს ე----- დ-------ს და ნ---- დ--------ს მოსარჩელის სს ,,ხ--–-- ბ---- ს----------–--ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახ. ბაჟის სახით გადახდილი თანხის ანაზღაურება;

- დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით, იძულებით აუქციონზე რეალიზებული იქნას იპოთეკით დატვირთული №0-.32.01.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე ბ------–-, დასახლება ა-----–-;

- გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

 

2013 წლის 29 მაისს სს „ხ--–-- ბ---- ს----------–--ს“ და ე----- დ-------ს შორის გაფორმდა №201.1027 გენერალური შეთანხმება დაფინანსების შესახებ, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ ე----- დ-------ს გაუხსნა საკრედიტო ხაზი 150 000 აშშ დოლარის ოდენობით, 120 თვის ვადით, წლიური 11%-36% სარგებელის დარიცხვის პირობით. დასახელებული ხელშეკრულების ფარგლებში, 2013 წლის 29 მაისის №201.1027-ა იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა №0-.32.01.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე ბ------–-, დასახლება ა-----–-. 2015 წლის 8 აპრილს ბანკსა და ნ---- დ--------ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება №201.1027-დ, რომლის საფუძველზეც ნ---- დ--------მ ბანკის წინაშე იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა. №201.1027 გენერალური დაფინანსების შესახებ შეთანხმების ფარგლებში. 2015 წლის 8 აპრილს სს „ხ--–-- ბ---- ს----------–--სა“ და ე----- დ-------ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №201.102/3, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ 14 თვის ვადით, ე----- დ-------ზე სესხად გადასცა 38 367 აშშ დოლარი. სესხს სარგებელის სახით დაერიცხება წლიურად 14%. სესხი უნდა დაფარულიყო მხარეთა მიერ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. სესხის დაფარვის ვადის დარღვევისას დავალიანებას დაერიცხება პირგასამტეხლო.

 

ე----- დ-------მ დაარღვია შეთანხმება და სესხის დაფარვა შეწყვიტა ვადაზე ადრე. სესხი არ დაფარა თავდებმა პირმაც. 2016 წლის 18 იანვარს მსესხებელს და თავდებს გაეგზავნათ შეტყობინება ვალდებულების შესრულების მოთხოვნით, ბანკის მცდელობა პრობლემური საკითხი მოეგვარებია მოლაპარაკების გზით უშედეგო აღმოჩნდა, შესაბამისად მოპასუხეებს ვადაგადაცილებული დავალიანება ბანკის წინაშე შეადგენს 30546,80 აშშ დოლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე ნ---- დ-------- სარჩელს სცნობენ ნაწილობრივ 10 000 აშშ დოლარის ნაწილში და შესაგებელში ე----- დ------- და ნ---- დ-------- განმარტავენ რომ სესხის თანხის სოლიდური ნაწილი გადახდილია, რაც ბანკმა ჯარიმებსა და პირგასამტეხლოში ჩათვალა.

 

2.2. სარჩელს არ ცნობს რ----- დ------- და ლ---- დ-------, რომლებიც არიან იპოთეკით დატვირთული ქონების მესაკუთრეები და მოსარჩელის მოთხოვნა მათ ეხება იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის ნაწილში. მოსარჩელის მოთხოვნას ამ ნაწილში უსაფუძვლოდ მიიჩნევენ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2013 წლის 29 მაისს სს „ხ--–-- ბ---- ს----------–--ს“ და ე----- დ-------ს შორის გაფორმდა №201.1027 გენერალური შეთანხმება დაფინანსების შესახებ, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ ე----- დ-------ს გაუხსნა საკრედიტო ხაზი 150 000 აშშ დოლარის ან მისი ექვივალენტი ლარის ოდენობით, 120 თვის ვადით, წლიური 11%-36% სარგებელის დარიცხვის პირობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- №201.1027 გენერალური შეთანხმება დაფინანსების შესახებ;

 

3.1.2. 2013 წლის 29 მაისს №201.1027 დაფინანსების შესახებ გენერალური შეთანხმების საფუძველზე, 2015 წლის 8 აპრილს სს „ხ--–-- ბ---- ს----------–--სა“ და ე----- დ-------ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტი ხელშეკრულება №201.102/3, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ 14 თვის ვადით, ე----- დ-------ს სესხად გადასცა 38 367 აშშ დოლარი. მხარეთა შეთანხმებით სესხს სარგებელის სახით დაერიცხება წლიურად 14 %.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- №201.1027 გენერალური შეთანხმება დაფინანსების შესახებ;

- საბანკო კრედიტი ხელშეკრულება №201.102/3;

 

3.1.3. №201.102/3 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გაცემული სესხი, ე----- დ-------ს უნდა დაეფარა მხარეთა მიერ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სესხის დაფარვის გრაფიკი;

 

3.1.4. მხარეთა შეთანხმებით №201.102/3 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გაცემული სესხის დაფარვის ვადის დარღვევისათვის დავალიანებას დაერიცხება პირგასამტეხლო.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- №201.1027 გენერალური შეთანხმება დაფინანსების შესახებ;

- საბანკო კრედიტი ხელშეკრულება №201.102/3;

 

3.1.5. 2013 წლის 29 მაის მოსარჩელესა და ე----- დ-------ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №201.1027-ა, რომლის საფუძველზეც ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ე----- დ-------- კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ბ------–-, ა------ დასახლება ს/კ №0-.32.01.0--

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-იპოთეკის ხელშეკრულება №201.1027-ა;

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.1.6. დაფინანსების შესახებ №201.1027 გენერალური შეთანხმების უზრუნველსაყოფად 2015 წლის 8 აპრილს გაფორმდა №201.1027-დ, თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ნ---- დ--------მ ბანკის წინაშე იკისრა ე----- დ-------- ვალდებულებებზე სოლიდარული პასუხისმგებლობა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- №201.1027-დ თავდებობის ხელშეკრულება;

 

3.1.7. 2013 წლის 29 მაის მოსარჩელესა და ე----- დ-------ს შორის იპოთეკის ხელშეკრულება №201.1027-ა, რომლის საფუძველზეც ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ე----- დ-------- კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ბ------–-, ა------ დასახლება ს/კ №0-.32.01.0--. 2014 წლის უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულებების საფუძველზე მესაკუთრედ დარეგისტრირდნენ ლ---- დ------- და რ----- დ-------.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ამონაწერი საჯარო რესტრიდან

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.8. უდაო ფაქტობრივი გარემოებაა ის, რომ ე----- დ-------მ ვერ შეძლო დაფინანსების შესახებ №201.1027 გენერალური შეთანხმებით და მის ფარგლებში დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და სესხის სრულად დაფარვა. 2017 წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით სესხის 38367 აშშ დოლარიდან გადახდილი აქვს ძირი თანხის ნაწილი 7820,20 აშშ დოლარი, პროცენტი 4383,93 აშშ დოლარი და ჯარიმა 1573,31 აშშ დოლარი. გადასახდელი ძირი თანხის ოდენობა შეადგენს 30546,80, რაც სასარჩელითა მოთხოვნილი. ( 38367-7820,20=30546,80)

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შეტყობინებები ვალდებულებების შეუსრულებლობის შესახებ;

- მხარეთა განმარტებები.

- ბანკის ამონაწერი;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. მხარეებს შორის სადავო გარემოებას წარმოადგენს ის რომ მოპასუხის მიერ გადახდილი თანხები, რამდენად კანონიერად ჩათვალა მოსარჩელემ პროცენტად და ჯარიმის თანხად, შესაბამისად არ გამოაკლო ძირითად თანხას. ეს საკითხი არ წარმოადგენს ფაქტობრივ გარემოებას. იგი სამართლებრივი შეფასების კატეგორიისა და მასზე სასამართლო იმსჯელებს საკითხის სამართლებრივი შეფასებისას.

სხვა სადავო ფაქტობრივი გარემოება არ არსებობს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი თანხის დაკისრების და იპოთეკით დატვირთული №0-.32.01.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების, იძულებით აუქციონზე რეალიზაციის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად, ხოლო სარჩელი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, სასამართლოს მეშვეობით დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ ე----- დ-------მ მისგან მიიღო საბანკო კრედიტი, მაგრამ შეთანხმებულ ვადაში კრედიტის გზით მიღებული სესხი არ დაუბრუნა უკან. სასამართლო მიიჩნევს, რომ სესხად მიღებული კრედიტის გამსესხებლისათვის დაუბრუნებლობა, უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს საბანკო კრედიტის სახით გაცემული თანხის დაკისრება, როგორც მსესხებელზე, ისე თავდებ პირზე. ასევე მოითხოვოს იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციით კუთვნილი თანხის დაბრუნება. თუმცა ამისათვის აუცილებელია მხარეებს შორის არსებობდეს შესაბამისი ვალდებულება.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლება შესაბამისი საფუძვლის გარეშე არ არსებობს. თანხის გადახდის მოთხოვნას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა (საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მეორე მხარესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მოცემულ შემთხვევაში მხარეები მიუთითებენ სახელშეკრულებო ურთიერთობაზე. სახელშეკრულებო ურთიერთობისათვის მთავარი მახასიათებელია სათანადო პირობებით შეთანხმებული გარიგების არსებობა.

 

6.3. წინამდებარე შემთხვევაში მხარეთა ურთიერთობა რეგულირდება საბანკო კრედიტის მარეგულირებელი იმ ნორმებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-873 მუხლებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით ,,საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით”.

 

ე----- დ-------ს სამეწარმეო საქმიანობისათვის სჭირდებოდა თანხის სესხად მიღება. თავის მხრივ მოსარჩელე საბანკო დაწესებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი საქმიანობა სესხების გაცემასთანაა დაკავშირებული. მათი ინტერესები დაემთხვა ერთმანეთის, რის საფუძველზეც 2013 წლის 29 მაისს №201.1027 დაფინანსების შესახებ გენერალური შეთანხმების საფუძველზე, 2015 წლის 8 აპრილს სს „ხ--–-- ბ---- ს----------–--სა“ და ე----- დ-------ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტი ხელშეკრულება №201.102/3, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ 14 თვის ვადით, ე----- დ-------ს სესხად გადასცა 38 367 აშშ დოლარი. მხარეთა შეთანხმებით სესხს სარგებელის სახით დაერიცხება წლიურად 14 %. სწორედ ამ ხელშეკრულებით მხარეებმა თავიანთი უფლება-მოვალეობის მოცულობა განსაზღვრეს.

 

უდაო გარემოებადაა დადგენილი ფაქტი მასზედ, რომ ე----- დ-------მ კრედიტის დაფარვა შეწყვიტა ვადაზე ადრე. სესხის დაფარვის ვადის გადაცილების გამო მოსარჩელემ, მასთან დადებული ხელშეკრულება შეწყვიტა და სესხად გაცემული თანხის მთლიანად უკან დაბრუნება მოითხოვა. ხელშეკრულების შეწყვეტის წესი და პირობები მოცემულია საქართველოს სკ-ის 405-ე მუხლში. შესაბამისად გადაწყვეტილების მიღებისას შემოწმებული უნდა იქნას არსებობს თუ არა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველი.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილით თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.

 

მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, მათ შორის ვალდებულების შეუსრულებლობით, შესრულების ვადის გადაცილებით ან არაჯეროვანი შესრულებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს.

 

6.5. საქ. სკ-ის 873-ე მუხლით ,,კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქ. სკ-ის 873-ე მუხლი საგამონაკლისო ნორმაა. თუ საქ. სსკ-ის 405-ე მუხლი ხელშეკრულებაზე უარის თქმას უკავშირებს სხვადასხვა გარემოებებს, დასახელებულმა ნორმამ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება კრედიტის გამცემს მიანიჭა იმ შემთხვევაშიც, თუ კრედიტის მიმღები სულ ცოტა ორი ვადით გადააცილებს შენატანის შეტანას. თუმცა ამ შემთხვევაშიც შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ანუ ამ შემთხვევაშიც გარიგების შეწყვეტისათვისათვის აუცილებელია ორ კვირიანი დამატებითი ვადის დანიშნვაც. ფაქტობრივად ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების მართლზომიერების შემოწმებისათვის უნდა შეფასდეს გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების საკითხი. გარიგების დადების შემდეგ მნიშვნელოვანია დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულების საკითხები. თითოეულ მხარეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უფლება აქვს მეორე მხარისაგან მოითხოვოს ნაკისრი მოვალეობის შესრულება. თავის მხრივ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი გარიგების მონაწილეებს ავალებს ვალდებულება შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები ვალდებულნი არიან დასახელებული მოთხოვნები დაიცვან ზედმიწევნით. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ჩაეთვლებათ მათ ვალდებულება შესრულებულად. საკრედიტო ხელშეკრულების დადების და თანხის გადაცემის შემდეგ, მოსარჩელემ შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ ე----- დ--------აგან მოეთხოვა ვალდებულების შესრულება. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც კრედიტის გამცემს აქვს მოთხოვნის უფლება - კრედიტის მიმღებს მოსთხოვოს შეასრულოს თანხის დაბრუნების ვალდებულება. თავის მხრივ ე----- დ------- მოვალე იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში და პირობებით მოსარჩელისათვის დაებრუნებინა სესხად მიღებული თანხა. ასეთი მოვალეობა მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ, შეასრულოს გარკვეული ქმედება. ამ შემთხვევაში კი ხელშეკრულებამ მოპასუხე უნდა აიძულოს შეთანხმებულ ვადაში განახორციელოს სესხის დაფარვა. დადგენილია, რომ ე----- დ-------მ საბანკო პროდუქტით ისარგებლა და აითვისა კრედიტი. თანხის ათვისების შემდეგ ის ვალდებული იყო სესხად მიღებული თანხის დაფარვის მიზნით, ბანკში თანხა შეეტანა იმ დროში, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. მან ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, რითაც დაარღვია ხელშეკრულებები. დავალიანების დარჩენილი თანხა ე----- დ-------მ არ გადაიხადა და ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით მოსარჩელეს მიაყენა ზიანი. მან თანხის შეტანა შეწყვიტა და შენატანის შეტანის ვადას გადააცილა ორ ვადაზე მეტჯერ, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას ხელშეკრულებიდან გავიდეს და დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის დაბრუნება. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, ე----- დ------- ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხადოს კრედიტით მიღებული და გადასახდელად დარჩენილი ძირი თანხა 30546.80 აშშ დოლარი.

 

6.6. საქ. სკ-ის 868-ე მუხლის პირველი ნაწილით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

დადგენილია, რომ მხარეებს განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. მოპასუხეს უნდა გადაეხადა ის სარგებელი, რაც დაწესებული იყო ხელშეკრულებით. სარგებელის გადახდა ისეთივე ვალდებულებაა, როგორც ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება. ამიტომ მოპასუხეს სარგებელის გადახდის ვალდებულებაც უნდა შეესრულებინა საქ. სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. მხარეთა შორის გაფორმებული ორივე საკრედიტო ხელშეკრულებით სარგებელი შეადგენდა საკრედიტო ხელშეკრულებისათვის წლიურ 14 %-ს.

 

6.7. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით ,,სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი”.

დადგენილია და მხარეები არ დავობენ მასზედ, რომ მხარეთა შეთანხმებით სესხის ხელშეკრულება სასყიდელიანი იყო. მხარეებს განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. მოპასუხეს უნდა გადაეხადა ის სარგებელი, რაც დაწესებული იყო ხელშეკრულებით. სარგებელის გადახდა ისეთივე ვალდებულებაა, როგორც ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება. ამიტომ მოპასუხეს სარგებელის გადახდის ვალდებულებაც უნდა შეესრულებინა საქ. სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. მას ხელშეკრულებით ეკისრებოდა ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულება. პროცენტი მას უნდა შეეტანა გრაფიკის მიხედვით. გრაფიკი შეიცავდა, როგორც ძირითადი გადასახდელის, ისე პროცენტის თანხასაც.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის თანახმად მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღრული პროცენტი, თუ კრედიტორს სხვა საფუძვლიდან გამომდინარე უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. ამავე კოდექსის 404-ე მუხლის თანახმად კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული და ის მხარეთა შორის დავას არ იწვევს. მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ კრედიტის დაფარვის ვადის გადაცილების შემთხვევაში, გადასახდელ თანხას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება 0.1%.

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს.

დადგენილია, რომ ე----- დ-------მ ვალდებულება შეთანხმებულ ვადაში არ შეასრულა, ის 2015 წლის ნოემბრამდე შეთანხმებულად ასრულებდა ვალდებულებას, შემდგომ 2017 წლის 12 დეკემბრამდე გრაფიკის მიხედვით ბანკში არ შეუტანია შენატანი, შესაბამისად მოსარჩელის მხრიდან ე----- დ-------- მიერ 2017 წლის 12 დეკემბერს შენატანებიდან თანხის ნაწილის პროცენტად და ვადაგადაცილებისათვის ჯარიმად ჩათვლა კანონიერია.

6.9.სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად”. ამავე კოდექსის 893-ე მუხლის პირველი წინადადებით ,,თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა”. ხოლო 895-ე მუხლით ,,თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა”.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ ე----- დ-------სთან დადებული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელემ თავდებობის ხელშეკრულება გააფორმა ნ---- დ--------სთან, თავდებობის ხელშეკრულებით

 

ნ---- დ--------მ იკისრა ვალდებულება ე----- დ-------სთან ერთად პასუხი აგოს საკრედიტო ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე. სამოქალაქო კოდექსის 893-ე და 895-ე მუხლმა დაადგინა, რომ თავდებმა პირმა ძირითად მევალესთან ერთად ან მის გარეშე პასუხი აგოს იმ ვალდებულებებზე იმ ფარგლებში, რა ვალდებულების შესრულებაზეც განაცხადა თავდებობა.

 

დადგენილია, რომ ე----- დ-------მ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკი. ის ვალდებულება, რაც მოსარჩელის მიმართ ე----- დ-------ს აქვს, უნდა გავრცელდეს თავდები პირის მიმართაც. აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი თანხის დაკისრების ნაწილში, როგორც ე----- დ-------- ასევე ნ---- დ--------- მიმართ, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.10. სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,1. უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

 

სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,იპოთეკა უზრუნველყოფს მოთხოვნასა და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით უფლებებს (მათ შორის, პროცენტსა და პირგასამტეხლოს), აგრეთვე ქონების მოვლა-შენახვის, სასამართლოსა და რეალიზაციის ხარჯებს, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული”.

 

საქმეში წარმოდგენილია იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც სესხის უზრუნველსაყოფად, იპოთეკითაა დატვირთული უძრავი ქონება მდებარე ბ------–-, ა------ ქუჩა №11-ში, ს/კ №0-.32.01.0--.

 

6.11. სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის მიხედვით ,,1. თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

11. მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი”.

 

დადგენილია, რომ ე----- დ-------მ და თავდებმა ნ---- დ--------მ ბანკის მიმართ ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულეს. მათ გადასახდელი აქვს გარკვეული თანხები. გადააცილეს კრედიტის დაფარვის გრაფიკს, რამაც ბანკს უფლება მისცა გავიდეს ხელშეკრულებიდან და მოითხოვოს ვალდებულების სრული შესრულება. რასაც უნდა მოყვეს ვალდებულების შესრულება. ბანკის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით, შესაბამისად მას უფლება აქვს მოითხოვოს იპოთეკის საგნის რეალიზაცია და მიღებული თანხით ვალდებულების შესრულება. ამ შემთხვევაში იპოთეკის საგნის მესაკუთრის ცვლილებას მნიშნელობა არ აქვს, რადგან იპოთეკა არის სანივთო უზრუნველყოფის საშუალება და მნიშნელობა არ აქვს, თუ ვინ არის მესაკუთრე, მთავარია უძრავი ქონება ს/კ-ით 0-.32.01.0-- უფლებრივად დატვირთულია.

 

7. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი.

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ალიმენტის მიკუთვნების შესახებ; დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრების შესახებ; მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ; უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ; უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ; თამასუქისა და ჩეკის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილებები. იმავე მუხლის 11-ე ნაწილის გათვალისწინებით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

მითითებული ნორმის ანალიზი საფუძველია დასკვნისათვის, რომ სასამართლოს უფლება აქვს მხარის თხოვნით, მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების საგამონაკლისო წესი დაადგინოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში ან ისეთი ობიექტური გარემოებების არსებობის პირობებში, რომელთა დადგომამ შესაძლებელია გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი გახადოს ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანი მიაყენოს.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ვერ ასაბუთებს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის გადაუდებლობის აუცილებლობას, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა არის დაუსაბუთებული და მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები:

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის I ნაწილით პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ხოლო მესამე ნაწილით სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” პუნქტის შესაბამისი გაანგარიშებით შეადგენს 2236.02 ლარს.

მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ არის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 2236.02 ლარი. აქედან გამომდინარე, მოსარჩელისათვის სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურებაც მოპასუხეებს შორის უნდა გადანაწილდეს ამის გათვალისწინებით.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ იყო გამოყენებული.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,,ხ--–-- ბ---- ს----------–--ს“ სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოპასუხეებს ე----- დ-------ს და ნ---- დ--------ს სს ,,ხ--–-- ბ---- ს----------–--ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 30546.80 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა, გადახდის დროისათვის არსებული კურსით;

 

3. განხორციელდეს სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების (მდებარე ქ.ბათუმი, ა------ ქუჩა №11-ში), საკადასტრო კოდით 0-.32.01.0---ის რეალიზაცია აუქციონის წესით;

 

4. მოპასუხეებს ე----- დ-------ს და ნ---- დ--------ს მოსარჩელის სს ,,ხ--–-- ბ---- ს----------–--ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახ. ბაჟის სახით გადახდილი 2236,02 ლარის ანაზღაურება;

 

5. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემაზე სს ,,ხ--–-- ბ---- ს----------–--ს“ ეთქვას უარი;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილისქ 30) მეშვეობით;

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 დაარაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

მოსამართლე როინ კახიძე