გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.03.2020
საქმის ნომერი
010210118002678228
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
11.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N010210118002678228

N2-4311/18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11 მარტი, 2020 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე როინ კახიძე

სხდომის მდივანი თენგიზ ბოლქვაძე

მოსარჩელე - შპს „U-------- C----- G----“

წარმომადგენელი - ა-----– ჯ------------

მოპასუხე - შპს „ა----- - 2---“, ა------ გ------, გ-------- კ-------–---–-.

დავის საგანი - თანხის დაკისრება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. შპს ,,U-------- C----- G----” სასარჩელო განცხადებით მოითხოვს შპს „ა----- - 2---“-ს, ა------ გ------ს და გ-------- კ-------–---–- მის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 3363.54 ლარის გადახდა;

1.2. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სასარჩელო მოთხოვნას ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

 

2018 წლის 14 თებერვალს, შპს „U-------- C----- G----“- სა და შპს ,,ა------2---“-ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N111/1402, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სესხი 6000 ლარი, 60 დღით და 540 ლარის საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულება მსესხებელთან ერთად სოლიდარულად იკისრეს ა------ გ------მ და გ-------- კ-------–---–--. ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,ა------2---“-ს სესხად აღებული თანხა და საპროცენტო სარგებელი უნდა დაეფარა 60 დღის ვადაში. ამასთან მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხის სარგებლობის ვადის დარღვევისათვის მსესხებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო მიმდინარე დავალიანების 0,41%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და სესხის დასაფარავად შემოტანილი თანხიდან პირველ რიგში იფარებოდა პირგასამტეხლო, შედეგ სესხის ძირითადი თანხა და საპროცენტო სარგებელი პროპორციულად. შპს ,,ა------2---“-ის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, 60 დღის ვადაში გადასახდელი სესხისა და დარიცხული საპროცენტო სარგებლის, ჯამში 6540 ლარის ნაცვლად, გადაიხადა 5073,50 ლარი, საიდანაც 273,50 ლარი ჩაითვალა პირგასამტეხლოს ანგარიშში, ხოლო 4800 ლარი დააკლდა სესხის ძირითად თანხასა და საპროცენტო სარგებელს პროპორციულად.

ხელშეკრულების თანახმად პირგასამტეხლო გამოიანგარიშება ძირითადი თანხის მიმდინარე დავალიანების 0,41 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მსესხებელს 2018 წლის 15 აპრილის ჩათვლით უნდა გადაეხადა 6540 ლარი, თუმცა მან გადაიხადა 3795 ლარი, რაც დააკლდა სესხის ძირითადი თანხასა და საპროცენტო სარგებელს პროპორციულად. შესაბამისად, 2018 წლის 16 აპრილისათვის, სესხის ძირითადი თანხა შეადგენდა 2518,34 ლარს. რის გამოც, მსესხებელს დაერიცხა პირგასამტეხლო 10,15 ლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მსესხებელს დამატებით არაერთხელ განესაზღვრა ვადა დავალიანების დაფარვისთვის, გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება და გაფრთხილებული იქნა დავალიანების დაუფარაობის შემთხვევაში ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის, სესხის ძირითადი თანხის 12%-ის ოდენობით საურავის დარიცხვის, რაც შეადგენს 720 ლარს და სასამართლოსთვის მიმართვის თაობაზე, თუმცა უშედეგოდ. ვალდებულების შესრულებაზე ასევე უარს აცხადებს სოლიდარულად პასუხისმგებელი პირები ა------ გ------ და გ-------- კ-------–---–-.

მოპასუხეთა დავალიანება შეადგენს - 3363,54 ლარს, საიდანაც 1596,33 ლარი წარმოადგენს სესხის ძირითად თანხას, 143,67 ლარი წარმოადგენს სესხის საპროცენტო სარგებელს, 903,54 ლარი წარმოადგენს სესხის სარგებლობის ვადის დარღვევის პირგასამტეხლოს, 720 ლარი წარმოადგენს საურავს.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. შპს ,,ა----- 2----ის’’ წარმომადგენელი ა------ გ------ და გ-------- კ-------–---–- სარჩელს ცნობენ ნაწილობრივად. მიაჩნიათ, რომ მათ გადასახდელი აქვთ სესხის ძირი თანხა და სარგებელი. პირგასამტეხლოს და საურავის მოთხოვნის ნაწილში სარჩელს არ ცნობენ და თხოვენ სასამართლოს შეამციროს ოდენობა, მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2018 წლის 14 თებერვალს შპს ,,U-------- C----- G----”-სა და შპს ,,ა------2---“-ს (დირექტორი ა------ გ------) შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N0111/1402, რომლის საფუძველზეც შპს ,,ა------2---“-ამ მოსარჩელისაგან სესხად მიიღო 6000 ლარი, 60 დღის ვადით, საპროცენტო სარგებელი 540 ლარის დარიცხვით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სესხის ხელშეკრულება ს.ფ.17-18;

 

3.1.2. სესხის ვადაგადაცილების შემთხვევისათვის მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე. თანხის ვადაში გადაუხდელობისათვის სესხის თანხას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხებოდა თანხის 0.41%. ხელშეკრულების 4.2 პუნქტით თუ მსესხებელი დამატებით ვადაში არ დაფარავს დავალიანებას, მაშინ პირგასამტეხლოდ 1.5 %-ის დარიცხვა ჩერდება და მას დაეკისრება საურავი სესხის მოცულობის 12%-ის ოდენობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სესხის ხელშეკრულება ს.ფ.17-18;

 

3.1.3. სესხი უნდა დაფარულიყო მხარეების მიერ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- კლიენტის საგადახდო ბარათი ს.ფ. 31-36;

 

3.1.4. შპს ,,ა------2---“-სთან დადებული სესხის ხელშეკრულების შესრულებაზე თავდებობა იკისრა ა------ გ------მ და გ-------- კ-------–---–--.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება.ს.ფ 20-21, 23-24;

 

3.1.5. შპს ,,ა------2---“-ამ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და ვადაზე ადრე შეწყვიტა გრაფიკის მიხედვით სესხის დაფარვა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- კლიენტის საგადახდო ბარათი ს.ფ. 31-36;

-იურიდიული შეტყობინება. ს.ფ.37-39;

 

3.1.6. შპს ,,ა------2---“-ს შეექმნა ეკონომიური პრობლემები, რის გამოც ვეღარ შეძლო სესხის დაფარვა. მსესხებლის მიერ სარჩელის აღძვრამდე გადახდილია 5073.50 ლარი, საიდანაც 273.50 ლარი ჩაითვალა პირგასამტეხლოს ანგარიშში, ხოლო 4800 ლარი დააკლდა სესხის ძირითად თანხასა და საპროცენტო სარგებელს პროპორციულად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- კლიენტის საგადახდო ბარათი ს.ფ. 31-36;

- მხარეთა განმარტებები;

 

3.1.7. სესხის დაფარვა თავდებ პირს - ა------ გ------ს და გ-------- კ-------–---–- არ განუხორციელებიათ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- იურიდიული შეტყობინება. ს.ფ.38-39;

 

3.1.8. სესხზე დავალიანება ძირი თანხისა და სარგებელის ნაწილში შეადგენს: ძირითადი თანხა 1596.33 ლარი, პროცენტი 143.67 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- კლიენტის საგადახდო ბარათი ს.ფ. 31-36;

-იურიდიული შეტყობინება. ს.ფ.37-39;

- მხარეთა განმარტებები;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

მოპასუხეები სადაოდ ხდიან პირგასამტეხლოსა და საურავის სახით დარიცხულ თანხასა და მის მოცულობას. დადგენილია, რომ მხარეები არ დაობენ, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვაზე მხარეები შეთანხმდენ ხელშეკრულებით. სარჩელში მოთხოვნილი ოდენობის პირგასამტეხლო არის თუ არა კანონიერი, ეს საკითხი არ წარმოადგენს ფაქტობრივ გარემოებას. იგი სამართლებრივი შეფასების კატეგორიისა. მასზე სასამართლო იმსჯელებს საკითხის სამართლებრივი შეფასებისას.

 

სხვა სადავო ფაქტობრივი გარემოება არ არსებობს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივად. ძირითადი თანხისა და სარგებელის ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს მთლიანად. პირგასამტეხლოს და საურავის ნაწილში კი მოთხოვნილი თანხის ოდენობა უნდა შემცირდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა :

 

- საქართველოს კონსტიტუცია;

-საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

-საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს და იგი გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს თავისი კონსტიტუციური უფლების დაცვის მიზნით მომართოს სასამართლოს და დაიცვას თავისი საკუთრების უფლება, მათ შორის მოითხოვოს სესხად გაცემული თანხის დაბრუნება.

 

6.2. საქართველოს სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ვალდებულების მონაწილე სუბიექტს აიძულებს რაიმე მოქმედების შესრულებას, ან ასეთი მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავებას.

 

იმისათვის, რომ მოსარჩელეს გააჩნდეს მოთხოვნის უფლება ამისათვის საჭიროა ის ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით”.

 

ამავე კოდექსის 623-ე მუხლით ,,სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი”.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ”U-------- C----- G----”-ს სურდა სარგებელის გადახდის პირობით თანხის გასესხება, ხოლო შპს „ა----- - 2---“-ს სურდა ფულის დასესხება. ისინი შეთანხმდნენ ფულის სესხის ხელშეკრულების დადებაზე, რის შემდეგაც 2018 წლის 14 თებერვალს შპს ”U-------- C----- G----”-სა და შპს „ა----- - 2---“-ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს „ა----- - 2---“-ზე გაიცა სესხი 6000 ლარის ოდენობით. ხელშეკრულება დაიდო 60 დღის ვადით, ყოველდღიური სარგებლის დარიცხვის პირობით. მოპასუხეს ვალდებულება უნდა შეესრულებინა სესხის გადახდის გრაფიკის მიხედვით. მხარები ასევე შეთანხმდენ სესხის სხვა არსებით საკითხებზე. პირობების შეთანხმების შემდეგ შედგა ხელშეკრულება, რომლითაც მხარეებმა დაადგინეს ურთიერთვალდებულებათა მოცულობა. მხარეთა შორის წარმოშობილია სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, შესაბამისად მათი ურთიერთობა უნდა დარეგულირდეს სახელშეკრულებო ვალდებულების მარეგულირებელი ნორმების მეშვეობით.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით: ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”.

 

მოსარჩელემ სესხის ხელშეკრულების დადებისა და ფულის გადაცემის შემდეგ შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ შპს „ა----- - 2---“-საგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. სესხის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც სესხის გაცემის შემდეგ, გამსესხებელს აქვს მხოლოდ მოთხოვნის უფლება და არაა სანაცვლო ვალდებულებით შეზღუდული. თავის მხრივ შპს. ,,ა----- 2---’’ ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ თანხა დაებრუნებინა გადახდის გრაფიკში მითითებული ოდენობით და დათქმულ დროში. ასეთი უფლება მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მხარეები სახლეშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება. მოპასუხემ დაარღვია ვალდებულება და შეწყვიტა სესხის დაფარვა, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე მოსარჩელის კანონიერი ინტერესი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს საქმის განხილვის მომენტისათვის შესასრულებელი აქვს ნაკისრი ვალდებულება. შესასრულებელი ვალდებულების სწორად გამოანგარიშების მიზნით ცალ-ცალკე უნდა იქნას დაანგარიშებული ძირითადი თანხის და სარგებლისა ოდენობა.

 

თავად მოპასუხეთა მიერ სარჩელის ნაწილობრივ ცნობით და განსახილველ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ შპს „ა----- - 2---“-ამ თავისი ვალდებულება არ შეასრულა და თანხის ნაწილის გადახდის შემდეგ შპს „ა----- - 2---“-ს სესხი აღარ დაუფარავს. შპს „ა----- - 2---“ ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, კერძოდ შპს „ა----- - 2---“-ს გრაფიკით გათვალისწინებული შესატანი უნდა შეეტანა იმ დროში, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. შპს „ა----- - 2---“-ს სესხის სახით მიღებული თანხით წარმოშობილი ვალდებულება უნდა შეესრულებინა პერიოდული შენატანებით, რაც გათვალისწინებული იყო შესაბამისი გადახდის გრაფიკით. შპს „ა----- - 2---“-ამ ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, რითაც დაარღვია ხელშეკრულება.

 

მხარეებს შორის სადაო არაა დარჩენილი ძირი თანხის ოდენობა. მოპასუხემ არ გადაიხადა და ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას, დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის დაბრუნება. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ძირითადი თანხის 1596.33 ლარის დაკისრების ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

6.5. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით ,,სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი”.

 

დადგენილია და მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ მხარეთა შეთანხმებით სესხის ხელშეკრულება სასყიდელიანი იყო. მხარეებს განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. მოპასუხეს უნდა გადაეხადა ის სარგებელი, რაც დაწესებული იყო ხელშეკრულებით. სარგებელის გადახდა ისეთივე ვალდებულებაა, როგორც ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება. ამიტომ მოპასუხეს სარგებელის გადახდის ვალდებულებაც უნდა შეესრულებინა საქ. სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. მას ხელშეკრულებით ეკისრებოდა სარგებლის გადახდის ვალდებულება. პროცენტი მას უნდა შეეტანა გრაფიკის მიხედვით. გრაფიკი შეიცავდა, როგორც ძირითადი გადასახდელის, ისე პროცენტის თანხასაც. მოპასუხემ გრაფიკის მიხედვით აღარ შეიტანა თანხა, შესაბამისად გადასახდელი დარჩა, როგორც ძირითადი თანხა, ასევე მასზე დარიცხული პროცენტი. ხელშეკრულებისა და გადახდის გრაფიკის მიხედვით მოპასუხეს გადასახდელი აქვს სარგებელი 143.67 ლარი. ამ ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში თანხის დაუბრუნებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული და ის მხარეთა შორის დავას არ იწვევს. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ სესხის თანხისა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელის დადგენილ ვადაში გადაუხდელობისას, მსესხებელი გადაიხდის ჯარიმას ნარჩენი სესხის 0.41%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ასევე თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში სესხის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტასა და სესხის ძირითადი თანხის 12%-ის ოდენობით საურავის დარიცხვის შესახებ, რაც გამოიწვევს პირგასამტეხლოს დარიცხვის შეჩერებას.

 

პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს.

 

დადგენილია, რომ მოპასუხემ არ შეასრულა თავისი ვალდებულება და სესხი მასზე დარიცხული პროცენტით არ გადაიხადა გრაფიკის მიხედვით. მას გადასახდელი აქვს ძირითადი თანხა 1596.33 ლარი და პროცენტი 143.67 ლარი. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოპასუხეს უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით დადგენილი პირგასამტეხლოს ან საურავის გადახდა, რადგან ხელშეკრულების თანახმად საურავის დარიცხვის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დარიცხვა ჩერდება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს და საურავის მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. მოსარჩელეს შეეძლო არ დალოდებოდა ვადაგადაცილებეული დღეების მატებას და მოემართა სასამართლოსათვის, რითაც უფრო დროულად და ეფექტურად აინაზღაურებდა ზიანს. სარჩელის აღძვრის გაჭიანურებით გაიზარდა პირგასამტეხლოს ოდენობა. შედეგად კი კუთვნილ 1596.33 ლარზე პირგასამტეხლოს და საურავის ოდენობამ საერთო ჯამში შეადგინა 1623,54 ლარი. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში მისი ოდენობა ძირითად თანხაზე მეტია. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალებები არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ამიტომ თანასწორობის აღდგენისა და ბალანსის დაცვის მიზნით, ასევე მოპასუხეთა მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით პირგასამტეხლო და საურავი უნდა შემცირდეს 150 ლარამდე.

 

6.7. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად”.

 

ამავე კოდექსის 893-ე მუხლის პირველი წინადადებით ,,თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა”.

 

ხოლო 895-ე მუხლით ,,თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა”.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ შპს „ა----- - 2---“-სთან დადებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელემ თავდებობის ხელშეკრულება დადო ა------ გ------სთან და გ-------- კ-------–---–----, მათ იკისრეს ვალდებულება შპს „ა----- - 2---“-სთან ერთად აგოს პასუხი სესხის ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე. სამოქალაქო კოდექსის 893-ე და 895-ე მუხლმა დაადგინა, რომ თავდებმა პირმა ძირითად მევალესთან ერთად ან მის გარეშე პასუხი აგოს იმ ვალდებულებებზე იმ ფარგლებში, რა ვალდებულების შესრულებაზეც განაცხადა თავდებობა. დადგენილია და სადაო არაა, რომ შპს „ა----- - 2---“-ამ სეხის სახით მიიღო 6000 ლარი სარგებელის დარიცხვით. შესაბამისად მათი ვალდებულება ამ სესხზე ვრცელდება მთლიანად.

 

დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკი, ამიტომაც მოსარჩელე მოითხოვს კუთვნილი თანხის დაბრუნებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ ის ვალდებულება, რაც შპს „ა----- - 2---“-ს აქვს მოსარჩელის მიმართ, უნდა გავრცელდეს თავდები პირების მიმართაც. აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი თანხის დაკისრების ნაწილში, როგორც შპს „ა----- - 2---“-ს, ასევე ა------ გ------- და გ-------- კ-------–---–-ს მიმართ, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.8. მოსარჩელე მოითხოვს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევას. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც გულისხმობს, რომ მხარე უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეთა უფლებაა ისარგებლონ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესაძლებლობით. გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი რეგულირდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 28-ე თავით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 -ე ნაწილით: ,,ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.

 

სასამართლომ გამოიკვლია მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებები დაადგინა, რომ ხელშეკრულების 8.5 პუნქტით მხარეები შეთანხმებულნი არიან მასზედ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიქცეული იქნას აღსასრულებლად. წინამდებარე შემთხვევაში ვალდებულების შესრულება გახდა სადაო. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მისი უფლებები დაირღვა მოპასუხეთა მიერ, რის გამოც სარჩელი აღძრა და მისი სარჩელის საფუძველზე მიღებულია გადაწყვეტილება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის, ასევე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 8.5 პუნქტის საფუძველზე გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” პუნქტის შესაბამისი გაანგარიშებით შეადგენს 101 ლარს.

 

მოპასუხეებმა მოსამზადებელ ეტაპზე სარჩელი სცნეს ნაწილობრივ საქ. სსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილი იმ მოპასუხეებს ათავისუფლებს სახ. ბაჟის გადახდისაგან, ვინც საქმის მომაზადების სტადიაზე სარჩელს ცნობს. შესაბამისად ისინი ამ თანხის კუთვნილ ბაჟის 101 ლარის გადახდისაგან უნდა გათავისუფლდენ. ხოლო დანარჩენ ნაწილში გადახდილი სახ. ბაჟი მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ სოლიდარულად. საქ. სსკ-ის 53-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ ბაჟის 50 ლარი ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და მოპასუხე გ-------- კ-------–---–- (პ/ნ 6----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე - ქალაქი ბათუმი, ზ. გ-------–---- N24-ში (ს/კ 05.22.19.023.01.0--) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,U-------- C----- G-----ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. შპს „ა----- - 2---“-ს, ა------ გ------ს და გ-------- კ-------–---–- მოსარჩელის შპს. ,,U-------- C----- G-----ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 1890 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა- 1596.33 ლარი, საპროცენტო სარგებელი-143.67 ლარი და პირგასამტეხლო - 150 ლარი;

მოპასუხეებს შპს. ა------2----ს, ა------ გ------ს, გ-------- კ-------–---–- შპს. U-------- C----- G-----ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა;

შპს. U-------- C----- G-----ს უკან დაუბრუნდეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟი 101 ლარი (საგადასახადო დავალება 0, გადამხდელის ბანკი - სს ’’თიბისი ბანკი’’, გადახდის თარიღი - 12/10/2018 წელი, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 300693150);

3. საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს ძალაში;

4. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

5. გადაწყვეტილებაზე დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 12 (თორმეტი) დღის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილისქ 30) მეშვეობით;

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 დაარაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

მოსამართლე როინ კახიძე