გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010310019002853896
№3-73/19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე
სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე
მოსარჩელე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილება
წარმომადგენელი- თა-----------–--ე
მოპასუხე - თი-------–--ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1.სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონულმა განყოფილებამ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში თი-------–--ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისათვის უსაფუძვლოდ ჩარიცხული თანხის, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი სახელმწიფო ფულადი დახმარების, 370 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურების დაკისრება.
2.1. თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:
სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკის მიერ შევსებული დეკლარაციის შედეგად, თი-------–--ის ოჯახს მიენიჭა სარეიტინგო ქულა 55 940, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი დახმარების მიღებას. სოციალური დახმარების დანიშვნის ფორმის შევსებისას, ოჯახი გაეცნო საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №--- დადგენილებით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს და მათი დარღვევის შედეგებს, რაც თავის მხრივ დადასტურდა სოციალური დანიშვნის შესახებ განცხადებაზე, თი-------–--ის ხელმოწერით.
სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 17 თებერვლის N------- კორესპოდენციითა და მასზე დართული მასალებით დგინდება, რომ თი-------–--ის ოჯახის წევრი, გრ-----– მგ--–--ე დასაქმდა, რის შესახებაც დადგენილი წესით არ ეცნობა სააგენტოს.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მხრიდან ბენეფიციარს გაეგზავნა გაფრთხილება, ასევე შეტყობინება, რაც უშედეგო აღმოჩნდა, მოპასუხის მხრიდან არ განხორციელებულა ზედმეტად გაცემული შემწეობის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უკან დაბრუნება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის შესაბამისად, 1. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
2. მოვალის მიერ ვადის გადაცილებისას კრედიტორს შეუძლია დაუნიშნოს მოვალეს ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელი დრო.თუკი მოვალე ამ დროშიც არ შეასრულებს ვალდებულებას, მაშინ კრედიტორს უფლება აქვს ვალდებულების შესრულების ნაცვლად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
3. დამატებითი ვადის განსაზღვრა არ არის საჭირო, თუ აშკარაა, რომ მას რაიმე შედეგი არ მოჰყვება, ან როცა არსებობს განსაკუთრებული გარემოებები, რომლებიც ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით ამართლებენ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაუყოვნებლივ გამოყენებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილება მოითხოვს, მოპასუხე მხარეს დაეკისროს მისთვის უსაფუძვლოდ ჩარიცხული, 370 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაბრუნება (ანაზღაურება).
2.მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე მხარის, თი-------–--ის მიერ სარჩელი ცნობილი იქნა ნაწილობრივ, შემდეგი საფუძვლით:
თი-------–--ის ოჯახი სოციალურ დახმარებას იღებს 2015 წლის ივლისის თვიდან. 2017 წლის თებერვლის თვეში, თი-------–--ის შვილს, გრ-----– მგ--–--ეს, შპს ,,დ----–ი“ მუშაობის დაწყების გამო გაუჩნდა შემოსავალი. ამ პერიოდში გრ-----– მგ--–--ე ცხოვრობდა ოჯახთან ერთად, თუმცა მას ხელფასის სახით აღებული თანხა სახლში არ მიუტანია და იგი არ გამოყენებულა ოჯახის ხარჯების დასაფარად. მითითებულ პერიოდში თი-------–--ის ოჯახი იღებდა სოციალურ დახმარებას, თუმცა, მისთვის უცნობი იყო იმ გარემოების შესახებ, რომ ეს თანხა ექვემდებარებოდა ბიუჯეტში დაბრუნებას.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა საქმი9ს გარემოებების თაობაზე, მომდევნო წლის იანვრის თვიდან აპირებს ეტაპობრივად დააბრუნოს, ზედმეტად მიღებული სახელმწიფო ფულადი დახმარების თანხები, სახელმწიფო ბიუჯეტში.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. თი-------–--ემ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონულ განყოფილებას და მოითხოვა სოციალური დახმარების დანიშვნა. ამავე განცხადებაზე ხელმოწერით იგი დაეთანხმა დაკისრებულ ვალდებულებას სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებების და/ან იმ გარემოებების დადგომის შესახებ, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალური ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება დაუყონებლივ ეცნობებინა უფლებამოსილი პირისათვის.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილების 2015 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თი-------–--ის ოჯახს (თი-------–--ე, ალექსანდრე მგ--–--ე, ოთარი ყიფიანი, ნონა მგ--–--ე, გრ-----– მგ--–--ე, ირაკლი ყიფიანი, ნია ყოფიანი) დაენიშნა სოციალური დახმარება, ვინაიდან მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა განისაზღვრა 40760 ერთეულით. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, სოციალური დახმარების დანიშვნის დროა, 2015 წლის ივლისის თვე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თი-------–--ის განცხადება;
- ქობულეთის რაიონული განყოფილების 2015 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.1.2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 17 თებერვლის №------- მიმართვითა და მისი დანართით დგინდება „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახები, რომლებსაც სარეიტინგო ქულის ოდენობიდან გამომდინარე მოპოვებული აქვთ საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება და ამავე დროს მათ წევრებს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით უფიქსირდებათ გარკვეული შემოსავალი, რომლებმაც აღნიშნულის თაობაზე არ აცნობეს სააგენტოს, კანონით განსაზღვრულ ვადაში და მათ ცენტრალიზებულად შეუწყდათ რეგისტრაცია, მონაცემთა ერთიან ბაზაში.
დადგენილია, რომ ასეთ ოჯახს წარმოადგენდა, თი-------–--ის ოჯახიც, ვინაიდან მისი ოჯახის წევრი - გრ-----– მგ--–--ე საარსებო შემწეობის მიღების პერიოდში დასაქმდა შპს ,,დ----–ი“ და იღებდა შემოსავალს, რის შესახებაც მოპასუხემ არ აცნობა სააგენტოს უფლებამოსილ პირს.
მითითებული მიმართვით სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებს დაევალათ, წერილობით ეცნობებინათ ოჯახებისთვის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე (მიზეზის მითითებით), ასევე, განეხორციელებინათ კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები ზედმეტად მიღებული საარსებო შემწეობის თანხების უკან დაბრუნების მიზნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 17 თებერვლის №------- მიმართვა;
-მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.1.3. 2018 წლის იანვრის თვეში, თი-------–--ეს საარსებო შემწეობის სახით ჩაერიცხა, 370 ლარი.
2018 წლის 29 მარტს, თი-------–--ეს გაეგზავნა N---------- წერილობითი შეტყობინება, ზედმეტად ჩარიცხული სოციალური შემწეობის, 370 ლარის დაბრუნების შესახებ.
ამ ვალდებულების შესრულების მიზნით, თი-------–--ეს 2018 წლის 24 მაისს განმეორებით გაეგზავნა N------------- წერილობითი კორესპოდენცია, ვალდებულების დარღვევისა და პასუხისმგებლობის წარმოშობის თაობაზე.
თი-------–--ეს 2018 წლის 29 მარტისა და 2018 წლის 24 მაისის გზავნილი ვერ ჩაბარდა და უკან დაუბრუნდა სააგენტოს.
თი-------–--ის მიერ აღნიშნული ვალდებულება არ შესრულებულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქობულეთის რაიონული განყოფილების 2018 წლის 29 მარტის N---------- შეტყობინება;
- ქობულეთის რაიონული განყოფილების 2018 წლის 24 მაისის N------------- შეტყობინება;
- მოხსენებითი ბარათი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილების სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
- „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი;
- საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №--- დადგენილებით დამტკიცებული „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ წესი“;
- „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესი;
- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი“.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავის უფლებათა დასაცავად სასამართლოს მიმართოს, ხოლო 34-ე მუხლის შესაბამისად, კონსტიტუციაში მითითებული ადამიანის ძირითადი უფლებები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
6.2. განსახილველ შემთხვევაში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილების მიერ სასამართლოში სარჩელი აღძრულია მოპასუხე - თი-------–--ისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უსაფუძვლოდ მიღებული თანხის - 370 ლარის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით.
სასამართლო მიუთითებს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს.
აღნიშნული კანონის მე-6 და მე-7 მუხლების თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს საარსებო შემწეობა. ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა. საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის დადგენილებით დამტკიცდა „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების თანდართული წესი“. მითითებული წესის მე-3 მუხლით განისაზღვრა, რომ საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მაძიებელი ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, გაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენასა და საარსებო შემწეობის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხთა გადაწყვეტას. მე-5 მუხლი კი ადგენს, რომ საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილი საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე (შემდგომში – ღატაკი ოჯახი).
6.4. სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №--- დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცდა ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ წესი. წესის მიზანია განსაზღვრული მეთოდოლოგიის გამოყენებით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) ფორმირება, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ დახმარებას და შეიძლება გახდნენ ამ დახმარების მიმღებნი. ამავე წესის მე-3 მუხლის თანახმად, მონაცემთა ბაზის ფორმირება ერთიანი სამართლებრივი პროცესია და მოიცავს: ა) მაძიებლის განაცხადის მიღებას და დამუშავებას; ბ) მაძიებლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას; გ) სარეიტინგო ქულის მინიჭებას; დ) შესაბამის მონაცემთა დამუშავებას, ანალიზს, განახლებას და მონიტორინგს.
მითითებული წესის მე-4 მუხლის შესაბამისად, მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის მიმართვა შეუძლია ოჯახს, რომელიც მიიჩნევს, რომ თავისი სოციალურ-ეკონომიკური პირობების მიხედვით იმყოფება სოციალურად დაუცველ მდგომარეობაში, საჭიროებს დახმარებას და შეიძლება გახდეს ამ დახმარების მიმღები, ხოლო მე-5 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მიხედვით, მაძიებელთა აღრიცხვის ორგანიზებას უზრუნველყოფს სააგენტო თავისი ტერიტორიული ერთეულების მეშვეობით. მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის მაძიებელი ავსებს დადგენილი ფორმის განაცხადს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ამავე წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, განაცხადის შევსება და სააგენტოში ჩაბარება ადასტურებს, რომ ოჯახი თანახმაა: გ) სააგენტომ ნებისმიერი წყაროდან მოიპოვოს საჭირო ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ოჯახის ან მისი ცალკეული წევრ(ებ)ის იდენტიფიკაციას, ფინანსურ და ქონებრივ მდგომარეობას, პერსონალურ და სხვა მონაცემებს, რაც უკავშირდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციას; დ) ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება) ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს სააგენტოს ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №--- დადგენილებით დამტკიცებული „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ წესის“ მე-8 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ადგენს, რომ მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და სამართლებრივი დაცვის გაუმჯობესებისა და ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვის მიზნით სააგენტო ქმნის ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზას”. მონაცემთა ბაზა მოიცავს ცნობებს ოჯახის და მისი თითოეული წევრის შესახებ, საცხოვრებელი ადგილის, განათლების და ზოგადი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის თაობაზე, ასევე, ინფორმაციას, მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ პირთა საარსებო შემწეობის გაცემის, შეჩერების, განახლების და შეწყვეტის შესახებ და სხვა ინფორმაციას, რაც უკავშირდება სააგენტოს მიერ პროგრამის ადმინისტრირებას.
ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მონაცემთა ბაზაში მიწოდებული ინფორმაციის სისწორისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ ამ ინფორმაციის გამცემ ოჯახის წევრ(ებ)ს, შესაბამის ორგანოს თუ დაწესებულებას.
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, ისევე, როგორც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახს აკისრებს ვალდებულებას, რომ იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს წევრთა შემადგენლობაში ან/და ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაში ცვლილება ან ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა სააგენტოს აცნობოს ერთი თვის ვადაში. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მიზნებისთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილებად ითვლება მხოლოდ ოჯახის წევრ(ებ)ის შემოსავლის გაზრდა/გაჩენა, უძრავი ქონების ან/და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიით“ გათვალისწინებული მოძრავი ქონების შეძენა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილ გარემოებებს წარმოადგენს, რომ თი-------–--ის ოჯახის წევრს - გრ-----– მგ--–--ე გამოუვლინდა შემოსავალი, რაც ოჯახის დეკლარაციაში არ იყო მითითებული. 2018 წლის 17 თებერვლის N------- წერილის წერილის თანახმად, თი-------–--ეს და მის ოჯახს ცენტრალიზებულად გაუუქმდა სოციალური დახმარება
6.5. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №--- დადგენილებით დამტკიცებული ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სააგენტო მოიძიებს და იღებს ინფორმაციას ოჯახთან დაკავშირებით მომხდარი ცვლილებების შესახებ. ცვლილების შინაარსი შეიძლება ეხებოდეს წევრის დაბადებას, გარდაცვალებას, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის არსებით შეცვლას (დასაქმება, ლეგალური შემოსავალი და ა.შ.), ოჯახის ან მისი რომელიმე წევრის მიერ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლას და სხვ.
სასამართლო განმარტავს, რომ სააგენტოს უფლებამოსილება განსაზღვრულია „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით, კერძოდ, სააგენტო უფლებამოსილია: შეამოწმოს საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი (ოჯახის გაერთიანების ან გაყოფის, ოჯახის წევრთა სოციალური სტატუსის, დასაქმების, რაოდენობის და/ან ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სხვა არსებითი ცვლილებების გამოსავლენად) სააგენტოში დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად; არსებული/გამოვლენილი ფაქტების გათვალისწინებით, მიიღოს გადაწყვეტილება შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, შეჩერების, შეწყვეტის, ზედმეტად გაცემული შემწეობის უკან დაბრუნების ან/და შემწეობის ოდენობის გადაანგარიშების შესახებ; ოჯახის მიერ საარსებო შემწეობის მიღებასთან და/ან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, შეაჩეროს და/ან შეწყვიტოს საარსებო შემწეობა; შესაბამისი დაწესებულებების და/ან ორგანიზაციებისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემების გადამოწმების, საარსებო შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, გაანგარიშების, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის საკითხის გადაწყვეტისათვის; ავტომატურად გადაუანგარიშოს დანიშნული საარსებო შემწეობა ოჯახს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე, წევრის დაბადების (ბავშვის შვილად აყვანის) შემთხვევაში, თუ ოჯახის ბოლო შეფასებიდან და ბავშვის დაბადებიდან (შვილად აყვანიდან) არ არის გასული 2 წელი.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №--- დადგენილებით დამტკიცებული ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ წესის მე-10 მუხლის 11 ქვეპუნქტის შესაბამისად, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებამდე სააგენტო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) მონაცემთა ბაზაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შესაბამის უფლებამოსილ პირს აწვდის ინფორმაციას განაცხადში მითითებული ოჯახის ყოველი წევრის შემოსავლების შესახებ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტოს უფლება აქვს, ოჯახის წევრის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას არასწორი და/ან ყალბი ინფორმაციის მიწოდების დადგენის შემთხვევაში, შეუწყვიტოს რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში ან უარი უთხრას მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე ან აუკრძალოს ოჯახს მომდევნო ერთი წლის განმავლობაში განმეორებით მოითხოვოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია. რეგისტრაციის შეწყვეტის/რეგისტრაციაზე უარის შემთხვევაში, ოჯახის განაცხადი ავტომატურ რეჟიმში ძალას კარგავს მონაცემთა ბაზაში მოსახვედრად.
სასამართლო არსებული მასალების გათვალისწინებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ თი-------–--ემ სააგენტოსათვის ინფორმაციის შეუტყობინებლად ზედმეტად მიიღო ერთი თვის საარსებო შემწეობა, რომლის ოდენობაც შეადგენს 370 ლარს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-16 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, საარსებო შემწეობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგენის მომდევნო თვიდან. ამ წესის მიზნებისათვის, გარემოების დადგენის თვედ მიიჩნევა: ა) გარდაცვალების შემთხვევაში – გარდაცვალების თვე; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – 16 წლის ასაკის შესრულების თვე; გ) სხვა დანარჩენ შემთხვევაში – სააგენტოში ოფიციალური მონაცემ(ებ)ის შემოსვლის თვე.
6.6. სასამართლო განმარტავს, რომ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-91 მუხლის თანახმად, საარსებო შემწეობის ზედმეტად გაცემის (ჩარიცხვის) შემთხვევაში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ამ თანხების უკან დაბრუნების შესახებ შემდეგი წესების დაცვით: ა) თუ ოჯახი საარსებო შემწეობის მიმღებია (მათ შორის, ახალი საიდენტიფიკაციო კოდით), სააგენტო ვალდებულია, დაქვითოს ოჯახზე ყოველთვიურად გასაცემი საარსებო შემწეობის თანხის 20%-ის ოდენობით; ბ) თუ ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის თანხის უკან დაბრუნება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
ხსენებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ საწინააღმდეგო მტკიცებულების წარმოდგენამდე, ვინაიდან თი-------–--ემ საარსებო შემწეობა მიიღო ზედმეტად, ეს თანხა ექვემდებარებოდა უკან დაბრუნებას. განსახილველ შემთხვევებში დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ თი-------–--ეს ზედმეტად მიღებული 370 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტში არ დაუბრუნებია, ხოლო, ადმინისტრაციულმა ორგანომ უშედეგოდ მოითხოვა თანხის უკან დაბრუნება, კერძოდ, დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წერილით თი-------–--ეს ეცნობა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრაციის გაუქმების ფაქტი და მისი საფუძველი; ასევე, ინფორმაცია მისი გასაჩივრების წესისა და საწინააღმდეგო მტკიცებულების წარდგენის შესაძლებლობის თაობაზე, თუმცა ამ უკანასკნელი შესაძლებლობებით მას არ უსარგებლია. ასევე დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წერილით მოპასუხე მარიამ ბეგაშვილს დაევალა ზედმეტად მიღებული სოციალური დახმარების 370 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უკან დაბრუნება, რაც მოპასუხის მიერ არ შესრულებულა.
6.7. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მიხედვით, კანონმდებლობა სოციალური დახმარების შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მითითებული კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი, ხოლო 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.
საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხე თი-------–--ეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ უსაფუძვლოდ ჩაერიცხა საარსებო შემწეობით გათვალისწინებული თანხა, რამაც საერთო ჯამში შეადგინა 370 ლარი, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილების სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე თი-------–--ეს უნდა დაევალოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, მისთვის უსაფუძვლოდ ჩარიცხული თანხის ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 370 ლარის ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მე-2, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილების სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. თი-------–--ეს დაევალოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, მისთვის უსაფუძვლოდ ჩარიცხული თანხის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 370 ლარის ოდენობით.
3. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32/ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30/.
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე