განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/6268-19
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
2 მარტი, 2020 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე ელენე გოგუაძემ
ანა სოსელია მდივნობით
ბრალდების მხარე:
სტაჟიორ-პროკურორი - ა----------ე,დაცვის მხარე:
ბრალდებული - ა-–--------------–ი, დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე (პ/ნ 0----------), ნასამართლობის არ მქონე, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული: თბილისი, ვ---------–--------–--–-------------------------------- და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ვ---------–----------------------------------–-------------------------
ადვოკატი - გ-------------ა;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილი და სსკ-ი 128-ე მუხლი
სხდომის სახე: ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 16 ნოემბერს, დაახლოებით 20:10 საათზე, თბილისში, გ-------ის ქუჩაზე ა-–--------------–მა, რომელიც მართავდა ავტომობილს, ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები და ყოველგვარი ობიექტური ხელისშემშლელი პირობების გარეშე დაეჯახა გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს ქვეითად მდგომ მ--–-----------–---–ს. ა-–--------------–მა, რომელსაც ევალებოდა დაჯახების შედეგად მიღებული დაზიანებების გამო სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფ დაზარალებულზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება, ავტომობილით დატოვა შემთხვევის ადგილი და მიატოვა დაზარალებული განსაცდელში, რომელსაც შესაძლებლობა არ ჰქონდა მიეღო ზომები თავის დასაცავად. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო მ--–-----------–---–ი გარდაიცვალა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს დასკვნა ა-–--------------–ის მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ ა-–--------------–ის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას - ცნობას საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და თანდართულ სქემას, დაკავების ოქმს, მოწმეების: ა------------------ის, გ-------------–--ის, ა-–--------------–ის და მ-----–-------–---–ის გამოკითხვის ოქმებს, დადგენილებას გვამის სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, სატრანსპორტო-ტრასოლოგიური და ავტო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნებს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
წინასასამართლო სხდომაზე მხარეების მიერ საქმეში წარმოდგენილი მასალები, დამტკიცებულ იქნა როგორც სადავო მტკიცებულებად, საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ყველა მტკიცებულებები მიჩნეულ ყოფილიყო უდავოდ, ვინაიდან აღიარებდა და ინანიებდა მის მიერ ჩადენილ ქმედებას, აღარ სურდა სადავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა გამოკვლევა და მოითხოვა, რომ ისინი გამოკვლევის გარეშე დართოდა სისხლის სამართლის საქმეს, რასაც ასევე დაეთანხმა ბრალდების მხარე. შესაბამისად საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ ა-–--------------–ის სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებები მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით კრიმინალიზებულია ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევა. ხსენებული დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი უშიშროება და ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. დანაშაულის ერთ-ერთ საგანს წარმოადგენს ავტომობილი. დანაშაულის სუბიექტი არის ის, ვინც მართავს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას.
დანაშაულის მსხვერპლი (დაზარალებული) არის სხვა ადამიანი და არა თავად ის, ვინც ავტომანქანის მართვისას არღვევს მოძრაობის უსაფრთხოების ან ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესს. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს, მძღოლმა თავისსავე მანქანაში მჯდომი პირი დააშავა, თუ ფეხით მოსიარულე, ან სხვა მანქანაში მჯდომი. არც იმას აქვს მნიშვნელობა, დაშავებული მისი ახლო ნათესავია, თუ სხვა პირი. მთავარია, დაშავებული არაა თავად დამრღვევი მძღოლი. დანაშაულის ობიექტური მხარე მოიცავს: 1) ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლოატაციის წესების დარღვევას; 2) მძიმე შედეგს, კერძოდ, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას, ან მძიმე დაზიანებას, ანდა ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას, 3) მიზეზობრივ კავშირს წესების დარღვევის ფაქტსა და დამდგარ შედეგს შორის. მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დასტურდება მიზეზობრივი კავშირი მომხდარ შემთხვევასა და დამდგარ მძიმე შედეგს შორის. სსკ-ის 276-ე მუხლი ბლანკეტური შინაარსისაა და ტრანსპორტის მოძრაობისა და ექსპლოატაციის წესი მოწესრიგებულია საგზაო მოძრაობის წესებით, საავტომობილო ტრანსპორტის ტექნიკური ექსპლოატაციის წესებით (საქართველოს 2013 წლის კანონი ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“) და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. ბრალის ფორმის მიხედვით, სსკ-ის 276-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული გაუფრთხილებელია.
ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით კრიმინალიზებულია განსაცდელში მიტოვება. საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლის აუცილებელ შემადგენლობას წარმოადგენს ის, რომ ადამიანი უნდა იმყოფებოდეს სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში და შესაძლებლობა არ უნდა ჰქონდეს თავის დასაცავად, ასევე განსაცდელში მიმტოვებელს უნდა ევალებოდეს დაზარალებულზე ზრუნვა და შეეძლოს დახმარება. სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია იმ ადამიანის სიცოცხლე, ვინც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფება და შესაძლებლობა არ აქვს მიიღოს ზომები თავის დასაცავად.
სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ა-–--------------–ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ 2019 წლის 16 ნოემბერს, დაახლოებით 20:10 საათზე, თბილისში, გ-------ის ქუჩაზე ა-–--------------–მა, რომელიც მართავდა ავტომობილს, ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები და ყოველგვარი ობიექტური ხელისშემშლელი პირობების გარეშე დაეჯახა გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს ქვეითად მდგომ მ--–-----------–---–ს. ა-–--------------–მა, რომელსაც ევალებოდა დაჯახების შედეგად მიღებული დაზიანებების გამო სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფ დაზარალებულზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება, ავტომობილით დატოვა შემთხვევის ადგილი და მიატოვა დაზარალებული განსაცდელში, რომელსაც შესაძლებლობა არ ჰქონდა მიეღო ზომები თავის დასაცავად. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო მ--–-----------–---–ი გარდაიცვალა, ყოველივე ეს იძლევა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით და სსკ-ის 128-ე მუხლით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას.
საქმეში არსებულ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ა-–--------------–ის დამნაშავედ ცნობისა და მისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, აქვე სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-–--------------–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, ასევე ა-–--------------–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა განსაცდელში მიტოვება, დაუხმარებლად იმის მიტოვება, ვინც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა მიეღო ზომები თავის დასაცავად, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ა-–--------------–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.
შესაბამისად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ა-–--------------–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მისი ცხოვრების პირობებს, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რის გამოც ა-–--------------–ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასამართლო უთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას სამ წლამდე ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, გამასწორებელ სამუშაოს 1 წლამდე ვადით, საზოგადებისთვის სასარგებლო შრომას 120-იდან 240 საათამდე, შინაპატიმრობას 6 თვიდან 2 წლამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.
სასამართლო მოცემული მუხლის სანქციის ალტერნატიული სასჯელებიდან გამომდინარე საბოლოოდ სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც, ის, რომ კერძო პრევენციის მიზანია ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ამგვარი ქმედება არის დასჯადი და, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სახელმწოფოს ექნება ადეკვატური რეაგირება.
სასამართლომ აუცილებლად უნდა გაამახვილოს ყურადღება რამდენად გულწრფელია ბრალდებულ ა-–--------------–ის სინანული წარდგენილი ბრალდების მიმართ. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა დაადასტურა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს მომხდარ ფაქტს, იყო ძალიან შეძრწუნებული მომხდარით რამაც გამოიწვია მისი დაბნეულობა და ამიტომ დატოვა შემთხვევის ადგილი, თუმცა მალევე გამოცხადდა სამართალდამცავ ორგანოში. იზრუნებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებზე. დაზარალებულის უფლებამონაცვლეს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში - სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში - სასჯელის ნახევარი. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მხედველობაში იღებს ყოველივე ზემოაღნიშნულს, ასევე ითვალისწინებს რა, ა-–--------------–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ მძიმე კატეგორიის დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან, დაზარალებულის უფლებამონაცვლეს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, შესაბამისად ბრალდებულს დაუნიშნავს სასჯელს დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სსკ-ის 50-ე, 59-ე მუხლების გამოყენებით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა-–--------------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად 2(ორი) წლის და 8(რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1(ერთი) წლით და 4(ოთხი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
ა-–--------------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ა-–--------------–ს სასჯელის სახედ და ზომად გენესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად 2(ორი) წლით და 8(რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1(ერთი) წლით და 4(ოთხი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი) წელი.
მასვე 1(ერთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
მსჯავრდებულ ა-–--------------–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და ა-–--------------–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 17 ნოემბრიდან.
მსჯავრდებულ ა-–--------------–ს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდგომ დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მსჯავრდებულის მიმართ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ამოღებული: სისხლის მაგვარი ლაქის ნიმუში აღებული ერთ ჩხირზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
პლასტმასის დეტალები, სარკის ბუდის და ჩარჩოს ნაწილები, რომელიც ინახება შ--------------–-------–-–--ს ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
B---ს ფირმის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით T--------, რომელიც მოთავსებულია 112-ის დაცულ ავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ელენე გოგუაძე