გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 02.03.2018
საქმის ნომერი
020310517002189616
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე
თარიღი
02.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 020310517002189616 (3/238-17)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

02.03.2018 ქ. ზუგდიდი

შესავალი ნაწილი

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ირაკლი აბშილავა

სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია

მოსარჩელე ნა---------------ა

წარმომადგენელი ნი----------–---–-ა

მოპასუხე ქალაქ ზუ--------------–----–--------------ა

წარმომადგენელი მა--------------ა

დავის საგანი:

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობა, ახალი აქტის გამოცემა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ნა---------------ას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ ქალაქ ზუ--------------–----–--------------ს 01.11.2017 წ #1753 ბრძანების ბათილობა.

 

1.2. მოსარჩელის აღიარება ქ. ზუგდიდი, ბერანძის ქ.#4, 1 სადარბაზოს მე-2 სართულზე არსებული 61,91 მ2 საცხოვრებელი (იზორილებული) ფართობის ნა---------------ასთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე არ ცნობს სარჩელს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

ქ. ზუგდიდი, ბერანძის ქ.#4, (კრილოვის 1-ლი შეს. #30) 1 სადარბაზოს მე-2 სართულზე არსებული 61,91 მ2 საცხოვრებელი (იზორილებული) ფართობით სარგებლობდნენ საკავშირო მაგისტრალური კავშირგაბმულობის და ტელევიზიის #4 ტექნიკური კვანძის #4 საკაბელო უბნის მუშებს.

 

აღნიშნულ ქონებაზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში არ არის რეგისტრირებული.

 

ნა---------------ა 04.07.2000 წ მდგომარეობით რეგისტრირებულია მისამართზე ქ. ზუგდიდი, ბადრი ბერაძის ქ. #30, ბინა #7-ში.

 

მოპასუხეს მოსარჩელემ წარუდგინა ურთიერთშეუსაბამო მონაცემები. ინფორმაციებს წარუდგენს ბინა #6 დაკავშირებით, თუმცა რეგისტრირებულია # 7-ში.

 

უწყებრივ ბინასთან დაკავშირებით ნა---------------ას სამართლებრივი კავშირი ვერ დადგინდა. ნა---------------ას მუშაობის შესახებ ინფორმაცია არ არის. მისი მშობლების შესახებ ინფორმაცია ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი არ არის.

 

ნა---------------ას განცხადება არაპრივატიზებული ფართის უსასყიდლოდ გადაცემის მოთხოვნა არ ეფუძნება მემკვიდრეობის უფლებას, თუმცა ვერ ამტკიცებს, რომ არის შესაბამისი ფართის კანონიერი მოსარგებლე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი შესაგებელი

-მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

-მოწმეთა ჩვენებები, სხდომის ოქმი

-ნა---------------ას საინფორმაციო ბარათი

–საარქივო ცნობა

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება

–ქ. ზუ--------------–----–--------------ს 01.11.2017 წ #1753 ბრძანება

–კომისიის სხდომის ოქმი #13, 30.10.2017 წ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელი უსაფუძვლოა.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის 1-ლი მუხლი, ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის #189 დადგენილება.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

,,სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.

 

სარჩელში მითითებული დავა სწორედ ამგვარ შემთხვევას წარმოადგენს, რის გამოც მის გადასაწყვეტად უნდა გამოვიყენოთ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის #189 დადგენილება ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ".

 

ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის ,,ე" ქვეპუნქტის მიხედვით კანონიერი მოსარგებლეა ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე.

 

განსახილველ შემთხვევაში ნა---------------ამ ვერ დაამტკიცა, რომ სადავო ბინის კანონიერი მოსარგებლეა.

 

ამავე წესის მე-3 მუხლის მიხედვით არაპრივატიზებული საცხოვრებელი ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი (განსახილველ შემთხვევაში თვითმმართველი ქალაქის მერი) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ამ წესისა და კანონმდებლობის შესაბამისად.

 

დასახელებული წესის მე-4 მუხლის 1-ლი - მე-3 ნაწილების მიხედვით არაპრივატიზებული საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის განხილვის საფუძველია კანონიერი მოსარგებლის წერილობითი განცხადება შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში.

 

განცხადება უნდა იყოს შედგენილი წერილობითი ფორმით და შეიცავდეს: ა) იმ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოს დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი, ბ) განმცხადებლის ვინაობასა და მისამართს, დ) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას.

 

განცხადებას უნდა დაერთოს: ა) არაპრივატიზებული საცხოვრებელი ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, აგრეთვე მემკვიდრეობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო წარმომადგენლობის შემთხვევაში, დამატებით წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, გ) საცხოვრებელი ფართობის შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი, დ) ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა (თანხმობები), თუკი კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია რამდენიმე კანონიერი მოსარგებლე და საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლების დათმობა ხდება კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ ერთი ან რამდენიმე კანონიერი მოსარგებლის სასარგებლოდ, ე) გარკვეული პირობით დროებით გადაცემული არაპრივატიზირებული საცხოვრებელი ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) ნოტარიულად დამოწმებული წერილობითი უარი უფლებამოსილი ორგანოსაგან პირობის შესრულების მოთხოვნაზე, რომელიც დამოკიდებული იქნება მისი განცხადების დაკმაყოფილების პირობაზე, ვ) დროებით გადაცემული არაპრივატიზებული საცხოვრებელი ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ 2007 წლის 2 თებერვლამდე აღნიშნულ ფართობზე რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთი.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობით არ არის დადგენილი სადავო ბინის ნა---------------ასთვის კანონიერ სარგებლობაში გადაცემა, რაც მისი განცხადების განუხილველად დატოვების და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტის ბათილობის ეს საფუძველი სახეზე არ გვაქვს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

სარჩელზე გადახდილია სახ. ბაჟი 100 ლარის ოდენობით. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, ეს თანხა უნდა დარჩეს სახ. ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-2, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა

 

1.სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. სახ. ბაჟი გადახდილია.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს (მდ. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. 32) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, მისი მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს (მდ. ქ. ზუგდიდი, გრ. ქობალიას ქ. 12) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ირაკლი აბშილავა