გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.02.2020
საქმის ნომერი
330210019003063822
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო, სესხი
თარიღი
26.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/15090-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

26 თებერვალი, 2020 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნინო მამულაშვილი

სხდომის მდივანი ქეთევან ლაზარაშვილი

 

მოსარჩელე - შპს ,,მი-------------------------------ი“

წარმომადგენელი - პა------–---–----ე, სო--------–-------ა

 

მოპასუხე - ნუ----------------ე, ტუ-----------ე, ზვ------------ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს - ნუ----------------ეს, ტუ-----------ეს, ზვ------------ს მოსარჩელე შპს ,,მი-------------------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხის ძირითადი თანხა - 2785.45 აშშ დოლარი და სარგებელი - 1109.81 აშშ დოლარი (მოსარჩელემ 2020 წლის 26 თებერვლის სასამართლო სხდომაზე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და უარი თქვა პირგასამტეხლოს ნაწილში სასარჩელო მოთხოვნაზე).

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

2016 წლის 22 სექტემბერს შპს ,,მი-------------------------------სა’’ და ნუ----------------ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N---------------, რის საფუძველზეც ნუ----------------ზე გაიცა სესხი 2 870 აშშ დოლარის ოდენობით. სესხი გაიცა 2 წლის ვადით, ყოველწლიური 36% სარგებლის დარიცხვის პირობით.

 

2016 წლის 22 სექტემბერს გაფორმებული N--------------- საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად 2016 წლის 22 სექტემბერს ტუ-----------ესა და ზვ------------თან გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები.

 

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მიუხედავად, მოპასუხე ნუ----------------მ დაარღვია ხელშეკრულების პირობები და არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მხოლოდ ერთხელ - 2016 წლის 22 ოქტომბერს განახორციელა გადახდა 169.47 აშშ დოლარის ოდენობით.

 

მოვალის მიერ 2016 წლის 22 სექტემბერს N--------------- საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელემ თავდებ პირებს გაუგზავნა საპრეტენზიო წერილები, რომლითაც მოპასუხეებს ეცნობათ მოვალის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის თაობაზე.

 

2019 წლის 24 ივნისის მდგომარეობით ნუ----------------ს დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს: სესხის ძირითადი თანხის სახით - 2785.45აშშ დოლარს, სარგებლის სახით დარიცხულ - 1109.81აშშ დოლარს და პირგასამტეხლოს - 4178.18 აშშ დოლარს.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

მოპასუხე ტუ-----------ემ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, სესხის ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში.

 

მოპასუხე ზვ------------ს სარჩელთან დაკავშირებით წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია, ხოლო სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო მხოლოდ სესხის ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში.

 

მოპასუხე ნუ----------------ეს სარჩელზე შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც 2020 წლის 26 თებერვლის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 22 სექტემბერს შპს ,,მი-------------------------------სა“ და ნუ----------------ს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება N---------------, რომლის თანახმადაც, მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 2870 აშშ დოლარი, წლიური საპროცენტო განაკვეთით 36%; კრედიტით სარგებლობის ვადა 24 თვე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საკრედიტო ხელშეკრულება N--------------- (ს.ფ. 17-22);

- გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 23-24).

 

3.1.2. 2016 წლის 22 სექტემბერს შპს ,,მი-------------------------------სა“ და ტუ-----------ეს შორის დაიდო თავდებობის შესახებ N--------------- ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა ნუ----------------ს მიერ შპს ,,მი-------------------------------თან“ 2016 წლის 22 სექტემბერს გაფორმებული N--------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების სრულად შესრულებაზე. ძირითადი მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 5740 აშშ დოლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 22 სექტემბრის თავდებობის შესახებ N--------------- ხელშეკრულება (ს.ფ. 25-26);

 

3.1.3. 2016 წლის 22 სექტემბერს შპს ,,მი-------------------------------სა“ და ზვ------------ს შორის დაიდო თავდებობის შესახებ N--------------- ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა ნუ----------------ს მიერ შპს ,,მი-------------------------------თან“ 2016 წლის 22 სექტემბერს გაფორმებული N--------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების სრულად შესრულებაზე. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 5740 აშშ დოლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 22 სექტემბრის თავდებობის შესახებ N--------------- ხელშეკრულება (ს.ფ. 27-28);

 

3.1.4. ნუ----------------ს მიერ დარღვეულ იქნა სესხის შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად გადახდის ვალდებულება. მის მიერ განხორციელდა მხოლოდ ერთი თვის შენატანის 169.47 აშშ დოლარის გადახდა კრედიტორის სასარგებლოდ 2016 წლის 22 ოქტომბერს;

მოპასუხეებს მოსარჩელის მიერ გაეგზავნათ საპრეტენზიო წერილები და განესაზღვრათ დამატებითი ვადა ფულადი დავალიანების ნებაყოფლობით დაფარვისათვის, თუმცა უშედეგოდ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გაფრთხილების წერილები (ს.ფ. 29-31);

- საფოსტო უკუგზავნილი (ს.ფ. 32);

- სესხის ამონაწერი (ს.ფ 34);

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ.33)

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.5. მოპასუხეებს მოსარჩელის წინაშე ერიცხებათ დავალიანება, სესხის ძირითადი თანხა - 2785.45 აშშ დოლარი, დარიცხული სარგებელი 1109.81 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა დავალიანებების შესახებ. (ს.ფ. 33).

 

3.1.6. დადგენილია, რომ ხელშეკრულების დადების შემდგომ მოსარჩელემ შეიცვალა სახელწოდება და დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია, როგორც შპს ,,მი-------------------------------ი’’.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ს.ფ. 35-36).

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმის მასალებით, არ დასტურდება მოსარჩელის მიერ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით, სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებლის განსაზღვრის ფაქტი.

 

სასამართლო განმარტავს რომ ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სახელმძღვანელო დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპია. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ (სსკ-ის 8.3 მუხლი). ''უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები'' (სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი). შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას რომ სესხის საპროცენტო სარგებლის ოდენობის განსაზღვრისას მოსარჩელე, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა მოქმედებდა ცალსახად არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება;

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ხელშეკრულება მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგია, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე და მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას. კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს (319-ე მუხლი) და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ როგორც ხელშეკრულების შინაარსი, ასევე მისი შესრულების მექანიზმი.

 

შესაბამისად, იმ პირობებში როდესაც მოსარჩელის შეთავაზებას მსესხებელი მხარე თავად დაეთანხმა და შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობა არ იკვეთება, მხარეთა შეთანხმებით სესხის წლიური სარგებლის 36%-ით (რაც ყოველთვიური 3%-ია) განსაზღვრა საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად ვერ შეფასდება.

 

დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ;

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,მი-------------------------------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 8-ე, 327-ე, 623-ე, 625-ე, 891-ე, 895-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას, მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 22 სექტემბერს შპს ,,მი-------------------------------სა“ და ნუ----------------ს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება N---------------, რომლის თანახმადაც, მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 2870 აშშ დოლარი, წლიური საპროცენტო განაკვეთით 36%; კრედიტით სარგებლობის ვადა 24 თვე.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებით აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 22 სექტემბერს ერთის მხრივ შპს ,,მი-------------------------------სა“ და მეორეს მხრივ ტუ-----------ესა და ზვ------------ს შორის გაფორმდა თავდებობის შესახებ N--------------- და N--------------- ხელშეკრულებები, რომლითაც თავდებმა პირებმა იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა ნუ----------------ს მიერ შპს ,,მი-------------------------------თან“ 2016 წლის 22 სექტემბერს გაფორმებული N--------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების სრულად შესრულებაზე. ძირითადი მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში თითოეული თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 5740 აშშ დოლარით.

 

6.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

ზემოთ დასახელებული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ საქმის განხილვაში მონაწილე პირებს - მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები და ამ უფლებათა დაცვის საშუალებები. მოსარჩელის უფლებაა აღძრას საქმე, განსაზღვროს სარჩელის საგანი, საფუძველი და ა.შ. ანალოგიურად ვრცელდება პროცესის დისპოზიციურობა მოპასუხეზე, რომელსაც დასახელებული პრინციპის ფარგლებში შეუძლია ცნოს სარჩელი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, თავდებმა პირებმა ტუ-----------ემ და ზვ------------მა მოსარჩელის მოთხოვნა სესხის ძირითადი თანხის 2785.45 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში ცნეს სრულად, რაც ამ ნაწილში მათ მიმართ შპს ,,მი-------------------------------ის“ სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების საფუძველია.

6.4. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები (სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას). შესრულების ვალდებულება კი პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა.

 

საქმეზე დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებებია რომ: მსესხებელის მიერ დარღვეულ იქნა შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად კრედიტორის სასარგებლოდ, ყოველთვიურად თანხის გადახდის ვალდებულება; პირადი მოვალის მიერ განხორციელდა მხოლოდ ერთი თვის შენატანის 169.47 აშშ დოლარის გადახდა კრედიტორის სასარგებლოდ 2016 წლის 22 ოქტომბერს; მსესხებელსა და თავდებ პირებს მოსარჩელის მიერ გაეგზავნათ საპრეტენზიო წერილები და განესაზღვრათ დამატებითი ვადა ფულადი დავალიანების ნებაყოფლობით დაფარვისათვის, თუმცა უშედეგოდ; ფულადი ვალდებულება მოპასუხეების მიერ დღემდე არ შესრულებულა.

 

შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია 2016 წლის 22 სექტემბერს გაფორმებული Nსკ-22.09.2016/1 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოითხოვოს მოპასუხეთათვის სოლიდარულად როგორც სესხის ძირი თანხის _ 2785.45აშშ დოლარის, ასევე - 1109.81 აშშ დოლარის ოდენობით საპროცენტო სარგებლის დაკისრება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

დადგენილია რომ მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, ამდენად, მოპასუხეებს: ნუ----------------ეს, ტუ-----------ეს და ზვ------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის გადახდა - 326 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,მი-------------------------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხეებს - ნუ----------------ეს, ტუ-----------ეს, ზვ------------ს მოსარჩელე შპს ,,მი-------------------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 22 სექტემბერს გაფორმებული N--------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 3895.26 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 2785.45 აშშ დოლარი და სარგებელი - 1109.81 აშშ დოლარი;

 

3. მოპასუხეებს - ნუ----------------ეს, ტუ-----------ეს და ზვ------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის გადახდა - 326 ლარის ოდენობით.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო მამულაშვილი