გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2890-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 თებერვალი, 2020 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნინო მამულაშვილი
სხდომის მდივანი ქეთევან ლაზარაშვილი
მოსარჩელე - სს ,,მი--------------------ი“
წარმომადგენელი - ვე------------ა
მოპასუხეები - ჯო---------ა, გი-------–--–------ე
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს - ჯო---------ასა და გი-------–--–------ეს მოსარჩელე სს ,,მი--------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხის ძირითადი თანხა - 4733 ლარი, სარგებელი - 4496.35 ლარი და პირგასამტეხლო - 3468 ლარი;
1.2. მოპასუხეებს - ჯო---------ასა და გი-------–--–------ეს მოსარჩელე სს ,,მი--------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გირავნობის მოწმობის სანაცვლოდ გადახდილი საზღაური - 50 ლარი და გირავნობის მოწმობის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების ხარჯი 100 ლარი.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
2017 წლის 07 ივნისს მხარეებს შრის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მხარეებს შორის გაფორმდა შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ და მოსარჩელემ მოპასუხეს, 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 4733 ლარის ოდენობით.
მოპასუხე ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 36 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი ავტომობილი - ჰ----------------. მსესხებლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები დამატებით უზრუნველყოფილ იქნა გი-------–--–------ის თავდებობით.
მოპასუხის მიერ არცერთი თვის გადასახადი არ გადახდილა. შესაბამისად, მოპასუხეებს სოლიდარულად ეკისრებათ დავალიანება: სესხის ძირითადი ნაწილი - 4733 ლარი, სარგებელი - 2017 წლის 07 ივლისისა და ყოველი მომდევნო თვის 07 რიცხვისთვის სესხის დარჩენილი ნაწილის 5%, რაც შეადგენს 236.65 ლარს. შესაბამისად, ვინაიდან სარჩელის შემოტანამდე გასულია 19 თვე, დარიცხული სარგებელი შეადგენს 4496.35 ლარს და პირგასამტეხლო - თითოეული ვადაგადაცილებული დღისთვის 6 ლარის ოდენობით, რაც 2017 წლის 8 ივლისიდან 578 კალენდარულ დღეზე გადაანგარიშებით შეადგენს 3468 ლარს.
მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, ხელშეკრულებით დადგენილი წესით მსესხებელს გაეგზავნა შეტყობინება და დაგირავებული ავტომობილის მოგირავნისათვის გადაცემის მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ. ავტომობილის მფლობელობაში გადმოცემისა და მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით კანონით დადგენილი წესით 2017 წლის 30 ნოემბერს შსს ,,მო-----------------------ს“ მიერ გაცემული გირავნობის მოწმობის საფუძველზე 2017 წლის 6 დეკემბერს დაიწყო სააღსრულებო წარმოება - ავტომობილი იძებნებოდა, თუმცა ვერ მოხერხდა მისი მოძიება.
2. მოპასუხეების პოზიცია
მოპასუხეებს სარჩელთან დაკავშირებით წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენიათ და არც 2020 წლის 25 თებერვლის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულან, რომლის შესახებაც მათ ეცნობათ სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების გზით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 07 ივნისს სს ,,მი--------------------სა“ და ჯო---------ას შორის დაიდო საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ N----------- ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, საკრედიტო ხაზის მაქსიმალური მოცულობა განისაზღვრა - 5500 ლარით. სესხი მსესხებელს გადაეცემოდა ერთიანად ან ნაწილ-ნაწილ, მსესხებლის მოთხოვნილი ოდენობით, არაუგვიანეს ამგვარი მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, საკრედიტო შეთანხმების საფუძველზე.
სესხის დაბრუნებისა და სარგებლის გადახდის, აგრეთვე შესაძლო ზიანის (პირგასამტეხლო, ჯარიმა, გირავნობის საგნის მოვლა-შენახვის (როცა აღნიშნული ხორციელდება მოგირავნის მიერ), დაზღვევის, სასამართლო, რეალიზაციის, სააღსრულებო, გამსესხებლის იურიდიული მომსახურების ხარჯები და სხვა) ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, დამგირავებელმა მოგირავნის სასარგებლოდ გირავნობით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის მახასიათებლებია: მარკა, მოდელი: ჰ---------------, სარეგისტრაციო ნომერი: D------, გამოშვების წელი - 1---, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო NS----------------, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა: A--------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ N----------- ხელშეკრულება (ს.ფ. 17-24);
3.1.2. 2017 წლის 07 ივნისს მოსარჩელესა და ჯო---------ას შორის დაიდო შეთანხმება N-----------, რომლის თანახმადაც მოპასუხეზე გაიცა სესხი 4733 ლარის ოდენობით; საკრედიტო შეთანხმების მნიშვნელოვანი პირობების თანახმად, კრედიტის ვადა შეადგენდა 36 თვეს, სესხის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი 5%, წლიური საპროცენტო განაკვეთი 60%; ყოველთვიური შენატანი (ძირი თანხა და სარგებელი) განისაზღვრა 287 ლარით; შეთანხმებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის - გადახდის ვადის 1-დან 5 კალენდარული დღის ჩათვლით ვადაგადაცილების შემთხვევაში თითოეული ვადაგადაცილებული დღისთვის 12 ლარი, ხოლო გადახდის ვადის მე-6 დღიდან თითოეული ვადაგადაცილებული დღისთვის - 6 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ზედა ზღვრისა (სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიური 150%-ისა).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 07 ივნისის შეთანხმება N----------- (ს.ფ.26-27).
- გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 28).
3.1.3. 2017 წლის 7 ივნისს სს ,,მი--------------------სა“ და გი-------–--–------ეს შორის დაიდო ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ, რომლის მიხედვითაც, თვადებმა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა - ჯო---------ას მიერ N----------- ხელშეკრულების ან/და მის საფუძველზე დადებული საკრედიტო შეთანხმებით დადგენილი ვალდებულებების შესრულებაზე. კრედიტორისთვის ძირითადი ვალის გადახდა ზღვრული თანხის - 16 500 ლარის ფარგლებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წერილობითი განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ (ს.ფ. 29);
- ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ (ს.ფ. 30-32);
3.1.4. მოპასუხეებს მოსარჩელის მიერ გაეგზავნათ წერილობითი გაფრთხილება ფულადი ვალდებულების ნებაყოფლობით დაფარვის მიზნით; სს ,,მი--------------------მა“ ჯო---------ას მოსთხოვა მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დატვირთული, მოპასუხის საკუთრებაში არსებული ავტომანქანის გადაცემა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გაფრთხილების წერილები (ს.ფ. 33-34);
3.1.5. სს ,,მი--------------------ის“ მიმართვის საფუძველზე, 2017 წლის 30 ნოემბერს სსიპ ს---------–----–------------------------------ მო-----------------------მ გასცა გირავნობის მოწმობა N------; გირავნობის მოწმობის საფუძველზე დაიწყო იძულებითი აღსრულება, თუმცა ავტომანქანის მოძიება ვერ განხორციელდა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გირავნობის მოწმობა (ს.ფ. 36);
- ხელშეკრულება სააღსრულებო მომსახურების შესახებ (ს.ფ. 44-45);
3.1.6. მოპასუხეების მიერ არ განხორციელებულა მათზე ნაკისრი ვალდებულების შესრულება. მსესხებელს არ არცერთი თვის შენატანი არ განუხორციელებია;
მოპასუხეებს სს ,,მი--------------------ის“ მიმართ ერიცხებათ დავალიანება, სესხის ძირითადი თანხა - 4733 ლარი, დარიცხული სარგებელი - 4496.35 ლარი, პირგასამტეხლო - 3468 ლარი, სააღსრულებო წარმოების ხარჯი 150 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ 48);
- გაფრთხილების წერილები (ს.ფ. 33-34);
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომიდ ოქმი).
3.1.7. შპს ''მი---------------------ა'' შეეცვალა სამართლებრივი ფორმა და გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ს.ფ. 49-50).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულებით შეთანხმებული წლიური საპროცენტო განაკვეთის ოდენობა, წარმოადგენს უცილოდ ბათილ შეთანხმებას, ხოლო დარიცხული პირგასამტეხლო, როგორც შეუსაბამოდ მაღალი უნდა შემცირდეს - აღნიშნულზე სასამართლოს მსჯელობა იხილეთ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ''მი--------------------ის'' სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 8-ე, 54-ე, 62-ე, 464-ე, 623-ე, 625-ე, 417-ე, 420-ე, 891-ე, 895-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგია, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე და მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას. კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს (319-ე მუხლი) და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ როგორც ხელშეკრულების შინაარსი, ასევე მისი შესრულების მექანიზმი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას, მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
დადგენილია, რომ 2017 წლის 07 ივნისს სს ,,მი--------------------სა“ და ჯო---------ას შორის დაიდო საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ N----------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაფორმებული შეთანხმების შედეგად მოპასუხეზე გაიცა სესხი 4733 ლარის ოდენობით, კრედიტის ვადა 36 თვე, სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი 60%, ყოველთვიური 5%; ყოველთვიური შენატანი (სესხისა და სარგებლის თანხა) განისაზღვრა 287 ლარით;
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებით აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
დადგენილია, რომ 2017 წლის 7 ივნისს სს ,,მი--------------------სა“ და გი-------–--–------ეს შორის დაიდო ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ, რომლის თანახმადაც, თავდებმა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა, მსესხებლის მიერ ფულადი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებაზე. თავდები პირის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 16 500 ლარით.
6.3. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები (სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას). შესრულების ვალდებულება კი პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებია რომ: მსესხებელს კრედიტორის სასარგებლოდ, გრაფიკის შესაბამისად არ არცერთი თვის შენატანი არ განუხორციელებია; მოპასუხეებს მოსარჩელის მიერ გაეგზავნათ წერილობითი გაფრთხილება ფულადი ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების მიზნით, თუმცა უშედეგოდ; სს ,,მი--------------------ის“ მიმართვის საფუძველზე, 2017 წლის 30 ნოემბერს სსიპ ს---------–----–------------------------------ მო-----------------------მ გასცა გირავნობის მოწმობა N------; გირავნობის მოწმობის საფუძველზე დაიწყო იძულებითი აღსრულება, თუმცა ავტომანქანის მოძიება ვერ განხორციელდა;
შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხეთათვის 2017 წლის 07 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დავალიანების ძირი თანხის - 4733 ლარის გადახდა.
6.4. რაც შეეხება საპროცენტო სარგებლის სახით მოპასუხეთათვის სოლიდარულად 4496.35 ლარის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნას, სასამართლო მიიჩნევს რომ 2017 წლის 07 ივნისს სს ,,მი--------------------სა“ და ჯო---------ას შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ N----------- ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული 2017 წლის 07 ივნისის სესხის გადაცემის თაობაზე შეთანხმება ნაწილობრივ ბათილია სესხის ძირითად ნაწილზე სარგებლის სახით ყოველთვიურად 5 %-ის (წლიური 60%-ის) დარიცხვის ნაწილში, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის დანაწესით ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ამავე კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც.
საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა დაამკვიდროს დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო. ყოველივე აღნიშნულის საფუძველი კი სტაბილური ეკონომიკური ბრუნვა და ბრუნვის მონაწილეთა ძირითადი უფლებების დაცვაა.
სასამართლო განმარტავს, რომ გარიგება ან მისი ესა თუ ის პირობა ზნეობრივ ნორმებთან და საჯარო წესრიგთან შეუსაბამოა, როდესაც ის ეწინააღმდეგება სოციალური სამართლიანობის პრინციპს, ხელშეკრულების მხარეს აყენებს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში. შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული როგორც თითოეული გარიგების შინაარსი და მისი სამართლებრივი ბუნება, ასევე მისი პირობების შედარება სამოქალაქო ბრუნვაში ანალოგიური ეკონომიკური დანიშნულების მქონე გარიგებების შინაარსთან, ასევე ის გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც გამოავლინა გარიგების დადების ნება მხარემ.
სასამართლოს მოსაზრებით გამსესხებლის მიერ ბაზარზე საბანკო დაწესებულებების კრედიტებზე დადგენილი საშუალო საპროცენტო განაკვეთებზე ბევრად მეტი ოდენობით პროცენტის განსაზღვრა ეწინააღმდეგება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობებისთვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებს, შესაბამისად, საჯარო წესრიგს და ზნეობრივ სტანდარტებს.
სასამართლო მიუთითებს, რომ ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სახელმძღვანელო დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპია. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ (სსკ-ის 8.3 მუხლი). ''უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები'' (სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი). შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა და უდავოა, რომ სწორედ მის მიერ იქნა განსაზღვრული სესხის სარგებელი - ყოველთვიური 5%. მართალია, ამ შეთავაზებას მსესხებელი დაეთანხმა, მაგრამ ამით სამართლებრივი სურათი არ იცვლება, რადგანაც სს ,,მი--------------------ი“ მოქმედებდა სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ: ,,თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე“. ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და მოსარჩელე (სარგებლის მიმღები) მოქმედებდა ცალსახად არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები და მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი სესხის წლიური სარგებლის 60%-ით განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სარგებლის მართლზომიერების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი და სსსკ 102-ე მუხლის პირველი ნაწილების თანახმად. ამრიგად, მხარეთა შორის დადებული 2017 წლის 07 ივნისის ხელშეკრულების (საკრედიტო შეთანხმების) დებულება, რომლითაც გამსესხებელმა სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი განსაზღვრა, მაშინ როდესაც არ არსებობდა ასეთი მოქმედების ლეგიტიმური მიზანი, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით უცილოდ ბათილია, რაც არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას სსკ-ის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე (აღნიშნული დასაბუთება სრულად შეესაბამება საქართელოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას, იხ. სუსგ, საქმე N663-629-2015, 28.07.2015 წელი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მხარეთა ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიაჩნია, სესხის წლიურ საპროცენტო განაკვეთად განისაზღვროს ძირითადი თანხის - 20%.
შესაბამისად, ვინაიდან მხარეთა შორის გაფორმებული 07.06.17წ. ხელშეკრულებიდან (საკრედიტო შეთანხმებიდან) გამომდინარე, სესხის ძირითადი თანხაა - 4733 ლარი, რომლის წლიური 20% შეადგენს - 946 ლარს (ყოველთვიურად 78.88 ლარს). ამდენად, საპროცენტო სარგებლის თანხა 19 თვეზე (07.07.17წ.-დან 07.02.19წ.-მდე), უნდა განისაზღვროს - 1498.72 ლარით, რომლის გადახდა სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს.
6.5. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად კი, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რომლის წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთის მხრივ მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ხოლო მეორე ფუნქცია მისი მდგომარეობს განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად. ვალდებულების დამრღვევ მხარეს პირგასამტეხლო ეკირება იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ პირგასამტეხლო და მისი ოდენობა, კრედიტის თანხის საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვადაში დაუბრუნებლობისათვის, წერილობით იქნა შეთანხმებული მხარეთა მიერ 2017 წლის 07 ივნისის N----------- ხელშეკრულებით (საკრედიტო შეთანხმებით) - გადახდის ვადის 1-დან 5 კალენდარული დღის ჩათვლით ვადაგადაცილების შემთხვევაში თითოეული ვადაგადაცილებული დღისთვის 12 ლარი, ხოლო გადახდის ვადის მე-6 დღიდან თითოეული ვადაგადაცილებული დღისთვის - 6 ლარის ოდენობით.
წინამდებარე სარჩელით, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეებს - ჯო---------ასა და გი-------–--–------ეს სს ,,მი--------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო, ყოველდღიურად 6.0 ლარის ოდენობით, რაც 578 კალენდარულ დღეზე გადაანგარიშებით, შეადგენს 3468 ლარს;
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
აღნიშნული ნორმის დანაწესის საფუძველზე სასამართლო განმარტავს: მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და დავის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს კი წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან და საქმეზე დადგენილი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს რომ პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციის და ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობის გათვალისწინებით მოპასუხეთათვის დაკისრებული პირგასამტეხლო 6 ლარი (0.12)% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, როგორც შეუსაბამოდ მაღალი უნდა შემცირდეს 0.05%-მდე და უნდა განისაზღვროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირითადი თანხის _ 4733 ლარის 0.05%-ის (2.36 ლარი) ოდენობით, რაც 578 დღეზე დაანგარიშებით შეადგენს 1367.83 ლარს. აღნიშნული სრულად უზრუნველყოფს მოპასუხეთა მიერ შესასრულებელი ფულადი ვალდებულების დარღვევისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას.
საბოლოოდ, მოპასუხეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სესხის ძირითადი თანხის, საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს გადახდა, ჯამში - 7599.55 ლარის (4733+1498.72+1367.83 ლარი) ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი 385.42 ლარის ოდენობით. ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რის გამოც მოპასუხეებს - ჯო---------ას და გი-------–--–------ეს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გაღებული ხარჯის ანაზღაურება დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად - 232.49 ლარის ოდენობით, ხოლო დარჩენილი ნაწილი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია რომ მოსარჩელეს გადახდილი აქვს გირავნობის მოწმობის საზღაური - 50 ლარი, ასევე გაღებული აქვს გირავნობის მოწმობის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების ხარჯი - 100 ლარი, რომლის ანაზღაურებაც ასევე უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,მი--------------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხეებს - ჯო---------ას და გი-------–--–------ეს მოსარჩელე სს ,,მი--------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ - 7599.55 ლარის გადახდა, საიდანაც, სესხის ძირითადი თანხაა - 4733 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 1498.72 ლარი და პირგასამტეხლო - 1367.83 ლარი.
3. ჯო---------ას და გი-------–--–------ეს სს ,,მი--------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი გირავნობის მოწმობის საზღაურის - 50 ლარისა და გირავნობის მოწმობის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების ხარჯის - 100 ლარის ანაზღაურებაა.
4. მოპასუხეებს - ჯო---------ას და გი-------–--–------ეს მოსარჩელე სს ,,მი--------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 232.49 ლარის ანაზღაურება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო მამულაშვილი