გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №------------------
საქმე №3/8466-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
24 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნინო ბუაჩიძე
სხდომის მდივანი ელენე არდაზიშვილი
მოსარჩელე - ჰ---–------–---------
წარმომადგენელი - გ-----------–--–--ა
მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
წარმომადგენელი - ლ-------–-–---–ი
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაევალოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის 2019 წლის 15 აგვისტოს განცხადებასთან დაკავშირებით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. ჰ---–------–--------- (დაბადებული 2----–-–----------------- არის ინდოეთის რესპუბლიკის მოქალაქე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ეროვნული პასპორტის ასლი (ს.ფ. 55-59);
- განცხადება ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ (ს.ფ. 46-52);
- სამახსოვრო ბარათი (ს.ფ. 53-54);
3.2. შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის 2019 წლის 13 აგვისტოს №0513 ცნობის თანახმად, ჰ---–------–--------- 2018 წელს №0----- ბრძანების საფუძველზე ჩაირიცხა შპს ქ--------–-----------–-------------------------–--ის სკოლის დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიან პროგრამაზე. ამჟამად არის მე-2 კურსის სტუდენტი. სავარაუდოდ სწავლის დამთავრების ვადაა 2025 წლის იანვრის ბოლო.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის 2019 წლის 13 აგვისტოს №0513 ცნობა (ს.ფ. 74);
3.3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 12 აგვისტოს №---------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა 2019 წლის 9 აგვისტოს №---------- განცხადება ინდოეთის რესპუბლიკის მოქალაქის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების თაობაზე და მას საქართველოდან გასვლის ვალდებულება გადაუვადდა 2019 წლის 12 აგვისტოდან 2019 წლის 23 ოქტომბრამდე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 12 აგვისტოს №---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 76-77);
3.4. 2019 წლის 15 აგვისტოს ჰ---–------–---------მ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარადგინა განაცხადი საქართველოში სასწავლო ბინადრობის მიღებისათვის.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2019 წლის 16 აგვისტოს №1---------/1 წერილით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და სთხოვა ეცნობებინა - არსებობდა თუ არა ჰ---–------–---------სათვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2019 წლის 22 აგვისტოს №S---------------- წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს ჰ---–------–---------ს შესახებ ინფორმაცია არ გააჩნდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განაცხადი (ს.ფ. 49-52);
- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 16 აგვისტოს №1---------/1 წერილი (ს.ფ. 41);
- საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2019 წლის 22 აგვისტოს №S---------------- წერილი (ს.ფ. 42);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ჰ---–------–---------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონი. კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონი. საქართველოს მთავრობის 2014 წლის პირველი სექტემბრის №520 დადგენილება საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების კატეგორია, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში მოსარჩელე ითხოვს დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, კანონით დადგენილ ვადაში მოსარჩელის მიერ 2019 წლის 15 აგვისტოს წარდგენილ №1--------- განცხადებაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
6.2. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას. ამავე კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელს, რომელსაც აქვს ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე სახის ბინადრობის ნებართვა, უფლება აქვს, სხვა სახის ბინადრობის ნებართვის მისაღებად სააგენტოს მიმართოს, თუ იგი შესაბამისი სახის ბინადრობის ნებართვის გასაცემად დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლი განსაზღვრავს ბინადრობის ნებართვის სახეებს. აღნიშნული მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საქართველოში ბინადრობის ნებართვის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს სასწავლო ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით;
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2019 წლის 15 აგვისტოს ინდოეთის რესპუბლიკის მოქალაქე ჰ---–------–---------მ №1--------- განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და განცხადების დაჩქარებული წესით განხილვის ფორმით საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა მოითხოვა.
6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 72-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული წარმოების სახეები, კერძოდ, პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების სახეებია: ა) მარტივი ადმინისტრაციული წარმოება; ბ) ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება და გ)საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. ამავე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების თანახმად კი, თუ კანონი არ ითვალისწინებს სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების გამოყენებას, ადმინისტრაციული ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამზადებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას(ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას) ცალკე ადმინისტრაციული წარმოება არ დაიწყება, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გადაწყვეტილების მიღების ვადასთან დაკავშირებული საკითხები. კერძოდ,- აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ იღებს განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში. ამავე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც არ ეხება მესამე პირის ინტერესებს, უნდა გამოიცეს განცხადების წარდგენიდან 15 დღის ვადაში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მესამე ნაწილი ეხება ადმინისტრაციულ წარმოებაში გადაწყვეტილების მისაღებად განსაზღვრული ვადის გაგრძელების საკითხს და ადგენს, რომ თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისას გამოაქვს გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის განსაზღვრის შესახებ, ხოლო ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით განსაზღვრულია, რომ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით განსაზღვრულია საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად უცხოელი განცხადებით მიმართავს სააგენტოს პირადად ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად და ამ ნებართვის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად განცხადებების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოსთვის საჭირო დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან 30 დღეს.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული იქნა „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი“, რომლითაც განსაზღვრულია უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები. მითითებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო), ხოლო სასწავლო ბინადრობის ნებართვის მოპოვების საკითხის განხილვისათვის საჭირო საბუთების ნუსხა მოცემულია ამავე დებულების მე-6 მუხლში, რაც მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა ადმინისტრაციულ ორგანოში.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო ყველა დოკუმენტი უნდა იქნეს წარდგენილი განცხადებასთან ერთად. სააგენტო უფლებამოსილია, ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, დამატებით მოითხოვოს იმ დოკუმენტების წარდგენა, რომლებიც ასაბუთებენ ამ წესით გათვალისწინებულ ცალკეულ ფაქტებსა და გარემოებებს (საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისათვის). უცხოელს, ასევე, შეუძლია სააგენტოში საკითხის განხილვის პროცესში, თავისი ინიციატივით, წარადგინოს საკითხის განხილვისათვის საჭირო დამატებითი დოკუმენტები. ამავე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად კი, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად ან მისი მოქმედების ვადის გასაგრძელებლად, განცხადების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოსათვის საჭირო დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან 30 დღეს.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადები, მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობები და საფასურის გადახდის წესის“ მე-2 მუხლი ეხება მომსახურების ვადებსა და საფასურის განაკვეთებს. კერძოდ,-დასახელებული მუხლის 23-ე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი, სასწავლო, ოჯახის გაერთიანების მიზნით, საქართველოს ყოფილი მოქალაქისა და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვების მიღების მიზნით, განცხადების შეტანიდან: ა) 30-ე კალენდარულ დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 210 ლარი; ბ) მე-20 კალენდარულ დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 210 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 120 ლარი; გ) 10 კალენდარული დღის ვადაში გაცემისათვის – მომსახურების საფასური 210 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 200 ლარი.
საქმის მასალებით დადგენილია, ჰ---–------–---------მ რომ 2019 წლის 15 აგვისტოს №1--------- განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და განცხადების დაჩქარებული წესით განხილვის ფორმით საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა მოითხოვა. აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დაწყებული იქნა ადმინისტრაციული წარმოება, თუმცა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი განცხადების განხილვის 30 დღიანი ვადის გასვლის მიუხედავად, დღეის ჰ---–------–---------მ რომ 2019 წლის 15 აგვისტოს №1--------- განცხადებით მოთხოვნილ საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ ორგანოს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მატერიალური სახით გადაწყვეტილება (შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) არ მიუღია. ამასთან, საგულისხმოა ასევე ის გარემოებაც, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ მიუღია დასაბუთებული გადაწყვეტილება განცხადების განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ პირი აღჭურვილია რა კანონიერი ნდობის უფლებით, ადმინისტრაციულ ორგანოში მისი განცხადების დარეგისტრირება იწვევს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულების - განცხადების კანონით დადგენილ ვადაში განხილვა-გადაწყვეტის წარმოშობას, რის მიმართ პირის კანონიერი მოლოდინი პატივსადები და სამართლებრივი დაცვის ღირსია.
6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანოს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ დარღვეული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ სპეციალური კანონით დადგენილი დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი განცხადების განხილვის ვადა; ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ არის მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილება განცხადების განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ. შესაბამისად, მოპასუხე მხარის მიერ განცხადების განხილვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევა პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანს აყენებს მოსარჩელე მხარის კანონიერ უფლებასა და ინტერესს, რის გამოც ჰ---–------–---------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს; მოპასუხეს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უნდა დაევალოს მოსარჩელე - ჰ---–------–---------ს 2019 წლის 15 აგვისტოს №1--------- განცხადებაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამდენად, მოპასუხე უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
სასამართლო მიუთითებს, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრულია წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის გამოთვლის წესი, რომელიც უნდა იყოს გონივრული და შეესაბამებოდეს დავის საგნის ღირებულებას. კერძოდ, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. შესაბამისად, მითითებული ნორმა განსაზღვრავს მხარის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების იმ ოდენობის მაქსიმუმს, რომელიც შეიძლება დაეკისროს მეორე მხარეს ქონებრივი და არაქონებრივი დავის დროს. ამ მაქსიმუმის ფარგლებში სასამართლოს შეუძლია, თავისი შეხედულებით, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მეორე მხარეს. ამასთან, მხარისათვის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების დაკისრებისას, აუცილებელია შეფასება მიეცეს ამგვარი ხარჯის გაწევის აუცილებლობას დასაჭიროებას, პირის სამართლებრივ მდგომარეობას, რომელიც ამგვარი ხარჯის ანაზღაურებას მოითხოვს ე.ი. უნდა შეფასდეს ფაქტობრივი საფუძველი, რაც განაპირობებს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების აუცილებლობას, მით უფრო იმ ოდენობით, რომელსაც მხარე მოითხოვს. საკითხისადმი ამგვარი მიდგომა ქმნის, როგორც წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის დაბრკოლებას, ასევე, კანონისმიერი ბოჭვის ფარგლებში აქცევს (ზღუდავს) სამართალწარმოების ხარჯზე, მეორე მხარისაგან სარგებლის მიღების შესაძლებლობას, რაც იცავს იმ მხარის ინტერესებს, რომელსაც ამ ხარჯის ანაზღაურება უნდა დაეკისროს (იხ. სუს 19.09.2017 წ. განჩინება საქმე №ბს-294-292(კ-17)).
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხისა და სხვა ხარჯების ანაზღაურება, რეალურად გაწული ხარჯისა და გონივრული ანაზღაურების ფარგლებში. სასამართლოს მიაჩნია, რომ ადვოკატის მომსახურების ხარჯი უნდა განისაზღვროს 400 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-13, 22-23-ე, 32-ე, 33-ე, 34-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე და 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ჰ---–------–---------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. დაევალოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 15 აგვისტოს №1--------- განცხადებაზე გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ჰ---–------–---------სათვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით;
3. მოპასუხეს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის ანაზღაურება;
4. მოპასუხეს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ადვოკატის ხარჯის - 400 ლარის ანაზღაურება;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრიგოლ რობაქიძის №7ა).
მოსამართლე ნინო ბუაჩიძე