გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.04.2020
საქმის ნომერი
330310018002593527
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
27.04.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე N3/5234-18 8 ოქტომბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ანა ჩხეტია

სხდომის მდივანი გიორგი ჩიქოვანი

 

მოსარჩელე - ნ-----------–---–ი

წარმომადგენლები - ბ---------------–---–ი, ა-----–--–---------ე

მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

წარმომადგენელი - ს---–-----------ე

მესამე პირი - ნ-----–-----------–---–ი

წარმომადგენელი - ნ------------–---–ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 17 ივლისის N--- განკარგულება და დასახელებულ კომისიას დაევალოს, თბილისში, წ-----–ი, რ---------–ის მე-5 ჩიხის N3-ის, ყოფილი ა----–-----–ის ქუჩა N61-ის მიმდებარე 31 კვ.მ მიწის ნაკვეთზე აღიაროს ნ-----------–---–ის საკუთრების უფლება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა მის უსაფუძვლობაზე მითითებით.

 

3. მესამე პირის პოზიცია

მესამე პირი არ დაეთანხმა სარჩელს.

 

4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების ულების აღიარების კომისიის 2015 წლის 28 სექტემბრის სხდომაზე მიღებული გდაწყვეტილებით (სხდომის ოქმი N---) ნ-----------–---–ის გაცხადება თბილისში, წ-----–ი მდებარე, დავით ა----–-----–ის ქუჩა N61-ის მიმდებარე 31 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკურების უფლების აღიარებს შესახებ არ დაკმაყოფილდა იმაზე მითითებით, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი თავისი მდებარეობით, ფართობითა და კონფიგურაციით, ისევე, როგორც მასზე განთავსებული ნაგებობა შეუსაბამო იყო არსებული განაშენიანებისათვის.

მტკიცებულება: სხდომის ოქმი N--- (ს.ფ. 89).

 

4.2. 2017 წლის 6 ოქტომბერს ნ-----------–---–მა ქალაქ თბილისის უნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას განცხადებით მიმართა, რომლითაც თბილისში, წ-----–ი, რ---------–ის მე-5 ჩიხში N3-ის (ყოფილი ა----–-----–ის ქუჩა N61) მიმდებარე 31 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა.

მტკიცებულება: გაცხადება (ს.ფ. 93-94), საკადასტრო აზომვითი ნახაზი, სიტუაციური ნახზი (ს.ფ. 96-97, 95).

 

4.3. ნ-----------–---–ის მოთხოვნაზე ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით დასკვნის მისაღებად საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს მიმართა. პასუხად, აღნიშნული სამსახურის 2018 წლის 16 თებერვლის წერილით კომისიას ეცნობა, რომ ნ-----------–---–ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეული იყო სარეკრეაციოა ზონაში (რზ-3).

მტკიცებულება: წერილი (ს.ფ. 90).

 

4.4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 21 მაისის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით (სხდომის ოქმი N---) და მის საფუძველზე 2018 წლის 17 ივლისს გამოტანილი N--- განკარგულებით ნ-----------–---–ს განცხადების განხილვის გარეშე ეთქვა უარი ქალაქ თბილისში, წ-----–ი, რ---------–ის მე-5 ჩიხში N3-ის (ყოფილი ა----–-----–ის ქუჩა N61) მიმდებარე 31 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმაზე მითითებით, რომ განცხადებით წარდგენილ მოთხოვნაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ იმსჯელა 2015 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით და არ არსებობდა საკითხზე ხელახლა მსჯელობის საფუძველი, ვინაიდან განმცხადებელს არ მიუთითებია მისთვის ხელსაყრელ ახლადაღმოჩენილ ან ახლადგამოვლენილ გარემოებაზე.

მტკიცებულება: სხდომის ოქმი (ს.ფ. 82-87), განკარგულება (ს.ფ. 78-81).

 

4.5. ნ-----------–---–ს 2017 წლის 6 ოქტომბრის განცხადებაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის არ წარუდგენია ისეთი სახის ახლადაღმოჩენილი ან ახლადგამოვლენილ გარემოება, რაც შეცვლიდა საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 28 სექტემბრის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების (სხდომის ოქმი N---) საფუძვლებს.

როგორც აღინიშნა, საკუთრების უფლების აღიარების კომისიიამ 2015 წლის 28 სექტემბრის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით მიიჩნია, რომ თბილისში, წ-----–ი, დავით ა----–-----–ის ქუჩა N61-ის მიმდებარე 31 კვ.მ მიწის ნაკვეთი თავისი მდებარეობით, ფართობითა და კონფიგურაციით, ისევე, როგორც მასზე განთავსებული ნაგებობა შესაბამო იყო არსებული განაშენიანებისათვის. არსებული განაშენიანების ან/და მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის კონფიგურაციის ცვლილების თაობაზე გარემოებებზე დაინტერესებულ პირს არ მიუთითებია, არამედ მან წარადგინა ინდ.მეწარმე დამოუკიდებელი ექსპერტი, აუდიტორი დავით რობაქიძის დასკვნა, რომლითაც აღწერილია განსახილველი მიწის ნაკვეთის მდებარეობა და მითითებულია, რომ მიწის ნაკვეთზე არსებული ავტოფარეხი არ ზღუდავს სატრანსპორტო საშუალების გამტარ გზას (ს.ფ. 40-42). ამდენად, დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი განაცხადი და მტკიცებულებები მიუთითებს არა ახალ გარემოებაზე, არამედ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ საქმის თავდაპირველად განხილვისას გაკეთებული დასკვნების დაუსაბუთებლობასა თუ უსწორობაზე, რაც შეიძლებოდა, გამხდარიყო თავდაპირველი გადაწყვეტილების გასაჩივრების და არა საქმის ხელახლა განხილვის საფუძველი.

 

4.6. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის N39-18 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, ნ-----------–---–ის 2018 წლის 6 ოქტომბრის განცხადებით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი (შპს „ჰორიზონტი 2009-ის“ მიერ 2017 წლის 20 სექტემბერს შესრულებული საკადატრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად) მოქცეულია სარეკრეაციო ზონაში (რზ-3).

მტკიცებულება: საკადასტრო აზომვითი ნახაზი (ს.ფ. 96-97), დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტი), რომელიც ბათილია, თუ ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი). სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ იგი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილი).

მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლომ შეამოწმა რა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 17 ივლისის N--- განკარგულების კანონიერება, მიიჩნევს, რომ არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისებისა და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონმა (მიღებულია 2007 წლის 11 ივლისს) კერძო პირების მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთების მათ საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობა და მისი რეალიზების ძირითადი პირობები დაადგინა.

დასახელებული კანონის მიხედვით, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილება შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს მიენიჭა, რომელიც ამ უფლებამოსილებას კომისიის მეშვეობით ახორციელებდა, კომისია კი თავის ფუნქციებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით განსაზღვრული წესით ასრულებდა. კანონში 2016 წლის ივნისში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია და მითითებული კომისია წარმოადგენს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის უფლებამონაცვლეს („ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-4 მუხლი, 76 მუხლი).

ამავე კანონით, მისი მიზნებისათვის, განისაზღვრა, თუ რა მიიჩნევა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად და ვინ წარმოადგენს მასზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნაზე უფლებამოსილ, დაინტერესებულ პირს. კერძოდ:

- თვითნებურად დაკავებულ მიწად მიიჩნევა ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე), რომლის ფართობი ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა (მართლზომიერი მფლობელობა)(კანონის მე-2 მუხლის ,,გ” პუნქტი);

- დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება (კანონის მე-2 მუხლის ,,ე” პუნქტი).

თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დასასაბუთებლად კომპეტენტური კომისიისათვის დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი განცხადებით მიმართვისას კანონი შემდეგი დოკუმენტების წარდგენის საჭიროებას ითვალისწინებს:

ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება;

ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი;

გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად;

დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები („ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-51-ე მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტები).

ამავე კანონის მიხედვით, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას კომისიამ უნდა გაითვალისწინოს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან („ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-51-ე მუხლის მე-2 პუნქტი).

საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა:

ა) პირუტყვის გადასარეკი ტრასა;

ბ) წყლის სახელმწიფო ფონდის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომელთა საკუთრებაში გადაცემა და გამოყენება შესაძლებელია „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

გ) სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომლებიც დაკავებულია ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ, რომელთა საკუთრებაში გადაცემა შესაძლებელია სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს დასკვნის შესაბამისად და რომელთა სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვა ხელს არ შეუშლის სახელმწიფო ტყის ფონდის მართვისა და დაცვის განხორციელებას;

დ) დაცული ტერიტორია, გარდა დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა;

ე) რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე-პარკი, სკვერი და სხვა ტერიტორია, გარდა საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მქონე ტერიტორიებისა;

ვ) ისტორიის, კულტურის, ბუნებისა და საკულტო-რელიგიური ძეგლები;

ზ) საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო), დასასვენებელი ადგილი (პარკი, ტყე-პარკი, სკვერი, ხეივანი), დენდროლოგიური პარკი და ბოტანიკური ბაღი;

თ) თუ მასზე განთავსებულია წყალსაცავი, ჰიდროტექნიკური ნაგებობა და ამ ობიექტების სანიტარიულ-დაცვითი ზონები;

ი) თუ მასზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგაყვანილობის) ობიექტები;

კ) სპეციალური დანიშნულების (თავდაცვისა და მობილიზაციისათვის განკუთვნილი) მიწის ნაკვეთები;

ლ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი, მათ შორის, ის მიწის ნაკვეთი, რომელზე განთავსებული სახელმწიფო ქონებაც „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ ექვემდებარება პრივატიზებას;

მ) სასაფლაო და პანთეონი;

ნ) სანიტარიული და დაცვითი ზონები;

ო) თუ იგი განკუთვნილია ნავთობისა და გაზის მაგისტრალური მილსადენებისა და მათთან დაკავშირებული მიწისქვეშა და მიწისზედა საშუალებების მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის;

პ) საძოვარი („ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი).

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-51-ე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. განცხადება ადმინისტრაციული წარმოების განახლების შესახებ მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული წარმოების დროს ამ გარემოებათა ან ფაქტების წარუდგენლობა განმცხადებლის ბრალით არ მომხდარა.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, ნ-----------–---–ს 2017 წლის 6 ოქტომბრის განცხადების განხილვის ფარგლებში საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის არ წარუდგენია ისეთი სახის ახლადაღმოჩენილი ან ახლადგამოვლენილ გარემოება, რაც შეცვლიდა საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 28 სექტემბრის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების (სხდომის ოქმი N---) საფუძვლებს. როგორც სასამართლომ მიიჩნია, მის წარდგენილი განაცხადი და მტკიცებულებები მიუთითებდა არა ახალ გარემოებაზე, არამედ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ საქმის თავდაპირველად განხილვისას გაკეთებული დასკვნების დაუსაბუთებლობასა თუ უსწორობაზე, რაც შეიძლებოდა, გამხდარიყო თავდაპირველი გადაწყვეტილების გასაჩივრების და არა საქმის ხელახლა განხილვის საფუძველი (პუნქტი 4.5). ამასთან, ნ-----------–---–ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მოქცეული იყო სარეკრეაციო ზონაში და აღნიშნული მოცემულობა არ შეცვლილა არც სადავო გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ. ამდენად, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 17 ივლისის N--- განკარგულებით მართლზომიერად იქნა უარყოფილი მისი მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განკარგულების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

 

8. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება მოსარჩელეს შესრულებული აქვს სარჩელის წარდგენის ეტაპზე - საქმეს ერთვის 100 ლარის ოდენობით ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ს.ფ. 58-59).

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ნ-----------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია მოსარჩელის მიერ;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე ქ.თბილისში, დავით ა----–-----–ის ხეივანი, მე-12 კმ, N6) სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

მოსამართლე ანა ჩხეტია