გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.06.2019
საქმის ნომერი
330210019002860293
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
13.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/3511-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

13 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ეკატერინე ბიწაძე

სხდომის მდივანი - თამთა ბარამიძე

 

მოსარჩელე - სს ,,თ--–--ი“

წარმომადგენელი - ზ------------

 

მოპასუხე - შპს ,,ყ--------------------–--ი“

წარმომადგენელი - გ-----------–---–-

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შპს ,,ყ--------------------–--ს“ მოსარჩელე სს ,,თ--–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს დაზიანებული კაბელების აღდგენის მიზნით გაწეული სარემონტო სამუშაოების დანახარჯის - 874.94 ლარის გადახდა.

 

1.2. მოპასუხე შპს ,,ყ--------------------–--ს“ მოსარჩელე სს ,,თ--–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს, სს ,,თ--–--ის“ მიერ ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის მიუწოდებელი ელ. ენერგიის გამო, მიუღებელი შემოსავლის - 3.07 ლარის გადახდა.

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

2018 წლის 12 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში, მ------------–----ისა და გ---------ის ქუჩების კვეთაზე, შპს „ყ--------------------–--ის“ მიერ მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოების დროს, ტექნიკის გამოყენებით დაზიანებული იქნა საკაბელო ტრასა სქ-5--------. დაზიანებული საკაბელო ტრასა - მაღალი ძაბვის ელ.კაბელი აღდგენილი იქნა სს "თ--–--ის" მიერ.

 

2018 წლის 19 ოქტომბრის N314 ხარჯთაღრიცხვისა და 2018 წლის 29 ოქტომბრის გაანგარიშების თანახმად, სს თ--–--ის მიერ დაზიანებული კაბელის აღდგენის მიზნით გაწეული სარემონტო სამუშაოების დანახარჯმა შეადგინა - 874,94 ლარი დღგ-ს გარეშე, ხოლო დაზიანებული ხაზის (კაბელის) აღდგენამდე სს თ--–--ის მომხმარებლებისათვის მიუწოდებელი ელ.ენერგიის გამო, მიუღებელმა შემოსავალმა შეადგინა 3,07 ლარი დღგ-ს გარეშე და საერთო ჯამში სს თ--–--ის სასარგებლოდ გადასახდელი კომპენსაციის ოდენობა შეადგენს 878,01 ლარს დღგ-ს გარეშე.

 

13.11.2018 წელს შპს ,,ყ--------------------–--ს“ გაეგზავნა შეტყობინება სს "თ--–--ის" მიმართ მიყენებული ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურების შესახებ, მაგრამ მოპასუხე უარს აცხადებს ზიანის ანაზღაურებაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შპს ,,ყ--------------------–--მა“ წარმოდგენილი შესაგებლით სს ,,თ--–--ის“ სარჩელი არ ცნო. მოპასუხემ განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მის დაკმაყოფილებაზე. მოპასუხემ შესაგებელში მიუთითა, რომ 2018 წლის 12 ოქტომბერს, შპს ,,ყ--------------------–--ის“ თანამშრომლები აწარმოებდნენ მიწის გათხრით სამუშაოებს, რა დროსაც დააზიანეს ელ. კაბელი. აღნიშნული დაზიანება მათი მართლსაწინააღმდეგო ან ბრალეული ქმედების შედეგს არ წარმოადგენდა, ვინაიდან სამუშაოების დაწყებამდე მათ კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით შეატყობინეს სს ,,თ--–--ის“ თანამშრომლებს სამუშაოების დაწყების თაობაზე, ასევე მოითხოვეს მათი გამოცხადება და ელ. კაბელების ტრაექტორიის განსაზღვრა. მოსარჩელის თანამშრომლებმა ადგილზე გამოცხადების შემდეგ არასწორად მიუთითეს ელ. კაბელის ტრაექტორია. სწორედ აღნიშნულმა მითითებამ გამოიწვია დაზიანება, ვინაიდან მოპასუხე კომპანიის ფრთხილი მუშაობის მიუხედავად თავიდან ვერ იქნა აცილებული ელ. კაბელის დაზიანება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 12 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში, მ------------–----ისა და გ---------ის ქუჩების კვეთაზე, შპს „ყ--------------------–--ის“ მიერ მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოების დროს, ტექნიკის გამოყენებით დაზიანებული იქნა საკაბელო ტრასა სქ-5--------. დაზიანებული საკაბელო ტრასა - მაღალი ძაბვის ელ.კაბელი აღდგენილი იქნა სს "თ--–--ის" მიერ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სრ ისანის 12.10.2018 წლის წერილი (ს.ფ. 19);

- აქტი #3 (ს.ფ. 20)

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. 2018 წლის 19 ოქტომბრის N314 ხარჯთაღრიცხვისა და 2018 წლის 29 ოქტომბრის გაანგარიშების თანახმად, სს თ--–--ის მიერ დაზიანებული კაბელის აღდგენის მიზნით გაწეული სარემონტო სამუშაოების დანახარჯმა შეადგინა - 874,94 ლარი დღგ-ს გარეშე, ხოლო დაზიანებული ხაზის (კაბელის) აღდგენამდე სს თ--–--ის მომხმარებლებისათვის მიუწოდებელი ელ.ენერგიის გამო, მიუღებელმა შემოსავალმა შეადგინა 3,07 ლარი დღგ-ს გარეშე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შესრულებული სამუშაოების აქტები (ს.ფ. 21-22);

- ხარჯთაღრიცხვა (ს.ფ. 23-24);

- ცნობა-გაანგარიშება #158-18 (ს.ფ. 25-26);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. 13.11.2018 წელს, შპს ,,ყ--------------------–--ს“ გაეგზავნა შეტყობინება სს ,,თ--–--ის“ მიმართ მიყენებული ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურების შესახებ, რაზეც შპს ,,ყ--------------------–--მა“ უარი განაცხადა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სს ,,თ--–--ის“ 13.11.2018 წლის წერილი(ს.ფ. 27)

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების ანალიზის საფუძველზე, მიიჩნევს, რომ მოპასუხე შპს ,,ყ--------------------–--ის“ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების საფუძველზე არ მომხდარა სს ,,თ--–--ის“ კუთვნილი ელ. კაბელების დაზიანება.

სასამართლო მითითებული ფაქტობრივი გარემოების დადგენისას ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოების კონკრეტული მტკიცებულებებით დადასტურების ვალდებულება აკისრია მხარეს, რომელიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებს აღნიშნულ გარემოებას და შესაბამისად, იგი ეთითება მის მიერ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. სასამართლოს შინაგანი რწმენის ფორმირება ეფუძნება მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოსაყალიბებლად, მხედველობაში მიიღება და ფასდება თითოეული მოვლენა, რომელიც არსებობს ამ გარემოების ირგვლივ. ამდენად, შინაგანი რწმენით მტკიცებულებათა შეფასება ხდება დამოუკიდებლად, ხდება თითოეული მტკიცებულების მნიშვნელობის განსაზღვრა და ასევე მათ ერთობლიობაში შეფასება.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით და მოწმეთა ჩვენებებით, სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნული დაზიანება მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შედეგს არ წარმოადგენდა, ვინაიდან სამუშაოების დაწყებამდე მოპასუხემ კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით შეატყობინა სს ,,თ--–--ის“ თანამშრომლებს სამუშაოების დაწყების თაობაზე, ასევე მოითხოვა მათი გამოცხადება და ელ. კაბელების ტრაექტორიის განსაზღვრა. მოსარჩელის თანამშრომლებმა ადგილზე გამოცხადების შემდეგ არასწორად მიუთითეს დაზიანებული ელ. კაბელის ტრაექტორია. საგულისხმოა, რომ გამოკითხული მოწმის -ნ-----–---- დ---–--ის ჩვენების შესაბამისად კაბელის მდებარეობაც იყო ნორმასთან შეუთავსებელი და ფაქტიურად ასფალტის საფარის ქვეშ მდებარეობდა. სასამართლო მტკიცების სტანდარტის გათვალისწინებით მიუთითებს, რომ წარმოდგენილ შემთხვევაში მხოლოდ დაზიანების ფაქტი ვერ გახდება ბრალეულობის დადგენის საფუძველი. მოსარჩელე მხარის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს დაადასტუროს ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების არსებობის ფაქტიც. მოცემული შემთხვევაში იმ გარემოების მხედველობაში მითებით, რომ სამუშაოს დაწყებამდე სრულად მოხდა მოსარჩელის ინფორმირებულობა და მათი წარმომადგენელი იყო გასული ადგილზე, მოსარჩელე მხარის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს სამუშაოების წესის დარღვევისა თუ კაბელის სათანადო სიღრმეზე მდებარეობის ფაქტის დადასტურება. საქმეში არ არის წარმოდგენილი ფოტომასალა ან რაიმე სხვა სახის მტკიცებულება, როლიც დაადასტურებდა მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული ადგილმდებარეობისაგან განსხვავებულ ადგილზე სამუშაოთა წარმოებისა თუ არასათანადოდ სამუშაოების წარმოების ფაქტს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სრ ისანის 12.10.2018 წლის წერილი (ს.ფ. 19);

- აქტი #3 (ს.ფ. 20);

- შესრულებული სამუშაოების აქტები (ს.ფ. 21-22);

- ხარჯთაღრიცხვა (ს.ფ. 23-24);

- ცნობა-გაანგარიშება #158-18 (ს.ფ. 25-26);

- სს ,,თ--–--ის“ 13.11.2018 წლის წერილი(ს.ფ. 27)

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- მოწმეთა ჩვენებები - იხ. სასამართლო სხდომის ოქმი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 396-ე, 411-ე, 412-ე და 992-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 396-ე მუხლის თანახმად, მოვალემ თავისი კანონიერი წარმომადგენლის და იმ პირთა მოქმედებისათვის, რომელთაც იგი იყენებს საკუთარ ვალდებულებათა შესასრულებლად, ისეთივე მოცულობით უნდა აგოს პასუხი, როგორც საკუთარი ბრალეული მოქმედების დროს.

 

აღნიშნული ნორმების დანაწესიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. უპირველეს ყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში. ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ვალდებულების მოპასუხეზე დასაკისრებლად საჭიროა სახეზე იყოს, სამართალდარღვევის შემადგენლობა, რომლის შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. სასამართლომ მხარეთა განმარტებების და საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნია მოპასუხის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის და აღნიშნული ქმედების შედეგად მოსარჩელისთვის მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი. შესაბამისად, სახეზეა სამართალდარღვევის სამივე ნიშანი, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის საფუძველია.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, ვინაიდან სს ,,თ--–--ის“ მოთხოვნა ზიანის 874.94 ლარის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით 3.07 ლარის მოპასუხისთვის დაკისრების თაობაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან წარმოდგენილ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს "თ--–--ის" სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გადაწყვეტილება არ საჩივრდება.

 

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე