გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310019002972335
საქმე №---------
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
06 აგვისტო, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი
სხდომის მდივანი - ანა მგელაძე
მოსარჩელე - შ---------------
წარმომადგენლები - გ-----------------, გ--–----------
მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ბ----------------
მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური
წარმომადგენელი - ს-----------------
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 04 იანვრის №------- გადაწყვეტილება;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 26 იანვრის №------- გადაწყვეტილება;
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 01 აპრილის №--- ბრძანება შ---------------- წარმომადგენლის - გ------------------ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
მოსარჩელეთა განმარტებით, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 19.12.2017 წლის ბ----------------- ბრძანებით, შ--------------- უარი ეთქვა მშენებლობა დამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებაზე (საკადასტრო კოდი 8-----------). აღნიშნულ აქტში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელემ 25.12.2017 წელს, №--------- განაცხადით მიმართა ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს და ითხოვა ცვლილებების შეთანხმება, თუმცა თბილისის არქიტექტურის სამსახურის 04.01.2018 წლის №------- გადაწყვეტილებით დაუდგინდა ხარვეზი, რომელშიც აღნიშნულია: „2. შენობის გარეთ განთავსებული გათბობა-კონდიცირების და სხვა საინჟინრო მოწყობილობა-დანადგარები საჭიროა შეიმოსოს (დაიფაროს) დეკორატიული ელემენტებით (ჟალუზი, ეკრანი და სხვა). 3. გაითვალისწინეთ, რომ „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „რეკლამა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება სახელმწიფო ენაზე. ეს მოთხოვნა არ ეხება იმ გადაცემებსა და გამოცემებს, რომლებიც ვრცელდება სხვა ენაზე, აგრეთვე არ ეხება წარწერას საქონლის გამოსახულებაზე, გარდა სასაქონლო ნიშნისა, ხოლო საქართველოში განთავსებული, სხვა ენაზე რეგისტრირებული სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის (ლოგოტიპის) მფლობელს ევალება მისი ტრანსლიტერაციის წესით გადმოცემა ქართულ ენაზე“. გამომდინარე აქედან, სარეკლამო აბრაზე წარწერა შესრულებული უნდა იყოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო უცხო ენაზე შესრულებული წარწერა ზემოთ (ყველა შემთხვევაში) და რაოდენობით არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ (ტრანსლიტერირებულ) ფორმას. მანათობელი წარწერის შემთხვევაში, ორივე ენაზე შესრულებული (ქართული და უცხოური) წარწერები ერთნაირად უნდა იყოს განათებული (ზგ)“.
მოსარჩელე უთითებს, რომ პირველ პუნქტთან დაკავშირებით მის მიერ წარდგენილ იქნა ფოტოსურათები, რომლითაც დასტურდებოდა, რომ შენობის გარეთ განთავსებული გათბობა-კონდიცირების და სხვა საინჟინრო მოწყობილობა-დანადგარები შემოსილი იყო დეკორატიული ელემენტებით. ხოლო, მეორე პუნქტთან მიმართებით წარდგენილ იქნა წერილობითი დასაბუთება იმისა, რომ ობიექტზე განთავსებული კომპანიის ლოგო შესაბამისობაში იყო „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან. თბილისის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა დამატებით წარდგენილი ფოტოსურათები და არგუმენტაცია და გამოსცა 26.01.2018 წლის №------- გადაწყვეტილება, რომელიც 04.01.2018 წლის №------- (პირველად მიღებული) გადაწყვეტილების იდენტური იყო.
ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 04.01.2018 წლის №------- და 26.01.2018 წლის №------- გადაწყვეტილებები ადმინისტრაციული წესით გასაჩივრებულ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, რომლის 01.04.2019 წლის №--- ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და შესაბამისად, არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
2.2. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და შესაბამისად, არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ ქ. თბილისში, მ--------–-------------–----------–---------- ასახვევიდან 100 მეტრში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №------------, 2015 წლის 11 ნოემბრიდან, საკუთრების უფლებით აღრიცხულია შ---------------- სახელზე, ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 1726.00კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 0---------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 14.12.2016 (ს.ფ. 132-133);
3.1.2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 26 იანვრის №------- ბრძანებით დადგინდა ქ. თბილისში, მ--------–-------------–----------–---------- ასახვევიდან 100 მეტრში მდებარე მიწის ნაკვეთის (------------------- სამშენებლოდ გამოყენების პირობები.
3.1.3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 13 იანვრის №------- ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, მ--------–-------------–----------–---------- ასახვევიდან 100 მეტრში, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (------------------- სავაჭრო პავილიონის (სუპერმარკეტი) არქიტექტურული პროექტი, გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა კი განისაზღვრა 2017 წლის 13 იანვრიდან 2018 წლის 13 სექტემბრის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 26 იანვრის №------- ბრძანება (ს.ფ. 122-128);
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 13 იანვრის №------- ბრძანება (ს.ფ. 129-131).
3.1.4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 19 დეკემბრის №------------------ ბრძანებით, შ--------------- უარი ეთქვა ქ. თბილისში, სექტორი - თელეთი, მ--------–-------------–----------–---------- ასახვევიდან 100 მეტრში (ს/კ: №------------) მდებარე მშენებლობადამთავრებული ობიექტის (სავაჭრო პავილიონი (სუპერმარკეტი) – III კლასი) ექსპლუატაციაში მიღებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 19 დეკემბრის №------------------ ბრძანება (ს.ფ. 158).
3.1.5. 2017 წლის 25 დეკემბერს ვალერიან ნიორაძემ №--------- განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა თბილისში, მ--------–-------------–----------–---------- ასახვევიდან 100 მეტრში მდებარე №------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არქიტექტურული პროექტის დარღვევით განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დადასტურება.
ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 04 იანვრის №------- გადაწყვეტილებით ვალერიან ნიორაძის №--------- განცხადებაზე დადგენილ იქნა ხარვეზები, კერძოდ:
- შენობის გარეთ განთავსებული გათბობა-კონდიცირების და სხვა საინჟინრო მოწყობილობა-დანადგარები საჭიროა შეიმოსოს (დაიფაროს) დეკორატიული ელემენტებით (ჟალუზი, ეკრანი და სხვა);
- ამავე გადაწყვეტილებით განმცხადებელს განემარტა, რომ „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „რეკლამა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება სახელმწიფო ენაზე. ეს მოთხოვნა არ ეხება იმ გადაცემებსა და გამოცემებს, რომლებიც ვრცელდება სხვა ენაზე, აგრეთვე არ ეხება წარწერას საქონლის გამოსახულებაზე, გარდა სასაქონლო ნიშნისა, ხოლო საქართველოში განთავსებული, სხვა ენაზე რეგისტრირებული სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის (ლოგოტიპის) მფლობელს ევალება მისი ტრანსლიტერაციის წესით გადმოცემა ქართულ ენაზე’’. გამომდინარე აქედან, სარეკლამო აბრაზე წარწერა შესრულებული უნდა იყოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო უცხო ენაზე შესრულებული წარწერა ზემოთ (ყველა შემთხვევაში) და რაოდენობით არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ (ტრანსლიტერირებულ) ფორმას. მანათობელი წარწერის შემთხვევაში, ორივე ენაზე შესრულებული (ქართული და უცხოური) წარწერები ერთნაირად უნდა იყოს განათებული (Z-).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 04 იანვრის №------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 16-17).
3.1.6. შ---------------- მიერ ზემოაღნიშნული ხარვეზების შევსების მიზნით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში წარდგენილ იქნა გათბობა-კონდიცირების დანადგარების შემოსვის ამსახველი ფოტომასალა, ხოლო ლოგოს ტრანსლიტერაციასთან დაკავშირებით კი, განმარტება, რომ აღნიშნული ლოგო შესაბამისობაშია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შემოსვის ამსახველი ფოტომასალა (ს.ფ. 110-118);
- მოსარჩელის განმარტება (ს.ფ. 119).
3.1.7. ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 26 იანვრის №------- გადაწყვეტილებით, დადგენილ იქნა ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 04 იანვრის №------- გადაწყვეტილების ანალოგიური შინაარსის ხარვეზები, კერძოდ:
- შენობის გარეთ განთავსებული გათბობა-კონდიცირების და სხვა საინჟინრო მოწყობილობა-დანადგარები საჭიროა შეიმოსოს (დაიფაროს) დეკორატიული ელემენტებით (ჟალუზი, ეკრანი და სხვა);
- ამავე გადაწყვეტილებით განმცხადებელს განემარტა, რომ ,,რეკლამის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ,,რეკლამა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება სახელმწიფო ენაზე. ეს მოთხოვნა არ ეხება იმ გადაცემებსა და გამოცემებს, რომლებიც ვრცელდება სხვა ენაზე, აგრეთვე არ ეხება წარწერას საქონლის გამოსახულებაზე, გარდა სასაქონლო ნიშნისა, ხოლო საქართველოში განთავსებული, სხვა ენაზე რეგისტრირებული სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის (ლოგოტიპის) მფლობელს ევალება მისი ტრანსლიტერაციის წესით გადმოცემა ქართულ ენაზე’’. გამომდინარე აქედან, სარეკლამო აბრაზე წარწერა შესრულებული უნდა იყოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო უცხო ენაზე შესრულებული წარწერა ზემოთ (ყველა შემთხვევაში) და რაოდენობით არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ (ტრანსლიტერირებულ) ფორმას. მანათობელი წარწერის შემთხვევაში, ორივე ენაზე შესრულებული (ქართული და უცხოური) წარწერები ერთნაირად უნდა იყოს განათებული (Z-).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 26 იანვრის №------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 20-21).
3.1.8. 2019 წლის 06 თებერვალს შ---------------- წარმომადგენელმა გ-----------------მ №----------------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 04 იანვრის №------- და 2018 წლის 26 იანვრის №------- გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და 2017 წლის 25 დეკემბრის №--------- განცხადებაში დაფიქსირებული მოთხოვნის დაკმაყოფილება.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 01 აპრილის №--- ბრძანებით, არ დაკმაყოფილდეს შ---------------- წარმომადგენლის გ------------------ 2019 წლის 06 თებერვლის №----------------- ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 04 იანვრის №------- და 2018 წლის 26 იანვრის №------- გადაწყვეტილებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შ------------------ წარმომადგენლის გ------------------ 2019 წლის 06 თებერვლის №----------------- ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 88-91);
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 01 აპრილის №--- ბრძანება შ---------------- წარმომადგენლის - გ------------------ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე (ს.ფ. 26-35).
3.1.9. საქმეში წარმოდგენილია სასაქონლო ნიშნების გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის 2015 წლის 31 მარტის არსობრივი ექსპერტიზის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ შ---------------- მიერ 2014 წლის 16 დეკემბერს სარეგისტრაციოდ წარდგენილი ნიშანი შეიცავს: სიტყვიერ ჩანაწერს, სტილიზებულ ჩანაწერს, გამოსახულებას, სანოტო ჩანაწერს, სამგანზომილებიან ფიგურას, ფარმაცევტული ნაწარმის დასახელებას.
საქმეში ასევე წარმოდგენილია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის მიერ 2015 წლის 01 აპრილს გაცემული M----- მოწმობა, საიდანაც დგინდება, რომ შ---------------- სასაქონლო ნიშნად რეგისტრირებულია სამგანზომილებიანი ფიგურა ,----’ და სიტყვა „ზ-------ი“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასაქონლო ნიშნების გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის 2015 წლის 31 მარტის არსობრივი ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 39-40);
- საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის 2015 წლის 01 აპრილის M----- მოწმობა (ს.ფ. 36-37).
3.1.10. აღნიშნული საქმის განხილვის მსვლელობის დროს, 2019 წლის 16 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ წერილით მიმართა სსიპ სახელმწიფო ენის დეპარტამენტს და სთხოვა ეცნობებინა დანართი №1-ზე ასახული სარეკლამო აბრის წარწერა შეესაბამებოდა თუ არა ,,რეკლამის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს.
აღნიშნული წერილის პასუხად, სსიპ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის 2019 წლის 19 ივლისის №161 წერილით სასამართლოს ეცნობა, რომ დანართი №1-ზე ასახულ აბრაზე წარწერა შეესაბამებოდა „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 ივლისის წერილი (ს.ფ. 198-199);
- სსიპ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის 2019 წლის 19 ივლისის №161 წერილი (ს.ფ. 206).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შ---------------- სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-35 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულება, ,,რეკლამის შესახებ’’ საქართველოს კანონი, ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 04 იანვრის №------- გადაწყვეტილება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 26 იანვრის №------- გადაწყვეტილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 01 აპრილის №--- ბრძანება შ---------------- წარმომადგენლის - გ------------------ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს. დასახელებული დადგენილების 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას.
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 37-ე მუხლის თანახმად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად, გარდა 38-ე და 39-ე მუხლებით დადგენილი შემთხვევებისა, რომელთაგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. მხოლოდ წინა სტადიით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და დადებითი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ შეუძლია ნებართვის მაძიებელს მოითხოვოს შემდგომი სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. ამავე მუხლის თანახმად, მშენებლობის ნებართვის I სტადიას წარმოადგენს ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა, II სტადიას - არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება, III სტადია - მშენებლობის ნებართვის გაცემა.
სასამართლო განმარტავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018წლის 16 თებერვლის №13-35 დადგენილებით დამტკიცებული იქნა ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულება’’, რომლის მე-2 მუხლით განსაზღვრულია სამსახურის მიზნები. კერძოდ,- დასახელებული მუხლის თანახმად, სამსახურის მიზნებია: ა)მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – თბილისი) ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება; ბ)თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება. ამავე დებულების 3.1 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს არქიტექტურული პროცესების მართვა - დადგენილი წესით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის გაცემა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათში ცვლილებების შეტანა, ხოლო ,,ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობის კოორდინაციისა და რეგულირების ერთიანი პოლიტიკის გატარება, ამ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნულ უფლებამოსილებათა განხორციელება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ხორციელდება არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის საფუძველზე. ამასთან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური არის ქ. თბილისში არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროში ერთადერთი ერთიანი საჯარო ხელისუფლების განმახორციელებელი ორგანო, იგი ვალდებული არის იზრუნოს ქალაქის მხატვრული იერსახის შემდგომი გაუმჯობესებისათვის და ამ კუთხით იგი სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით. შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, შესაძლებლობა აქვს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდგომ განსაზღვროს ამა თუ იმ სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზანშეწონილობა და მისი შესაბამისობა სამსახურის მიერ შემუშავებულ ქალაქის განვითარების პოლიტიკასთან.
6.3. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 26 იანვრის №------- ბრძანებით დადგინდა ქ. თბილისში, მ--------–-------------–----------–---------- ასახვევიდან 100 მეტრში მდებარე მიწის ნაკვეთის (------------------- სამშენებლოდ გამოყენების პირობები.
დადგენილია ასევე, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 13 იანვრის №------- ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, მ--------–-------------–----------–---------- ასახვევიდან 100 მეტრში, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (------------------- სავაჭრო პავილიონის (სუპერმარკეტი) არქიტექტურული პროექტი, გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა კი განისაზღვრა 2017 წლის 13 იანვრიდან 2018 წლის 13 სექტემბრის ჩათვლით.
უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 19 დეკემბრის №------------------ ბრძანებით, შპს ,,ზ-------ს’’ უარი ეთქვა ქ. თბილისში, სექტორი - თელეთი, მ--------–-------------–----------–---------- ასახვევიდან 100 მეტრში (ს/კ: №------------) მდებარე მშენებლობადამთავრებული ობიექტის (სავაჭრო პავილიონი (სუპერმარკეტი) – III კლასი) ექსპლუატაციაში მიღებაზე.
სასამართლო მიუთითებს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 62-ე მუხლზე, რომლითაც გათვალისწინებულია მშენებლობის პროცესში განხორციელებული ისეთი სახის ცვლილებები, რომელთა არსებობა არ საჭიროებს მშენებლობის ახალ ნებართვას. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის ,,პ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობის ახალ ნებართვას არ საჭიროებს სამშენებლო დოკუმენტის შემდეგი ცვლილება: ქ. თბილისში (გარდა V კლასის შენობა-ნაგებობებისა) თუ წარმოებული მშენებლობის შედეგად სამშენებლო დოკუმენტში განხორციელდა ცვლილებები, რაც საჭიროებს მშენებლობის ახალ ნებართვას, თუმცა სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია და დამკვეთს უარი ეთქვა შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებაზე, დამკვეთის მიერ ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოში წარდგენის შემდეგ აღნიშნული ორგანო უფლებამოსილია იმსჯელოს მშენებლობის ნებართვის გაცემის გარეშე უკვე განხორციელებული მშენებლობის ქალაქგეგმარებით მოთხოვნებთან შესაბამისობასა და მისი დასაშვებობის დადასტურებაზე. ასეთ შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტისაგან განსხვავებით, ნაწარმოები მშენებლობის დადასტურება ხდება წერილობითი ფორმით. განხორციელებული მშენებლობის გათვალისწინებით მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია. დადასტურების წერილი მშენებლობის ნებართვის განუყოფელი ნაწილია და უნდა დაერთოს ამ დადგენილებით განსაზღვრული სამშენებლო დოკუმენტის ყველა ეგზემპლარს.
აღნიშნულის შესაბამისად, 2017 წლის 25 დეკემბერს ვალერიან ნიორაძემ №--------- განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა თბილისში, მ--------–-------------–----------–---------- ასახვევიდან 100 მეტრში მდებარე №------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არქიტექტურული პროექტის დარღვევით განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დადასტურება.
ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 04 იანვრის №------- გადაწყვეტილებით კი მითითებულ განცხადებაზე დადგენილ იქნა ხარვეზები, კერძოდ:
- შენობის გარეთ განთავსებული გათბობა-კონდიცირების და სხვა საინჟინრო მოწყობილობა-დანადგარები საჭიროა შეიმოსოს (დაიფაროს) დეკორატიული ელემენტებით (ჟალუზი, ეკრანი და სხვა);
- ამავე გადაწყვეტილებით განმცხადებელს განემარტა, რომ ,,რეკლამის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ,,რეკლამა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება სახელმწიფო ენაზე. ეს მოთხოვნა არ ეხება იმ გადაცემებსა და გამოცემებს, რომლებიც ვრცელდება სხვა ენაზე, აგრეთვე არ ეხება წარწერას საქონლის გამოსახულებაზე, გარდა სასაქონლო ნიშნისა, ხოლო საქართველოში განთავსებული, სხვა ენაზე რეგისტრირებული სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის (ლოგოტიპის) მფლობელს ევალება მისი ტრანსლიტერაციის წესით გადმოცემა ქართულ ენაზე’’. გამომდინარე აქედან, სარეკლამო აბრაზე წარწერა შესრულებული უნდა იყოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო უცხო ენაზე შესრულებული წარწერა ზემოთ (ყველა შემთხვევაში) და რაოდენობით არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ (ტრანსლიტერირებულ) ფორმას. მანათობელი წარწერის შემთხვევაში, ორივე ენაზე შესრულებული (ქართული და უცხოური) წარწერები ერთნაირად უნდა იყოს განათებული (Z-).
აღსანიშნავია, რომ შ------------------ მიერ ზემოაღნიშნული ხარვეზების შევსების მიზნით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში წარდგენილ იქნა გათბობა-კონდიცირების დანადგარების შემოსვის ამსახველი ფოტომასალა, ხოლო ლოგოს ტრანსლიტერაციასთან დაკავშირებით კი, განმარტება, რომ აღნიშნული ლოგო შესაბამისობაშია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონთან. მიუხედავად ამისა, ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 26 იანვრის №------- გადაწყვეტილებით, დადგენილ იქნა ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 04 იანვრის №------- გადაწყვეტილების ანალოგიური შინაარსის ხარვეზები.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას სწორედ ხარვეზის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 04 იანვრის №------- და 2018 წლის 26 იანვრის №------- გადაწყვეტილებების კანონიერება წარმოადგენს. შესაბამისად, სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად სწორად იქნა მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილებები და არსებობდა თუ არა არქიტექტურული პროექტის დარღვევით განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დადასტურების საფუძველი.
6.4. სადავო გადაწყვეტილებებში მითითებულ პირველ ხარვეზთან (შენობის გარეთ განთავსებული გათბობა-კონდიცირების და სხვა საინჟინრო მოწყობილობა-დანადგარები საჭიროა შეიმოსოს (დაიფაროს) დეკორატიული ელემენტებით (ჟალუზი, ეკრანი და სხვა)) დაკავშირებით მოპასუხე განმარტავს, რომ ერთის მხრივ, სახეზე გვაქვს კონკრეტული პირის, შ------------------ ინტერესი - ქ. თბილისში, მ--------–-------------–----------–---------- ასახვევიდან 100 მეტრში მდებარე №------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არქიტექტურული პროექტის დარღვევით ნაწარმოები სამშენებლო სამუშაოების დადასტურება, ხოლო მეორეს მხრივ - საჯარო ინტერესი, რაც გამოიხატება ქალაქის მხატვრული იერსახის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაში. მისივე განმარტებით, დადგენილი ხარვეზის მიზანს წარმოადგენდა არა გათბობა-კონდიცირებისა და სხვა საინჟინრო მოწყობილობა-დანადგარების ნებისმიერი სახის დეკორატიული ელემენტებით შემოსვა, არამედ, მისი დაფარვა ისე რომ აღნიშნული დანადგარები ყოფილიყო შენიღბული და არა ხილვადი.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას მოცემულ ხარვეზთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 04 იანვრის №------- და 2018 წლის 26 იანვრის №------- გადაწყვეტილებები დაუსაბუთებელია და არ იძლევა პასუხს იმაზე, თუ რა გახდა აღნიშნული შინაარსის ხარვეზის დადგენის საფუძველი. ამასთან, უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ შ---------------- მიერ ზემოაღნიშნული ხარვეზების შევსების მიზნით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში წარდგენილ იქნა გათბობა-კონდიცირების დანადგარების შემოსვის ამსახველი ფოტომასალა, თუმცა მიუხედავად ამისა, ყოველგვარი განმარტებისა და დასაბუთების გარეშე, ისე, რომ არ ყოფილა გამოკვლეული წარდგენილი მტკიცებულებები, ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 26 იანვრის №------- გადაწყვეტილებით, კვლავ ანალოგიური შინაარსის ხარვეზი იქნა დადგენილი.
სადავო გადაწყვეტილებებით ასევე არ არის გამოკვლეული რამდენად შეესაბამება ექსპლუატაციის წესებს იმ სახით შეფუთვა, რასაც თავად ითხოვენ და ხომ არ გვექნება სახეზე ექსპლუატაციის ნორმების დარღვევა. სასამართლოსთვის ასევე გაუგებარია რა საჯარო ინტერესს ეწინააღმდეგება შ---------------- ინტერესი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მიერ განხორციელდა გათბობა-კონდიცირებისა და სხვა საინჟინრო მოწყობილობა-დანადგარების დეკორატიული ელემენტებით შემოსვა, რაც აუცილებელია უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით. რატომ არის აუცილებელი მათი სრულად დაფარვა, როდესაც სადავო არ არის, რომ აღნიშნული დანადგარები მოთავსებულია შენობის უკანა მხარეს, გარეშე თვალისთვის დაფარულ და შემოსაზღვრულ ტარიტორიაზე. ამასთან საყურადღებოა, რომ სადავო გადაწყვეტილებებში არ ყოფილა მითითებული კონკრეტულად რა საშუალებით უნდა მომხდარიყო შეფუთვა.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ მართალია ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური არის ქ.თბილისში არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროში ერთადერთი ერთიანი საჯარო ხელისუფლების განმახორციელებელი ორგანო და იგი ვალდებული არის იზრუნოს ქალაქის მხატვრული იერსახის შემდგომი გაუმჯობესებისათვის და ამ კუთხით იგი სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით, თუმცა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსისი მე-6 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება უნდა განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში, მხოლოდ გარკვეული პირობების არსებობის შემთხვევაში და ყოველი კონკრეტული შემთხვევა საჭიროებს შესაბამის დასაბუთებას, რაც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებებში არ არის დასაბუთებული. სასამართლო განმარტავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება არ ნიშნავს თანაზომიერების და კანონიერების პრინციპის უგულებელყოფის შესაძლებლობას. სასამართლოს მოსაზრებით დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რათა ადგილი არ ჰქონდეს პროცედურულ დარღვევებს, კანონის ფარგლების გაცდენას, რასაც საბოლოო ჯამში შესაძლოა შედეგად მოჰყვეს საკუთრების ხელყოფა, კანონიერების, სუბიექტის უფლებების დარღვევა.
რაც შეეხება სადავო გადაწყვეტილებებით დადგენილ მეორე ხარვეზს, აღნიშნულთან დაკავშირებით მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ აბრაზე განთავსებული რეკლამა შეიცავს უცხოენოვან წარწერას, რის გამოც არქიტექტურის სამსახურის მიერ მოთხოვნილ იქნა სასაქონლო ნიშნის ტრანსლიტერაციის წესით სახელმწიფო ენაზე გადმოცემა, რაც სრულად შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.
მოცემულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს ,,რეკლამის შესახებ’’ საქართველოს კანონზე, რომლის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, ეს კანონი არეგულირებს საქართველოს სასაქონლო (სამუშაოთა, მომსახურების) და საფინანსო ბაზრებზე (ფასიანი ქაღალდების ბაზრის ჩათვლით) რეკლამის წარმოების, განთავსებისა და გავრცელების დროს წარმოქმნილ სამართლებრივ ურთიერთობებს და მისი მიზანია რეკლამის სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება, საზოგადოებრივი ინტერესების, რეკლამის სუბიექტებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვა, არასათანადო რეკლამის თავიდან აცილება და აღკვეთა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კანონი ვრცელდება საქართველოსა და უცხო ქვეყნების ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრაციის საფუძველზე აწარმოებენ, განათავსებენ და ავრცელებენ რეკლამას საქართველოში. დასახელებული კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, რეკლამა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება სახელმწიფო ენაზე. ეს მოთხოვნა არ ეხება იმ გადაცემებსა და გამოცემებს, რომლებიც ვრცელდება სხვა ენაზე, აგრეთვე არ ეხება წარწერას საქონლის გამოსახულებაზე, გარდა სასაქონლო ნიშნისა, ხოლო საქართველოში განთავსებული, სხვა ენაზე რეგისტრირებული სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის (ლოგოტიპის) მფლობელს ევალება მისი ტრანსლიტერაციის წესით გადმოცემა ქართულ ენაზე.
სასამართლო ასევე მიუთითებს ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონზე, რომელიც აწესრიგებს სასაქონლო, მომსახურებისა და კოლექტიური ნიშნების რეგისტრაციასა და დაცვასთან, აგრეთვე მათ გამოყენებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან (შემდგომში – საქონელი). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სიმბოლო შეიძლება იყოს: სიტყვა ან სიტყვები, აგრეთვე ადამიანის სახელი; ასოები; ციფრები; ბგერები; გამოსახულება; სამგანზომილებიანი ფიგურა, მათ შორის, საქონლის ფორმა ან შეფუთვა ისევე, როგორც საქონლის სხვა გარეგნული გაფორმება ფერის ან ფერთა კომბინაციის გამოყენებით, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშანი დაცულია ,,საქპატენტში’’ მისი რეგისტრაციის ან საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე.
მითითებული სამართლებრივი ნორმების მხედველობაში მიღებით, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას და მიიჩნევს, რომ არც გასაჩივრებული აქტებით არის დასაბუთებული და ვერც სასამართლო სხდომაზე დაასაბუთა მოპასუხე მხარემ თუ რატომ მიიჩნია აბრაზე განთავსებული რეკლამა უცხოენოვან წარწერად. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს სასაქონლო ნიშნების გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის 2015 წლის 31 მარტის არსობრივი ექსპერტიზის დასკვნაზე, საიდანაც ირკვევა, რომ შ------------------ მიერ 2014 წლის 16 დეკემბერს სარეგისტრაციოდ წარდგენილი ნიშანი შეიცავს: სიტყვიერ ჩანაწერს, სტილიზებულ ჩანაწერს, გამოსახულებას, სანოტო ჩანაწერს, სამგანზომილებიან ფიგურას, ფარმაცევტული ნაწარმის დასახელებას. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის მიერ 2015 წლის 01 აპრილს გაცემული M----- მოწმობა, საიდანაც დგინდება, რომ შ---------------- სასაქონლო ნიშნად რეგისტრირებულია სამგანზომილებიანი ფიგურა ,----’ და სიტყვა ,,ზ-------ი’’.
მნიშვნელოვან მტკიცებულებას და უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ისიც, რომ აღნიშნული საქმის განხილვის მსვლელობის დროს, 2019 წლის 16 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ წერილით მიმართა სსიპ სახელმწიფო ენის დეპარტამენტს და სთხოვა ეცნობებინა დანართი №1-ზე ასახული სარეკლამო აბრის წარწერა შეესაბამებოდა თუ არა ,,რეკლამის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს, რაზეც სსიპ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის 2019 წლის 19 ივლისის №161 წერილით სასამართლოს ეცნობა, რომ დანართი №1-ზე ასახულ აბრაზე წარწერა შეესაბამებოდა ,,რეკლამის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და ,,სახელმწიფო ენის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნებს.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე თავად მოსარჩელის განმარტებაზეც, რომელიც უთითებს, რომ ობიექტზე განთავსებული რეკლამა შესაბამისობაშია ,,რეკლამის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან, რადგან რეკლამაზე არ არის განთავსებული ასოები ზგ(ლათინური), არამედ ეს არის ლოგოტიპი, კერძოდ, ფიგურა, რომელიც შექმნილია მხატვრული წარმოსახვის შედეგად და მასში გამოყენებული ფორმები წააგავს არა მხოლოდ ზგ-ს(ლათინური), არამედ ციფრს 7, ლათინურ ასოს ,,თ’’, შებრუნებულ ქართულ ასოს ,,ა’’ და ასე შემდეგ. ამასთან, მოსარჩელე განმარტავს, რომ განთავსებული ლოგო წარმოადგენს ფიგურულ ჩანახატს, იგი არ წარმოადგენს სხვა ენაზე რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანს და არ შეიცავს უცხო წარმოშობის სიტყვებს (საკუთარ სახელებს, სახელწოდებებს და ა.შ.), შესაბამისად, ვერ იქნება განხილული უცხოენოვან წარწერად. ასევე საყურადღებოა, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სხვადასხვა კომპანიების სარეკლამო აბრების ფოტოსურათები (ს.ფ. 187-190), რომლებზეც არაქართულად ნათარგმნი ისეთივე ლოგოტიპებია წარმოდგენილი, როგორც შპს „ზრაპარის“ სარეკლამო აბრაზე
დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები საბოლოო ჯამში მიუთითებს იმაზე, რომ გასაჩივრებული - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 04 იანვრის №------- და 2018 წლის 26 იანვრის №------- გადაწყვეტილებების მიღებისას არქიტექტურის სამსახურის მიერ არ განხორციელებულა ადმინისტრაციული აქტის საფუძვლად არსებული გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა და შეფასება, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ფორმალური საფუძვლებით დაუდგინდა ხარვეზი განმცხადებელს. ასეთი მიდგომით კი შესაძლოა დადგეს ისეთი შედეგი, როდესაც ერთის მხრივ ფორმალურად არსებობს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მშენებლობადამთავრებული ობიექტი (სავაჭრო პავილიონი (სუპერმარკეტი) – III კლასი), ხოლო მეორე მხრივ იგი ვერ ახერხებს აღნიშნული ობიექტის სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევას, კერძოდ, არქიტექტურული პროექტის დარღვევით განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დადასტურების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას, დაუსაბუთებელი ხარვეზების გამო, რაც იმ ხარისხით ზღუდავს საკუთრების უფლებას, რომ შინაარსს უკარგავს მას.
6.5. სასამართლო მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ამავე კოდექსის 97-ე მუხლით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონომდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. აღნიშნული ნორმის განმარტებიდან ჩანს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
დასახელებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილების მიღებისას იმსჯელოს საკითხის იმგვარად გადაწყვეტაზე, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები, იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 04 იანვრის №------- და 2018 წლის 26 იანვრის №------- გადაწყვეტილებები, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული და მოსარჩელეების კანონიერ ინტერესებს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს, რის გამოც, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს უნდა დაევალოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შ------------------ 2017 წლის 25 დეკემბრის №--------- განცხადებასთან დაკავშირებით.
6.6. მოსარჩელე მხარის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 01 აპრილის №--- ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც შ------------------ წარმომადგენელს - გ-----------------ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 04 იანვრის №------- და 2018 წლის 26 იანვრის №------- გადაწყვეტილებები, შესაბამისად გასაჩივრებული - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 01 აპრილის №--- ბრძანების კანონშეუსაბამობა სახეზეა, რის გამოც იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, მით უფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სასამართლო მიუთითებს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
7. საპროცესო ხარჯები
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ამდენად, მოპასუხეებს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს, მოსარჩელე - შ------------------ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 100 (ასი) ლარის გადახდა მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შ---------------- სარჩელი, ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 04 იანვრის №------- და 2018 წლის 26 იანვრის №------- გადაწყვეტილებები და მასვე დაევალოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შ---------------- 2017 წლის 25 დეკემბრის №--------- განცხადებასთან დაკავშირებით;
3. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 01 აპრილის №--- ბრძანება შ---------------- წარმომადგენლის - გ------------------ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე;
4. მოპასუხეებს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს, მოსარჩელე - შ---------------- სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 100 (ასი) ლარის გადახდა მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე- №64) მეშვეობით.
მოსამართლე ლეილა გოგიშვილი