გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 020310018002639242 (3/168-18)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16.04.2019 ქ. ზუგდიდი
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ირაკლი აბშილავა
სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია
მოსარჩელე მე-–-----------ი
წარმომადგენელი მი---------------------–ია
მოპასუხე ზუ--------------–----–---------------------–------–------------------------------------–---------------–---------------–-----–----–-----------–----–------------–---–-----------------------------------–-----------------------ია
წარმომადგენელი ან---–-–--ა, ლა–----------ა
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
კომისიის # 882 06.09.2018 წ გადაწყვეტილების ბათილობა.
2. მოპასუხის პოზიცია
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული კომისია სარჩელს არ ცნობს.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 24.07.2018 წ მე-–-----------მა განცხადებით მიმართა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა ზუგდიდის რაიონის სოფ. გრიგოლიშში არსებულ და თვითნებურად დაკავებულ 1730 მ2 მიწის ნაკვეთზე და 72,24 მ2 შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარება.
განცხადებას ერთვოდა მიწის ნაკვეთის სკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსია, დაინტერესებული პირის პირადობის მოწმობის ასლი, ორთოფოტო , ინფორმაცია მიწის დანიშნულების და კატეგორიის შესახებ.
მანამდე მოსარჩელეს მიმართული ჰქონდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის, რომელმაც შესაბამისი განცხადება ასევე გადაუგზავნა მერიასთან არსებულ კომისიას (მოპასუხეს).
დადგინდა, რომ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მონიშნულ ნივთზე 21.05.2018 წ მდგომარეობით საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის. თუმცა, საჯარო რეესტრში დაცული ზუგდიდის რაიონის სოფ. გრიგოლიშის კოლმეურნეობის 1973 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, აღნიშნული ნაკვეთი წარმოადგენდა საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს. აღნიშნული წარმოადგენს საბოლოო მონაცემს.
საწინააღმდეგო მტკიცება მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის შესახებ წარმოდგენილი არ არის.
მე-–-----------ი მიწის მესაკუთრეთა საგადასახადო სიაში არ ფიქსირდება.
კომისიამ 17.08.2018 დაათვალიერა ნაკვეთი და დაადგინა, რომ ფართობი არის საძოვრის კატეგორიის.
20.08.2020 წ კომისიამ იმსჯელა განცხადებაზე და უარი უთხრა განმცხადებელს მის დაკმაყოფილებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი
-შესაგებელი
-მე-–-----------ის განცხადება25.07.2018
-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს #281612 27.06.2018მიწის ნაკვეთის ნახაზი ს/კ 43.04.41.201შემოვლის ფურცელი 21.05.2018
-განცხადება 21.05.2018
- საკადასტრო აზომვითი ნახაზი
-სამსახურებრივი ბარათი 22.06.2018 #357473/17
-შემოსავლების სამსახურის მომართვა #21-02-1/78649
– მოწმეთა განცხადება
-ორთოფოტო
-მიწის დათვალიერების ოქმი 17.08.2018
-კომისიის 20.08.2018 წ სხდომის ოქმი
განკარგულება #882 06/09/2018
–საარქივო ცნობა #AA2010025793-03
– გადაწყვეტილება #68283, 28.02.2017
-მოწმეთა ჩვენებები, სხდომის ოქმი
-ფოტომასალა
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელი უსაფუძვლოა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლი, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი, მე-3, მე-51 მუხლები, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და სარეგისტრაციო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 1–ლი, მე-3, მუხლები, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის, საკადასტრო აღწერის შედეგების საჯარო გაცნობისათვის წარდგენის, მათი გადამოწმებისა და შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და მედიატორიას შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 01.08.2016 წ #153 ბრძანება.
6. სამართლებრივი შეფასება
,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და სარეგისტრაციო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 1–ლი მუხლის 1–ლი და მე–2 პუნქტებით ეს კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალურ წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს. სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემურ და სპორადულ რეგისტრაციასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება ამ კანონით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
ამავე კანონის მე–3 მუხლის 1–ლი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით სპორადული რეგისტრაცია არის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაინტერესებული პირის განცხადებისა და მის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებისა და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია ამ კანონით გათვალისწინებული სპეციალური წესის შესაბამისად, ხოლო ,,თ“ და ,,ი“ ქვეპუნქტებით საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონეა პირი, რომელსაც მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა, მართლზომიერი მფლობელი კი – ფიზიკური პირი, რომელსაც მესაკუთრედ რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა.
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებაა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვა და განკარგვა ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს კომისიის მეშვეობით.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 1–ლი მუხლის მიხედვით ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
ამავე კანონის მე–3 მუხლის 1–ლი პუნქტით კანონი განსაზღვრავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ძირითად პირობებს და იმ ორგანოთა უფლებამოსილებას, რომლებიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენენ სახელმწიფოს.
ასეთ ორგანოებად განსაზღვრულია შესაბამისი მუნიციპალიტეტში მოქმედი თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია (მუხლი 4 – მიწის თვითნებურად დაკავების შემთხვევაში) და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მუხლი 41– მიწის მართლზომიერი მფლობელობის შემთხვევაში).
დასახელებული კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა:ა) პირუტყვის გადასარეკი ტრასა;ბ) წყლის სახელმწიფო ფონდის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომელთა საკუთრებაში გადაცემა და გამოყენება შესაძლებელია „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; გ) სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომლებიც დაკავებულია ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ, რომელთა საკუთრებაში გადაცემა შესაძლებელია სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს დასკვნის შესაბამისად და რომელთა სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვა ხელს არ შეუშლის სახელმწიფო ტყის ფონდის მართვისა და დაცვის განხორციელებას; დ) დაცული ტერიტორია, გარდა დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა; ე) რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე-პარკი, სკვერი და სხვა ტერიტორია, გარდა საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მქონე ტერიტორიებისა; ვ) ისტორიის, კულტურის, ბუნებისა და საკულტო-რელიგიური ძეგლები; ზ) საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო), დასასვენებელი ადგილი (პარკი, ტყე-პარკი, სკვერი, ხეივანი), დენდროლოგიური პარკი და ბოტანიკური ბაღი; თ) თუ მასზე განთავსებულია წყალსაცავი, ჰიდროტექნიკური ნაგებობა და ამ ობიექტების სანიტარიულ-დაცვითი ზონები; ი) თუ მასზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგაყვანილობის) ობიექტები; კ) სპეციალური დანიშნულების (თავდაცვისა და მობილიზაციისათვის განკუთვნილი) მიწის ნაკვეთები; ლ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი, მათ შორის, ის მიწის ნაკვეთი, რომელზე განთავსებული სახელმწიფო ქონებაც „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ ექვემდებარება პრივატიზებას; მ) სასაფლაო და პანთეონი; ნ) სანიტარიული და დაცვითი ზონები; ო) თუ იგი განკუთვნილია ნავთობისა და გაზის მაგისტრალური მილსადენებისა და მათთან დაკავშირებული მიწისქვეშა და მიწისზედა საშუალებების მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის; პ) საძოვარი.
იმავე კანონის მე-51 მუხლის მე-7 პუნქტით თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.
საქმის განხილვით დადასტურდა, რომ მოსარჩელის მიერ დაკავებული ნაკვეთი საძოვრის კატეგორიისაა და, შესაბამისად მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოტანილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებები არსებითად სწორია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, რაც განსახილველი შემთხვევისთვის სახეზე არ გვაქვს.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახ. ბაჟი 100 ლარი, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე და 55-ე მუხლების დანაწესებით უნდა დარჩეს სახ. ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 247-ე, 249-ე, 257-ე, 259-ე მუხლებით
გადაწყვიტა
1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. სახ. ბაჟი დარჩეს სახ. ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. 32) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მისი გადაცემიდან 14 დღის ვადაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს (მის. ქ. ზუგდიდი, გრ. ქობალიას ქ. 12) მეშვეობით.
მოსამართლე ირაკლი აბშილავა