განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.01.2018
საქმის ნომერი
330210016001663208
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
08.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001663208

საქმე №2ბ/5567-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

19 დეკემბერი , 2017 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე _ მაია სულხანიშვილი

 

სხდომის მდივანი _ მარიამ ცისკარიშვილი

 

აპელანტები - დ---- ჭ--–---–ი, ლია კ------ე

 

წარმომადგენელი - კონსტანტინე კვანტრიშვილი, სოფიო ქანთარია, შალვა გეწაძე

 

მოწინააღმდეგე მხარე _ რ--------- ბ--------ე

 

წარმომადგენელი - ეკატერინე ჭიღიტაშვილი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით რ--------- ბ--------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. დ---- ჭ--–---–ის და ლია კ------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა უძრავი ნივთი მდებარე: ქ.თბილისი, დასახლება თემქა, კვარტალი IX, კორპუსი "ა", ბინა N19 (ს/კ 01.12.03.001.027.01.019) და გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრეს-რ--------- ბ--------ეს. დ---- ჭ--–---–ს და ლია კ------ეს მოსარჩელე რ--------- ბ--------ის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 120 ლარი. რ--------- ბ--------ის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღასრულებლად გადაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1 საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ.თბილისში, დასახლება თემქა, კვარტალი IX, კორპუსი "ა", ბინა N19 (ს/კ 01.12.03.001.027.01.019) მესაკუთრედ რეგისტრირებულია რ--------- ბ--------ე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 27 აპრილს დამოწმებული განკარგულება

 

2.2 დადგენილია, რომ თბილისში, დასახლება თემქა, კვარტალი IX, კორპუსი "ა", ბინა N19-ს ფლობენ მოპასუხეები.

 

დადაგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ არსებობს.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.3 სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის მიხდვით მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

სასამართლოს განმარტებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთი გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

სასამართლოს მითითებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183 და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილზე, რომლის მიხედვითაც , სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სასამართლოს განმარტებით ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სასამართლო მითითებით საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ.თბილისში, დასახლება თემქა, კვარტალი IX, კორპუსი "ა", ბინა N19 (ს/კ 01.12.03.001.027.01.019) მესაკუთრედ რეგისტრირებულია რ--------- ბ--------ე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 27 აპრილს დამოწმებული განკარგულება.

 

სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე არის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას ფლობენ კანონიერად. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხეებთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლზე, რომლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნიალ, რომ რ--------- ბ--------ე სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო, მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი უნდა ყოფილიყო ქ.თბილისში, დასახლება თემქა, კვარტალი IX, კორპუსი "ა", ბინა N19 (ს/კ 01.12.03.001.027.01.019) და უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში უნდა გადაცემოდა მესაკუთრეს.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. აპელანტები არ დაეთანხმნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებას და მოითხოვეს მისი გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილებით მათი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

 

აპელანტის წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ მათი აზრით, გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და უკანონო. აპელანტის განმარტებით როგორც შესაგებელში ისე სასამართლო განხილვისას სასამართლოს უთითებდნენ იმას, რომ სადავო უძრავი ქონება რეგისტრირებულია მოწინააღმდეგე მხარის სახელზე საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში. აპელანტის წარმომადგენლის განმარტებით, მის მხარეს გააჩნდა სიტყვიერი მოლაპარაკება აღნიშნული უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე. აღნიშნული გარიგება სიტყვიერად იქნა დადასტურებული მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის მიერ სასამართლო სხდომაზე. აპელანტის განცხადებით, ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმას, რომ მას ნამდვილად ჰქონდა უძრავი ქონების ფლობის კანონიერი საფუძველი იმ დრომდე ვიდრე შეთანხმებული ნასყიდობის ფასს არ გადაიხდიდა. მისი განმარტებით, სასამართლოს უნდა მიეცა შესაძლებლობა ნასყიდობის ფასის გადახდისა, რაც არ განხორციელდა.

 

აპელანტები აღნიშნავენ, რომ მიღებული გადაწყვეტილებით ორი ოჯახი რჩება ღია ცის ქვეშ, მათ სხვა წასასვლელი არსად აქვთ. აპელანტის აზრით, ასეთ პირობებში მეტი ყურადღება უნდა ყოფილიყო გამოჩენილი სასამართლოს მხრიდან, მხარეთა შორის არსებული მორიგების მიმართ.

 

აპელანტის განმარტებით , ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვინაიდან სახეზეა მხარეებს შორის ზეპირი შეთანხმება ნასყიდობის თაობაზე, იგი ითხოვს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით უარის თქმას მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ დ---- ჭ--–---–ისა და ლია კ------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით,დ---- ჭ--–---–ისა და ლია კ------ის სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1 სამოქალაქო საქმეთა პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

- უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი თბილისი, დასახლება თემქა , კვარტალი მე-9 , კორპუსი „ა“, საკადასტრო კოდი 01.12.03.001.027.01.019 საჯარო რეესტრიდან ამონაწერის საფუძველზე წარმოადგენს მოსარჩელე რ--------- ბ--------ის პ/ნ 25001024616 საკუთრებას.

 

- უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულოების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 27 ნაპრილს დამოწმებული განკარგულება.

 

- რ--------- ბ--------ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ნივთს, მდებარე ქალაქი თბილისი, დასახლება თემქა, კვარტალი მე-9, კორპუსი „ა“, საკადასტრო კოდი 01.12.03.001.027.01.019, ფაქტობრივად ფლობენ მოპასუხეები და იმყოფება მათ უკანონო მფლობელობაში.

 

4.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ რ--------- ბ--------ე წარმოადგენს ქალაქ თბილისში, დასახლება თემქა, კვარტალი მე-9, კორპუსი „ა“, ბინა N19, საკადასტრო კოდი 01.12.03.001.027.01.019 უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამასთან, დადგენილია, რომ აპელანტები (მოპასუხეეები) წარმოადგენენ სადავო უძრავი ქონების მფლობელებს.

 

განსახილველ შემთხვევაში, რ--------- ბ--------ის საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე აპელანტების მიერ სადავოდ არ ყოფილა გამხდარი. ამდენად, რ--------- ბ--------ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე, მდებარე ქალაქი თბილისი, დასახლება თემქა, კვარტალი მე-9, კორპუსი „ა“, ბინა N19 საკადასტრო კოდი 01.12.03.001.027.01.019 დადგენილად უნდა იქნეს მიჩნეული.

 

რაც შეეხება ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას, რომ მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება, პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხეებმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლეს თავიანთი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერება.

 

პალატა მიუთითებს, რომ აპელანტების მიერ მითითებული გარემოება, რომ მათ უძრავი ქონების მესაკუთრე რ--------- ბ--------ესთან გააჩნდათ სიტყვიერი მოლაპარაკება აღნიშნული უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე ვერ გახდება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, რადგანაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით აღნიშნული ფაქტი არ დასტურდება.

 

სამოქალაქო პროცესში არსებული შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით, მხარეეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლების შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუკი მხარე უძრავი ნივთით სარგებლობის მართლზომიერებაზე აპელირებს იმაზე მითითებით, რომ მასსა და მესაკუთრეს შორის დადებულია უძრავი ნივთის გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება, მტკიცების ტვირთი მასვე ეკისრება. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, აპელანტების მიერ აღნიშნული გარემოება ვერ იქნა დადასტურებული.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

 

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

პალატა განმარტავს, რომ მხარეთა მძიმე მატერიალურ მდგომარეობაზე მითითება (სახლ-კარის გარეშე დარჩენა) ასევე ვერ გახდება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო კონვენციებით აღიარებული ისეთი უფლების ხელყოფის საფუძველი, როგორიცაა საკუთრების უფლება. პალატა განმარტავს, რომ სიკეთის დაცვა უნდა ხორციელდებოდეს კანონიერების ფარგლებში და არა კანონმდებლობის მოთხოვნათა, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის ხარჯზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.

 

ამდენად, ვინაიდან სახეზე იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე მუხლებით გათვალისწინებული ყველა წინაპირობები (ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება), საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ რ--------- ბ--------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო და დ---- ჭ--–---–ისა და ლია კ------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი ყოფილიყო რ--------- ბ--------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი თბილისი, დასახლება თემქა , კვარტალი მე-9, კორპუსი „ა“, ბინა N19, საკადასტრო კოდი 01.12.03.001.027.01.019.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ---- ჭ--–---–ისა და ლია კ------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი 160.00 ლარის ოდენობით, წინასწარ იქნა გადახდილი;

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დ---- ჭ--–---–ისა და ლია კ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია სულხანიშვილი